თვალებს ვხუჭავ და წითელ-ყვითელი ფოთლები უმისამართოდ იწყებენ ჰაერში ბზრიალს. ბზრიალებენ ქარში. ჩემს ქუთუთოებს მიღმა.
ფანჯრებს მიღმაც გაჩახჩახებული შემოდგომაა, ყველა ქუჩა აღმოსავლურ ფარდაგს ჰგავს ‒ წითელი, ყვითელი, სტაფილოსფერი, ბორდოსფერი შრაშუნა ფოთლების შეუდარებელი კომბინაციით. ყველა ქუჩა გარეთ გასვლისა და ფეხით გაბოდიალების სურვილს აღძრავს. ქალაქგარეთ გახეტიალების, შემოდგომით ტკბობის სურვილს.
ცოტაც და, ზამთარია! ამიტომ ემტერებიან ნოემბერს ზაფხულის მოყვარულები. მე კი ყველაზე მეტად სწორედ გვიანი შემოდგომა მიყვარს. ის პერიოდი, როცა აციება იწყება და ზამთრის მოახლოება საგრძნობი ხდება. სიგიჟემდე მიყვარს ზამთარი! ბევრი მიზეზი აქვს ამას: ჯერ ერთი, ყველაზე მეტად თბილი ტანსაცმელი მომწონს; მერე ‒ თხილამურებით სრიალზე ვგიჟდები, ზამთარი კი ‒ მთა და თხილამურებია ჩემთვის; და უმნიშვნელოვანესი ‒ ცხელი საჭმელი, რომელიც მარტო შემოდგომაზე და ზამთარში შეიძლება მიირთვა, ქაფქაფა წვნიანები თუ კონკრეტულად ცივი სეზონისთვის განკუთვნილი კერძების ათასგვარი ვარიაცია.
ნოემბერთან ერთად წვიმიანი დღეებიც იწყება. სახლში მყუდროდ შეკეტვისა და რაიმე გემრიელის ჯერ მომზადების, შემდეგ კი დაგემოვნების დღეები. პირადად ჩემთვის შემოდგომა, გასტრონომიული თვალსაზრისით, პირველ რიგში, ხილის ‒ კარალიოკის, ვაშლის, მსხლის, გადახლეჩილი ბროწეულის, ყურძნის ნატურმორტს ჰგავს. ყოველთვის, როცა ოქტომბერში ან ნოემბერში რამეს ვამზადებ, ვცდილობ მაქსიმალურად ვისარგებლო იმ პროდუქტებით, რომელიც ბუნებამ ასე გულღიად და დაუნანებლად გამოიმეტა შემოდგომაზე ჩვენთვის.
ზოგადადაც, ამ პრინციპის მაქსიმალურად დაცვა იდეალური იქნებოდა. ყველაზე გამართლებულია, საჭმელი სეზონური ინგრედიენტებისგან მოამზადო და გაყინული პროდუქტის გამოყენება მინიმუმამდე შეამცირო. რატომ არ უნდა ისარგებლო იმით, რისი სეზონიცაა? რაც ახალი და ჯანსაღია იმ კონკრეტულ პერიოდში. მე, მაგალითად, მაქსიმალურად ვცდილობ სეზონური პროდუქტის ეფექტურად ათვისებას. Dინინგ ღოომ-ში მაქვს წაბლის წვნიანი, რომელიც ძალიან უყვართ და მოსწონთ ჩემს სტუმრებს. მაქვს კომში კრემით ‒ ძალიან გემრიელი დესერტი. რატომ მოვიხმაროთ ნოემბერში, იგივე გაყინული მარწყვი, როცა ათასი სახეობის საშემოდგომო ხილი გვაქვს და მარტივად შეგვიძლია მოვამზადოთ თუნდაც, ვაშლის მადისაღმძვრელი ტარტატენი?! შემოდგომასაც, ისევე, როგორც ყველა დანარჩენ სეზონს, თავისი ფერები, გემო, სურნელი, თავისი ხილი აქვს. როგორც ზაფხული იხდენს იმ სიმსუბუქეს, რომელიც, ვთქვათ, ჟოლოს მოაქვს ივლისში, ისე უხდება ნოემბრის დღეებს შემოდგომის ნობათის ‒ კომშის ვაშლის, მსხლის სინოყივრე. მით უმეტეს, თუ ამ ხილს ზემოდან ცოტა დარიჩინსაც მოაყრი, შეუდარებელია!
რადგან ზამთარი მოდის, კულინArt-ის საშემოდგომო ნომრისთვის კერძები სწორედ ამ პრინციპით ავირჩიე ‒ ცივ დღეებთან შესაბამისობით და შინაური სიმყუდროვის ასოციაციით.
იხვის მკერდი მსხლით წითელ ღვინოში ‒ ტიპური ფრანგული კერძია. იხვი ‒ დელიკატესია. მის გემოს ყველაზე მეტად საშემოდგომო ხილის ‒ ვაშლის, კომშის, მსხლის არომატი უხდება. მე მსხალზე შევაჩერე არჩევანი. ის ევროპულ სამზარეულოში უამრავი ფორმით მზადდება და ეს ვერსიები არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე მსხალი თავისი ბუნებრივი ‒ ხილის ‒ ფორმით. მე ძალიან მომწონს იხვისა და მსხლის კომბინაცია ‒ ისეთივე პიკანტური და ნოყიერია, როგორც კიდევ უფრო სახელგანთქმული იხვი კომშით. თავისუფლად განაყრებს. მომწონს ისიც, რომ ძირითადი კერძისთვის განკუთვნილ მსხალს დესერტისთვისაც ვიყენებ და ამით ერთგვარად იკვრება მენიუ.
აი, სამაგიეროდ, საშემოდგომო ხილის დესერტია მსუბუქი. თან, მრავალნოტიანი გემოს მიუხედავად, სულ იოლი მოსამზადებელია: წითელ ღვინოსა და სანელებლებში მოხარშულ მთლიან მსხალს მასკარპონეს კრემით ვაფორმებთ. ძალიან დასამახსოვრებელი ტკბილეულია და ეს-ესაა დაემატა Keti's Bistro-ს მენიუს.
მოახლოებული ზამთრის პატივსაცემად სასმელიც ცივი დღეების შესაფერისი შევარჩიე: ცხელი ღვინო ანუ გლინტვეინი. ყოველ დღეც კი შეიძლება მისი დაგემოვნება. მიუხედავად იმისა, რომ ორი სახის ღვინისგან მზადდება, დუღილის დროს ალკოჰოლი ორთქლდება და მხოლოდ ტკბილი, ციტრუსის ნატიფ სიმჟავესთან გაჯერებული არომატი რჩება. გემრიელი რომაა, ეს ერთი და თან ზამთრის ცივი, გრძელი საღამოების სასიამოვნოდ გადაგორებაშიც დაგეხმარებათ. მე სიგიჟემდე მიყვარს გლინტვეინი და თან ვფიქრობ, Kეტი’ს Bისტრო-ში გარე მაგიდებზე დიდი ჭურჭლით დავდგა, რომ წასვლისას ჩემს სტუმრებს თან გავატანო ჭიქებით.
გარშემო შემოდგომის პასტელური ხედები მაკრავს, ჩემი საყვარელი სეზონი წელსაც უცვლელად მაჯადოებს თავისი ესთეტიკით. იხვიც მზადაა, მსხლის დესერტიც თავს იწონებს თეფშზე, გლინტვეინიც ქაფქაფაა, ისღა დაგრჩენია გემო გაუსინჯო. მე, ჯიუტად, ისევ ქალაქგარე პეიზაჟებზე მეფიქრება, დილის სუსხნარევ ჰაერზე. მეფიქრება საქმეზე, რომელიც ასე მიყვარს; სეზონზე, რომელიც ამდენი ემოცია და შთაგონება მოაქვს. რა კარგია, რომ ფანჯრის მიღმა შემოდგომა დგას!
იხვი მსხლით
ინგრედიენტები:
. 500 გრ. იხვის მკერდი
. 1 კგ. მსხალი
. 1 ბოთლი ქინძმარაული
. 1 ბოთლი საფერავი
. ნახევარი ფორთოხლის კანი
. 2 ც. დარიჩინის ჩხირი
. 3 ს. კ. შაქარი
. 150 გრ. ნეკერჩხლის სიროფი
. 1 ც. მიხაკი
მომზადების წესი:
იხვის მკერდს გავრეცხავთ. ვინაიდან მისი კანი საკმაოდ ცხიმიანია, დავსერავთ და გახურებულ ტაფაზე კანის მხრიდან მოვათავსებთ. შეწვის დროს ცხიმს გაუშვებს და მოიბრაწება. ამოვატრიალებთ და თავისსავე ცხიმს ზემოდან მოვასხამთ. თითქმის გამზადებულს გამოვიღებთ და 10 წუთით ღუმელში მოვათავსებთ, რომ შიგნიდან გამოცხვეს ‒ 200 გრადუსზე, ზედა-ქვედა ვინტილაციის პირობებში. უკვე შემწვარს საშუალო სისქის ნაჭრებად დავჭრით. ზემოდან წინასწარ გამზადებულ კარამელიზებულ მსხლის ნაჭრებს დავალაგებთ და ზემოდანაც კარამელის სოუსს მოვასხამთ.
მსხლის დესერტი
ინგრედიენტები:
. 500 გრ. მასკარპონე
. 250 გრ. ნადუღი
. 3 ს.კ. შაქრის ფხვნილი
. 20 გრ. ბრენდი
. ნახევარი ფორთოხლის ცედრა
. ნახევარი ლაიმის ცედრა
. 1 შეკვრა ვანილინი
მომზადების წესი: საფერავსა და ქინძმარაულს, ნახევარი ფორთოხლის კანს, დარიჩინის ჩხირებს, შაქარს, ნეკერჩხლის სიროფსა და მიხაკს ვუმატებთ. ამ ნარევში კანგაცლილ მთლიან მსხლებს ვალაგებთ და 25 წუთის განმავლობაში ვადუღებთ, სანამ მსხალი გაწითლდება. ხილს ამოვიღებთ, ნახარშის მცირე რაოდენობას 3 ჩაის კოვზ შაქარს დავამატებთ, რომ კარამელიზაცია გავუკეთოთ და სიბლანტე შევძინოთ. ამ შესქელებულ მასას ვასხამთ დესერტისთვის განკუთვნილ მსხალსაც და იხვის მკერდის ნაჭრებსაც. მასკარპონეს ჯამში ვათავსებთ. ნაღებს, შაქრის ფხვნილს, ბრენდს, ნახევარი ფორთოხლის და ნახევარი ლაიმის ცედრას და ერთ შეკვრა ვანილინს დავამატებთ. მიქსერით კარგად ავთქვიფავთ და მივიღებთ კრემს, რომელსაც ნაყინის ბურთულასავით დავუდებთ გვერდით კარამელიან მსხალს. თბილს მივირთმევთ.
Glühwein გლინტვეინი
ინგრედიენტები:
• საფერავი – 1 ბოთლი
• ქიმძმარაული – ნახევარი ბოთლი
• ნახევარი ფორთოხლის კანი
• ლიმონი – 1 ც.
• დარიჩინი – 2 ჩხირი
• მიხაკი – 2 ც.
• ბრენდი – 50 გრ.
• ყავისფერი შაქარი – 3 ს.კ.
მომზადების წესი: ორი სახის ღვინოს ‒ საფერავსა და ქინძმარაულს ‒ წვრილად დაჭრილ ნახევარი ფორთოხლის
კანს, წვრილადვე დაჭრილ ლიმონს, დარიჩინს, მიხაკს, ბრენდსა და ყავისფერ შაქარს ვამატებთ. 25 წუთის განმავლობაში ვადუღებთ. გამოდის 6-7 ჭიქა გლინტვეინი.