გემოს ჰარმონია „რიქსოს ბორჯომიდან“

ყველაფერი სლოგანით იწყება: „ნუ ელი ნაკლებს!“ ამ სლოგანით წახალისებულს მოლოდინი თამამი გაქვს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე გამოდის, რომ ნაკლებს ელოდი.

უნიკალური სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მინერალური წყლებით ცნობილ ბორჯომსა და ლიკანს წლებია სტუმრობენ ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის გაუმჯობესება ან, უბრალოდ, იდილიურ გარემოში დასვენება სურთ. უნიკალურ კლიმატსა და პეიზაჟის მომაჯადოებლობას ბორჯომის ბუნებრივი ტყე-პარკი განსაზღვრავს.

ლიკანის შუაგულში მდებარე ხუთვარსკვლავიან „რიქსოს ბორჯომს“ საქართველოს დედაქალაქიდან სულ 177 კილომეტრი აშორებს. სასტუმრო 2015 წლის თებერვალში გაიხსნა. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროთა
ქსელის მთავარი კონცეფცია სტუმრების უმაღლესი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფაა, რასაც „რიქსოსი“ მსოფლიოს 11 ქვეყნის 29 სასტუმროში წარმატებით ახორციელებს.

„რიქსოსის“ მთავარი კრიტერიუმი სასტუმროების ადგილმდებარეობის არჩევისას ‒ ისტორიული კონტექსტი და ჯანსაღი გარემოა. გამონაკლისს, არც „რიქსოს ბორჯომი“ წარმოადგენს. კომფორტული დასვენების ყველა სხვა კომპონენტთან ერთად აქაურობა გემოს მრავალფეროვნებითაც გაოცებს. საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს სინთეზი „რიქსოს ბორჯომში“ გატარებულ დღეებს, გასტრონომიული თვალსაზრისითაც, დაუვიწყარს ხდის.

„რიქსოს ბორჯომის“ კვებისა და სასმელების დეპარტამენტს 2016 წლის აპრილიდან თამარ სიხარულიძე ხელძღვანელობს. მისი პროფესიული ბიოგრაფია არა ერთ საინტერესო წელს ითვლის. თამარ სიხარულიძე
2004 წლიდან 2016 წლის თებერვლამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვებისა და
ღონისძიებების უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტის უცხოელი სტუმრების მიღებების, ოფიციალური ვახშმების ორგანიზება, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, მისი ზედამხედველობით ხდებოდა. თამარის კვალიფიკაცია დღეს „რიქსოს ბორჯომის“ სტუმრების გამასპინძლებას ხმარდება.

თამარ სიხარულიძე – „რიქსოს ბორჯომის“ კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თამარ, რას სთავაზობთ სასტუმროს სტუმრებს გამორჩეულს კვების თვალსაზრისით? რა არის ის, რაც „რიქსოს ბორჯომის“ სამზარეულოს გამოარჩევს?

ჩვენი სასტუმროს ყველა რესტორანსა და ბარში განსხვავებული მენიუა. გარდა ამისა, სტუმრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული სიტუაციაა იმ მხრივაც, რომ მათ ნებისმიერი სასურველი კერძი შეგვიძლია მოვუმზადოთ. ცალკე მენიუს ვადგენთ ბავშვებისთვისაც.
სტუმრების კვებაზე ორი შეფი ზრუნავს პროფესიონალი მზარეულების გუნდთან ერთად. დამსვენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან გვსტუმრობენ. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ მათ კერძების მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. იმ სტუმრებისთვის, რომლებიც დეტოქს- პროგრამაში არიან ჩართულები მენიუს შედგენა ინდივიდუალურად ხდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალთან ერთად. ჩვენთან აბსოლუტურად ყველა პროდუქტი სპეციალური სერტიფიკატით, სტანდარტის შესაბამისად შემოდის. ვცდილობთ, ძირითადად, ქართული, ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტები გამოვიყენოთ. თუმცა უცხოური პროდუქტის შემთხვევაშიც აქცენტი ისევ და ისევ მაღალ ხარისხზე კეთდება.

გასულ ზაფხულს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო სასტუმროს არაჩვეულებრივ ეზოში საზაფხულო ღია ბარის გახსნა, რომელიც გემრიელ კერძებსა და სასმელებთან ერთად სტუმრებს გასართობ პროგრამას სთავაზობდა ‒ ცოცხალი მუსიკა სხვადასხვა ბენდების შესრულებით, კარაოკე, დიჯეი და მრავალი სხვა. თბილი სეზონის დადგომასთან ერთად ღია ბარის გახსნას ისევ ვგეგმავთ; ასევე ქართული კუთხის მოწყობას, სადაც ჩამოსული სტუმარი შეძლებს სასურველი ქართული კერძი დააგემოვნოს და ადგილზე თავადაც მოამზადოს ის. ასე რომ, „რიქსოსის“ სტუმრებს შეუძლიათ გემრიელად და ხალისიანად დაისვენონ, განიტვირთონ და დადებითი ემოციებით დაიმუხტონ.

ნატალია ხატიაშვილი- „რიქსოს ბორჯომის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი

ნატალია, როგორ ფიქრობთ, რა კომპონენტების ერთობლიობა აქცევს „რიქსოს ბორჯომს“ საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროდ?

სასტუმრო „რიქსოს ბორჯომი“ თავისი მთლიანი კონცეფციითაა უნიკალური, რამდენადაც სტუმრებს შეგვიძლია
კომფორტისა და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი შევთავაზოთ. სასტუმრო 151 ნომერს მოიცავს. გვაქვს ოთახების დიდი არჩევანი კატეგორიების მიხედვით. სტანდარტული ოთახის ფართი 36 კვადრატული მეტრიდან იწყება, რაც დიდი უპირატესობაა სხვა სასტუმროებთან შედარებით. ასევე „რიქსოს ბორჯომს“ აქვს საპრეზიდენტო აპარტამენტი; უკლებლივ ყველა ოთახს აქვს აივანი. სტუმრებს, სურვილის მიხედვით,  ვთავაზობთ როგორც მხოლოდ საუზმეს, ისე სამჯერადი კვებასაც.

რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასტუმროს ადგილმდებარეობა?

ადგილმდებარეობა სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ეს ადგილი განთქმულია თავისი კლიმატით, ტერიტორიით. თითოეულ ხეს თავისი ისტორია აქვს. გარდა ამისა, ათეულობით წლის განმავლობაში აქ მდებარეობდა ყველაზე პოპულარული ლიკანის სანატორიუმი. ბორჯომი და ლიკანი მისი მინერალური წყლებისა და ბუნების წყალობით, დღესაც ბევრისთვის ყველაზე საყვარელი დასასვენებელი
ადგილია. ჩვენს სტუმრებს კი აქვთ ფუფუნება მთელს საქართველოში ცნობილი, უნიკალური კლინიკით ისარგებლონ და რაც მთავარია, ჩაიტარონ გამაჯანსაღებელი პროცედურები.

რა კრიტერიუმებით გადაწყდა ამ ტერიტორიაზე „რიქსოსის“ აშენება?

„რიქსოსს“ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქვს სასტუმროები. ამდენად, საერთაშორისო ბრენდის უმაღლესი სტანდარტები გვინდოდა აქაც დაგვენერგა. „რიქსოს ბორჯომის“ პერსონალის დიდი ნაწილი ადგილობრივია, თუმცა მათ კვალიფიკაციაზე კომპანია პერმანენტული ტრენინგებით ზრუნავს. მენეჯერებსა და სუპერვაიზერებს ამ მიზნით თურქეთში ან დუბაიში ვუშვებთ, სადაც მეორე სათავო ოფისი გვაქვს. „რიქსოსის“ განთქმულ ფუფუნებაში, უპირველესად, სწორედ მომსახურება იგულისხმება: ფუფუნების მაქსიმუმი კოლოსალური დანახარჯის გარეშე.

რომელ სეზონზეა სასტუმრო ყველაზე მეტად დატვირთული?

ყველაზე დატვირთული მაინც ზაფხულია. აქაურობა იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის, საქმიანი ვიზიტებისთვის; შეუდარებელია იმ ადამიანებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, რომელთაც სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

მათ, ვინც დასვენების პარალელურად გართობასაც ეძებს, სხვადასხვა გარე აქტივობას ვთავაზობთ: კვადროციკლებით, ველოსიპედებით სეირნობა, მშვილდოსნობა; გვაქვს ბავშვების გასართობი ცენტრი, სადაც მათ მხიარულ განწყობაზე არაჩვეულებრივი ანიმატორები ზრუნავენ. ტერიტორიაზე სრული სიმშვიდეა,
აქ ბოლომდე წყდები ყოველდღიურ რუტინას, ხმაურიანი ქალაქის სტრესს, მჭიდროდ კავშირში ხარ ბუნებასთან, საოცარი განტვირთვაა. გარდა ამისა, გვაქვს საოცარი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც დასვენების ყველა პირობაა შექმნილი. დამსვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გვსტუმრობენ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში განსაკუთრებით მაღალია ცნობადობა ბორჯომისა და ლიკანის ირგვლივ. ძალიან ამაღელვებელია, როცა დამსვენებლები ძველ ფოტოებს გვაჩვენებენ, რომლებიც წლების წინ აქ აქვთ გადაღებული.

ჰასან ორდექი – „რიქსოს ბორჯომის“ შეფმზარეული

„30 წელია ამ საქმიანობას ვეწევი. ჩემი კულინარიული დებიუტიც თურქეთში შედგა და კარიერაც იქვე განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის არაერთ მაღალი კლასის სატუმროში და მათ შორის იქაურ „რიქსოსსშიც“ მიმუშავია, საქართველომ და „რიქსოს ბორჯომმა“ სასიამოვნოდ გამაკვირვა. სამუშაოდ არაჩვეულებრივი გარემოა, სტუმრებსაც მოსწონთ აზიური და ევროპული სამზარეულოს სინთეზი, რაც ძალიან მახარებს. ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო, რომ ყველა კმაყოფილი წავიდეს ჩვენგან. მენიუს ახალი კერძების ნაწილი უკვე დაემატა, ნაწილს ‒ უახლოეს მომავალში დავამატებთ. საბოლოო ჯამში, ფართო და საინტერესო არჩევანი გვექნება. ნებისმიერმა საჭმელმა არამარტო უნდა დაგანაყროს, სიამოვნებაც უნდა მოგანიჭოს. ამისთვის კი ორი მთავარი კომპონენტია საჭირო: ნებისმიერი კერძი ერთდროულად გემრიელიც უნდა იყოს და ჯანსაღიც.“

გიორგი ნიკოლოზიშვილი – „რიქსოს ბორჯომის“ სუ-შეფი

„20 წლის ასაკში ფეხბურთის სათამაშოდ იტალიაში წავედი. მანამდე აქაურ ნაკრებში ვიყავი. ისე მოხდა, რომ ტრავმის გამო ოთხი ოპერაცია გავიკეთე და რეაბილიტაციის პერიოდში რესტორანში, მზარეულის ასისტენტად დავიწყე მუშაობა. ძალიან მომეწონა და სწრაფადაც ავითვისე. სამი წლის მერე მივხვდი, რომ ცოდნის გასაღრმავებლად სხვადასხვა ადგილას მუშაობა უფრო ეფექტური იქნებოდა. რამდენიმე კურსი გავიარე ‒ იტალიური შუა საუკუნეების სამზარეულოთი დაწყებული, თანამედროვე კერძებით დამთავრებული. შემდეგ სასტუმროში დავიწყე შეფ-მზარეულად მუშაობა, ამას რამდენიმე რესტორნის გამოცდილება მოჰყვა. „რიქსოს ბორჯომი“ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემი პირველი სამუშაო ადგილია. აქაურ მენიუს უკვე დაემატა ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი ლაზანია, ასევე კანელონი ‒ ცნობილი იტალიური კერძი, რომელიც საქართველოში ნაკლებად თუ დაუგემოვნებია ვინმეს. ცომით, ხაჭოთი და ისპანახით ვამზადებ და უკვე დიდ მოწონებას იმსახურებს. გაზაფხულიდან იტალიურ სრულ მენიუს შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს.“ 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com