ანა ტიკარაძის ვეგანური ფილოსოფია

„ვეგანობა არ არის სიგიჟე, ეს მომავალია“

პროფესიით ფსიქოლოგია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსს: პოზიტიური ფსიქოლოგია ‒ ბედნიერი თანამშრომელი ‒ უძღვება. პარალელურად, საკონსულტაციო კომპანია „ადელანტეს“ დამფუძნებელია. დატვირთულ სამუშაო კვირას კი კულინარიულად ასრულებს: სახლში ვეგანური რესტორანი „Namu” აქვს გახსნილი და ათასგვარი უცნაური ინგრედიენტით აღჭურვილ სამზარეულოში კვების განსხვავებული სისტემის მიმდევრებისთვის ვეგანურ კერძებს შაბათობით თავად ამზადებს.

ცხოველურ პროდუქტზე უარი ანამ რამდენიმე წლის წინ თქვა. მრავალფეროვანი ვეგანური საკვების ძიებასთან ერთად, რესტორნის გახსნის იდეაც გაჩნდა და მისი მსოფლმხედველობაც რადიკალურად ტრანსფორმირდა.

ანა, როდის, რატომ ან ვისი გავლენით დაინტერესდით ვეგანური კვებით?

ყველაფერი 2011 წელს ლონდონში დაიწყო, როდესაც სურვილი გამიჩნდა კვების რაციონიდან ხორცი ამომეღო. თუმცა, მახსოვს, ჯერ კიდევ 2012 წლის გაზაფხულზე კანკუნში მშვენივრად გეახლებოდით ზღვის პროდუქტებს. თანმიმდევრულად ვთქვი უარი ჯერ ხორცზე, შემდეგ ‒ თევზზე, ზღვის ყველანაირ პროდუქტზე, კვერცხზე. ამ ეტაპზე ძალიან ლიმიტირებულად, მაგრამ მაინც ვიღებ რძის პროდუქტს. დიდი იმედი მაქვს, მეყოფა ნებისყოფა და მალე ამაზეც ვიტყვი უარს.

რაში მდგომარეობს ვეგანური კვების პირადად თქვენი ფილოსოფია? მოტივი, რის გამოც კვების სწორედ ეს სისტემა აირჩიეთ.

ვეგანური კვება მხოლოდ დიეტა არ არის, ცხოვრების სტილია. ცხოველური პროდუქტის მიღებაზე უარის თქმას სამი ერთმანეთზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს: პირველი ‒ ცხოველების უფლებების დაცვაა. როგორც პოლ მაკარტნი ამბობს, სასაკლაოებს გამჭვირვალე კედლები რომ ჰქონდეს, ყველა ვეგეტარიანელი გახდებოდაო. მეორე ‒ სამყაროს ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებაა: უამრავი ხე-ტყე იჩეხება იმისთვის, რომ ფერმები გაშენდეს და შემდეგ ამ ცხოველებისთვის საკვები მოიყვანონ; აურაცხელი წყალი იხარჯება ცხოველების გამოსაკვებად; გარდა ამისა, ფერმებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება მრავალგზის აღემატება ავტომანქანებისა თუ თვითმფრინავების გამონაბოლქვით განპირობებულ დაბინძურებას. მესამე მოტივი კი ‒ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა. ხორცი თუ თევზი, რომელსაც ბაზარი დღეს გვთავაზობს, მნიშვნელოვნად განსხვავდება ასწლეულის წინ არსებული პროდუქტისგან. მაგალითად, თევზი, რომელიც ბევრს ჯანსაღ პროდუქტად მიაჩნია, თუ ოკეანეში არაა დაჭერილი და აუზებში ხელოვნურადაა მოშენებული, ანტიბიოტიკებითაა გაჯერებული. ზოგადად, ცხოველური პროდუქტი ორგანიზმში მჟავიანობის მომატებასა და ანთებით პროცესებს უწყობს ხელს.

რამდენად რთულია კვების ჩვეულებრივი, სტანდარტული რეჟიმიდან ვეგანურ კვებაზე გადასვლა?

ვეგანური კვება არასტანდარტულია, ამიტომ მას, რა თქმა უნდა, თავისი გამოწვევები აქვს. რაციონიდან ცხოველური პროდუქტის ამოღება უცებ, ყოველგვარი ჩანაცვლების გარეშე რომ მოხდეს, ამან ჯანმრთელობის მხრივ შეიძლება გარკვეული რისკის წინაშე დაგვაყენოს.

როგორ იკვებებიან თქვენი ოჯახის წევრები? აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, რომ ოჯახში ყველას მსგავსი მიდგომა ჰქონდეს კვების საკითხის მიმართ?

ჩვენ ყველანი ვეგეტარიანელები ვართ. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ერთმანეთს გავიცნობდით. ჩემი უფროსი ქალიშვილი, მარიამი, 17 წლისაა და ვეგეტარიანელია. 2 წლის ალექსანდრაც დაბადებიდან ვეგეტარიანელია. მას ხორცი და თევზი არასდროს უჭამია. ეს, რა თქმა უნდა, აიოლებს საქმეს ‒ სხვადასხვა რაციონზე ზრუნვა არ გვიწევს, ყველას გვიყვარს მცენარეული დიეტის კერძები.

რითი იღებთ ყველა იმ საჭირო ვიტამინსა და მინერალს, რომელსაც ხორცისა და რძის პროდუქტის სახით ვერ აწვდით ორგანიზმს?

გავრცელებული შეხედულებაა, რომ ცხოველური პროდუქტი ისეთ სრულყოფილ პროტეინებს შეიცავს, რომლებიც ცხრავე აუცილებელი ამინომჟავისგან შედგება და რომ მისი ანალოგი სხვა პროდუქტში არ მოიპოვება. რეალურად ამგვარი სრულყოფილი პროტეინის მიღება სხვადასხვა არაცხოველური პროდუქტისგანაც შესაძლებელია. ესენია: წიწიბურა, კინოა, კანაფის თესლები, ჩიას თესლები, ზღვის ბოსტნეული ‒ ქლორელა და სპირულინა, მაკას ფხვნილი, გოჯიბერი, ფუტკრის მტვერი.

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების უმეტესობა უკვე იყიდება ჩვენთან. მნიშვნელოვანია კერძის მომზადების წესიც. გაღვივება, ფერმენტაცია, ჩალბობა ‒ ეს ყველაფერი ორგანიზმს პროტეინების უკეთ ათვისებაში უწყობს ხელს. ამასთან, რადგან პროტეინის დიდი ნაწილი მაღალ ტემპერატურაზე ნადგურდება, მნიშვნელოვანია საკვების, ძირითადად, უმი სახით მიღება. ბოსტნეულის, ხილის, თხილეულისა და მარცვლეულის 70%-ს უმი სახით მივირთმევთ.

როგორ აისახება ვეგანური კვება ფიზიკურ თვითშეგრძნებაზე? რადენად ჯანსაღია ასეთი კვება?

პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ არაჩვეულებრივია ‒ სიმსუბუქის შეგრძნება, კუჭ-ნაწლავისა და მონელების არანაირი პრობლემა, გამჭვირვალე, სუფთა კანი და, რაც მთავარია, აგრესიისგან თავისუფალი განწყობა.

საიდან მიიღეთ საჭირო ინფორმაცია ვეგანური კვების თავისებურებების შესახებ?

მე გახლავართ ამერიკაში ყველაზე ცნობილი უმი ვეგანური კულინარიული აკადემიის Mattew Kenny Culinary Academy-ს კურსდამთავრებული, სადაც კერძების მომზადებასთან ერთად ორგანიზმისთვის საჭირო ნუტრიენტების მიღების წესებიც შევისწავლე.

თვლით თუ არა, რომ საქართველოში საკვების მხრივ საკმარისი არჩევანია ვეგანური კვებით დაინტერესებული პირებისთვის?

რა თქმა უნდა, საქართველოში ჯერ იმხელა არჩევანი არ არის, როგორიც ამერიკასა და ევროპის დიდ ქალაქებშია, თუმცა ბოლო პერიოდში აქაც ვხედავ ახალ-ახალ პროდუქციას და მიხარია. ლონდონში ყოველ წელს მიწევს ჩასვლა და ვაფიქსირებ, რომ არჩევანი ვეგანებისთვის წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯერ საზღვარგარეთაც არ არის ვეგანური კვება მეინსტრიმი. მაგრამ მჯერა, რომ ვეგანობა არ არის სიგიჟე, ეს მომავალია.

ბავშვები და ვეგანური კვება ‒ რამდენად გამართლებულია, რამდენად მიზანშეწონილი?

ბავშვების კვებასთან დაკავშირებით კონსულტაცია ცნობილ პედიატრთან, ირაკლი რცხილაძესთან გავიარე. მან მაჩვენა უახლესი კვლევა, სადაც დადასტურებულია, რომ ვეგეტარიანელობით ბავშვის განვითარებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია ვეგანობაზე ბავშვებში, თუმცა მჯერა, რომ არც რძის პროდუქტია საჭირო. ჩემი მიზანია, თანდათან ოჯახის ყველა წევრი გადავიდეთ ვეგეტარიანელობიდან ვეგანობაზე. ბევრიც არ გვიკლია, ერთი თავი ყველი თვეობით დევს ხოლმე მაცივარში, მაშინ, როცა ხილი და ბოსტნეული ყოველდღე მოგვაქვს.

თქვენი საყვარელი პროდუქტი რომელია?

ნუში, მისგან მიღებული რძე და მისი ფქვილისგან მომზადებული დესერტები.

თუ არის პროდუქტი ან კერძი, რომელზეც უარი თქვით და ხანდახან მაინც გენატრებათ?

არა, არ მაქვს ასეთი. რამე რომ მომენატროს, შევჭამ, მაგრამ არ მენატრება.

როდის და რა მოტივით დაგებადათ ვეგანური რესტორნის გახსნის იდეა?

რესტორნის იდეას ერთადერთი მიზანი აქვს ‒ ჯანსაღი კვების პროპაგანდა. ჩემი ვახშმის კლუბი “ნამუ” ყოველ პარასკევს სთავაზობს მომხმარებელს უმ ვეგანურ ვახშამს. მაქსიმუმ 12 ადამიანს შემიძლია გავუმასპინძლდე და თითქმის სულ სავსეა.

მენიუდან რომელი კერძი სარგებლობს განსაკუთრებული მოწონებით?

ყველასთვის საყვარელი კერძებია უმი ვეგანური პიცა და ჩიზქეიქი.

რესტორნის სახელწოდება როგორ შეარჩიეთ?

სახელწოდება, ფაქტობრივად, ალექსანდრამ შეარჩია. ეს საკითხი რომ დადგა, მაშინ 1 წლის იყო და საჭმელს ნამუს ეძახდა, ბევრი აღარ მიფიქრია.

რომელიმე ვეგანური კერძის მომზადება გვასწავლეთ

ჩემი საყვარელი მწვანე წვენის რეცეპტს გასწავლით. წვენსაწურში დაწურეთ ორი ღერო ნიახური, ერთი კიტრი და ერთი მუჭი ოხრახუში. დილა დიდი ჭიქა ლიმონიანი წყლით დაიწყეთ და 15 წუთის შემდეგ დააყოლეთ ეს ახლად დაწურული წვენი. ის ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს და საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს აწვდის მას.

ფოტო : ანა ბოკო 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com