სტამბოლის გემო

ნაცრისფრად აწვიმს სტამბოლის სანაპიროზე კანტიკუნტად ჩარიგებულ თევზის ჯიხურებს, თითქოს
ეს-ესაა მოთოვს. მაინც ვდგავარ ნავმისადგომთან და კიდევ უფრო ილუზიური მეჩვენება წყალში
ირიბად არეკლილი ყვითელიალქნიანი იახტები, ხის პატარ-პატარა ფარდულები. სახელდახელოდ
გადარეცხილ მიდიაზე ლიმონს მიწურავს კბილებქათქათა სტამბოლელელ ი მეთევზე, თვალებს ვხუჭავ,
– ქალაქის გემო აქვს მიდიასაც და გაჩერებულ წამსაც.

გამოფრენამდე ორი საათია დარჩენილი. საპასპორტო კონტროლი გავლილია, ბარგი ‒ ჩაბარებული. „თოლიების ქალაქში“ ქანცისგამწყვეტი სირბილი აზარტულ მარათონს ჰგავს: რამდენჯერაც და რა დროითაც არ უნდა მოხვდე სტამბოლში, გინდა ესაც მოასწრო, ისიც; მუზეუმებში შეხვიდე, სანაპიროზე გაისეირნო, ფოტოები გადაიღო, ადგილობრივი წარმოების ხალიჩები და ჭაღები შეათვალიერო, ხელნაკეთი სამახსოვრო საჩუქრები და თურქული ტკბილეული გამოიყოლო… საბოლოოდ კი, მოგზაურობის ემოციური თუ მატერიალური ნივთმტკიცებებით დატვირთულმა მიაღწიო ათათურქის აეროპორტს. 

სტამბოლში ყოველი დაბრუნება მონატრებულ შეყვარებულთან შეხვედრას ჰგავს. ასეა ამჯერადაც. იმის მიუხედავად, რომ ვიზიტი საქმიან კონტექსტს ატარებს. Turkish Airlines-ით მრავალჯერ აპრობირებული ფრენაც, იქამდე ჩემი რედაქტორის ზარიც და სტამბოლში მოულოდნელი მივლინებაც, ამჯერად, კომპანიის ბიზნესკლასის ფრენების სპეციფიკის დეტალურად გაცნობას უკავშირდება. მხოლოდ ხელბარგი მაქვს. სტამბოლის ღრუბლებში ბიზნესკლასით იმის გასარკვევად მივცურავ, თუ რაში მდგომარეობს ამ კატეგორიის ფრენების ყველა უპირატესობა. 

თბილისიდან სტამბოლამდე კომფორტული ფრენისა და Turkish Airlines-ის აკადემიაში რამდენიმესაათიანი ვიზიტის შემდეგ თავისუფალი დროც მრჩება. ბიზნესკლასის სპეციფიკისა და უპირატესობების გაცნობას, ქალაქში ხეტიალით ქანცგამწყდარი, ათათურქის აეროპორტში, პრაიმკლასის ლაუნჯში ვასრულებ. ენით აუწერელი შვებაა! აფრენამდე ორი საათი და პრაქტიკულად ყველაფერია, რაც დაქანცულ ფეხებსა და მშიერ კუჭს ესიამოვნება. 

ბოსფორის სანაპიროზე ნაყიდ თევზის სენდვიჩსა და მიდიებს სტამბოლის გემო აქვს, თუმცა ამ ლაუნჯში, სადაც აღარ იცი უპირატესობა რომელ გემოსა და სურნელს მიანიჭო, ქალაქის გასტრონომიული პორტრეტი იხატება. 

უზადოდ მომზადებული ადგილობრივი და ევროპული სამზარეულო თვით ყველაზე პრეტენზიული სტუმრების გემოვნებასაც კი უპრობლემოდ აკმაყოფილებს. 

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და სისხლსავსე აეროპორტის მთავარ უპირატესობათა შორის ეს ლაუნჯიცაა. ის ათათურქის აეროპორტის მეორე სართულზე, 3 500 მ2-ზეა განთავსებული და  ერთდროულად 1000-ზე მეტ სტუმარს იტევს. დახვეწილი, სტილიზებული სივრცე, სიმყუდროვე, სიმშვიდისა და ინტიმურობის განცდა, რელაქსაციის, დროის სასიამოვნოდ გატარებისა თუ თავის მოწესრიგების ყველა პირობა, კულინარიული სეგმენტი ‒ ამ და სხვა კომპონენტების ერთობლიობა პრაიმკლასის ლაუნჯს თითქმის არარეალურ ელფერს სძენს. 

თურქული სამზარეულოს კარგად მცოდნეს, სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ადგილობრივი კერძების დახლთან კიდევ უფრო დეტალურ ინსტრუქტაჟს კეთილგანწყობილი თურქი ახალგაზრდა მთავაზობს. ჩორბა ‒ ადგილობრივი წვნიანი ‒ ქაფქაფაცაა და გრძელი, ფერადი დღის კულინარიული რეზიუმეც. 

ხალხმრავლობაა ევროპულ კერძებთანაც. ჩორბას ვაგემოვნებ და დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან შეკრებილი მგზავრების ეკლექტურ გემოვნებაზე დაკვირვებით ვირთობ თავს: ზოგი თურქული კერძების იდუმალ ინგრედიენტებში გარკვევას ცდილობს, ზოგიც ფრენის წინ მსუბუქ წახემსებას ამჯობინებს. კიდევ მეტი რელაქსაციაც არავის აწყენს! ბარში თურქული ყავისა და ჩაის, შინაური ლიმონათის გვერდით სხვა ნებისმიერი სასმელიც შეგვიძლია მოვითხოვოთ. 

თურქული ყავა და ბურმე ‒ ღრუბლებისა და ოცნების გემო ‒ ყველაფერს მავიწყებს: ყველა საქმესა და ვალდებულებას, რომელიც თბილისში მელოდება. საკონდიტრო სამოთხეში ჩემ გარშემო კიდევ რამდენიმე ადამიანი ლივლივებს. ადგილობრივი თურქული ტკბილეული, თხილეული, ახალი ხილი თუ სხვადასხვა აპეტაიზერი, აქ, სტამბოლთან მორიგი გულისამაჩუყებელი განშორებისას, თურქული სტუმართმოყვარეობის გასტრონომიულ ილუსტრაციას ჰგავს. 

ფრენამდე გემრიელი სტარტის აღების პარალელურად, ლაუნჯში დროის გაყვანა ოდნავადაც არ ჭირს: მართლია, მგზავრების უმრავლესობა ოჯახის წევრებთან ტელეფონით მშვიდად ლაპარაკს ამჯობინებს, მაგრამ არც სხვა რამაა პრობლემა: ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში ლაუნჯბარის სტუმრებს საშუალება აქვთ ტელევიზორს უყურონ, გაზეთები და ჟურნალები წაიკითხონ, ბავშვების სათამაშო ოთახით, ბიბლიოთეკით, მასაჟისა და საშხაპე ოთახებით ისარგებლონ, სადაც თავის მოსაწესრიგებლად ყველა საჭირო კომპონენტია თავმოყრილი. დროის სიმშვიდეში გატარების პარალელურად, აქაურობა სპორტული აქტივობების წახალისებასაც ემსახურება. ხალხმრავლობაა ბილიარდის ოთახში. გარდა ამისა, Turkish Airlines გოლფის ცნობილი ენთუზიაზისტი მხარდამჭერია. ამას მოწმობს მგზავრებისთვის განკუთვნილი გოლფის სრულიად რეალისტური სიმულატორი, რომელიც სპორტული შესაძლებლობების გამოსაცდელად აქეზებს მგზავრებს. 

ლაუნჯს Turkish Airlines-ის ქეითერინგის პარტნიორი Turkish Do&Co უზრუნველყოფს ‒ ჯგუფი, რომელიც წლებია ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს Turkish Airlines-ის მგზავრების საუკეთესო საკვებით უზრუნველყოფისთვის. 

Turkish Airlines-ის წარმატებული ბიზნესკლასის ფრენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ბიზნეს ლაუნჯია ‒ ინოვაციური სერვისით, უმაღლესი ხარისხითა და მგზავრების კმაყოფილებაზე ორიენტირებულობით. 

ბიზნესლაუნჯის უპირატესობას ხანგრძლივი ფრენისა და გადაჯდომისას რამდენიმე საათიანი ლოდინის პირობებში კიდევ უფრო აშკარად გრძნობ. კომფორტულ გარემოში დრო პრაქტიკულად შეუმჩნევლად გადის. ამას მიდასტურებს ანეტიც, ლაუნჯში გაცნობილი ფრანგი გოგონა, რომელსაც სტამბოლის აეროპორტში ექვს საათს მოუწია ყოფნა, სამაგიეროდ თბილისის აეროპორტში ქართველი შეყვარებული ელოდება. მაყოლებს ქალაქზე, რომელიც ჩასვლისთანავე მოაჯადოვებს! იქამდე კი თურქულ ყავას ვსვამთ და ჩვენი წილი სტამბოლის გემოს ხარბად ვისრუტავთ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com