#გამოიყვანე

#გამოიყვანე 

შებრუნდი სახლში

მიმოიხედე 

იკითხე დედა, მამა, ბებია, ბაბუა… 

ჰკითხე რა უნდა? 

არ გიპასუხა? 

იქნებ არ იცის? იქნებ დაავიწყდა? იქნებ არ უნდა? იქნებ არ სჯერა? დაიბნა…  იქნებ დაივიწყეს …

ან იქნებ ადრე უნდა გეკითხა? 

მიდი და ისევ ჰკითხე რა უნდა? გეტყვის ან არ გეტყვის… უნდა გითხრას… 

ხელი მოჰკიდე, მაგრად ჩასჭიდე და დააბრუნე,  #გამოიყვანე გარეთ 

#გამოიყვანე იმიტომ, რომ გჭირდება, სჭირდება, გვჭირდება. 

#გამოიყვანე იმიტომ, რომ შეუძლია იაროს, იმოძრაოს, ისუნთქოს, იგრძნოს. 

#გამოიყვანე იმიტომ, რომ ეს მისი უფლებაა, ყველასგან ან ბევრისგან დავიწყებული.

#გამოიყვანე იმიტომ, რომ შეუძლია, სასარგებლოა, საჭიროა. 

#გამოიყვანე გარეთ შენი ახლობელი და მოიყვანე ჩვენამდე 

შემოუერთდი კამპანიას, მიაწვდინე ხმა შენს მეგობრებს და მოვუწოდოთ ყველას გამოიყვანონ გარეთ ბებიები, ბაბუები, მშობლები, ისინი ვისი ნახვაც გაგვიხარდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

საქართველო, როგორც დემოგრაფიის თვალსაზრისით გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყანა, საგულისხმო გამოწვევების წინაშე დგას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის დივიზიის (UNPD) პროგნოზით, საქართველოს 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი, რომელიც 2015 წელს 14 პროცენტი იყო, 2030 წლისათვის 19 პროცენტამდე გაიზრდება. პროგნოზით მოსალოდნელია სიცოცხლის ხანგრძლივობის  შემდგომი ზრდა: თუ 2012 წელს საქართველოში ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელი, ხოლო მამაკაცის  – 70 წელი იყო, 2030 წლისთვის რიცხვები, შესაბამისად, 80.8 და 74.2 წლამდე გაიზრდება. დღევანდელი შრომითი ბაზარი ხანდაზმული მოსახლეობის საჭიროებებთან შესაბამისობაში არ მოდის. ხანდაზმულთა აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალი ფაქტორი უშლის ხელს, მათ შორის: შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების არარსებობა, ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის შეზღუდული შესაძლებლობები, მწირი შემოსავალი და სტიგმა, რომელიც ხანდაზმულთა გარიყვას იწვევს. მოსახლეობის დაბერება შეიძლება მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევების მიზეზიც გახდეს, რადგან ხანდაზმულობის ასაკში სოციალური უთანასწორობა შესამჩნევად ძლიერდება. 

#გამოიყვანე #გრაუნდ84 #Ground84 

ბახვა ბრეგვაძე 31

ბიჭი ბრეგვაძე 69 

ვიზრდებით, გვეცვლება გემოვნება, სურვილები, ინტერესები, მიზნები , მისწრაფებები, ვნებები, აღქმა, პრიორიტეტი…  რაღაც დროის შემდეგ ეს გარდატეხა მცირდება და ჩვენც უკვე ჩამოყალიბებული ინდივიდები ვართ.  სწორი თუ მცდარი ფასეულობებით, ღირებულებებით, მტკიცე თუ სუსტი ხასიათით, ზუსტი თუ ბუნდოვანი მიზნებით, ცოტა თუ ბევრი პრობლემით …  არ მცირდება ასაკი, ის სულ იზრდება, გვემატება , ბავშვური ტემპით, ახალგაზრდული სისწრაფით … 

მე ბახვა ვარ, 31 წლის, მიყვარს მეგობრებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება, კაფეში, კინოში, თეატრში სიარული, კარგი კონცერტის მოსმენა, რესტორანში გემრიელი კერძის მირთმევა, მომწონს ჩემზე უფროს, უმცროს, თუ ჩემს თანატოლ ადამიანებთან საინტერესო თემებზე საუბარი,  მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა, კამათიც კი, მაღაზიაში საჭირო ტანსაცმლის შეძენა,წიგნების ყიდვა, სხვებისთვის საჩუქრების შერჩევა … კარგად ვგრძნობ თავს სეირნობისას, მოგზაურობისას… მაინტერესებს იმ ადამიანებზე ყველაფერი, ვინც მიყვარს, აზარტული ვარ, ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები … 

ეს ჩემი ხასიათია , ჩემი ცხოვრების წესი, ეს ვარ მე, როგორც ინდივიდი რომელიც ვუყურებ ჩემს მომავალს ….  მალე მეც ვიქნები 60 წელს გადაცილებული ბახვა, რომელსაც უყვარს მეგობრებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება , კაფეში , კინოში , თეატრში სიარული, კარგი კონცერტის მოსმენა , რესტორანში გემრიელი კერძის მირთმევა , რომელსაც მოსწონს მასზე უფროს, მასზე უმცროს , თუ მის თანატოლ ადამიანებთან საინტერესო თემებზე საუბარი,  მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა, კამათიც კი, მაღაზიაში საჭირო ტანსაცმლის შეძენა,წიგნების ყიდვა ,სხვებისთვის  საჩუქრების შერჩევა … კარგად გრნობს თავს სეირნობისას, მოგზაურობისას… აინტერესებს იმ ადამიანებზე ყველაფერი  ვინც უყვარს , ძალიან აზარტულია  და ყველაზე მეტად უყვარს  მისი ოჯახის წევრები, მეგობრები …

#გამოიყვანე #გრაუნდ84 #Ground84 

მარი ნაკანი 35 

ნინო კალანდარიშვილი 61

პატარა რომ ვიყავი დედა სულ თან დამაკონწიალებდა.

თეატრში, გამოფენებზე, სტუმრად.

ყველაზე მეტად პლეხანოვზე სეირნობა მიყვარდა .

საღამოხანს დავიოდით ქუჩებში და პირველი სართულის ფანჯრებში ვიხედებოდით.

ზოგან მთელი ოჯახი ფუსფუსებდა სამზარეულოში, ზოგ ფანჯარაში მარტოსული ადამიანის სილუეტი ჩანდა, ხან ბებია და შვილიშვილი გვიმზერდა ფანჯრიდან, ხან კატა იყო ოთახში, ხან კაქტუსი გარედან შეპარული შუქით, ხან ქალი ყავით ხელში, ვინ აღარ შეგვიმჩნევია პლეხანოვის დაბალი პირველი სართულის ფანჯრებში. 

თანდათან ყველამ გაგვიცნო და გვიღიმოდნენ. 

ამით დედაჩემმა ბევრი რამე შემაყვარა.

შემიყვარდა ადამიანები…

შემიყვარდა  დაკვირვება….

უფროს ადამიანთან ერთად ხშირად ყოფნის, ხმამაღლა მსჯელობის და  ერთად სეირნობის ტრადიციამ გამხადა ემპათიური …

დე !

მე შენ ძალიან მაგრად მიყვარხარ!

მენატრება შენთან ერთად სეირნობა.

მაკლია შენი ღიმილი და გიჟობები.

არ მინდა შევეგუო იმას, რომ შენ სახლში ჩაჯექი.

მჭირდება, რომ შენ ცოცხალი იყო.

მე?! მე უფრო მაგარი გოგო ვიქნები თუ შენთან ერთად გავატარებ დროს და დღეებს. 

დამპირდი რომ  კვირაში ერთხელ მაინც დამთანხმდები და გამოვალთ გარეთ. 

შენ ის გოგო ხარ, ყვავილებს როცა რწყავს, მათთან  მუდმივად ლაპარაკობს.

 შენ ის გოგო ხარ, საჭმელს როცა აკეთებს ,თან მუსიკას  უსმენს და  ცეკვავს…

გახსოვს, შენი ფილმის  გადაღება რომ გქონდა და ღამე ტანკმა მოგაკითხა ?

გახსოვს, გოჩა როგორ გაიყინა თეატრის წინ, ზამთარში ჩვენს მოლოდინში ?

ბალეტზე რომ მატარებდი და მერე სახინკლეში მეპატიჟებოდი?

ყველის ამოყვანა რომ მასწავლე სოფელში?

კინომსახიობთა თეატრში გვიანობამდე რომ მუშაობდი და მე რომ სულ თან გყავდი.  თუმანიშვილის რეპეტიციებზე, მე რომ მეძინებოდა და სპექტაკლის კაბებს მაფარებდი?

,,ციგნებივით’’ რომ გადავიცვით ახალ წელს და მეზობლებს დავუარეთ და ვერავინ  გვიცნო ეგ გახსოვს ?

აჰაჰაჰაჰა…რა კარგი იყო, დე…

რა გადარეული მყავხარ,

ცოცხალი, ფერადი….  როგორ უყვარხარ შენს სტუდენტებს, დღემდე როგორ გწერენ და ენატრებათ შენი ლექციები.

დე, გამო რა გარეთ. ვისეირნოთ. 

#გამოიყვანე #გრაუნდ84 #Ground84 

გელა ჩარკვიანი 78 

ნანა ჩარკვიანი 14 

მე რომ 78 წლის ვიქნები გამიხარდება თუ ჩემი ცხოვრება რამით მაინც ემსგავსება გელასას. ჩემი აზრით გელა ყველა ხანდაზმულისთვის მაგალითია იმისა, რომ ასაკს  არ უნდა დანებდე. არ  მისცე საშუალება, შეგზღუდოს და რაც მთავარია არ დაგიკარგოს მოტივაცია.

გელას შეემთხვა ყველაფერი, რასაც მისი დაბერება შეეძლო, მაგრამ გელა არ გაჩერდა, ასე თქვა, რაღაცით ხომ უნდა გადამეტანა ტრაგედიებიო. 

ალბათ ყველა გელასავით  აქტიურად უნდა ხვდებოდეს დილას, პროდუქტიულად და შემოქმედებითად ატარებდეს  დღეს და მუსიკით ტკბობით ასრულებდეს  საღამოს.

#გამოიყვანე #გრაუნდ84 #Ground84 

ეკუნა ყანჩაველი  20 წლის 

იზა გრიგოლია  78 

პირველად 3 წლის წინ გამოვაჩინე ბებო სოციალურ ქსელში,ყველას თავი შეაყვარა და დაამახსოვრა თავისი ხასიათით… დათანხმება არ იყო მარტივი… თავიდან რცხვენოდა,მე რა გამოსაჩენი ვარო. მერე ხალხის  სიყვარული იგრძნო და ამან ძალა მისცა. სიცოცხლე მოემატა, მერე ქუჩაში იცნეს და ამან სითამამე შემატა. უფრო ხშირად გამოდის. 

არ ამბობს უარს სეირნობაზე, თამამია ქმედებებში, უფრო თავისუფალი და არც ჩემს ვიდეოებში მოხვედრის ეშინია.

ერთხელ ფუნთუშები ვიყიდეთ და პარკში წავედით. მთელი დღე ერთად გავატარეთ.ამბებს მიყვებოდა. ამ მომენტში ვიგრძენი რომ ვერც მე აღვიქვამდი მის ასაკს და ისიც ჩემს თანატოლად გრძნობდა თავს. 

ასეთი ბებო უფრო მომწონს… და რაც უფრო მეტ მის ასაკში მყოფ ადამიანს გამოვიყვანთ გარეთ და ასაკობრივი ზღვარი გაქრება მით უფრო მეტ ხალისს შევმატებთ ცხოვრებას. 

#გამოიყვანე #გრაუნდ84 #Ground84 

ნინო ცქიტიშვილი 38 წლის 

გულიკო ცქიტიშვილი 70 

პასუხისმგებლობა, აქტიური ცხოვრების სიყვარული და მუდმივი პროფესიული განვითარების სურვილი ჩემი აზრით ადამიანებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. მეც ეს მემკვიდრეობა ჩემი მშობლებისგან მერგო.

დღემდე აღტაცებით ვუყურებ დედაჩემს და ვამაყობ მისი შეუდრეკელობით და აქტიური ჩართულობით როგორც საოჯახო ისე საზოგადოებრივ საქმეებში. მას გამოსდის თანაბრად იყოს ორივე ასპარეზზე და ეს მისი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველი ახალი დღის. 

ასე მგონია დედამ თავისი გადაწყვეტილებით ცხოვრების სპექტაკლის მესამე მოქმედება შეცვალა და დაანგრია ფარდის დაშვებამდე მოწყენილად ყოფნის  სტერეოტიპი, თანაც მამას გარეშე. 

დედა, მიყვარხარ! შენ მასწავლე რომ წლების მატება საშიში სულაც არაა, პირიქით შენი წლები შენი სიამაყეა, რადგან უკან გახედვის არ გეშინია. ყველაფერს გაუძელი და გაუმკლავდი, დღემდე გამკვირვებია – როგორ? 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com