ჟურნალ „კულინArt“-ის გაზაფხულის ნომრისთვის, პიანისტ ირმა გიგანს ვესტუმრეთ. ირმა თინუსისა და კარტოფილის სალათებით გაგვიმასპინძლდა და მათი მომზადების რეცეპტებიც გაგვაცნო. ეს სალათები ძალიან სწრაფად მზადდება, მარტივი ინგრედიენტებისგან შედგება და ძალიან გემრიელია. აუცილებლად მოამზადეთ, დააგემოვნებინეთ ისინი თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს.
კულინარიით თუ ინტერესდებით?
ვერ ვიტყვი, რომ არ ვინტერესდები, თუმცა, დროის უქონლობის გამო, კერძების მომზადებას ხშირად ვერ ვახერხებ.
რატომ გადაწყვიტეთ დღეს ამ სალათების მომზადება?
პირველი სალათა თინუსით მზადდება, ძალიან მიყვარს და ხშირად მივირთმევ. თინუსი, ასევე ძალიან უხდება სენდვიჩებს და შავ პურს. მეორე არის კარტოფილის სალათა, რომელიც ასევე მარტივად მზადდება და სხვადასხვა ინგრედიენტებთან ერთად შეიძლება გემოვნებით გავაწყოთ თეფშზე. ეს კარტოფილის სალათა ძალიან უხდება თევზეულს.
უმეტესად როგორ კერძებს ამზადებთ?
ძირითადად სენდვიჩებს, სალათებს, ყველაფერს რაც სწრაფად შეიძლება რომ მივირთვა. თუ სახლში მარტო ვარ ან საზღვარგარეთ ვიმყოფები, ძირითადად მაშინ ვამზადებ.
რომელია თქვენი საყვარელი კერძი?
განსაკუთრებით მიყვარს შემწვარი ქათმის ხორცი და სალათები.
სტუმრების მიღება და მათთვის კერძების მომზადება თუ გიყვართ?
იშვიათად ვიღებ სახლში სტუმრებს, მაგრამ როდესაც ამის სურვილი მაქვს, მეგობრებისთვის სხვადასხვა კერძს ვამზადებ და მოწონებასაც ვიმსახურებ.
რამდენად ჯანსაღად იკვებებით?
ვერ გეტყვით, რომ ძალიან ჯანსაღად ვიკვებები, თუმცა ცოტას მივირთმევ და ხშირად. ძირითადად სახლს გარეთ ვარ და სწრაფი კვების ობიექტებსაც ვსტუმრობ, ამიტომ ძალიან ჯანსაღი კვების წესი არ გამომდის.
რომელია თქვენი საყვარელი სამზარეულო და კერძი?
ძალიან მიყვარს ჩინური სამზარეულო. განსაკუთრებით მომწონს გუმბაო და ბრინჯი ბოსტნეულით.
თუ გაქვთ ოჯახური კულინარიული ტრადიციები?
არის რამდენიმე კერძი, რომელსაც ბებია და დედა ხშირად ამზადებენ, განსაკუთრებულია ბებოს კატლეტები.
ვინ არის თქვენს სახლში მთავარი კულინარი?
მთავარი კულინარი არის ბებია, თუმცა, დედაჩემიც გემრიელ კერძებს ამზადებს.
თქვენს ბაბუას, ბატონ ჯანსუღს თუ უყვარს კერძების მომზადება და ერთად თუ ამზადებთ?
ბაბუას არ უყვარს კერძების მომზადება, თუმცა დიდი გურმანი და კარგი შემფასებელია, არ უფრთხის სხვადასხვა სახის და კულტურის კერძებს. ძალიან გემოვნებიანი ადამიანია ყველა მიმართულებით და შესაბამისად, ჩვენს ოჯახში კულინარიის მთავარი შემფასებელიც ის არის.
რომელი ინგრედიენტი არ გიყვართ?
მწვანილები ბავშვობიდან არ მიყვარს, განსაკუთრებით კი ‒ კამა. რეჰანია ის ერთადერთი მწვანილი, რომელიც ხანდახან შეიძლება მივირთვა.
რომელია თქვენი საყვარელი ინგრედიენტი?
ეს არის ხახვი.
საზღვარგარეთ ყოფნისას ადგილობრივი კულინარიით თუ ინტერესდებით?
საზღვარგარეთ ყოფნისას ყოველთვის ვცდილობ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას.
თუ არის რაიმე ინგრედიენტი, რომელსაც არასდროს გასინჯავთ?
ბულიონს და ხაშს. არცერთი გამისინჯავს.
ახალი რეცეპტების მოძიებით თუ ინტერესდებით?
კერძი ვიზუალურად თუ მომეწონა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიჩნდება მომზადების სურვილი.
თინუსის სალათა
ინგრედიენტები:
– დაკონსერვებული თინუსი – 250 გრ.
– სალათის ფოთოლი – 1 კონა
– კიტრი – 1 ც.
– მაიონეზი – 130 გრ.
– დაკონსერვებული სიმინდი –
გემოვნებით
– ხახვი – 1 ც.
– შავი ღვინის ძმარი – 2 ჩ/კ.
– მოხარშული კვერცხი – 1 ც.
მომზადების წესი: ხახვი, მაიონეზი და თინუსის ნაჭრები ერთმანეთს შეურიეთ და თეფშზე მოათავსეთ. გვერდით მოუწყვეთ სალათის ფოთოლი (სასურველი სახეობა). მოასხით ღვინის ძმარი, მოაყარეთ სიმინდი და კიტრი. კერძის ირგვლივ, თეფშზე დააწყვეთ მოხარშული კვერცხის ნაჭრები.
კარტოფილის სალათა
ინგრედიენტები:
– მოხარშული კარტოფილი – 2 ც.
– ხახვი – 1 ც.
– პილპილი – გემოვნებით
– სალათის ფოთოლი – 1 კონა
– დაკონსერვებული სიმინდი –
გემოვნებით
– ბარდა – გემოვნებით
– სვანური მარილი – გემოვნებით
მომზადების წესი:
ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ და გადაიტენეთ თეფშზე.