წინასწარ ვიცოდი, რომ ამ საღამოზე დავწერდი. ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, რა წამეღო სტომაქისა და ლიტერატურისათვის ერთნაირად საამო, თან მარტივი და უცებ-უცებ მოსამზადებელი. ავდექი და ატმის კექსი გამოვაცხვე, სოუსად ახალმოდუღებული ველური მოცხარის მურაბაც დავურთე.(ეს წინადადება თავიდან გადაიკითხეთ და მიხვდებით რატომაც).
ხავერდის ანგელოზები
ლიტერატურა მანამდე დაიწყო, ვიდრე კულინარია დაიწყებოდა-თბილისური ძველი სახლის რკინის კიბის ავლით, ვანილის ჩხირების ჩუქებით, კუწკუწა სამზარეულოში მოშინაურებით. ხომ არიან ადამიანები, თავიდანვე რომ შენი პირადი კულინარიის გმირებად იქცევიან, ჰოდა, ასეც იყო, ზედმეტი სიტყვაც არ დაგვჭირვებია, პირველივე წუთიდან ვიცოდი,რომ ის სასწაული ქიმიური რეაქცია მოხდებოდა,რის გამოც კულინარია მიყვარს-არამხოლოდ სანელებლების და სუნების შერევა,არამედ ადამიანების ხმების, სიტყვების,
განწყობების.
სანამ კედლებზე გაკრულ ფოტოებს ვათვალიერებდი,თინიმ და ბაბუმ მარკეტიდან ამოზიდული ავლადიდება ამოალაგეს და მენიუც გამაცნეს-მწვანე ლობიო „ცინცხლად“ და „Tarte au citron meringuee“-ლიმონის ტარტი იტალიური ბეზეთი-ლიმონი და ბეზე-ჩემი ორი დიდი სიყვარული, ჰოდა, გულიც მაშინვე ამიფანცქალდა. სასწრაფოდ ლობიოს გარჩევა დავიწყეთ. ეს პროცესი სულ ზაფხულს, ბებიაჩემს, დასვენებას, იმერულ დერგის ყველსა და მზედაკრულ პომიდვრებს მახსენებს. ჩემი ცისფერთვალა ბებო, ხან ავა გარდნერს რომ ჰგავდა და ხანაც მარლენ ლობიოს ერთნაირ, საშუალო ზომის ნაწილებად ამტვრევდა და თავისი ახალგაზრდობის სიყვარულის ისტორიას მიყვებოდა _ იდუმალს, ნაღვლიანს….
აქ ცოტა სხვაგვარად იყო-შუა თბილისი, მინის მაგიდა და მაგიდის თავზე ჩამოკიდებული ხავერდის
ანგელოზები. სანამ ქვაბში წყალი ადუღდებოდა და ლობიოსაც გავარჩევდით, მოვასწარი იმის გაგება, როგორ მოხვდა თინი ფრანგული კულინარიის ცენტრშილიონში და როგორ იზრდებოდა ამ ძველ სახლში ბაბუ.
მერე? მერე საფერავი გავხსენით, ორი ყლუპი მოვსვი და ყველაფერი ბუნდოვნად, არა, მთლად ბუნდოვნად კი არა, რაღაც სასიამოვნო ნისლში, ვანილის ნისლში გახვეული მახსოვს-ვანილის ნისლში გახვეული ხავერდის ანგელოზები.
ამ მწვანე ლობიოს მთავარი ეშხი მისი ფერი და სიმარტივეა-ათი წუთის განმავლობაში ვხარშავთ ლობიოს, გადავწურავთ და ეგრევე ცივი შხაპი,კი არადა,აბაზანა-ყინულიან წყალში ვყრით, ამ მეთოდით ლობიო შესანიშნავ მწვანე ფერს არ კარგავს, რჩება ხასხასა,ხასხასა,უხასხასესი.
მერე ტაფაზე კარაქი, დაჭყლეტილი ნიორი, ახალი მწვანილი-ოხრახუში და ცოტა ქინძიაქ გარნირია ან მთავარი კერძიც, სტუმრის მადას გააჩნია.
ჰო, ლობიოს ფრანგულ ძეხვუკას -საუსსისსონ-ს ვაყოლებთ,პირდაპირ ლიონიდან,ღვინო კი,უგემრიელესი საფერავი გვაქვს.
სანამ თინი ტარტს შეუდგება, სუფრასთან ვსხდებით, ოოო, საუბრის შინაარსსა და ნიუანსებს არაფრით გავთქვამ, ოღონდ, გულწრფელობისა და რაღაცნაირი, სიმსუბუქის განცდა მხოლოდ საფერავის ბრალი არაა. შუშხუნების ნაპერწკლებივით-გოგოშკობის მსუბუქი ინფანტილიზმი ჰქვია, რომელიც ამ ათას საზრუნავ-ვალდებულება საქმის გამო სამივეს ისე, ისე გვენატრება.
საუბრის თემა მრავალფეროვანია, გეოგრაფია-უსაზღვრო, ლობიოხრაშუნა და გემრიელი, საღამო-თბილი, სეზონი-ზაფხული… აი,ზუსტად ვიცი, თუ ამ ცხოვრებაში კარგად მოვიქცევი, საიქიოში ჩემი სამოთხე ასეთი იქნება-კულინარიული შტრიხებით, თბილი და მსუბუქი საღამოებით.
უცებ თინის ახსენდება, რომ ტარტი ჰქონდა გეგმაში, ვდგებით და ყველანი მივდივართ ახლომახლო მაღაზიაში ლობიოს მარცვლების საყიდლად, ეს მალე :))
რეცეპტი გინდათ? აქვე მოგართმევთ, ავტორის რეცეპტს, ავთენტურს, ცოცხალს,მხიარულს და უგემრიელესს:
Tarte Au citron merinquee
ფხვიერი ცომისათვის:
*200 გრამი ფქვილი
*125 გრამი კარაქი
*60 გრამი შაქარი
*2 კვერცხის გული
*მწიკვით მარილი
ლიმონის კრემისათვის:
*3 ლიმონი
*180 გრამი შაქარი
*3 მთლიანი კვერცხი + 3
*კვერცხის გული
*120 გრამი კარაქი
*მწიკვით მარილი
იტალიური ბეზესთვის:
*5 კვერცხის ცილა
*250 გრამი შაქარი
*1.5 მლ წყალი
*1 ლიმონის წვენი
მომზადება:
ცომი: თითოეული ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ყველაფერი ერთმანეთში აურიე და მოზილე ფხვიერი ცომი. კარაქი არ დაადნო, ხელით შეაზილე ფქვილს. თუ ძალიან მშრალია, ოდნავ წყალი დაუმატე. გააკეთე ბურთი, შემოახვიე ცელოფანი და შედგი მაცივარში 6 საათით. ცომი გამოცხობამდე ერთი საათით ადრე გამოიღე. გააცხელე ღუმელი 180°გრადუსზე. გააბრტყელე ძალიან თხლად პირდაპირ კალკის ქაღალდზე და ჩააფინე 26 სმ დიამეტრიან ფორმაში. კიდეები ლამაზად შემოაჭერი, დაახლოებით 3 სანტიმეტრის სიმაღლეზე. მორჩენილი ცომი შეგიძლია გაყინო და თვეების მანძილზე შეინახო. ცომის ძირი დაჩხვლიტე ჩანგლით, ზემოდან დააფინე კალკის ქაღალდი და ლობიოს კაკლებით ამოავსე. ეს იმისათვის, რომ ფხვიერი ცომი ცხობისას არ ჩადნეს და ლამაზი ფორმა შეინარჩუნოს. (წესით მსგავსი ნამცხვრების ცხობისას იყენებენ ლითონის ან კერამიკის სპეციალურ ბურთულებს. ისინი საკმაოდ ძვირი ღირს. დამერწმუნე, ლობიოს კაკლები მშვენივრად ასრულებს იგივე ფუნქციას და ბევრად უფრო იაფად) ცომი შეაცურე ღუმელში და აცხვე დაახლოებით 10 წუთი, ისე რომ ოდნავ შეწითლდეს.
ამასობაში მოამზადე კრემი: დადგი ქვაბით წყალი ასადუღებლად (ქვაბში უნდა იყოს მესამედზე ნაკლები წყალი). ლიმონს გააცალე ცედრა, დაასხი ლიმონის წვენი, კვერცხი, შაქარი, დამდნარი კარაქი, მარილი. ეს ყველაფერი ისეთ ჯამში ჩადე, რომ წყლიან ქვაბზე მისი მოთავსება შეძლო (ორთქლის აბაზანა უნდა გააკეთო, როგორც, ვთქვათ, შოკოლადის გასადნობად ან შუს ცომის მოსამზადებლად). მასას მანამ ურიე სანამ კრემივით არ გახდება. მერე ცომიდან ლობიო ამოყარე და რომ გაცივდება, კრემი ჩაასხი. ტარტი შედგი მაცივარში გასაცივებლად.
იტალიური ბეზე: მოათავსე შაქარი, ლიმონის წვენი და წყალი მომცრო ქვაბში. ადუღე მანამ, სანამ კრისტალები ბოლომდე არ დადნება. დაელოდე სულ ოდნავ შესქელებას და დაიწყე ცილის თქვეფა. მიქსერი პირველ სიჩქარეზე დატოვე. როცა მასა აქაფდება, ნელ-ნელა ჩაუმატე ცხელ-ცხელი სიროფი. მოუმატე მიქსერის სიჩქარეს. თქვიფე მანამ, სანამ ბეზე პრიალს არ დაიწყებს და არ გამაგრდება. ბეზე მოუსვი ტარტს.
ამ ეტაპზე, ბეზე უნდა მოწვა სპეციალური აპარატით ან ღუმელში გრილზე ან დატოვო როგორც არის. გრილი გააცხელე და ღია ღუმელში ტარტი ყველაზე მაღლა შედგი. თავი რომ მოიწვება, გამორთე გრილი და ტარტი სრულ გაციებამდე ადგილზე უნდა გაცივდეს. ბეზეს თავი უნდა გაუმაგრდეს და გული კი რბილი დარჩეს. გატანისას შეგიძლია მორთო ჟოლოთი, ეს კომბინაცია საოცარ კონტრასტს ქმნის _ როგორც ფერით, ასევე გემოთი.“
მოკლედ, თინიმ ტარტი ღუმელში შეუშვა, ბაბუმ ბეზეს ამოყვანა დაიწყო,მე- მსუბუქად მთვრალი ვიყავი და ბევრს ვლაპარაკობდი, არავის არასდროს მოვდებივარ სამზარეულოში ფეხებში. იმ დღეს კი, სრულიად უქმად ვგრძნობდი თავს. მოდუნების უფლებას მაძლევდნენ ჩემი მშვენიერი მზარეულები და ვანილის ნისლში გახვეული ხავერდის ანგელოზები.
ტარტი უგემრიელესი გამოვიდა, ტკბილმჟავეს კომბინაცია, მსუბუქი ბეზე…ჩემი კექსიც გავსინჯეთ და მოცხარის მურაბაც, რომელმაც ჩვენი ფრანგული სუფრა ააწითლა და აახასხასა.
მოკლედ, საღამო იყო სრულყოფილი. შუა ტარტის დროს ზაზამ დამირეკა _ აღარ მოდიხარ სახლშიო?- ესეც სცენარში ეწერა, კონკიას არანაირი ფეხსაცმელი არ დაკარგვია, ტარტის ბოლო ნაჭერი დარჩა თეფშზე, გაუსინჯავი…
ბოლოს, გვიან დავიშალეთ, წამოვედი და ტაქსში ბითლზის რომელიღაც ჰიტს ისე ხმამაღლა ვღიღინებდი, ტაქსისტმა რამდენჯერმე სრულიად ორაზროვნად გამომხედა.
P. S . ამას წინათ, ვანილის სუნამო მაჩუქეს, ჰოდა მეც დავდიოდი ვანილის სუნით. – მას, ტორტის სუნი რატომ გაქვთ, თუ პონჩიკის? – მეხუთეკლასელებმა მკითხეს. მე გამახსენდა ის საღამო და ვანილის ჩხირი _ ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ხავერდის ანგელოზებთან დამრჩა. ჰოდა, იჯადოქრონ, მოიფიქრონ რამე.