მიხარია, რომ ეს წყვილი გავიცანი. ლამაზები, ლაღები და სიცოცხლით სავსენი არიან. თვალები კი ორივეს ერთნაირად უბრწყინავს. ამისთვის მიზეზიც აქვთ, სულ ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნეს და ახალი გამოწვევებისთვის ემზადებიან. განსხვავებული ქორწილი გამოუვიდათ – მეგობრებთან ერთად ზღვის სანაპიროზე. თავად ამბობენ, რომ „შემოექორწილათ“, ორი დღით ადრე დაგეგმეს ყველაფერი, ისე, რომ ელენემ კაბაზე ფიქრიც ვერ მოასწრო. საბოლოო ჯამში ერთი ლამაზი და ჯადოსნური დღე გამოუვიდათ, რომელიც სულ ემახსოვრებათ. ახლა, თბილისში არიან, მაგრამ მალე ნიუ-იორკში წავლენ, მანამდე კი ჩვენს კითხვებს უპასუხეს და ლამაზი ფოტოებიც გადაიღეს.
– რა არის თქვენთვის კულინარია?
– ირაკლი: ჩემთვის არის თანამედროვე ხელოვნება. ჩემმა დამ დაამთავრა კულინარიის კურსები, ამერიკაში სწავლობდა და ვიცი შიგნიდან რა რთულია. გარდა პრაქტიკისა ძალიან საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმეა. კულინარია, დღეს, ალბათ არის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი არტი.
– ელენე: მე ძალიან შორს ვარ კულინარიისგან, მაგრამ ძალიან მომწონს, როცა ბევრ, სხვადასხვანაირ საჭმელებს ამზადებენ. მე, სამწუხაროდ, არ გამომდის.
– თქვენს ოჯახში ვინ არის მთავარი კულინარი?
– ირაკლი: მე, იმიტომ რომ უფრო მეხერხება.
– რას ამზადებთ ყველაზე კარგად?
– ირაკლი: რომ არ მოგატყუოთ არ ვიცი, იმიტომ რომ გზადაგზა ვიგონებ ხოლმე რაღაცებს. ორივეს გვიყვარს ბოსტნეული. სხვადასხვანაირი – შეიძლება უმი, ან მოთუშული. ერთმანეთს ვეხმარებით ხოლმე, მაგრამ თუ შესაწვავია ან ხორცია მოსამზადებელი, მაშინ მხოლოდ მე ვარ სამზარეულოში.
– ელენე: ძირითად კერძებს ყოველთვის ირაკლი ამზადებს.
– საუზმე თუ არის თქვენთვის რიტუალი?
– ირაკლი: კი არის, იმიტომ რომ ამერიკაში ვცხოვრობთ და იქ დიდი არჩევანი გვაქვს პროდუქტების. იქ საუზმე არის ჰუმუსი, ავოკადო, პური, ყავა.
– ელენე: ერთნაირად ვსაუზმობთ. საუზმის გარეშე არ გავდივართ სახლიდან, ეგ ნამდვილად რიტუალივით გვაქვს.
– ჯასაღ კვებას თუ აქცევთ ყურადღებას?
– ელენე: კი ჯანსაღ კვებას, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევთ. ძირითადად, ბოსტნეულით, ხილით ვიკვებებით. თუმცა იქ ძალიან რთულია რომ შეინარჩუნო, მაგრამ მაინც მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ ფორმაში.
– ირაკლი: მეც ვცდილობ, მაგრამ მაქვს ხოლმე პერიოდები, რომ მინდა არაჯანსაღი საკვები. თუმცა ეს იშვიათად ხდება.
– რომელი პროდუქტი გაქვს მაცივარში მუდმივად?
– ირაკლი: კვერცხი, აუცილებლად. ბევრნაირიად შეიძლება კვერცხის მომზადება. მე, მაგალითად, ძალიან მიყვარს ყიყლიყო. ხშირად ვიკეთებ ხოლმე. საუზმეზე კვერცხი აუცილებლად გვაქვს ან შერმწვარი ან მოხარშული. ელენეს უფრო მოხარშული უყვარს. ტოსტი და კვერცხი იდეალური საუზმეა.
– ქართული სამზარეულო გიყვართ თუ არა და რომელ კერძს გამოყოფდით?
– ელენე: მე, ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო. ყველაფერი მიყვარს. ერთადერთი გამონაკლისით – ადრე მიყვარდა ხინკალი, ახლა ვეღარ ვჭამ, ძალიან მძიმეა ჩემთვის. თუ ერთ კონკრეტულ კერძს გამოვარჩევ – ეს აუცილებლად აჭარული ხაჭაპურია.
– ირაკლი: მე გამოვარჩევდი ხინკალს. რომ მიმიშვა, შემიძლია ყოველ დღე ვჭამო. თუმცა განსაკუთრებით, რაც მენატრება ხოლმე არის მჭადი და სულგუნი.
– აქედან პროდუქტები არ მიგაქვთ?
– ირაკლი: კი, როგორ არა, მგარამ სულუგუნი არ წამიღია არასდროს. მაგალითად ტყემალი წამიღია.
– ელენე: მე წამიღია სულუგუნი.
– სახლში მომზადებული კერძები გირჩევნიათ თუ რესტორანში?
– ელენე: მე, სახლში მომზადებული უფრო მიყვარს, გემრიელად მიირთმევ.
– ირაკლი: არ ვიცი. ორივე მიყვარს. ალბათ უფრო გარეთ.
– სხვა ქვეყნის სამზარეულოებიდან რომელს გამოყოფდით, რა გიყვართ ყველაზე მეტად?
– ირაკლი: ეგ ძალიან რთული შეკითხვაა ჩემთვის. ბევრჯერ მიფიქრია და ვერ ვხდები ხოლმე რა პასუხი შეიძლება მქონდეს. ალბათ უფრო აზიური სამზარეულო, არა მხოლოდ სუში. ზღვის პროდუქტებით გაკეთებული საჭმელები უფრო მიყვარს.
– ელენე: ახლა შემიყვარდა აზიური საჭმელები, მანამდე დიდად მოყვარული არ ვიყავი.
– გაქვთ თუ არა ამოჩემებული ადგილები თბილისში ან ნიუ-ოირკში?
– ირაკლი: „ო, მოდა, მოდა“ მიყვარს ძალიან. „მულენიც“ – გემრიელი სამზარეულო აქვთ და სახლურად აკეთებენ. ამერიკაში ბოლოს რომ ვიყავი, მაშინ მომეწონა ერთი ადგილი, მაგრამ სახელი ვერ დავიმახსოვრე, შემდეგ ჩასვლაზე თუ მივაგენი, აი ეგ იქნება ჩემი საყვარელი ადგილი.
– დესერტები, ტკბილეული თუ გიყვართ?
– ირაკლი: ძალიან მიყვარს ყველანაირი ტკბილი. განსაკუთრებით შოკოლადი და ყველაფერი, სადაც შოკოლადია მთავარი ინგრედიენტი.
– ელენე: მე, ტკბილი არ მიყვარს, არც ტორტი, არც ნამცხვრები. ერთადერთი ჩიზქეიქია, რასაც გამოვარჩევდი.
– საყავრელი სასმელი თუ გაქვთ?
– ირაკლი: ღვინო!
– ელენე: ღვინო, წითელიც და თეთრიც. ზამთარში უფრო წითელი.
– რა გენატრებათ ხოლმე აქაური?
– ელენე: მე სულ მენატრება ლობიო, მჭადი, ყველი, მწნილი.
– ირაკლი: მე, ხინკალი. მართალია, იქაც არის ადგილები, სადაც ხინკალს ამზადებენ, მაგრამ ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვიყვარს. ზოგჯერ აჭარული ხაჭაპურიც მენატრება.
– ყველაზე უცნაური პროდუქტი ან კერძი რაც გაგისინჯავთ?
– ირაკლი: ყველაზე უცნაური ჩემთვის იყო ბაყაყის ფეხები.
– ელენე: მე არ მიყვარს ექსპერიმენტები. ამიტომ თავს ვიკავებ ხოლმე ეგეთი რაღაცებისგან.
– კულინარიული ექსპერიმენტები თუ გამოგდით?
– ირაკლი: გასინჯვით უფრო მიყვარს ექსპერიმენტები, ვიდრე მე რომ გავაკეთო. მეშინია, რამე არ გავაფუჭო, ვინაიდან პასუხისმგებელი მე ვარ. გასინჯვით თუ ვიცი, რომ ისეთ რესტორანში ვარ, რომელსაც ვენდობი, გავსინჯავ ყველაფერს.
– სტუმრებს რითი უმასპინძლდებით ხოლმე?
– ირაკლი: ღვინით აუცილებლად.
– ელენე: ძალიან მარტივი კერძებით: სალათი, ყველი, კიტრი პომიდორი.
– როგორ ფიქრობთ, მზარეული ქალი უნდა იყოს თუ კაცი?
– ირაკლი: ორივე. ჩემ გარშემო არიან ძალიან მაგარი ქალები მზარეულებიც და კაცებიც. საქართველოში უფრო ქალები არიან ცნობილი მზარეულები. კაცები სამწუხაროდ ცოტანი არიან. მაგრამ მაინც მზარეული ჩემთვის ორივეა.
– ელენე: მე ვფიქრობ რომ კაცი. კაცს უფრო კარგად გამოსდის.
– ბავშვობის გემო რა არის თქვენთვის?
– ელენე: ხინკალი მიყვარდა ბავშვობაში, ახლა ვეღარ. და სუშის ვერ ვეკარებოდი ადრე და დღეს ძალიან მიყვარს.
– ირაკლი: მე მახსენდება ბავშობაში ტაფაზე, რომ ხალავდნენ ფქვილისგან ქადის გულს. მაგის მერე არც არავის გაუკეთებია, სიამოვნებით შევჭამდი ახლაც. ბავშვობაში არ მიყვარდა ლობიო, ღორის ხორცი და ხორციანი მაკარონი. ხილიდან საზამთრო და ნესვი.
– ყველაზე გემრიელად ვინ ამზადებს?
– ირაკლი: განსაკუთრებულად მიყვარს ბებიის კერძები, რომელიც ბავშვობიდან ყველაზე დასამახსოვრებელია ჩემთვის.
– ელენე: და ნინოს შემწვარი კარტოფილი.
– თქვენი რეცეპტი რა გაქვთ, რომელსაც ჩვენს მკითხველს გაანდობთ?
– ირაკლი: ქათამს ვწვავ ხოლმე სოიოთი, ნივრითა და ქარის სოუსით. ცალკე ბრინჯს ვუკეთებ გარნირად. კიდევ ვაკეთებ სალათს: კიტრი, პომიდორი, ავოკადი და მწვანილები, რაც ხელში მომხვდება.
ფოტო : ანა ბოკო