ნინო თარხნიშვილი: ჟურნალისტი, მწერალი
გიორგი ჭანიშვილი: ჟურნალისტი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის წარმომადგენელი
„ერთხელ, როცა ვიყავი 17 წლის, მოწესრიგებული, კოპწია, მამიკოს გოგო და გავხდი სტუდენტი, ჯგუფელებს შორის აღმოვაჩინე ბიჭი: გრძელი თმით, გაქექილი ტყავის შარვლით, რომელიღაცა მძიმე მეტალისტური ჯგუფის მაისურით და ამრეზით გავიფიქრე: ამასთან რა გაძლებს მთელი 4 წელი… მას მერე მასთან ვცხოვრობ.“
და კიდევ:
„დავდიოდით, დავდიოდით, ბევრს დავდიოდით. ის მიღებდა ფოტოებს, ფოტოებს ‒ ბევრს: ყველა შენობის ქვეშ, ყველა ჭიშკრის წინ, ყველა ცათამბჯენთან, ყველა ხიდზე, ყველა ვიტრინასთან, ყველა პაბთან… ვჭამდით ქუჩაში „ჩიფსებს,“ „ჰოთ დოგებს,“ „სენდვიჩებს“ იმიტომ, რომ სულაც არ გვქონდა რესტორნების ფული და ეს მაგრად გვეკიდა ორივეს ფეხებზე ‒ მთელ ოთხ ფეხზე.“
სამაგიეროდ, ფრანკფურტში აკაციების სუნი იდგა, ნინოს მოთხრობის კითხვამაც წარმატებულად ჩაიარა და ხიდებთან, ვიტრინებთან, ცათამბჯენებთან, პაბებთან გადაღებული ფოტოებიც შემორჩა ზაფხულის ქალაქში პროზაული ხეტიალის ილუსტრაციად.
საჭმელს, კვებას, ზოგადად, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?
ნინო: მე, ძირითადად, ძალიან ერთფეროვანი საკვებით ვიკვებები. სულ თითზე ჩამოსათვლელი კერძებია, რაც მიყვარს: კარტოფილი, ლობიო, ბადრიჯანი, ბაჟე. სამაგიეროდ, პურს ვატან ყველაფერს, რასაც ვჭამ. ჭანოს კი შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი მიირთვას, რასაც დაუდგამ, არ არსებობს პრეტენზია გამოთქვას ან რამე განსაკუთრებული მოითხოვოს. ჩვენთან რამდენიმე თავი კერძი და სადილი, ზოგადად, როგორც ასეთი, არ მზადდება. ჭანო არ მხდის იძულებულს, რომ სამსახურიდან დაბრუნებული, სამზარეულოში დავდგე და რამდენიმე კერძი მოვამზადო. ყველაფერს სიამოვნებით მიირთმევს და ამბობს, რომ ძალიან გემრიელია. თუ სულ არაფერი არაა, ჩავა, რამეს ამოიტანს.
გიორგი: მე, პირიქით, რადიკალურად განვსხვავდები ამ კუთხით, ‒ მრავალფეროვანი კერძები მომწონს. ნებისმიერ კერძს, თუ გემრიელადაა მომზადებული, სიამოვნებით მივირთმევ. სამსახურებრივად ხშირად მიწევს საზღვარგარეთ, ეგზოტიკურ ქვეყნებში წასვლა, სადაც ყოველთვის ვცდილობ ადგილობრივი საინტერესო კერძები დავაგემოვნო. უცხოეთში ყოველთვის ისეთ რამეს ვეძებ, რასაც სხვაგან ვერ გავსინჯავ. ამ მხრივ, განსაკუთრებით, აზიური სამზარეულო გამოირჩევა. მაგალითად, ჩინეთში, პეკინში, სპეციალურად შევედი ისეთ კვების ობიექტში, სადაც ტურისტი იშვიათად თუ მოხვდება. იქ უამრავი უცნაური კერძი დავაგემოვნე, ზუსტად ვერც ვხვდებოდი, რა რა იყო, შეიძლებოდა გველი ყოფილიყო, შეიძლებოდა ‒ ბაყაყი, ამ მხრივ ზიზღის გრძნობა საერთოდ არ მაქვს. იაპონიაში სასტუმროში, სადაც ვცხოვრობდი, საუზმის არჩევანი ადგილობრივ და იაპონურ სამზარეულოს შორის იყო. რა თქმა უნდა, იაპონურს ვირჩევდი. იქ სუშიც სხვანაირი იყო, უკეთესი, მიუხედავად იმისა, რომ მისი დიდი მოყვარული არ ვარ. კორეაში სასადილოს ტიპის კვების ობიექტში მოვხვდი, ‒ წინ გაზქურა გიდგას, შენ თვალწინ ყრიან ტაფაზე ხორცის ნაჭრებს, ხახვს და თვითონ წვავ. მექსიკელების ცხარე სამზარეულოში კარგად ჩანს მათი ტემპერამენტი, გვადალახარაში სომბრეროანი მარიაჩების მუსიკის ფონზე დავაგემოვნეთ საოცარი კერძები, რაღაც სიგიჟე იყო!
ნინო: მე ფოტოებს მიგზავნის ხოლმე და ის ფოტოებიც კი მზარავს.
რომელიმე ქვეყნის სამზარეულო გასტრონომიული თვალსაზრისით განსაკუთრებით თუ გიზიდავთ?
გიორგი: ჩილე მიზიდავს ამ მხრივ და ზაფხულში მომიწევს სამსახურებრივი ვიზიტით ჩასვლა.
ნინო: მე არ მიყვარს მოგზაურობა, თბილისიდან წასვლაც არ მიყვარს. თან ფრენისაც სასტიკად მეშინია.
სახლში გირჩევნიათ კვება თუ გარეთ?
ნინო: დილით გავდივართ და საღამოს შემოვდივართ. დღის ბოლოს, დაღლილი რომ ხარ, კიდევ სადმე შესვლას, შეკვეთას, ლოდინს, გვირჩევნია სახლში მოვიდეთ და აქ ვივახშმოთ.
როცა გარეთ ხართ, ძირითადად, რას უკვეთავთ?
ნინო: ჩემი მენიუ ამ შემთხვევაშიც მწირია, სალათითა და „ჯანქ ფუდით“ შემოიფარგლება, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ჭანოს ‒ ნაკლებად. მას ტრადიციული და ჯანსაღი საკვები ურჩევნია, მე სწრაფი კვების ობიექტებში ვექაჩები ხოლმე. საბოლოოდ ნეიტრალურ ადგილს ვირჩევთ, სადაც შეგვიძლია პიცა, სალათი და წვნიანი მივირთვათ. თუმცა, ძირითადად, სახლში ვიკვებებით.
სადღესასწაულო სუფრებისთვის რას ამზადებთ ხოლმე?
ნინო: „ვენერას ძუძუები,“ რომელიც თქვენთვის მოვამზადე, ჩემს საფირმო კერძად იქცა. ბაჟეც ყოველთვის მაქვს სადღესასწაულო სუფრაზე, ‒ მართალია, ქათამს მე არ ვჭამ, მაგრამ სხვები მიირთმევენ. კიდევ ჟულიენსაც ვამზადებ და ბერძნულ სალათს, რომელიც ძალიან მიყვარს. რამდენიმე მზა კერძსაც ვამატებ ხოლმე. ფხალი და ტოლმა, მაგალითად, არასდროს მომიმზადებია. არც ხაჭაპური გამომიცხვია, თუმცა, ზოგადად, ვაცხობ. ნელ-ნელა გამიჩნდა ინტერესი კულინარიის მიმართ და, ვფიქრობ, მომავალში უფრო გამიღრმავდება.
როგორ ფიქრობთ, კულინარია რუტინაა?
ნინო: ადრე მეგონა, რომ მზადება საშინლად რუტინული, დამღლელი და დამთრგუნველი იყო. დაახლოებით ერთი წელია ამ მხრივ ინტერესი გამიჩნდა. სტუმრად, რასაც კი რამე გემრიელს გავსინჯავ, რეცეპტს ვეკითხები და მეც ვამზადებ. რამე უგემური გამოსულიყო ან გადამეგდო, ასე არ ყოფილა. ჭანოს მოსწონს. დედაჩემთანაც მიმაქვს ხოლმე შესაფასებლად, მას განსაკუთრებული კულინარიული შესაძლებლობები აქვს. დედაც ყოველთვის აღნიშნავს, ძალიან კარგად გამოგდისო. როცა ამბობენ, არაფრის კეთება არ შემიძლიაო, არ მესმის, უბრალოდ, ან გიყვარს მზადება, ან არა. მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს, უბრალოდ, სურვილი მაქვს, რომ გემრიელად და საინტერესოდ ვამზადებდე.
შვილის კვების საკითხის მიმართ რამდენად ფრთხილი ხართ?
ნინო: მარიტას კვებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს დედაჩემი. და არა მარტო მარიტას კვებაზე. სადილი რასაც ჰქვია, ჯანსაღი საკვები ‒ მასთან ვიღებთ. დედა ახლოს ცხოვრობს, მარიტა სკოლიდან დედაჩემთან მიდის, სადაც ზუსტად ისე იკვებება, როგორც მე და ჩემი ძმა ‒ ბავშვობაში. სკოლიდან მოსვლის შემდეგ წვნიანი, საღამოს 6-ზე კატლეტი და წიწიბურა ან რამე მსგავსი და ასე, საათობრივად. მე რომ ვიცი და დარწმუნებული ვარ, მარიტა დედაჩემთან ისე იკვებება, როგორც მოზარდი უნდა იკვებებოდეს, მშვიდად ვარ. სხვა შემთხვევაში თავად მომიწევდა ზრუნვა იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და სრულფასოვანი საკვები მიეღო. ამის გამო ისეთი მადლიერი ვარ დედაჩემის, რომ მადლობას, ალბათ, ვერც ვერასდროს გადავუხდი.
სუფრის ლამაზად გაშლა, სერვირება ‒ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?
ნინო: მაქვს ეგრეთ წოდებული ძვირფასი ჭურჭელი, რომელსაც ასეთი განსაკუთრებული დღესასწაულებისთვის ვიყენებ. მომწონს ლამაზად გაფორმებული სუფრა. ის კერძებიც, რასაც ვამზადებ, ვცდილობ ესთეტიკურად გამოიყურებოდეს. ვთქვათ, ფერები უხდებოდეს ერთმანეთს, ხელსახოცებიც შევუხამო სუფრას. ორი ძვირფასი სერვიზი მაქვს ‒ ერთი გერმანული და მეორე ‒ იაპონური ფაიფურის. ვანაცვლებ ხოლმე ერთმანეთს. შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილო იყოს, რამდენიმე წლის წინ მეც გამეცინებოდა, მაგრამ ახლა ‒ არა. რატომღაც მგონია, როცა ადამიანს სახლში ეპატიჟები და პატივს სცემ, სუფრაც ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. საერთოდ, ბუნებით პერფექციონისტი ვარ და არც სუფრაა გამონაკლისი, ‒ მინდა ისიც იდეალური იყოს.
არის თუ არა პლუსი ადამიანისთვის კარგად მზადება?
გიორგი: რა თქმა უნდა. როგორც მუსიკას სჭირდება ნიჭი, ისეა მზადებაც. თუ ნიჭთან ერთად ინტერესიც გაქვს, იდეალური კომბინაციაა და ყველაფერი გამოვა. ფანტაზიაც ძალიან მნიშვნელოვანია კულინარიაში, თუ გასაქანი მიეცი, შორს წაგიყვანს.
ნინო: ნამდვილად, ესაა ნიჭი, ძალიან დასაფასებელი უნარი. სულ მგონია, რომ ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად ამზადებენ, ძალიან გემოვნებიანები არიან.
ჯანსაღ კვებას რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?
ნინო: მე ვერ ვიკვებები ჯანსაღად, პირიქით, საშინლად და არანორმირებულად ვიკვებები. წვნიანი ბოლოს როდის ვჭამე, არც მახსოვს. არ მიყვარს. არც წყალს ვსვამ. ვიცი, რომ ცუდია ორგანიზმისთვის და ოდესღაც მომეკითხება. ჭანო უფრო ცდილობს ჯანსაღად კვებას.
გიორგი: წვნიანი აუცილებელია. ბულიონი, ბორშჩი, ტყუილი „სუფი“. ჩვენი რეჟიმის გამო რთულია, თორემ საშუალება რომ მქონდეს, ორგანიზმი, ვფიქრობ, თვითონ გაძლევს სიგნალს; თვითონ მოითხოვს შენგან ამას თუ იმას. ორგანიზმს კარგად რომ მოუსმინო, თვითონ გკარნახობს რა, როგორ და როდის მიიღო.
ერთად თუ მოგიმზადებიათ რამე?
გიორგი: მე არ მეხერხება მზადება, ერთი-ორჯერ რომ ვცადე კარტოფილის შეწვა თუ რამე მსგავსი, გემრიელი არ გამომივიდა. მამაჩემს, პირიქით, ძალიან ეხერხება.
ნინო: ჭანო მეხმარება იმ მხრივ, რომ პროდუქტი ყოველთვის მას მოაქვს, სუფრას ვაწყობთ ხოლმე ერთად, მაგრამ სამზარეულოში ყოფნის დროს მე თვითონ არ მიყვარს, როცა ვინმე მეხმარება. არაფრით არ შემიძლია, რომ იქ ვიღაც მეორე თუნდაც რამეს მაწვდიდეს. მირჩევნია ყველაფერი, კარგად იქნება თუ ცუდად, მე თვითონ გავაკეთო.
ერთად საუზმობთ?
ნინო: ჩემი და ჭანოს საუზმე მოხარშული კვერცხი და ყავაა, მარიტა ჩვენზე ადრე, მიუსლითა და რძით საუზმობს. ვახშამი მსუბუქი გვაქვს, უფრო სასუსნავი, ორცხობილა, შოკოლადი და ჩაი. საღამოობით მაგიდის გარშემო არც ვსხდებით ხოლმე, ტელევიზორთან ვვახშმობთ.
,,ვენერას ძუძუები“
მაგრად მოხარშულ 7 კვერცხს ვაციებთ. ვჭრით შუაზე. სამი კვერცხის გულს ჩავდებთ ჯამში, შევურევთ გატარებულ ნიგოზს, სანელებლებს (წითელი წიწაკა, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი), 1 სუფრის კოვზ ძმარს, 1 კბილ დაჭყლეტილ ნიორს, 2 სუფრის კოვზ თბილ წყალს, მარილს. ამ ყველაფერს კარგად ავურევთ ერთმანეთში, გავაკეთებთ 14 პატარა გუნდას და გაჭრილ და გულგამოცლილ კვერცხებში გულის ნაცვლად ჩავდებთ. ზედ ბროწეულის მარცვლებს დავადებთ.
ნინოს ნამცხვარი
ცომის მოსამზადებლად გვჭირდება 200 გრ. კარაქი, 250 გრ. არაჟანი, 1 კვერცხი, ვანილი და ფქვილი, რასაც შეიზელს. ცომს პატარ-პატარა ნაჭრებად ვაბრტყელებთ და შიგნით, გულის სახით, გემოვნებით, რასაც გვინდა, ჩავუდებთ (ჯემი, გახეხილი ვაშლი, ბანანი, ნიგოზი და ა. შ.). გამოცხობის შემდეგ მოვაყრით შაქრის ფხვნილს.