Argentina

მარშრუტი:  სამხრეთ ამერიკა , არგენტინა  , ბუენოს-აირესი  , იგუასუ 

როგორ მოვხვდეთ ბუენოს-აირესში?! 

თბილისიდან, ყატარის ავიახაზებით დოჰას გავლით, 20 საათის განმავლობაში იმოგზაურებთ ისე, რომ საერთოდ ვერ იგრძნობთ ხანგრძლივ ფრენას, გემრიელად გამოიკვებებით, უახლეს ფილმებს უყურებთ და ჩაფრინდებით არგენიტინის დედაქალაქში. აეროპორტიდან თქვენივე არჩეულ სასტუმრომდე, ტაქსით ან ავტობუსით გაეშურებით. ბუენოს-აირესში სასტუმროების დიდი არჩევანია. თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ძალიან მარტივად შესაძლებელია სასტუმროს პოვნა თქვენთვის სასურველ უბანში და ხელმისაწვდომ ფასად.

ბუენოს-აირ ესი, არგენტინის დედაქალაქი,

ნამდვილი კონტრასტების ქალაქია, რომლის ძველი ნაწილი ერთდროულად 3 ქალაქს მოგაგონებთ ‒ პარიზს, ლონდონსა და მადრიდს, ახალი ნაწილი კი ‒ ეს არის თანამედროვე ქალაქი, მრავალსართულიანი ცათამბჯენებითა და ბიზნეს ცენტრებით. ამ ქალაქში ირგვლივ სულ მზე და სიმწვანეა! 

ჩემი დაუვიწყარი მოგზაურობა ამ ფანტასტიკურ ქვეყანაში ყატარის ავიახაზების, საქართველოს საელჩოს არგენტინის რესპუბლიკაში და არგენტინის ტურიზმის სამინისტროს დამსახურებაა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა მათ ამ ჯადოსნური მოგზაურობისთვის. 

სად წავიდეთ და რა ვნახოთ? 

მონსერატი ეს არის ქალაქის ისტორიული ნაწილი. რაღა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ქალაქის სავიზიტო ბარათს ‒ ვარდისფერ სახლს კასა-როსადა, კონგრესის შენობას და კათედრალურ ტაძარს. კულტურული ძეგლების უმეტესობა მოედან Plaza de Mayo-ზეა განთავსებული. 

ქალაქის სიმბოლო -67-მეტრიანი ობელისკი, რესპუბლიკის მოედანზე მდებარეობს. 

პალერმო -ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი უბანია, ირგვლივ ბევრი სიმწვანით, ლამაზი ქუჩებით, მაღაზიებითა და კარგი კაფე-რესტორნებით. 

ტურისტული უბანი – ლა-ბოკა 

ადგილობრივებს ლა-ბოკა არ უყვართ ‒ მიიჩნევენ, რომ ეს „ტურისტული სამოთხე“ ხელოვნურად შეიქმნა და ქალაქის ნამდვილ სულს არ ასახავს, მიუხედავად ამისა, აქაურობას ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. უბნის მთავარი ქუჩა არის კამინიტო, სადაც მოცეკვავეები ცეკვავენ ტანგოს და სულ რაღაც 10 ევროდ ნებისმიერ მსურველს ერთ ილეთს ასწავლიან და ფოტოს გადაღებას სთავაზობენ; მხატვრები ქმნიან ნახატებს; მუსიკოსები უკრავენ; ადგილობრივები სუვენირებით ვაჭრობენ. ლა-ბოკას განსაკუთრებული მშვენება კი ‒ ფერადი სახლებია.

გასტრონომია 

არგენტინაში მრავალფეროვანი გასტრონომიული მიმართულება ემიგრანტების წყალობით ჩამოყალიბდა. არგენტინული სამზარეულო ‒ იტალიური, ფრანგული, ესპანური, არაბული და ებრაული სამზარეულოების ნაზავია. 

არგენტინული საუზმე ‒ „მედიალუნას“ (დაახლოებით კრუასანის ტიპის ფუნთუშაა), რომელსაც ყავასთან ერთად მოგართმევენ. თუ თქვენ შემოგთავაზებენ „დულჩე ლეჩეს“, არ დაფიქრდეთ და აუცილებლად მოითხოვეთ, ეს არგენტინული ნაციონალური ტკბილეულია ‒ მოხარშული შედედებული რძე. 

ტიპიური არგენტინული კერძების დაგემოვნება, უპირველეს ყოვლისა, ხორცის ცნობილი პარილიათი უნდა დაიწყოთ. არგენტინა განთქმულია ძროხის განსაკუთრებული ჯიშებით, რომლებსაც საუკეთესო და უგემრიელესი ხორცი აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ კი ხორცის მოყვარულების სამოთხე არსებობს ‒ ეს არგენტინაა. ყველაზე პოპულარული არგენტინული კერძი ‒ ხორცის სხვადასხვა ნაჭრის, სოსისის, ძეხვის ასორტს წარმოადგენს, რომელსაც ნახშირზე წვავენ. 

ხორცის ძირითადი კერძები გახლავთ: Bife de Chorizo (უზარმაზარი, 5 სმ.-ის მქონე დიამეტრის სტეიკი), Bife de Lomo (ფილეს ნაჭერი), Bife de Costilla (ძვლიანი სტეიკი), და Simple Chorizo (უგემრიელესი ღორის სოსისი). სტარტერად აუცილებლად გასინჯეთ შემწვარი ყველი Provoleta და პატარა ხორცის ღვეზელები Empanadas, რომელსაც წითელი ღვინო ‒ მალბეკი ძალიან უხდება. 

ტანგო 

ბუენოს-აირესის, ტანგოს გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. 

ყოველ საღამოს ტანგოს ასობით მოცეკვავე იყრის თავს მილონგებში (ტანგოს საცეკვაო დარბაზები). სწორედ ამ გარემოში ნახავთ ნამდვილ, ცეცხლოვან ტანგოს და შეიგრძნობთ არგენტინულ სულს. ბუენოს-აირესის ტანგო-შოუები უამრავ ტურისტს იზიდავს. ნამდვილად საოცარ საიმოვნებას მიიღებთ თუ ესტუმრებით Madero Tango-ს, სადაც უგემრიელეს ვახშამთან ერთად სრულიად ფანტასტიკური სანახაობა გელოდებათ. მსახიობები, ამ მიუზიკლის მეშვეობით, „ნამდვილ ცეცხლოვან“ არგენტინაში გამოგზაურებენ.

იგუასუ 

იგუასუს ნაციონალური პარკი მდებარეობს 18 კმ. ქალაქ პუერტო-იგუასუსგან და სულ რაღაც 7 კმ. აეროპორტიდან. იგი მდებარეობს ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე და ნამდვილად სამყაროს საოცრებას წარმოადგენს. ბუნებით და კლიმატით იგუასუს პარკი ჰგავს ამაზონის ტროპიკულ ტყეებს. 

იგუასუ ადგილობრივ ენაზე „დიდ წყალს“ ნიშნავს და ეს ჩანჩქერი მართლაც ამართლებს ამ სახელწოდებას. ზოგიერთი ჩანჩქერიდან წყალი 84 მეტრი სიმაღლიდან ვარდება. ყველაზე პატარას სიმაღლე კი ‒ 64 მეტრია. 

როგორც წესი, კლასიკური ექსკურსია მოიცავს ხანმოკლე ფეხით გასეირნებას, შემდეგ „პატარა მატარებელი“ 15 წუთში პირდაპირ ჩანჩქერებთან მიგიყვანთ. ჯგუფი ბრუნდება მატარებლით პარკის ცენტრში, სადაც მანქანით განაგრძობს გზას კანიონისკენ, ამის შემდეგ ინაცვლებთ პატარა კატერზე, სადაც იცვამთ დამცავ ჟილეტებს და კატერის მეშვეობით მოხვდებით პირდაპირ ჩანჩქერებთან. 

ადრენალინის საოცარი შეგრძნებაა, 10 წუთი ბობოქარ მდინარეზე! დამიჯერეთ, თავიდან ბოლომდე გაწუწვად ღირს! 

„ეშმაკის ყელთან“ მისასვლელად 1200 მეტრი უნდა გაიაროთ ვიწრო ხიდებით, რომელიც გაჭიმულია პარკის ირგვლივ, დაახლოებით 20 წუთი დაგჭირდებათ ფეხით ამ გრანდიოზულ სანახაობამდე. 

და აი, ისიც თვით ყველაზე ცნობილი ჩანჩქერი „ეშმაკის ყელი“ (Garganta del Diablo – ესპანურად), რომელსაც U-ს ფორმა აქვს და კლდეში რკალისებურადაა შეჭრილი. 

იგუასუზე, მართლაც რომ შთამბეჭდავი სანახაობაა და თუ მოხვდებით არგენტინაში, 2 დღე აუცილებლად მოინიშნეთ ამ ჯადოსნური ჩანჩქერების სანახავად. 

რჩევა !

აზრი არ აქვს საწვიმრების შეძენას ‒ მაინც დასველდებით; წინაწარ დაგირიგდებათ დიდი რეზინის ჩანთები, სადაც ჩაალაგებთ თქვენს ტანსაცმელს, ფოტოაპარატს და ნივთებს.პუერტო იგუასუ პატარა ქალაქია, სადაც შთაბეჭდილებებით დატვირთული დღის შემდეგ, შეგიძლიათ სასიამოვნო საღამო გაატაროთ სხვადასხვა ტიპის სასტუმროებსა და რესტორნებში.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com