FOOD TEST

46

ნატალია  გაბისონია  გიო  შარვაშიძე 

4_1

ერთმანეთს შარშანდელი ზამთრის ერთ ცივ დღეს „სამეფო უბნის თეატრში“ შეხვდნენ. ნატალია გაბისონია ყვება, რომ მთავარი, რითაც გიორგიმ მოხიბლა, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი სერიოზული მიდგომაა. გიორგი შერვაშიძე კი გვიმხელს, რომ ნატალია გაცნობისთანავე მისი ლაღი ხასიათის გამო მოეწონა. მოგვიანებით, როცა ერთმანეთი უფრო ახლოს გაიცნეს, აღმოჩნდა, რომ საერთო პროფესიასთან, ინტერესებთან და მეგობრებთან ერთად კვებისა და, ზოგადად, კულინარიის მიმართაც მსგავსი დამოკიდებულება აქვთ. 

კიდევ უფრო მოგვიანებით, თეატრის მსახიობი წყვილი, ტელემაყურებელმაც გაიცნო. ნატალია სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში“ თამაშობს, გიორგი კი ‒ „ჩემი ცოლის დაქალებში.“ თანაცხოვრება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს. დატვირთული სამუშაო განრიგის პარალელურად, საერთო სივრცე, როგორც გიორგი ამბობს, „თავიანთ ჭკუაზე მოჰყავთ.“ განახლებულ სამზარეულოში ნატალიას კულინარიული დებიუტიც წარმატებით შედგა. 

საჭმელს, კვებას რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ? 

გიორგი: ძალიან გვიყვარს კარგი საჭმელი. სრულყოფილად ვიცით, სად რას ამზადებენ გემრიელად. იქიდან გამომდინარე, რომ სახლში იშვიათად თუ მოვამზადებთ რამეს, გარეთ კვებაში კარგად ვართ გათვითცნობიერებულები. თუმცა ნატაშამ ბოლო დროს დაიწყო რაღაცების მომზადება და, სხვათა შორის, მშვენივრად გამოსდის. 

ნატალია: ამოჩემება ვიცით ხოლმე ‒ რაღაც მოგვწონს და გარკვეული დროის განმავლობაში სულ იმას მივირთმევთ სახლშიც და გარეთაც. ბოლოს გვბეზრდება ის კერძი და ახალი ალტერნატივა გვიჩნდება. ერთადერთი, რასაც სხვა კერძი, ალბათ, ვერასდროს ჩაანაცვლებს, სპაგეტია. 

რისი მომზადება გამოგდით კარგად? 

ნატალია: შეიძლება ითქვას, რომ დამწყები ვარ კულინარიაში, ახლახან დავინტერესდი რაღაცებით. გიორგი სულ მიქებს, რასაც ვამზადებ. არ ვიცი, მართლა მოსწონს თუ მოტივაციას მიმაღლებს. ცეზარი გამომდის კარგად. დედამ მასწავლა მომზადება. ის ძალიან კარგი კულინარია. ბებიაჩემს რომ ვეკითხები რამეს, იმდენად რთულ რეცეპტებს მთავაზობს, მომზადება მეშინია. მგონია, რომ არ გამომივა. საერთოდ, მიყვარს, როცა რაღაცებს ჩემი ინტერპრეტაციით ვცვლი. 

გიორგი: ცეზარი მართლა განსაკუთრებული გამოსდის. სპაგეტისაც სხვადასხვანაირად და ძალიან საინტერესოდ ამზადებს. კარგად აზავებს საჭმელს. მე არ მეხერხება სამზარეულოში არაფერი, მშიერი არ დავრჩები, კარტოფილს, კვერცხს უპრობლემოდ შევიწვავ, მაგრამ არ მომწონს ჩემი მომზადებული საჭმელი. 

ექსპერიმენტები, ახალი კერძების დაგემოვნება გიყვართ? 

ნატალია: მე ძალიან გაუბედავი ვარ ამ ხრივ, გემოს მაძიებლად ნამდვილად ვერ ჩავითვლები. ვერასდროს ვრისკავ ახალი და უცნაური პროდუქტის გასინჯვას, მირჩევნია რაც მიყვარს, ის ვჭამო. გიორგი გაცილებით გაბედულია ამ კუთხით. 

გიორგი: მე, პირიქით, სულ ერთი და იგივე გემო მალე მბეზრდება და სულ მაქვს სურვილი ახალ-ახალი პროდუქტი ან კერძი დავაგემოვნო. ახლახანს გავსინჯე გველის წვნიანი. ძალიან გემრიელია, ოდნავ მომლაშო ხორცი აქვს. თუმცა უცნაური ის იყო, რომ ვჭამდი, გემო მომწონდა და მაინც რაღაცნაირად იმდენად უცხო იყო ეს პროდუქტი, მსიამოვნებდა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ფრთხილად ვაგემოვნებდი. 

რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვართ ყველაზე მეტად? 

ნატალია: უცხოური სამზარეულოდან ორივე იტალიურს ვანიჭებთ უპირატესობას. სპაგეტი და პიცა ძალიან გვიყვარს. ნებისმიერ ხორციან კერძს შორის მე ყველაფერს ქაბაბი მირჩევნია, გიორგის-ხინკალი. 

თქვენი საუზმე როგორია? 

ნატალია: გიორგი ჰერკულესის ფაფას ჭამს ნიგვზითა და ჟოლოს მურაბით, მე კარაქიან პურს ყველით ან თაფლით. ჩაი გვიყვარს ორივეს. 

გიორგი: საუზმეს ყოველთვის სახლში მივირთმევთ, სადილი კი გარეთ გასვლასთან ასოცირდება, სახლში პრაქტიკულად არ ვსადილობთ. წვნიანი გვიყვარს ორივეს, მე განსაკუთრებით. ზღვის პროდუქტების წვნიანი, კრემ-სუპები, ყველაფერი ამდაგვარი. ნატალია ბულიონზე გიჟდება. 

ჯანსაღ კვებას რამდენად აქცევთ ყურადღებას? 

გიორგი: ბოლო დროს განსაკუთრებით ვცდილობთ. მაგალითად, უარი ვთქვით სწრაფი კვების ობიექტებზე, რომლებსაც ადრე ხშირად, გვიან ღამითაც კი, ვსტუმრობდით. მძიმე საკვებიც, ვცდილობთ, ხშირად არ მივიღოთ. 

ნატალია: დიდად მჭამელი ტიპები არ ვართ, უბრალოდ, კარგი, გემრიელი საჭმელი გვიყვარს. ფაქტობრივად, დღეში ერთხელ, სადილზე მივირთმევთ უფრო გენერალურად, საუზმე მსუბუქია და საღამოსაც ჩაის თუ დავლევთ და ხილს შევჭამთ. რაც მუდმივად გვაქვს ხილია, ძალიან გვიყვარს. 

ტკბილეულიც გიყვართ? 

გიორგი: ორივეს ძალიან! ნატალიას ჩიზქეიქი და ალუბლის ტარტი უყვარს, მე-ტირამისუ. 

ნატალია: ამას წინათ ბრაუნი გამოვაცხვე დედასთან ერთად და ძალიან კარგი გამოვიდა. 

სამზარეულოს ინტერიერი, ნივთები რადენად მნიშვნელოვანია თქვენთვის? 

ნატალია: ორივეს ძალიან გვიყვარს. მე, პირადად, ლამაზად მოწყობილი სამზარეულო და კარგი ჭურჭელი რაიმეს მომზადებას მანდომებს. ორი კვირაა გიორგისთან გადმოვედი, ახლა ვაწყობთ სამზარეულოს და მერე ნელ-ნელა ახალ რეცეპტებსაც ავითვისებ. 

გიორგი: სამზარეულოს აქსესუარები იმდენად გვიყვარს, მაღაზიაში ზომიერების გრძნობას ვკარგავთ, ყველაფერი გვინდება. როცა სახლში ამ მხრივ სასიამოვნო გარემოა, მომზადებაც უფრო გეხალისება. 

რომანტიკული ვახშამი რასთან ასოცირდება თქვენთვის? 

გიორგი: პირადად ჩემთვის ასეთი ვახშამი სანთლის შუქზე ღვინის წრუპვასთან ასოცირდება. არცერთს არ მოგვწონს და არც გვქონია ასეთი ვახშამი, არ ვართ ეგ ტიპები. 

ნატალია: გაცილებით გვირჩევნია წამოკოტრიალებულებმა რამე კარგ ფილმს ვუყუროთ და ისე გავატაროთ საღამო. 

უცხოეთში ყოფნისას ადგილობრივი სამზარეულოთი თუ ინტერესდებით? 

გიორგი: მოგზაურობის გასტრონომიული მხარე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ჩემთვის. ვფიქრობ, სამზარეულოში ძალიან კარგად ჩანს ქვეყნის სული და ხასიათი, ისტორია; კვების ფილოსოფია. როცა მათ ნაციონალურ კერძებს აგემოვნებ, თითქოს უახლოვდები ხალხს, რომელმაც ეს ქვეყანა და, მათ შორის, სამზარეულო შექმნა. მოგზაურობისას მიღებული გასტრონომიული შთაბეჭდილებების კონტექსტში, პირველ რიგში, ყოველთვის რომი მახსენდება. რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ერთი პიცერიაა, ჩავდივარ და პირდაპირ იქ მივდივარ. სულ მახსოვს გერმანიაში, დიუსელდორფში კანჭი გვაჭამეს, დანას რომ დაადებდი, კარაქივით იჭრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აქაც მქონდა ნაჭამი, მეგონა რაღაც ახალი გავსიჯნე. ის იყო რაღაც სხვა. 

როგორ ფიქრობთ ხშირი მზადება რუტინაა? 

ნატალია: როცა ძალიან გიყვარს და სიამოვნებას განიჭებს პროცესი, არა მგონია რთული იყოს. 

გიორგი: ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც შემოქმედებითად იხარჯებიან ამ პროცესში. მათთვის მზადება რაღაცის შექმნაა და, ამდენად, დიდი სიამოვნებაც. 

ჭამა სიამოვნებაა? 

ნატალია: დიდი სიამოვნება და კარგ ხასიათზე ყოფნის გარანტი. 

გიორგი: ჩემთვისაც განწყობის გამოკეთების საშუალება და ენერგიის წყაროა. 

fzm-Polaroid.Frame-17

ფოტო: იკა პირველი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com