Keti’s Bistro-ს მენიუში ქათმის კერძი მჭირდებოდა…
ჟურნალ კულინArt-ის ამ გაზაფხულის ნომერში ჩემი არჩევანის შესახებ მინდა მოგიყვეთ. არ მინდოდა ჩვეულებრივი კერძი, მაგალითად, შემწვარი ქათამი, ამიტომ ჩემი არჩევანი არის ‒ ქათამი პანჩეტათი, ისპანახით და თეთრი ღვინით, რომელიც ძალიან მომწონს და სახლში ხშირად ვამზადებ. ეს კერძი ნამდვილად გაამრავალფეროვნებს, საოცრად გემრიელს გახდის თქვენს სადილსა თუ ვახშამს. მარტივად მოსამზადებელია, არ არის საჭირო ძვირადღირებული ინგრედიენტები. დარწმუნებული ვარ, თქვენს ოჯახის წევრებს და სტუმრებს მოეწონებათ, რადგან კერძი საკმაოდ უცხოა. ისპანახი, მუსკატი და თეთრი ღვინო ერთად საინტერესო არომატს სძენს, რომელსაც ბეკონის პიკანტური, შებოლილი გემო ემატება. ვფიქრობ, ინგრედიენტების კარგი ნაზავია, მსუბუქია და არ შეიცავს ბევრ ცხიმს. გარნირად შეგიძლიათ ბრინჯი ან კარტოფილი მოამზადოთ, მე მოხარშულ ბრინჯს გირჩევთ.
სახლში ვახშმის მომზადებას თუ გადაწყვეტთ, გირჩევთ ეს კერძი იყოს თქვენი მენიუს ნაწილი.
Keti’s Bistro-ში მას კერამიკის კეცზე მოგართმევენ. ნახშირზე მომუშავე არაჩვეულებრივი ღუმელი გვაქვს, რომელიც დამატებით არომატს სძენს კერძს.
დესერტად ალუბლის ნამცხვარს შემოგთავაზებთ, რომელიც თითქოს ლანჩისთვის ან დილისთვის არის განკუთვნილი. ვფიქრობ გემრიელია, თან არ არის ძალიან ტკბილი ‒ რაც მომწონს. შვრია და ალუბალი ერთმანეთს უხდება. ასევე, მიყვარს ალუბლისა და დარიჩინის გემოების ნაზავი. ეს ნამცხვარი თეთრ, ვანილის ნაყინთან ერთად მიირთვით.
Keti’s Bistro-ს მენიუს მუდმივად ემატება სეზონური პროდუქტებით მომზადებული კერძები. მაგალითად, ახალი კარტოფილის შემოსვლის შედეგად, ჩვენს კერძებს ახალი გარნირი დაემატა. ძალიან მალე დაემატება სეზონური მარწყვი და ჟოლო. მუდმივ ძიებაში ვარ, კერძები რომ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს. უკვე ერთი წელი გადის ბისტროს გახსნის დღიდან. ეს საინტერესო პერიოდი იყო, ჩამოგვიყალიბდა გარკვეული შეხედულებები, გაჩნდა სტატისტიკა, გამოიკვეთა ის, თუ რა არის მოთხოვნადი. შესაბამისად, დავამატეთ საუზმის მენიუ, ‒ “Eggs Benedict”, რომელიც შებოლილი ორაგულით ან შებოლილი იხვის მკერდით და ტრიუფელით მზადდება. ამ კერძებზე იმდენად დიდი მოთხოვნა გაჩნდა, რომ ძირითად მენიუში გადავიტანეთ.
კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, Keti’s Bistro-ს მენიუს დაემატება ახალი განყოფილება ‒ Keti’s Special, სადაც წარმოდგენილი იქნება ინდაურის ქლაბ სენდვიჩი (მომზადდება ინდაურის ხორცით, ჩვენი მომზადებული მაიონეზით, ტრიუფელით); ბურგერი ჩემი რეცეპტითა და საიდუმლო ინგრედიენტებით.
ასევე, კრევეტების როლი ჩვენი მომზადებული ტარხუნის მაიონეზით.
აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქალაქში ასეთ კერძებზე დიდი მოთხოვნაა.
ქათამი პანჩეტათი, ისპანახით და თეთრი ღვინით
ინგრედიენტები: 4 ადამიანისთვის
• ქათმის ფილე – 500 გრ.
• პანჩეტა (ბეკონი) – 150 გრ.
• ისპანახი – 150 გრ.
• ქამა სოკო – 200 გრ.
• ნაღები – 100 გრ.
• თეთრი ღვინო – 200 მლ.
• მარილი – გემოვნებით
• პილპილი – გემოვნებით
• მუსკატი – 5 გრ.
• ზეითუნის ზეთი – 25 გრ
მომზადების წესი:
ქათმის ფილე დაჭერით კუბებად, მოაყარეთ მარილი, პილპილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და გააჩერეთ 20-25 წთ. წვრილად დაჭერით პანჩეტა, სოკო დაჭერით კუბებად. ღრმა ტაფა დადგით დაბალ ცეცხლზე, დააყარეთ პანჩეტა, დაუმატეთ სოკო, შემდეგ დააყარეთ ქათამი (ჩამოთვლილი ინგრედიენტები 5 წთ. შუალედით დაამატეთ ტაფაზე). შემდეგ ამოურიეთ ტაფაზე მოთავსებულ ინგრედიენტებს, მოაყარეთ მუსკატი, დაუმატეთ ისპანახის ფოთლები, მოასხით ღვინო და ურიეთ სანამ არ წამოდუღდება. წამოდუღების შემდეგ 5 წთ. დაელოდეთ, დაასხით ნაღები, ისევ ამოურიეთ და ერთხელ კიდევ წამოადუღეთ.
ალუბლის ნამცხვარი
ცომის ინგრედიენტები:
• შვრია – 315 გრ.
• პურის ფქვილი – 315 გრ.
• კარაქი – 315 გრ.
• შაქარი – 200 გრ.
შიგთავსის ინგრედიენტები:
• ალუბალი – 1500 გრ.
• შავი მოცხარი – 400 გრ.
• შავი ბაკარდი – 70 მლ.
• შაქარი – 300 გრ.
• ჯინჯერი – ½ ჩ/კ
• ლიმონის წვენი – 10 მლ.
• დარიჩინი – 15 გრ
მომზადების წესი:
შვრია და ფქვილი გადაურიეთ, დაუმატეთ შაქარი და ისევ აურიეთ. შეაზილეთ კარაქი (ოთახის ტემპერატურის) და მიიღეთ ფხვიერი მასა.
შიგთავსის მოსამზადებლად ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოათავსეთ პატარა ქვაბში და ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 20-25 წთ. პერიოდულად ურიეთ. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ, დატოვეთ მხოლოდ შიგთავსის მასა.
23 სმ. საცხობი ფორმის (ჩიზქეიქის ფორმა) ზედაპირზე წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ცოტა ფქვილი. ცომის მასა გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ ფორმაზე ისე, რომ ცომი საცხობი ფორმის გვერდებს კარგად ეხებოდეს. გაბრტყელებულ ცომზე მოათავსეთ შიგთავსი და დაადეთ ცომის მეორე ნაწილი, ისევ გააბრტყელეთ და 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ 40-50 წუთი.
მიირთვით ნაყინთან ერთად.
ფოტო : ანა ბოკო