გაზაფხულის გემო ნანუკა გულუას სალათებში

საკუთარ თავს გემოს კარგ მცოდნეს უწოდებს, თუმცა წლებია წონასა და რაციონს იმდენად კატეგორიულად აკონტროლებს, არაერთ საყვარელ კერძს შეელია. დღეს მისი მენიუ, ძირითადად, ჯანსაღი, დაბალკალორიული პროდუქტებისგან შედგება, საგაზაფხულო რაციონში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი სალათებს უკავია, რომელთაც ნანუკა გულუა საკუთარი იმპროვიზაციით ამზადებს. 

ნანუკა, კვება, სამზარეულო რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?

ძალიან მიყვარს! ჩემი წონის პრობლემა ჭამის მიმართ ამ არანორმალური სიყვარულით იყო განპირობებული. ბოლო შვიდი წელია უარი ვთქვი ყველაფერზე, რაც ასუქებს, ბევრი გემო უკვე დავიწყებულიც მაქვს. ამიტომ ახლა, ალბათ აღარ ვითვლები კარგ მჭამელად, ძირითადად, იმას მივირთმევ, რაც არ გამასუქებს.

არის პროდუქტი ან კერძი, რომელიც განსაკუთრებით გენატრებათ?

ვგიჟდებოდი ყველანაირ ცომეულზე, ნამცხვარზე, ტკბილეულზე, ორცხობილაზე. ყველაფერზე, რასთანაც ყველაზე მეტად ვმეგობრობდი და რაც ჩემს წონაზე სავალალოდ აისახა, სამუდამოდ უარი ვთქვი. თავიდან კატეგორიულად ვკრძალავდი საკვებს და სტრესის ფონზე მიმდინარეობდა კლების პროცესი, მაგრამ ახლა იმდენად მივეჩვიე, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ვიტანჯები ამ მომენტით. 

რომელი პროდუქტია მუდმივად თქვენს სახლში?

ასეთია კიტრი, იმიტომ, რომ კიტრის ჭამა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება ‒ არც ასუქებს და შიმშილის გრძნობასაც მიკლავს. მარხვის დროს კიტრი და ფორთოხალი მაქვს მუდმივად, არასამარხვო პერიოდში კი მათ ხაჭო და იოგურტი ემატება. 

ყველაზე მეტად ხორცი მიყვარს, ნებისმიერი ფორმით ‒ გრილზე შემწვარი ქათამი, მოხარშული და სუნელებით შეზავებული, ყველანაირი ხორციანი კერძი. ბოსტნეულზე არ ვგიჟდებოდი, მაგრამ ახლა ხორცთან მიქსში ძალიან გემრიელად მივირთმევ. 

თუ არის პროდუქტი ან კერძი, რომელსაც არასდროს გასინჯავთ?

მხოლოდ პიკანტური, ეგზოტიკური კერძებია ასეთი. იმდენად არ მიზიდავს, გასინჯვაც არ მინდება. მირჩევნია, რაც ზუსტად ვიცი და მიყვარს, ის ვჭამო. 

მომზადება გეხერხებათ?

დედა და ბებია სასწაულად ამზადებენ. მე მთლად მათსავით შეიძლება არ გამომდის, მაგრამ ამბობენ, რომ კარგი ხელი მაქვს. მეგრულ სამზარეულოზე ვგიჟდები და განსაკუთრებით გემრიელი სწორედ მეგრული კერძები გამომდის. 16 წლის ჩამოვედი თბილისში და მარტო დავრჩი. მეგობრები სულ მთხოვდნენ მეგრული კერძები მომემზადებინა და ასე ნელ-ნელა ვისწავლე. 

ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად რას ამზადებთ?

მეგობრებს ძალიან მოსწონთ ჩემი მომზადებული სალათები. ზოგადად, იმპროვიზაცია და ექსპერიმენტები მიყვარს. შეიძლება საბაზო რეცეპტი არსებობდეს, მაგრამ საკუთარი გემოვნებით სხვადასხვა ინგრედიენტს ვამატებ. ვიცი, რომელი გემო რომელს უხდება. საბოლოოდ, როცა რაღაცას ჩემებურად ვამზადებ და მოწონებას იმსახურებს, ვხვდები, რომ სწორ კომბინაციას მივაგენი. 

სალათები თვითონაც გიყვართ?

გაზაფხულ-ზაფხულის დადგომასთან ერთად, ჩემი რაციონი უფრო მსუბუქი ხდება და, ძირითადად, სალათებისგან შედგება. ძალიან მიყვარს სალათები, განსაკუთრებით, მაიონეზიანი. რაც არ უნდა ბევრი ინგრედიენტი გამოვიყენო, ცოტა მაიონეზი მაინც თუ არ დავამატე გემოსთვის, მშრალ სალათს ვერ ვჭამ. უბრალოდ, ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებ მაიონეზის ხარისხზე. კარგად შემიძლია ხარისხიანი პროდუქტი უხარისხო ანალოგებისგან გემოვნური თვისებებით განვასხვავო. გარდა ამისა, ყურადღებას ვამახვილებ ფერსა და სტრუქტურაზე: ხარისხიან მაიონეზს ჯანსაღი ელფერი უნდა ჰქონდეს; რაც შეეხება სტრუქტურას, სალათში წყლად არ უნდა მიდიოდეს. ვიცი, რომ ამ პროდუქტს, მის შესახებ შექმნილი უამრავი უარყოფითი კონტექსტის მითის გამო, ხშირად სახლში ამზადებენ. თუმცა მისი გემო ხარისხიანი ქარხნული მაიონეზის გემოს შესამჩნევად ჩამოუვარდება და მეც უპირატესობას მზა, აპრობირებულ პროდუქტს ვანიჭებ. 

ზოგადად, ჯანსაღი კვება რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?

ძალიან ვნანობ, რომ წლების წინ წონაში ისეთი მეთოდით დავიკელი, რამაც ჩემს ორგანიზმს ზიანი მიაყენა. სრულიად ვშიმშილობდი, ეს კი ისეთ სტრესსა და იმდენი დაავადების პროვოცირებას იწვევს, შეიძლება ითქვას, გადავრჩი. ალბათ, გადამარჩინა იმან, რომ როცა ეს კაბალური დიეტები დავიწყე, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. დღეს ყველას ვეუბნები, რომ ასეთი ფორმით დაკლება სრულიად გაუმართლებელია. სწორი კვებით შეიძლებოდა გაცილებით სწრაფად მიმეღწია იმ შედეგისთვის, რაც 3 წლის განამვლობაში არასწორი კვებითა და ორგანიზმის დაზიანების ხარჯზე მივიღე. ამიტომ ახლა ვცდილობ უარი არ ვთქვა იმ სასარგებლო პროდუქტზე, რაც ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება.

ნანუკა გულუას რეცეპტები

თინუსის სალათი მაიონეზით

მწვანე ბულგარული წიწაკა – 1 ცალი
წითელი ბულგარული წიწაკა – 1 ცალი
სიმინდის მარცვლები – პატარა შეფუთვა
თინუსი ზეთში – 200 გრ.
თინუსი წყალში – 200 გრ.
კიტრი – 1 ცალი
ყველი – 200 გრ.
ნედლი მწვანე წიწაკა
მოხარშული კვერცხი – 3 ც.
მწვანე ხახვი – 1 კონა
ნედლი ქონდარი – გემოვნებით
მაიონეზი „სლობოდა“ ზეთისხილის გემოთი, „ოლივკოვი“
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ბულგარულ წიწაკას ოთხკუთხედ ნაჭრებად ვჭრით, ვამატებთ კუბებად დაჭრილ კიტრს, ყველსა და ორნაირ თინუსს. მოვაყრით სიმინდის მარცვლებს, მწვანე ხახვს, ქონდარს, ნედლ მწვანე წიწაკას, მარილს. მოვასხამთ მაიონეზს და ზემოდან შუაზე გაჭრილ მოხარშულ კვერცხებს დავალაგებთ

ძეხვის სალათი მაიონეზით

ინგრედიენტები:

•კიტრი – 3 ც.
•მწვანე ბულგარული წიწაკა – 2 ც.
•შებოლილი ძეხვი – 4 ც. („მონადირული“)
•ლორი – 150 გრ.
•მოხალული თხილი – 50 გრ.
•მწვანე წიწაკა
•მაიონეზი „სლობოდა“ პროვანსალი
•მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

ძეხვისა და ლორის პატარა ნაჭრებს ოდნავ მოვთუშავთ, დავამატებთ ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭრილ კიტრს და ბულგარულ წიწაკას, მოვაყრით დაკეპილ თხილს, მწვანე წიწაკასა და მარილს და მაიონეზთან ერთად ავურევთ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com