ნინო ზამბახიძე იდეალისტი ფერმერი ახალციხიდან

დილის ხუთ საათზე ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს. ძროხას სიცხე აქვს. არც მეტი, არც ნაკლები. 

იდეალისტია, ამ სიტყვის უნივერსალური მნიშვნელობით! იდეალისტი და მეოცნებე! თაროზე ჩამწკრივებულ ძროხის ათობით მინიატურულ ქანდაკებას ისეთი აღტაცებით მათვალიერებინებს, წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ გავა დრო და დაბერდება. 

ახალგაზრდასა და სიცოცხლის ჟინით სავსეს კი მეორედ უკვე ახალციხეში ვხვდები. გზად გვაკვალიანებენ: ნინო ზამბახიძე? ფერმერი? 

ამჯერად, რეზინის „ბოტები“ და ძალიან სქელი ქურთუკი აცვია. არაფრით გამოირჩევა იქვე მოტრიალე თანამშრომლებისგან. და მაინც მეხამუშება სიტყვები: „ნინო ზამბახიძე, ფერმერი.“ მეხამუშება უფრო იმიტომ, რომ, ინტერვიუსთვის მომზადებულმა, ვიცი თარჯიმანია, მარკეტინგის, გლობალური მენეჯმენტის კურსები გაიარა, სტენფორდის ლიდერობის აკადემიაში სწავლობდა, ეკონომიკის სკოლა დაამთავრა… არადა, აცვია „ბოტები“ და ტელეფონით საგულდაგულოდ იკვლევს ერთ-ერთი ფერმერის წინა ღამით ნაავადმყოფარი ძროხის ტემპერატურას. მერე ვფიქრობ, რომ ცხოვრება ზოგჯერ, უბრალოდ, ახირებულია და უცნაურზე უცნაურ თამაშში გიწვევს. 

თვითონ კი ოდნავადაც არ უკვირს ის, რაც მოხდა, ის, რაც იყო; რაც ასე წარიმართა და არა სხვაგვარად. არ უკვირს იმის მიუხედავად, რომ სიტყვები „ფერმა“, „სოფელი“ წლების განმავლობაში ბუნდოვან და აბსტრაქტულ ასოციაციებს აღუძრავდა. 

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარეა. ყვება, რომ ყოველთვის მოსაწყენი ეჩვენებოდა საოფისე ნაცრისფერი სივრცე და რაც თავი ახსოვს, საკუთარ საქმეზე ოცნებობდა. 

ეს საკუთარი საქმე ახალციხეში საქონლის ასსულიანი, თანამედროვე ფერმაა. კიდევ ხილის ბაღები, ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობა, ხელოვნური ტბა და ტრენინგ-ცენტრი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ნინო ზამბახიძესავით უყვართ სოფლის მეურნეობა და ამ სფეროს განვითარება ქვეყნის სწორი გეზით სვლის უპირობო კომპონენტად მიაჩნიათ. 

პურის რიგიდან – მანჰეტენამდე 

„პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ, თარჯიმან-რეფერენტი. სკოლა გერმანული დავამთავრე, ინგლისური დედამ მასწავლა. იმის საშუალება არასდროს გვქონია, რომ პედაგოგებთან მევლო. უკიდურესად უჭირდა ჩემს ოჯახს, მამაჩემი 25 წელიწადს მექანიკა ‒ მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი იყო, დედა ‒ ინგლისური ენის მასწავლებელი. ვერაზე, ჩემი ამჟამინდელი ოფისის ქვედა სართულზე, ისეთ ბინაში ვცხოვრობდით, რომ სტუმრის მიყვანა მრცხვენოდა. ასე იყო მთელი ბავშვობა. მამაჩემი ჩურჩხელასაც კი არ იღებდა საჩუქრად. შეეძლო ამის გამო გაერიცხა სტუდენტი. მსგავსი პატიოსნება არც მინახავს. 

სკოლა რომ დავამთავრე, ენა უკვე კარგად ვიცოდი და გაცვლითი პროგრამით ამერიკაში მოვხვდი. ერთ-ერთი მსხვილი ბანკის მმართველის ოჯახში ვცხოვრობდი. ერთხელ ამ კაცმა საჩუქრად მომიტანა პატარა ბოთლი, რომელშიც ერთცენტიანი ეგდო და ზედ ეწერა: „ვინ თქვა, რომ ბანკი უფასოდ ფულს არ იძლევა?!“ ძალიან მომეწონა, რა მაგარია, ეს რამ მოგაფიქრებინათ-მეთქი. ესაა მთელი მარკეტინგიო. მაშინ პირველად გავიგე სიტყვა „მარკეტინგი.“ ამიხსნა: აი, შენ რომ მუშაობის დაწყება გინდა და ადამიანთან გასაუბრებაზე მიდიხარ, თავს ყიდი, ანუ ესეც მარკეტინგიაო. იმ დროიდან გამიჩნდა ინტერესი ამ სფეროს მიმართ. ეს ის დრო იყო, როცა საქართველოში ვიღაც ტიპებს პეიჯერები ჰქონდათ და პირველი მობილურები შემოსვლას იწყებდა. ახლაც მახსოვს იმით გამოწვეული ემოცია, ქსეროქსს რომ ვიღებდი და მეორე ისეთივე ფურცელი გამოდიოდა ან ფაქსს რომ ჩადებდი და სხვა ქვეყანაში აგზავნიდი. 

დღეს, ჩემს 14 და 10 წლის ბიჭებს რომ ვუყვები იმ ამბებს, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ რეალურ ისტორიებს ვყვები. ამას წინათ უმცროსმა მკითხა, დედა, ღმერთმა ცერა თითი სმარტფონისთვის გამოიგონაო? მათ თაობას იმხელა საშუალებები აქვს, კეთილად მშურს. 

ამერიკის პირველი ნახვით გამოწვეული შოკი დღესაც ისეთივე სიცხადით მახსოვს. სხვა ქვეყანაში კი არა, სხვა სამყაროში აღმოვჩნდი! თან აღტაცებული ვიყავი, თან ბოღმა მახრჩობდა ‒ მხედრიონის, იარაღის ტრიალის, ნავთისა და პურის რიგში ტალონებით დგომის შემდეგ განათებული და მჩქეფარე ქვეყანა, უსასრულო შესაძლებლობებით! ვერ აღვწერ, რა დამემართა! სულ იმას ვიმეორებდი, მაინც შევცვლი რაღაცას საქართველოში-მეთქი. რომ ჩამოვედი, დედაჩემსაც ვუთხარი, აი, ნახავ მე რაღაც გარდატეხას მოვახდენ ამ ქვეყანაში-მეთქი. დედას ეცინებოდა. 

რაც შეეხება უმაღლესში სწავლის პერიოდს, ჩემი თაობა ლექციებზე პრაქტიკულად ვერ დადიოდა. არც სინათლე იყო, არც გათბობა და არც შუშა ‒ ფანჯარაში. ძირითადად, ჯოკერს ვთამაშობდით. ერთადერთი ლექტორი, რომლის ლექცია არასდროს გამიცდენია, ზაზა ალექსიძე იყო, ენის არაჩვეულებრივი სპეციალისტი.

მერე ისევ ამერიკაში წასვლა ავიკვიატე. დედაჩემს ვეხვეწებოდი, გზის ფული ისესხეთ, ამერიკაში გამიშვით და იქიდან რომ დავბრუნდები, ცხოვრებას აგიწყობთ, სახლს მაინც გაგირემონტებთ-მეთქი. დედაჩემი ამბობს, მაშინ შემეშინდა, ვიფიქრე, ეტყობა ამ გაჭირვებამ ეს ბავშვი ჭკუიდან შეაცდინაო. 

მოკლედ, წავედი და ალბათ აღარც დავბრუნდებოდი თბილისში, რომ არა მამაჩემი. ის სერიოზული მათემატიკოსი იყო. საერთაშორისო გამოცემებში იბეჭდებოდა მისი სტატიები. დამირეკა და მითხრა, ერთ რაღაცას გეტყვიო. მე შენზე არც ნაკლები ჭკუა მაქვს და არც პრაქტიკა, 25 წელია სტუდენტებს დანგრეულ აუდიტორიებში ვასწავლი და მეც რომ წავიდე და სხვაგან ვიმუშავო, ამ ბავშვებს განათლებას ვინ მისცემსო; და თუ ყველა ასე წავა, იცოდე, საქართველოში სწორად მოაზროვნე ადამიანები არ დარჩებიან, გადაჯიშდება ეს ქვეყანა და მერე შეგრცხვება, უკან რომ არ დაბრუნდიო. აი, ეგ იყო და ეგ ‒ ერთ კვირაში ბილეთი ავიღე, ჩამოვედი და ვთქვი, მორჩა, უცხოეთში აღარ წავალ-მეთქი. მე და მამას დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა, თუმცა ზოგჯერ ვბრაზდებოდი კიდეც, პროტესტი მიჩნდებოდა იმის მიმართ, რომ ბევრი რამ, რაც ჩემს მეგობრებს ჰქონდათ, მე არ მქონდა. ვსაყვედურობდი, ვის სჭირდება ამდენი პატიოსნება-მეთქი. თუმცა დღეს მისი სახელი ყველგან მხვდება და უსაზღვროდ მადლობელი ვარ ამისთვის.“ 

რეალობად ქცეული უტოპია 

„ამერიკიდან რომ ჩამოვედი, ერთ-ერთ მსხვილ აუდიტორულ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. ჯერ დამფუძნებლის ასისტენტი ვიყავი, შემდეგ მარკეტინგში გადავედი. პარალელურად, მე და ჩემმა უფროსმა ერთად წამოვიწყეთ ყავისა და ჩაის ბიზნესი. იდეა ჯერ კიდევ ამერიკაში ყოფნისას დამებადა. პრაქტიკულად ყველაფერი მომწონდა იქ, მაგრამ ერთ-ერთი, რაც ჩემთვის ახალი და ძალიან შთამბეჭდავი იყო, „თან წაიღე“ ყავის კონცეფცია გახლდათ. დილით, სამსახურის გზაზე ყველა ყავით რომ მიდიოდა, ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა! მე ცოტა მოგვიანებით, 2005 წელს, მაგრამ მაინც ავიხდინე ოცნება და თბილისში ამ ტიპის ყავის სამი ჯიხური დავდგი. „ახალი ყავის ფერი“ ერქვა. პირველი ნახევარი წელი გაგვიჭირდა, გვეჩხუბებოდნენ, სკამები რატომ არ გაქვთ, რატომ უნდა წავიღოთო. მერე ნელ-ნელა მიეჩვივნენ. დღეს სასაცილოცაა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ 2005 წელს მართლა სერიოზული გარღვევა იყო. 

რაც შეეხება ფერმერული სფეროთი დაინტერესებას, ეს ერთ სახალისო ისტორიას უკავშირდება. ყავისა და ჩაის საქმეში ჩემმა ბიზნესპარტნიორმა ერთ მშვენიერ დღეს სიმთვრალეში ორი ძროხა იყიდა ახალციხეში. დამირეკა და მითხრა, ნატურალური, კარგი ხარისხის რძე და ყველი გექნება სახლში ბავშვებისთვის და წინააღმდეგი ხომ არ ხარო. არა-მეთქი, ისე ვუთხარი, ვერც კი გავაცნობიერე, რომ პრაქტიკულად იმ დღიდან აღმოვჩნდი სოფლის მეურნეობაში. არადა მანამდე სოფელში არც კი დამისვენია, არ მაქვს. 

ცოტა ხანში ახალციხიდან დაგვირეკეს ‒ წამოდით და ნახეთ, ამ თქვენს ორ ძროხას თივა უნდა, მწყემსი უნდაო და ასე ჩავედი ახალციხეში, ცხოვრებაში პირველად. რძე და ყველი გასინჯულიც კი არ მქონდა და იქ რომ ვნახე, რა პირობებში იწველებოდა ძროხა და ყველი როგორ მზადდებოდა, ამ ჩემს ბიზნესპარტნიორს ვუთხარი, წარმოუდგენელია, გავყიდოთ ეს ძროხები ან პატარა სუფთა ნაგებობა ავაშენოთ, სადაც იქაურ დიასახლისს სანიტარული პირობები ექნება ამ საქმისთვის-მეთქი. ასე დავიწყეთ, ავაშენეთ პატარა ნაგებობა, მაგრამ მეტის პერსპექტივას ვგრძნობდი და ვერ ვისვენებდი. 

პეტრე ცისკარიშვილი იყო იმ დროს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვთხოვდი შეხვედრას და ვერაფრით დავითანხმე. ალბათ, ეგონა, რომ ან ყავა უნდა შემეთავაზებინა, ან სამსახური მეთხოვა. ყავისა და ჩაის ბიზნესით მცნობდა, იმ პერიოდში კაფეც მქონდა, პარალელურად, რესტორნებსა და სასტუმროებს ვამარაგებდი. ბოლოს და ბოლოს, შემხვდა და ვუთხარი, გადაწყვეტილი მაქვს მაღალპროდუქტიული ძროხები ვიყიდო, დავთვალე და ორი ძროხა რომ მყავს, ბიზნესი არ ეწყობა, ამიტომ მეტი ძროხა მინდა-მეთქი. ალბათ, მთელი ცხოვრება მემახსოვრება, როგორ შემომხედა. რა თქმა უნდა, სერიოზულად არ აღიქვა, რასაც ვეუბნებოდი და თავიდან მომიშორა ‒ მე ახლა ძროხებთან შეხება არ მაქვს, არცერთი პროექტი არ არის ამ მიმართულებით, მაგრამ ფონდია ერთი, „ათასწლეულის გამოწვევა,“ ბიზნესგეგმა დაწერე და მიდიო. 

2007 წელია, არანაირი შანსი, რომ ბიზნესგეგმას დავწერ და რამე გამომივა ‒ არ არსებობს. საგრანტო დაფინანსება ახალი დაწყებულია საქართველოში. რა დავწერო, როგორ დავწერო და, საერთოდ, რა საქმეს შევები, წარმოდგენა არ მაქვს ‒ აი, ასეთია მოცემულობა. მაინც წავედი და შევხვდი გოგოს, რომელიც დღეს უკვე ჩემი პარტნიორია. ვუთხარი, ბიზნესგეგმა უნდა დავწერო-მეთქი. ის იხსენებს ხოლმე, მაღალყელიანი ჩაჩაჩული ფეხსაცმლით და უცნაური წინდებით რომ მოვიდა და მითხრა, ძროხაზე ბიზნესგეგმის დაწერას ვაპირებო, ვიფიქრე, ღმერთო ჩემო, რამდენი გიჟი მოდის, ან მე რა ნერვი მყოფნის, რომ ამათ ეს ყველაფერი უნდა ავუხსნაო. მოკლედ, გამომატანა რაღაც ფორმა შესავსებად. ორი კვირის განმავლობაში არ გვძინებია არც მე და არც ჩემს პარტნიორს, შეკითხვები იმდენად ტექნიკური და უცხო იყო ჩემთვის, გონი არ მომეკითხებოდა. ამ ტანჯვა-წამებაში გამახსენდა, რომ ამერიკაში მუშაობის დროს ჩემი სამსახურის ქვემოთ კაფე იყო, სადაც ძალიან გემრიელ და ჯანსაღ საჭმელს ამზადებდნენ. მეპატრონეს ხშირად ვხედავდი რაღაც თერმომეტრის მაგვარი ხელსაწყოთი. ერთხელ ვკითხე კიდეც, რა არის-მეთქი და მიპასუხა, ესაა სტანდარტი, რომელიც პროდუქციის ვარგისიანობას ზომავს და ჩვენ ყველაფერს ამ სტანდარტით ვამზადებთო. ეს რომ გამახსენდა, დავრეკე ამერიკაში და გამომიგზავნეს ინგლისურენოვანი ანოტაცია, რომელიც ეხებოდა „ჰასპის” სტანდარტს ანუ კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობას. ჩავუჯექი, კაციშვილი მრჩეველი არ მყავდა, გავერკვიე, რამდენადაც შევძელი და ამის მიხედვით დავწერე ბიზნესგეგმა ‒ როგორ გადავიტანო კუსტარული მეურნეობა ინდუისტრიაში. ორი თვის მერე მირეკავენ და მეუბნებიან, 125 000 დოლარი მოიგეთო!

ხო, ძალიან ამაღელვებლად ჟღერს და მე, წარმოიდგინეთ, თან გამიხარდა და თან საშინლად შემეშინდა. ვფიქრობდი, კარგი, ეს მოვიგე, მაგრამ ახლა რა უნდა გავაკეთო-მეთქი. დავიწყეთ მშენებლობა. გზადაგზა ვფიქრობდით, რა როგორ გვინდოდა და ბევრი ვიწვალეთ. ჩემი ბიზნესპარტნიორი ფინანსისტია, აბსოლუტურად პრაგმატული და რაციონალური. მე-არაამქვეყნიური. რაღაცას ავიჩემებ და მორჩა, ის უნდა გავაკეთო! სულ ვომობდით. ის მეუბნებოდა, სისულელეებს მაკეთებინებო, მე ვპასუხობდი, თუ ვაკეთებთ, სტანადარტის შესაბამისად გავაკეთოთ ან საერთოდ დავანებოთ თავი-მეთქი. საბოლოოდ მაინც ჩემი გავიტანე.

2007 წელს გაიხსნა ჩვენი საწარმო, რომელიც არამარტო საქართველოში, მთელს ამიერკავკასიაშიც თითით საჩვენებელია. „მილენიუმი“ აფინანსებდა იმ პროექტს, რომელშიც გავიმარჯვე. მისი შეფი ჩამოვიდა ახალციხეში საწარმოს სანახავად. იკითხა, მეპატრონე სად არისო და რომ გავეცანი, გაოგნებული დარჩა, ალბათ, ელოდა, რომ ფაშფაშა თავწაკრული ფერმერი უნდა დახვედროდა. მან დაწერა ნახევარგვერდიანი რაპორტი ჩემი წარმატების შესახებ და იმაზე, რომ რომ აი, ასე უნდა იხარჯებოდეს ამერიკელი ხალხის ფული. შესაბამისად, ობამა იყო ძალიან ამაყი ნინო ზამაბახიძით, რომელსაც საქართველოში ჯერ არავინ იცნობდა. ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა ამერიკაში ვიზიტისას გაიგო ჩემ შესახებ, მერე სანდრა ჩამოვიდა ახალციხეში და ნახა საწარმო. 

მოკლედ, დავიწყეთ საქმე. 350 ფერმერისგან ვიბარებდით რძეს და ყველს ვაწარმოებდით. იქამდე მე და ჩემი პარტნიორი თურქეთში გავემგზავრეთ, კონიაში. იქაურ საწარმოში ერთი თვის განმავლობაში ვსწავლობდით ყველის დამზადების ტექნოლოგიას. დანადგარში ყველის წარმოება კიდევ სულ სხვა რამაა, ახალციხეში კი ფიზიკურად არ მოიძებნებოდა კადრი, რომელიც ამ საქმეს თავს გაართმევდა. მოკლედ, მთელი ზაფხულის განმავლობაში ამოგვყავდა ყველი, რომელსაც „ახალციხური“ დავარქვით, გადასარევად შევედით ბაზარზე და ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ სექტემბერი დადგა. ამ დროს ფერმერებმა, ვისგანაც რძეს ვიბარებდით, მომარაგებაზე უარი გვითხრეს ‒ აღარ გვაქვს, ცუდი მოსავალი იყო, გვალვა, და ძროხას საჭმელი არ აქვსო. ჩვენ კი სესხი გვქონდა აღებული, რომელსაც გადახდა უნდოდა, ამიტომ გამოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვეპოვა. ბევრი ვიმსჯელეთ, რა ვქნათ, რა ვქნათ და გადავწყვიტეთ, კორმის საწარმო გაგვეხსნა, რომ ძროხებისთვის საჭმელი დაგვემზადებინა.

მთელი ის წლები ახალციხეში ვცხოვრობდი. ბავშვები თბილისში, დედაჩემთან დავტოვე. ამასობაში მე და ჩემი ქმარი გავშორდით. მას ცოლი გვერდით უნდოდა, მე სულ სოფელში ვიყავი და ძროხებზე ვლაპარაკობდი. ავცდით ერთმანეთის ინტერესებს. თვითონ არ წამოვიდა, ძალიან კარგ პოზიციაზე მუშაობდა თბილისში და სოფელში რომ წახვიდე, ან ძალიან უნდა გიღირდეს, ან ჩემნაირი არანორმალური იყო. არ ვნანობ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარდა და ათ წელზე მეტხანს ერთ-ერთი სამაგალითო ცოლ-ქმარი ვიყავით, გული არ მწყდება და უკან რომ მიმაბრუნო, იმავე გზას გავივლიდი. მას ვერ ვაპატიე ის, რომ ვერ მიხვდა ‒ რასაც ვაკეთებდი, მარტო ჩემი შვილებისთვის არ ვაკეთებდი. აი, ამას ვუხსნიდი ‒ მე და შენ თუ ჯანსაღ პროდუქტს ვაჭმევთ ბავშვებს, სხვისმა შვილმა რა დააშავა, რომ იგივე შესაძლებლობას მოკლებულია. თუმცა დღესაც რომ ვფიქრობ, კარგად ვხვდები ‒ ძალიან ძნელია, ცოლი ალთას იყოს, შენ ‒ ბალთას, ფიზიკურადაც და იდეურადაც, მაგრამ მას ის პატრიოტიზმი არ ჰქონდა, ალბათ, რაც მე მაქვს და როგორც ვუდგები საქმეს. მაგალითად, როცა ვიცოდი, რომ ჩემს შვილებს ჰყავდათ ძიძა, დედაჩემი იყო მათ გვერდით და არაფერი აკლდათ, მთლიანად გადართული ვიყავი საქმეზე, სხვების შვილებზე. იქ რომ ნახავ, რომ ბავშვს ფეხსაცმელი არ აქვს, ფეხი მოტყდება, ხეზე დაუდებენ და გადაუჭერენ იმიტომ, რომ ექიმის ფული არ აქვთ, სხვა თვალით უყურებ ყველაფერს. მეც ამ „სხვა“ რაღაცით დავიტვირთე. ეს მაძლევდა უფრო მეტ ემოციას, ვიდრე იგივე პირადი თემები.“ 

იდეა, რომლისაც გწამს 

„ჩემთვის ცხოვრების მთავარი ორიენტირი ფულის შოვნა არასდროს ყოფილა. ეს ყველამ იცის, ვინც მიცნობს. ყველაზე დიდ სიხარულსა და სიამოვნებას საქმე მანიჭებს ‒ რაღაცას რომ დავიწყებ და გავაკეთებ და ამით თუნდაც ერთ ადამიანს ცხოვრებას გავუმართავ. ამაზე მნიშველოვანი ჩემთვის არაფერია. მთავარია ვიცოდე, რომ ჩემს შვილებს არ შიათ და სწავლობენ, დანარჩენისგან პრობლემას არ ვქმნი. იმის მიუხედავად, რომ მართლა ვიცი გაჭირვება რა არის, მისი არ მეშინია. იმის შეგრძნება, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა და ამაში გარკვეული წვლილი ჩემიცაა, უსაზღვრო სიხარულით მავსებს! 

დღეს 100 ძროხა მყავს, ჩემი ფერმა მაქვს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი აგროკომპლექსის ხელმძღვანელი ვარ. 45 ადამიანია დასაქმებული ჩემთან, მე ვარ მათი შემოსავლის წყარო და ეს მაძლევს სტიმულს, არ დავიღალო, არ გავჩერდე. მართვის მხრივ ჩემი სტილი ცოტა განსხვავებულია. მაგალითად, მძღოლი დისტრიბუციის უფროსი გახდა. თუ ადამიანში ვხედავ, რომ მიზანმიმართულია, ძალიან მინდა დაწინაურდეს. არ მაქვს იმის ამბიცია, რომ მეტი ვიცი და ამიტომ ვინმეს ზევიდან ვუყურო. საწარმოში მეც ვგვი და დამლაგებელიც, საერთო საქმეა და იმიტომ. 

ჩემი ორგანიზაციის ‒ „საქართელოს ფერმერთა ასოციაციის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ‒ ახალგაზრდების მხარდაჭერაა. ბევრი მათგანისთვის ჩემს წარსულს მაგალითის ძალა აქვს. რომ ხედავენ, ამდენი რამ შევძელი, სტიმულია მათთვის. ხედავენ, რომ განათლება მაქვს მიღებული, უცხოეთშიც ვისწავლე, მაგისტრის ხარისხი მაქვს და რაც მთავარია, თბილისში დაბადებულ-გაზრდილმა საქმის გამო ქალაქი დავტოვე და საცხოვრებლად სოფელში წავედი, სხვებმაც დაიწყეს მობაძვა. მათ შორის, ჩემმა მეგობრებმაც. სულ ვამბობ ‒ თუ ახალგაზრდები სოფლის მეურნეობის სფეროში არ ჩაერთნენ, ეს სფერო მოკვდება. ამიტომ ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია ‒ მიგრაცია არ იყოს სოფლებიდან. სულ იმას ვეუბნები, აქ რას მოდიხართ, მე, პირიქით, იქით წამოვედი და ეს მოდელი აიღეთ-მეთქი. 

რა თქმა უნდა, სახელმწიფომაც ძალიან შეუწყო ხელი სოფლის მეურნეობის სფეროს. უამრავი პროექტი განხორციელდა. მე რომ ამ სფეროში მუშაობა დავიწყე, დამცინოდნენ. დღეს ‒ უკვე პრესტჟულია. შვილივით გავზარდე „ფერმერთა ასოციაცია,“ ლოგოდან დაწყებული თითოეულ ნიუანსზე ღამეები მაქვს ნათენები. 15 ფერმერი გვყავდა გაერთიანებული და დღეს მათი რიცხვი 3000-ია. თითოეულ მათგანს სახელითა და გვარით ვიცნობ, თუ ერთი პროცენტი მაინცაა შანსი მათ საქმეში ხელი წავუკრა და ცხოვრების გაუმჯობესებაში დავეხმარო, იციან, თავს არაფრით დავზოგავ. 

ჩემს უფროს შვილს ძალიან მოსწონს, რასაც ვაკეთებ. მეტიც, ფესტივალებზე თვითონ ყიდის ყველს მეგობრებთან ერთად, ყველაფერში მეხმარება. უმცროსი დიდ ინტერესს არ იჩენს. სამაგიეროდ, ამას წინათ გამომიცხადა, იმასაც ნუ იტყვი, რომ შენს საქმეში ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანი არ არისო. რომ ვკითხე, პირადად შენი როლი რაში მდგომარეობს-მეთქი, მიპასუხა, წარმოიდგინე, რომ მოდიოდე და ყოველ საღამოს ვტიროდე, დედა მინდა, დედა მინდა, ხომ ვერ იმუშავებდიო?!“ 

„დღეს 100 ძროხა მყავს, ჩემი ფერმა მაქვს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი აგროკომპლექსის ხელმძღვანელი ვარ. 45 ადამიანია დასაქმებული ჩემთან, მე ვარ მათი შემოსავლის წყარო და ეს მაძლევს სტიმულს, არ დავიღალო, არ გავჩერდე.“

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com