ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. თანამშრომლობდა სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოსთან. მუშაობდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. წლების განმავლობაში წერდა სტატიებს თანამედროვე მუსიკალური კულტურის თემაზე; წერდა საკუთარ ქალაქზე და, ზოგადად, ურბანული სივრცის ცნებაზეც. 2009 წელს გამოსცა წიგნი „საუბრები ჯაზზე.“ დღეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „უცნობი მუსიკის“ რადიო და ტელეფორმატების ავტორი და წამყვანია.
კახა თოლორდავას განსაკუთრებული კულინარის სტატუსზე პრეტენზია არ აქვს, თუმცა მუსიკაზეც, ფეხით შემოვლილ საქართველოზეც და სამზარეულოზეც ისეთი აზარტით საუბრობს, რომ მისი არტისტული ვიზუალი ლოგიკურ კონტექსტს ნაცნობობის პირველივე წუთებში იძენს.
გურამ წიბახაშვილი
– ბატონო კახა, კვებას რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?!
– პერიოდულად იცვლება მისი მნიშვნელობის ხარისხი: ერთი მხრივ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საჭმლის მოყვარული ადამიანი ვარ, რომელიც ყურადღებას აქცევს იმას, თუ რას მიირთმევს და რამდენს მიირთმევს; მეორე მხრივ, არის ხოლმე პერიოდები, როცა იმდენად ცოტა დრო მრჩება, კვების საკითხი შესაძლებელია, უბრალოდ, ძალიან უკანა პლანზე გადავიდეს.
– ჯანსაღად იკვებებით?
– ჩემს ასაკში თავს უფლებას უკვე ვეღარ ვაძლევ სხეულში ისეთი რაღაცები შეუშვა, რაზეც 20-25 წლის ასაკში, უბრალოდ, არც ვიფიქრებდი. ასაკთან ერთად იმატებს, გარკვეული თვალსაზრისით, პასუხისმგებლობის შეგრძნება, რადგან, საბოლოო ჯამში, სხეული ‒ შენი უკანასკნელი თავშესაფარია. აქედან გამომდინარე, ძალაუნებურად გიწევს იმაზე ფიქრი, როგორ შეიძლება მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნო თავი საკუთარ სხეულში.
– მზადება გეხერხებათ?
– ნამდვილად ვერ გეტყოდით, რომ დილიდან ღამემდე ან ძალიან ხშირად ვამზადებ. თუ რამე გამიკეთებია, ყოველთვის ინტუიტიურად, მაგრამ მეტ-ნაკლები წარმატებით. მარტო ვცხოვრობ, თუმცა ყოველ დღე ვსადილობ დედაჩემთან, ანუ ყველაზე ჯანსაღი საკვების მომწოდებელი დედაა ჩემთვის. მას ძალიან სიამოვნებს ეს პროცესი და განიცდის, თუ მოხდა ისე, რომ უარს ვამბობ.
– გემოს მაძიებლად ჩაითვლებით?
– ნამდვილად არა. ჩემი მეგობრები ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობისას ცდილობენ ყველაფერი გასინჯონ, რისი დაგემოვნებაც შესაძლებელია. სხვადასხვა სახეობის მუხლუხო, მატლი, გველი… ჩემთვის ეს წარმოუდგენელია! გასინჯვა კი არა, დანახვაც მეზიზღება. ამ მხრივ, საკმაოდ კონსერვატორული შეხედულება მაქვს, იმის მომხრე და მოყვარული ვარ, რასაც Basic food ჰქვია.
– რა არის ეს Basic food – საბაზისო საკვები ‒ თქვენთვის?
– მაგალითად, კარგი ბურგერი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა პურის ორ ნაჭერს შორის მოქცეული ხორცი. რა თქმა უნდა, ეს ხორცი ნორმალურად უნდა იყოს მომზადებული და არც პურის ხარისხია უმნიშვნელო. ზოგადად, როგორც წესი, არასდროს ვწუწუნებ საჭმელზე, თუ მართლა ყოველგვარ ზღვარს არ სცდება მისი უხარისხობის დონე.
– რომელი პროდუქტი გაქვთ სახლში მუდმივად?
– ბურღულეული ‒ წიწიბურა, ბრინჯი, ასევე ხილი და ბოსტნეული. კიდევ მწარე შოკოლადი.
– ტკბილეული გიყვართ?
– ტკბილეული პერიოდულად მინდება და ამ დროს უარს არ ვამბობ. ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა. დიდებული ადამიანი იყო! როდესაც დიაგნოზი გაიგო, ამ დაავადების კვლევა დაიწყო. ერთ დღეს დამირეკა და ძალიან უცნაური რაღაც მითხრა: ყველაფერი ეს შეიძლებოდა გაჩენილიყო, სიტყვაზე, მაშინ, როცა მე, მაგალითად, უარი ვთქვი ტორტის ნაჭერზეო. ეს არასდროს დამავიწყდება.
– ქართული სამზარეულო გიყვართ?
– ძალიან. რაც დრო გადის, უფრო და უფრო. ქვეყნის ტერიტორიიდან გამომდინარე, საკვების მიღების რიტუა -ლიცა და მისი ორგანიზების პროცესიც განსხვავდება. ამიტომ, ზოგადად, არ მიმაჩნია სწორად, როცა სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ადარებენ ერთმანეთს.
– ქართულის გარდა, თუ არის რომელიმე ქვეყნის სამზარეულო, რომელიც გხიბლავთ?
– ის, რაზეც უარს, ალბათ, ვერასდროს ვიტყვი, პასტაა. აბსოლუტურად ყველანაირი ფორმით მიყვარს! თვითონაც კარგად ვამზადებ. მისი უპირატესობაც ისაა, რომ იმპროვიზაციას შესაძლებლობას გაძლევს.
– თქვენი საყვარელი სასმელი რომელია?
– მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სმის მომხრე არასდროს ვყოფილვარ და, ზოგადად, არ მიყვარდა, როცა კონტროლს ვკარგავდი საკუთარ თავზე, წელიწად-ნახევარია ერთ ჭიქა ღვინოსაც ვეღარ ვსვამ. სურვილი აღარ მიჩნდება.
– თქვენს ბლოგებში ბევრს წერთ თბილისზე, წერთ, რომ ბევრს დადიხართ ფეხით.
– ბოლო დროს ძალიან მაინტერესებს გარეუბნები, სადაც საბჭოთა არქიტექტურაა შემორჩენილი. ქალაქის შეგრძნება მხოლოდ ცენტრალური რაიონების საშუალებით სრულიად წარმოუდგენელია. ავირჩევ ხოლმე და გადავწყვეტ, რომ დღეს უნდა წავიდე, მაგალითად, გლდანში. თავის დროზე ამ უბნის ორგანიზების ფორმა საკმაოდ ნორმალური იყო: ბინებით, ეზოებით, რეკრეაციული ზონებით. დღეს იქაურობა რესტორნებითაა გამოძეძგილი და შორიახლოს ძროხები დადიან. ზოგადად, ყველა უბანს აქვს, ალბათ, თავისი განსაზღვრული ბგერა. თავისი ექო. თუ ამას ყურადღებას მიაქცევ, ძალიან საინტერესოა! ქალაქში ხეტიალის დროს, როცა ყურსასმენები მიკეთია და მუსიკას ვუსმენ, ვცდილობ, კონკრეტულ უბანს, მის არქიტექტურას შესაბამისი საუნდტრეკი შევურჩიო. თუმცა, საბოლოო ჯამში, ქალაქის საუნდტრეკი ამ ქალაქის ამბებია. ყოველთვის ბუნებრივი ხმაური მირჩევნია ფონად გაყოლებულ მუსიკას. ცალკეული ფრაზები, ბგერები, სუნები ‒ ყოველთვის უფრო საინტერესოა და მრავლისმთქმელი. საერთოდ, ქალაქი სხვანაირად ჩანს მანქანიდან, სხვანაირად ჩანს ველოსიპედიდან; სრულიად სხვანაირია, როდესაც ფეხით დადიხარ. ასე სეირნობისას გრძნობ, ალბათ, იმას, რასაც ქალაქის ფსიქოგეოგრაფია ჰქვია. მე არ ვიტყვი, რომ თბილისი ყველაზე კარგი ქალაქია, მაგრამ ვთვლი, რომ სადაც ცხოვრობ, ის ტერიტორია სრულყოფილად უნდა იცოდე.
– თბილისის გარდა სხვაგან გიცხოვრიათ?
– რვა წელი ვცხოვრობდი პეტერბურგში, 1990-98 წლებში.
– რას საქმიანობდით?
– პეტერბურგში ოჯახი მყავდა და, ძირითადად, შვილის გაზრდით ვიყავი დაკავებული. ჩემი ვაჟიშვილი ახლა 25 წლისაა, ქართულად ჩვენსავით საუბრობს და და ხშირად ჩამოდის თბილისში.
– როგორი მამა ხართ? შვილს რა პრინციპებით ზრდიდით?
– ერთხელ ქუჩაში მოვდიოდით, რაღაცნაირად ჩაფიქრდა, 15-16 წლის იქნებოდა. რას ფიქრობ-მეთქი? გავიზრდები, შვილი მეყოლება და ვფიქრობ, შევძლებ თუ არა, რომ შენნაირი მამა ვიყოო. ვუთხარი, ერთ წამს დამელოდე, რაღაც საქმე მაქვს-მეთქი. სადარბაზოში შევვარდი, გავსკდი ტირილით და გამოვედი უკან. რა გჭირსო, გადამეკიდა. არაფერი, თვალში რაღაც ჩამივარდა ‒ მეთქი. ერთი, რასაც ვიტყოდი ‒ მგონია, რომ საკმაო დრო დავახარჯე ჩემს ვაჟიშვილს.
– მუსიკა რა ასაკსა და ვითარებაში შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
– უცნაურია, მაგრამ მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ვიზუალური სახით შემოვიდა. 6 წლის ვიყავი, „როლინგ სთოუნზის“ ალბომი ვნახე, რომლის გარეკანზეც ანსამბლის წევრები სანაპიროზე იდგნენ. წინა პლანზე იყო ბრაიან ჯონსი, ხასხასა წითელ შარვალში. მახსოვს, ამ შარვალს რომ შევხედე, კინაღამ გული წამივიდა! იმდენად ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლება ახალგაზრდა კაცს ეცვას ასეთი ლამაზი შარვალი, ასეთი ფერის, დახვეწილი. ჰქონდეს ასეთი გრძელი თმები და, საერთოდ, ასე კარგად გამოიყურებოდეს! იმ პერიოდისთვის ვინილის შოვნა სასწაულის ტოლფასი იყო. ამიტომ დღესაც ზედმიწევნით ზუსტად მახსოვს მოძრაობა, როგორ უნდა გაახვიო დისკი გაზეთში და გარეთ ისე გაიტანო, რომ ბიჭები არ დაგვხდნენ და არ წაგართვან.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– ძირითადად, ვკითხულობ, რაც, ჩემი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე კარგი ფორმაა გართობის. ამიტომ, ალბათ, არ მახსოვს ჩემს ცხოვრებაში წუთები და საათები, როცა მოწყენილი ან საკუთარ თავთან კონფლიქტში ვიყავი. ყოველთვის ვპოულობდი ისეთ გასართობს, რომ თუ დროის გაყვანაზეა საუბარი, საინტერესოდ გამეყვანა. უდიდესი სიამოვნებაა მეგობრებთან ყოფნა, რაც, დროის დეფიციტიდან გამომდინარე, ძალიან მაკლია ბოლო დროს. ასევე დღემდე გიჟურ მოთხოვნილებად რჩება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხეტიალი. ესაა ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება თავს გადაგხდეს!
– საქართველოს რომელი კუთხე გხიბლავთ ყველაზე მეტად, თუნდაც გასტრონომიული მხრივ?
– თუშეთი. იქ სრულიად სხვა ენერგეტიკაა. მე ამას ჩუბჩიკას ‒ თენგიზ მირზაშვილის ‒ ენერგეტიკას ვეძახი. ყველაფერი ის, რაც თუშეთში წასვლამდე ვნახე, მისი ნახატებით ვნახე. ყველაფერთან ერთად, ძალიან მომწონს, როგორ ეპყრობიან თუშეთში საკვებს. ბოლოს რომ ვიყავით, დიასახლისი გვიმზადებდა საჭმელს. მაგიდაზე რაღაცას რომ დადებდა, გაიფიქრებდი, ამას ცხოვრებაში არ შევჭამო ‒ მაგალითად, კეცზე მომზადებული ბრინჯს, რომლის ქვემოთ კვერცხია და ზემოდან ერბო. არადა, იწყებ ჭამას და ვეღარ ჩერდები, უბრალოდ, ვერ ჩერდები! მაგრამ აქაც ერთი მომენტია მთავარი ‒ საკვები თუშეთში, მოგეხსენებათ, არ შეიძლება ფუფუნების საგანი იყოს, ამდენად, სწორედ იმ ფუნდამენტურ საწყისებზე დგას იქაური გასტრონომია. ის, თუ როგორ ამზადებენ ისინი ყველს, როგორ აცხობენ პურს ‒ იმ ტერიტორიის ნაწილია და სწორედ ეს ტერიტორია შემოდის შენში მათი საკვების მიღების დროს.
– როგორ ფიქრობთ, კულინარიაც ხელოვნებაა?
– რთულია ამაზე პასუხი. ჟირო მახსენდება, სუშის იაპონელი ოსტატი. მას ტოკიოში მიშლენის ოთხი ვარსკვლავის მქონე პატარა რესტორანი აქვს. ალბათ, ერთი წლით ადრე ეწერებიან დაგემოვნების მსურველები. ესაა უცნაური, ალბათ, მხოლოდ იაპონელებისთვის დამახასიათებელი რიტუალი, როცა დახლის ერთ მხარეს რესტორნის პერსონალი დგას, მეორე მხარეს კი სტუმარი. სუშის კი არ მოგაყრის, ჯერ ერთ ცალს დაგიდებს, ის უნდა გასინჯო; მერე მეორეს ამზადებს შენ თვალწინ. მე არ ვიცი, ეს ხელოვნებაა თუ არა, მაგრამ ფაქტია ‒ ესაა ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება სუშის გაუმჯობესებას მიუძღვნა.
– შლაპა თქვენთვის თვითგამოხატვის ფორმაა?
– გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ, კი, თუმცა 90-იანი წლების ბოლოს მისი ტარება იმ მარტივი მიზეზით დაიწყე, რომ მციოდა. ვიღაცებს არ მოსწონდათ, არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევდა. ბავშვობაში ვესტერნი ისე მიყვარდა, ვგიჟდებოდი! ძალიან დიდ დროს ვატარებდი კინოთეატრ „კოსმოსში,” სადაც ეკრანზე სულ შლაპიან კაცებს ვუყურებდი. გავიზარდე და ქუჩაშიც ვხვდებოდი თაობას, რომელიც ჯერ კიდევ ატარებდა შლაპას. მაგალითად, კარგად მახსოვს მიხეილ თუმანიშვილი პორტფელითა და შლაპით. ამიტომ როცა დადგა საჭიროება ‒ თავსაბურავი ამერჩია, ბევრი ფიქრის გარეშე ამაზე შევჩერდი.
– წლებს რა მოაქვს?
– საერთოდ არაფერი, თუ შენ არ შეგყავს შენი თავი ზრდის ტერიტორიაზე. თუ ძალისხმევას არ გაიღებ იმისთვის, რომ სულიერად თუ ინტელექტუალურად გაიზარდო. ის, რომ ცეცხლში თითი არ უნდა შეყო, უბრალოდ, გადარჩენისთვის აუცილებელი გამოცდილებაა, მეტი არაფერი.