გრიგოლ ქონდრისკაცი

მოგზაურის წერილები მეუღლეს

„აწ, თქვენო უგანათლებულესობავ, სანატრელო და მუდამ ჩემი ფიქრების ხელმწიფეო, ჩემო ერთადერთო მეუღლევ, მოგახსენებთ ჩვენი მოგზაურობის შესახებ: ამოდენა მოგზაურობის შემდეგ ჩვენ მოვედით მშვენიერ საქართველოში კოლხეთის მხრიდან, უზენაესის წყალობით, ზუსტად შობის პირას. 

სწორედ რომ არგონავტების გზით შემოვედით საქართველოს ამ ერთ-ერთ უმშვენიერეს მხარეში, რომელიც მეგრელებითაა დასახლებული. ჭკვიანი და მოხერხებული ხალხია მეგრელები, ნიჭიერებიც და მშრომელებიც არიან. ვაჭრობაშიც გამოცდილები აღმოჩნდნენ. 

წინა წიგნში ხომ გწერდით, თქვენო უსათნოესობავ, რომ წინდაწინ ამოვიკითხე აქაურობის შესახებ, მათს წეს-ჩვეულებებზე და დღესასწაულებზე სხვადასხვა მოგზაურის წიგნებში ანდა კაცთა წეს-ჩვეულებების შემსწავლელთა დავთრებიდან, განსაკუთრებით აღვნიშნავდი მოგზაურს და ადამიანის ბუნების კარგ შემსწავლელს ჩენგჰუანგ დე იაოს (ჩენგჰუანგ ჩჟი ფუსი დე იაო; ჩინელი მოაზროვნე, მოგზაური; ჩჰაიეს დინასტია, მე-14 მილენიუმი). 

ვინ აღარ ყოფილა საქართველოში, მტერი თუ მოყვარე. ბევრი ვნახე, ძველებიც და ახლებიც. ასე რომ, ქართული ხომ ადრევე, თქვენთან ერთად შევისწავლე და ახლა ცოტა მეგრული ენაც, რამდენიმე სიტყვა ‒ აზრი რომ გამეგო შიგადაშიგ. კაციც ვიპოვნეთ ჩვენს ენაზე მოსაუბრე ‒ მცოდნე თარჯიმანი, პავლე ფიფია, ჩვენებურად პოლ პიპია. ასე რომ, ბევრი გაგვეგო აქაურების სტუმართა მიმართ დიდი სიყვარულის ამბისა, მაგრამ ის რაც ჩვენი თვალით ვნახეთ ყველაზე ენაწყლიან, მათე ასომთავრელსაც კი დაამუნჯებდა. 

ჩასვლისთანავე მათმა უბრწყინვალესმა მმართველმა მიგვიღო ისეთი მოწყალების თვალით, რომ დიდება ღმერთს! 

იმავე დღესვე, როდესაც მიღება იყო, მაშინვე ყველა ჩვენს თანამგზავრს თავიანთი ჯილდო დაჰკიდა. უცხოდ მოვეწონეთ, ერთობით მთელი ლაშქარი. ამისთანა ჯერ არ მოსულა ჩვენთანო. სავაჭრო საქონელიც შეგვიქო და დიდი ინტერესიც გამოხატა. 

თქვენზე უკეთ ვის ეცოდინება, ჩემო დაკვირვებულო, ხალხთან ჩემი უშუალობისა და შემეცნების დიდი წყურვილის ამბავი? ჰოდა დავამხანაგდით მისი ბრწყინვალება და თქვენი მონა-მორჩილი. 

შემდგომში მათთან სამუდამო დარჩენა მთხოვა, მაგრამ მე ჩემი ოჯახი, უტრფესი მეუღლე და მზეთუნახავი ქალიშვილი ჩემი, ჰელენა, ჩემი საწყალი უმცროსი ძმის ქვრივი, მისი ერთგული მეუღლე სალომე და ჩვენი გვარის ერთადერთი გამგრძელებელი მათი შვილი დომენიკო გაგიჟებით მიყვარს. მე იმათ ვერ მოვშორდები სამუდამოდ. 

ეს შეჩვენებული სიყვარული რა არის!? 

არა, გულში არ გაივლოთ რომ უხასიათოდ ვარ. იშვიათად თუ ვარ ხოლმე მწუხარედ, მაშინვე ერთს კარგად გამოვიძინებ, შემდეგ კარგადაც, ისე როგორც აქაურებს სჩვევიათ ვისადილებ და სულ ყოველივე ჩემი მწუხარება გაივლის. 

ახლა კი, მწუხარებაზე არ გვინდა სიტყვების ტყუილი ხარჯვა. ნება მომეცით, თქვენს უდახვეწილესობას მოვუყვე იმ პირველი საახალწლო სუფრის შესახებ, რაც აქ მოგვიძღვნეს ჩვენ, შორეულ სტუმრებს. თუმცა, როგორ მოვყვე იმას, რის მოყოლაც შეუძლებელია? როგორ გადმოვცე, რის გადმოცემაც სიტყვებით მხოლოდ ღმერთებს თუ ძალუძთ? 

მაგრამ, აბა, რის ადამიანი ვარ, თუ შეუძლებელს არ შევეჭიდე, თუ ღმერთების წინააღმდეგ არ გავიწიე, ჩემო უგემრიელესო? 

უსათნოესო! უპირველესად გეტყვით, რომ ამ ხალხს ძალიან უყვარს დღესასწაულები, რომლებიც დიდი სუფრებით, ბევრი ღვინით და მრავალფეროვანი სანოვაგეთი გამოირჩევა. ზოგჯერ უსირცხვილო აზრი გიჩნდება, რომ ეს ხალხი გართობისთვის და სუფრებისთვისაა დაბადებულიო. გართობა იმდენად უყვართ რომ ზოგი, ყველაზე სასურველი დღესასწაულები ორჯერაც კი აქვთ, მაგალითად მრავალფეროვან დღესასწაულებს შორის განსაკუთრებით უყვართ შობა-ახალი წელი, დიახ ასე ჰქვია, ერთად „შობა-ახალი წელი“ და თანაც ორჯერ ზეიმობენ, დაახლოებით ორ კვირაში უსწრებს ერთი მეორეს. ძველი და ახალი სტილითო, გიხსნიან როცა ჩაეძიები. როგორც გითხარით, ზედაპირული მზერით გეგონება მათი ცხოვრების აზრი სუფრებზე პაექრობააო, მაგრამ ვფიცავ სამხრეთის ვარსკვლავს, ეს ასე არ არის! 

ამ ხალხს სულ ბრძოლაში და გადარჩენაში უწევთ ცხოვრების დინება. სუფრების მიმდინარეობა ზოგჯერ ამ ბრძოლის გამოხატულებაა ხოლმე. 

„პური მოგვაშველეთ, პური!“ ‒ ხშირად გამიგონია სუფრაზე შეზარხოშებული „მეომრისგან“ თითქოს ტყვია-წამალს ითოხვდეს გადამწყვეტი ბრძოლის დროსო… 

თუმცაღა, კმარა! სანატრელო და აღმაფრთოვანებელო, განვაგრძობ საახალწლო ნადიმის აღწერას. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ადგილი სპეციალური იყო. ასე ამბობენ, ადრე აქ თავად ღმერთებიც ნადიმობდნენო. თურმე ღმერთებთან ვინმე სახელგანთქმული სტუმარი თუ მივიდოდა, მისი გულის მოსაგებად ოლიმპოდან პირდაპირ აქ ეშვებოდნენ. ერთხელ თავად დიონისე, ღვინის და სუფრების ღმერთიც კი გაუპირწყლიანებიათ აქაურებს. ადგილს „დიარონი“ ‒ პურის საჭმელი ადგილი ჰქვია. მათს მთავარ ქალაქშია, პირდაპირ შუაგულში. 

თუ გინდა, შეჯიბრი და თანწყობა ნახო ერთად, ერთხელ მაინც უნდა მოხვდე ამ მხარეში სტუმრად. თავს ნამდვილ მეფედ იგრძნობ. 

სუფრა თან ევროპული წესით იყო გაშლილი და თანაც ცოტა აღმოსავლურად. მაგიდები და სკამები კი არის, ფეხმორთხმით არ სხედან სუფრასთან, თეფში, კოვზი, დანა და ჩანგალიცაა, მაგრამ თავად სუფრა კი აღმოსავლურია ‒ ფერებით, სიუხვით, კეკლუცობით და სანელებლების სიჭარბით. ცალსახად ვერ იტყვი, საიდან, მაგრამ, ეტყობა, რომ ბევრი კულტურების შეთავსებით ინდივიდუალური შედევრი შეიქმნა საბოლოოდ. 

წინ გიდგას ნაირ-ნაირი სურნელისა და შესახედაობის, ფერისა და გემოს კერძი. ყოველი მათგანი შედევრია. ერთი შეხედვით თითქოს უბრალო და სხვაგან ხელმისაწვდომი კერძიც კი, განუმეორებელი და მომაჯადოებელია. აი, მაგალითად, მაწონი. უბრალო-მეთქი ვამბობ, თორემ კამეჩისაა. ჯამში მყარად ჩამჯდარა და სამყაროს უმთავრეს კანონს, გრავიტაციის კანონსაც კი არ ემორჩილება. თავდაყირაც რომ გადმოაბრუნო, მაინც არ გადმოიღვრება. 

კამეჩის მაწონი და თაფლი! 

ამით იწყება ეს მოგზაურობა. 

თავი შეიქციეთ, ძვირფასო სტუმრებო, ვიდრე მთავარი წარმოდგენა დაიწყებაო, გვითხრეს და მინდვრის ყვავილების სურნელით გაჯერებული თაფლი კამეჩის ქათქათა მაწონში გათქვიფეს. 

თავშესაქცევი კი არა თავბრუდამხვევი იყო ზომიერად ცივი, ზომიერად მჟავე მაწვნის პირველი კოვზი, აი, ისეთი, ნამგზავრ, დაღლილ კაცს შვებას რომ აგრძნობინებს და გაამხნევებს. მზით გარუჯული სურნელოვანი, გამჭვირვალე, თხევადი, ტკბილი თაფლის ვირტუოზულმა ცეკვამ პირის ღრუს ყველა რეცეპტორის მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა. საიდანღაც ისმოდა „ბის, ბიიის!“, მაგრამ, აქაური სუფრის წესების მიხედვით თავის შეკავება ჯობს. სამი, მაქსიმუმ ოთხი, კოვზია სასურველი, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია კულინარიის სამყაროში გრძელი, სასიამოვნო, საინტერესო და ბოლოში დამღლელი მოგზაურობისა. 

ბოსტნეულის უამრავი კერძი დგას სუფრაზე. ზოგი თითქოს ახლა მოსწყვიტეს მშობელ ტოტს, ზოგიც უცნაური შესახედავია. ბევრი ცოცხალი მწვანილი, სხვადასხვა სახეობის, ბევრი ‒ მზარეულის მიერ დამუშავებული. ყველაზე მეტად მე დამაინტერესა კერძმა, სახელად „მხალი-ფხალი”. ფხალი მრავალგვარია: ჭარხლის, პრასის, ჭინჭრის, კომბოსტოს, ეკალასი და სხვა. უხვად ნიგოზი, ზომიერად ნიორი და ძმარი, უამრავი უცნაური და უცნობი სუნელი, აუცილებლად მარილი, ოღონდ ისე ბუნებრივად, რომ მასზე არც კი ფიქრობ. ეს არის ფხლის ბაზა, ფუნდამენტი, რომელზეც შემდეგ შენდება სხვადასხვა კომბინაცია. ჩემი ფავორიტი მაინც ჭარხლის მწვანე ფხალია. ძალიან წვრილად დაკეპილი ჭარხლის მწვანე ფოთლები, თითქმის პიურედ ქცეული მასის ბურთები, ნიგვზის ზეთის წვეთებით დანამულ სალათის ფოთლებზე რომ შემომხტარან ‒ აი, ეგენი მიყვარს. აი, ნამდვილი თავშესაქცევი ‒ სიმინდის ფქვილისგან მშრალად გამომცხვარი ფირფიტებით, სახელად მისი უბრწყინვალესობა „მჭადი“. სხვაგანაც მინახავს სიმინდის ფქვილისგან გამომცხვარი, მაგრამ ეს იმათ არ ჰგავს. ეს თითქოს ბუნებრივი საყრდენია დაკეპილი ბოსტნეულისთვის. 

მეფე მჭადს დედოფალიც ჰყავს ‒ ყველი, თეთრი, რძისფერი, საშუალო სიმკვრივის, აი, ისეთი, რძე რომ გასდის, რბილი და სასიამოვნო თბილი რძის არომატით, სახელად „სულგუნი“. ამ მხარეში კლასიკური სულგუნის აღწერა მეტაფორადაც დადის. კარგის, ჯანსაღის, ლამაზის, მდიდრის, დადებითად მსუქნის. ქალის მოკლე აღწერისას შეგიძლია თქვა, აი, ისეთია, რძე რომ გასდისო… ბოდიშს გიხდით თავს ცოტა თავისუფლება თუ მივეცი, სანატრელო და ჩემი გულის ერთადერთო მპყრობელო! 

ეს არის დიდი სიამოვნებით თავის შექცევა. მშვიდად, არსად არ გეჩქარება. და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. 

იდუმალ მდუმარებაში ჰაერში უცებ ლამაზი სიტყვა შემოფრინდა ‒ ელარჯი. სიტყვას მოჰყვა თეფშები, რომლებზეც ყველას თავისი ელარჯი ეწყო. 

ელარჯი ‒ ეს არის წმინდად დაფქვილი სიმინდისა და სულგუნის ერთიანი მასა რომელსაც დიდხანს ხარშავენ და შემდეგ ამოზელენ. 

ჩემს თავაზიან, არისტოკრატული იერის, წვრილი, ლამაზად გამოყვანილ ულვაშებიან თარჯიმანს, პოლ პიპიას მალულად გავხედე. მანაც შეამჩნია ჩემი დაბნეულობა, მაგრამ როგორც თავაზიან ადამიანს შეეფერება, არც კი დასტყობია რამე. უბრალოდ ყველა მოძრაობას დინჯად, ხაზგასმით საჩვენებლად აკეთებდა, თითქოს მასწავლიდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ჩანგალზე ამოხვეული წელვადი ფაფისმაგვარი, ცხელი მასა მოყვითალო, ღია ყავისფერ თბილ და სქელ სოუსში ამოავლო და დააგემოვნა. შემდეგ ამავე სოუსით სავსე საშუალო ზომის ჯამი მომაწოდა, გამიღიმა და მითხრა: 

‒ ხარჩო, ბატონო! 

ხარჩო ნიგვზით, სუნელებით გაჯერებული ხორცის წვნიანი კერძია. ძროხის ხორცის საშუალო ზომის ნაჭრები იმდენად რბილია, რომ პირში მოხვედრისთანავე დნება. თითქოს გეხმარება, რომ ზედმეტად არ დაიღალო… 

ამ შეცნობაში გართული გვერდით მჯდომმა მეზობელმა გამომაფხიზლა: 

‒ მიირთვით, ბატონო, გებჟალიაა ეს. 

ჩემ წინ, ჯამში კამეჩის მაწონში ტივტივებდა სულგუნის ხუთი პრიალა, თეთრი ბურთი. არ იყო იდეალურად მრგვალი, უფრო ოვალური ფორმისა, თავდაპირველად მოხარშული კვერცხიც კი მეგონა. მაწონი თხელი იყო, ოდნავ, ნაზი მწვანე ფერი გადაჰკრავდა, მწვანე აჯიკა (ადგილობრივი ცხარე საკმაზი. არსებობს წითელიც) და პიტნა აძლევდა ამ ფერს. როდესაც ყველის ერთი ბურთი გადმოვიღე, თავაზიანმა მეზობელმა გამიღიმა და თვალით მანიშნა, მეორეც გადაიღეო. დავუჯერე და არც შევმცდარვარ. როდესაც ყველის ბურთს ნაჭერი მოვაჭერი აღმოჩნდა, რომ ბურთის შიგნით პიტნის პატარა კონაა ჩამალული. მე არ ძალმიძს გადმოვცე გებჟალიის გემო. აქ ყველა საკუთარ თავთან მარტო რჩება, არც ლაპარაკობს და არც უსმენს ვინმეს. მხოლოდ ღეჭავს და თვალებს ნაბავს. რაც არ უნდა ვთქვა, ყველაფერი ტყუილი იქნება, რადგანაც ეს ძალიან ინტიმური კერძია, ინდივიდუალური. 

სუფრის თავში მჯდომი ადამიანის რაღაც ფრაზამ თითქოს მთელი მანქანა ჩართო და აამუშავა. სუფრა ორ ნაწილად გაიყო: ღვინის ჩამომსხმელებად და მადლობის გადამხდელებად. უცნაურია, მაგრამ ღვინოც ზუსტად იმ დროს ჩამოასხეს, როცა მომწყურდა. 

მერე იყო: საახალწლო სუფრის დედოფალი „საცივი” ‒ ინდაური ქათმის თეთრი, სქელი ნახარში მსუქნად ნიგვზის და ძლიერი სუნელებით გაჯერებული სოუსით, ამ კერძის ზედმიწევნით რეცეპტი ჩაწერილი მაქვს თქვენთვის, ჩემო შემეცნებოთო სულო. აგრეთვე ნაირგვარი ხაჭაპურები, აჯიკიანი, პირის მსუსხავი, ნაკვერჩხალზე დაბრაწული ნეკნები, ქათამი ნიგვზის სოუსში „ბაჯე”, აგრეთვე თონეში დაბრაწულიც, მწვადები და ერთიანად შემწვარი ციკანი აჯიკით… 

აქ სამწუხაროდ ჩანაწერი წყდება, წერილის დასასრული დაკარგულია. (ვ.ბ.) 

qondriskaci@gmail.com 

 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com