სახელოსნოში სამუშაო დილა გათენდა ‒ კედლებს ყავის სურნელი შემოჰხვევია და აღვიძებს, ტკბილეულს საპატიო ადგილი დაუკავებია და მხატვრის მოლოდინშია, რომ კარი გაუღოს. მუსიკის ჰანგებში ჩაკარგული ქაღალდები შველას ითხოვენ, ცოტაც გამოიძინონ. მიმოფანტული ნივთები დღეს ადრე ამდგარან, ამბებს ჰყვებიან. კედლები ისტორიებს კადრებად მოგვითხრობენ. ირგვლივ შემოქმედებითი ქაოსია. აქ, ყველა დეტალი ალაპარაკდა და ერთმანეთს არ აცდიან… მხატვარიც მოვიდა, სიჩუმე! ახლა, მისი ისტორიების ჯერია.
ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი სამუშაო და ცოტა დრო აქვს. სწორედ, მის სახელოსნოში ჩნდება იდეები, რომლებიც მაიას ნამუშევრებს ყველასგან გამოარჩევს. შემოქმედებითი პროცესისთვის ყავასთან ერთად, აუცილებლად სჭირდება ტკბილეულიც. შეუძლია, ყველაფერზე უარი თქვას და მხოლოდ ამით იკვებოს. ეს გემო, მისთვის ზეიმთან, ბედნიერებასთან და პოზიტიურ შეგრძნებებთან ასოცირდება.
კულინარიისთვის დრო არ რჩება, თუმცა მისი მომზადებული ბლინები ბავშვებს ძალიან უყვართ; კარგად გამოსდის მოხარშული კრემიც. ჯანსაღ პროდუქტს და სწორ კვებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ ხშირად აქვს სურვილი შვილებისთვის გემრიელი და სასარგებლო კერძები გააკეთოს. მისი აზრით, თუ ადამიანი ბუნებით ხელოვანია, მას მზარეულობაც გამოუვა. ეს სფერო უფრო შემოქმედებითობას მოითხოვს, ვიდრე ‒ ცოდნას.
„ყველა ადამიანს ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს კულინარიის მიმართ. ეს ზოგისთვის მხოლოდ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა, ზოგისთვის კი ‒ ხელოვნება. ჩემთვის ‒ საინტერესო სამყაროა, რომელშიც ყოველდღიურად ახალ-ახალ, ტკბილ და სახალისო გემოებს ვპოულობ. სახელოსნოში რომ მოვდივარ, გზად ყოველთვის რაიმე პატარას და გემრიელს გამოვიყოლებ ხოლმე.“
მაშინ, როცა უფროსი შვილი ‒ მაქსიმე პატარა იყო, მაია კულინარიამ გაიტაცა. აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში და ოჯახის წევრების მოწონებაც დაიმსახურა. რეცეპტს არასდროს იყენებდა, საკუთარი ფანტაზიით ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ ეს საოცრად სახალისოა და სიამოვნებას იღებდა. თუმცა, რაც დრო გადის, მით უფრო დაკავებულია. ახლა, ჟურნალის გრაფიკულ გაფორებაზე მუშაობს და საკვები რეალური სამყაროდან ფურცლებზე გადააქვს. მაქსიმე, კი დღეს მისი საყვარელი მზარეულია.
„მაქსიმე რომ პატარა იყო, უფრო ხშირად ვამზადებდი კერძებს, ვიდრე ‒ ახლა. ერთად ვიგონებდით და ვქმნიდით რაღაცებს. მაშინ მეტი დრო მქონდა… მაქსიმეს ეს საქმე ძალიან კარგად გამოსდის, ყველაფერს გემრიელად აკეთებს.“
მაიასთვის კრახი იმდენად ყოველდღიურობაა, უჭირს კონკრეტული ისტორიის ამორჩევა. ბევრი ფიქრის შემდეგ, მაინც ტკბილეულთან დავბრუნდით და ოდნავ მწარე მოგონება შევაზავეთ:
„ყოველ დილით, სულ ცოტა სამჯერ ვწვავ ჩემი შვილის ფაფას. ქურაზე ვდგამ, შემდეგ კომპიუტერთან ვჯდები და ყველაფერი მავიწყდება.
ბავშვობიდან ტკბილეულის მოყვარული ვიყავი და მამიდას ხშირად ვეხმარებოდი ნამცხვრების გამოცხობაში. ახლა, უკვე ბავშვებს დაბადების დღეებზე ვუკეთებ ტორტებს. კრემი კარგი გამომდის, სპეციალური მოსართავებით ლამაზად ვაფორმებ და ძალიან ვერთობი. მაგრამ, მთავარი პროცესია, რომელიც ყოველ ჯერზე კრახით სრულდება. მნიშვნელოვანია დანამვა, ბისკვიტების განლაგება, კრემის სწორი განაწილება. საბოლოოდ, ტორტი იღვენთება და ცალ მხარეს იხრება. იმედია, მომდევნო დაბადების დღეებზე უკეთესი გამომივა.“
მხატვრის ოცნების მენიუ სხვადასხვაგვარი ყავისგან და ნამცხვრისგან შედგება. ეს, ის აუცილებელი კომპონენტებია, რომლებიც მის შრომისუნარიანობაზეც მოქმედებს.
„ერთხელ ვნახე საოცრად ლამაზი ფილმი ‒ „არაჩვეულებრივი დღე“, სადაც ყავის მოდუღების სცენა იყო. ამან იმხელა შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, ყავის დალევა მომინდა. დიდი ხანი ვეძებე ის ჭიქები, რომლებიც ფილმშია.“
ძალიან უყვარს ქართული სამზარეულო და მასში შეტანილი სიახლეებიც ხიბლავს. ფიქრობს, რომ მთავარი ჯანსაღი ინგრედიენტებია და არა ‒ კერძების გაფორმება. ამით შესაძლოა საკვებს გემო დაეკარგოს, ამიტომ ვიზუალურ მხარეს ყურადღებას არ აქცევს.
ერთხელ, გამოფენისთვის შაქარყინულები გამოიყენა, თუმცა არც კულინარიული ინსტალაციების მომხრეა. ამბობს, რომ ეს სფერო თავის დანიშნულებას არ უნდა გასცდეს.
მისი აზრით, კულინარისთვის სწორედ ის თვისებებია აუცილებელი, რაც ‒ მოცეკვავისთვის, მხატვრისთვის ან თუნდაც მუსიკოსისთვის. ეს ყველაფერი, ხომ ხელოვნებაა!
ფოტო: ანა ბოკო