კომპანია "გალფი"-ს ვიცე პრეზიდენტი , მარკეტინგისა და PR დეპარტამენტის უფროსი
სააღდგომოდ ტრადიციები ყველაზე თვალშიმოსახვედრად ცოცხლდება ჩვენს სახლებში ‒ ლარნაკში ბზა და ნუშის ტოტები აწყვია, აქა იქ ნარცისები ან იასამანი, ღიაა ფანჯრები და აივნის კარები, ჩიტები მღერიან და სიმწვანეც მეტია, გაზაფხულია სურნელი და ჩვენს ირგვლივაა ყველა ის ატრიბუტი, რომელიც გაზაფხულის დადგომისთანავე შემოდის ჩვენს ყოველდღიურობაში და ცხოვრებას გვიმშვენიერებს.
სააღდგომოდ გაწყობილია მაგიდა. მთავარი რაც მაგიდაზე ხდება ‒ სიუბრალოვეა, ძველებური საშაქრე და დანა-ჩანგალი იშლება. ვფიქრობ აღდგომას ყველაზე მეტად სიუბრალოვე და სისადავე უხდება.
მაგიდაზე დიდი ლანგარი, რომელიც უხსოვარი დროიდან მომყვება ‒ ჩემი დათესილი ჯეჯილით იფარება. ჯეჯილის გაზრდას ორი კვირა უნდა, არც მაღალია და არც დაბალი, არ უნდა გამოშრეს ბამბა, საშუალო და ხშირი. ჯეჯილს ირგვლივ პარასკევს მზის ჩასვლამდე შეღებილი კვერცხები შემოეწყობა. კვერცხის შეღებვისას ქვაბში ხახვის ფურცელს ვამატებ, შეიღებვის შემდეგ კი ბზინვარებისთვის ზეთს ვუსვავ. კვერცხი მუქი ფერისა მომწონს, ასე გამოსდიოდა ბებიას, დედაჩემსაც ასე გამოსდის ‒ მეც.
პასკას არასოდეს ვაცხობ, მაგრამ ყველა წელს ლიტერატურულ კაფეში ვყიდულობ. ეგ არის ჩემთვის პასკის ნამდვილი გემო.
მეტი განსაკუთრებული არაფერი მიყვარს აღდგომას ‒ ერთი რაც სადილზე უნდა მქონდეს არის ბევრი მწვანილი, გემრიელი კიტრი და პომიდორი, ყველი, მჭადი, ბაჟე და შემწვარი წიწილა.
აღდგომას ხბოს შემწვარ ბეჭს ვამზადებ. ხორცი უნდა ჩაიჭრას, ბევრი ნივრით დაიტენოს, თეთრ ღვინოში დამარინადდეს და ღუმელში შეიწვას. ახალი ყტემალი უხდება ხბოს ბეჭს, მრგვალად გამოცხობილი კარტოფილებით.
წითელი ღვინოც აუცილებელია, ძველ ყევლოღერებულ დოქში ჩავასხავთ ხოლმე, ასე უფრო გემრიელია ღვინო და განწყობაც მოაქვს ‒ ძველი დორის, ტკბილი მოგონებების, ბედნიერების.
მთავარი კი ამ დღესასწაულზე სიხარულის განცდაა, რომელსაც ქრისტეანები ქრისტეს აღდგომის გამო განვიცდით. ეს სიხარული კი ჩვენს ოჯახში აუცილებლად დილის რიტუალით აღინიშნება. ბავშვები მიესევიან სუფრას და ყველა კვერცხი დამტვრეულია, ყველგან ნაჭუჭები და პასკის ნაფშხვენები ყრია, სიხარულის და ბედნიერების განწყობა მთელი კვირა გრძელდება, პასკით და კვერცხით ‒ კვერცხით და პასკით…