სადილი ცაში

ფრანგულ ენაში ორი მსგავსი სიტყვაა, რომელიც გასტრონომიის მოყვარულმა უნდა იცოდეს: Gourmand ‒ ჭამის მოყვარული ადამიანი, ზოგჯერ ღორმუცელობისკენ მიდრეკილი. Gourmet ‒ კარგი საჭმელების მცოდნე, დახვეწილი პირის გემოს ადამიანი.

მათ ერთი საერთო თვისება აერთიანებთ, ისინი ყოველთვის ახლის ძიებაში არიან. Sky Dinner კი ის შემთხვევაა, როცა გურმე-გურმანები თავს ექსტრიმით ირთობენ.

2006 წელს ბრიუსელში დაიბადა სურეალისტური გასტრონომიული კონცეფცია ‒ სადილი ცაში. 22 ექსტრემალი-გურმანი 50 მეტრის სიმაღლეზე აგემოვნებს კერძებს, რომელიც უშუალოდ მიშლენის ვარსკვლავის მქონე მზარეულების მიერ არის დამზადებული. უმაღლესი კატეგორიის შეფები თავად ემსახურებიან სტუმრებს. სუფრა წარმოადგენს ლითონის დიდ პლატფორმას, მასზე მიმაგრებული მოძრავი სავარძლებით. სტუმარი ღვედებით მაგრდება, ისე როგორც გასართობ ატრაქციონზე. სამზარეულო მოწყობილობა დამონტაჟებულია მაგიდის შუა სივრცეში. იქვე დგებიან მზარეულებიც. ამწეკრანი პლატფორმას ბაგირების საშუალებით 50 მეტრზე მაღლა სწევს. 

სადილი საათნახევარი გრძელდება. წინასწარი დაჯავშნის შემდეგ, მენიუში გადაიხდით ხუთჯერ მეტს, ვიდრე
უმაღლესი კატეგორიის რესტორანში. თქვენი ასარჩევია ‒ ტრაპეზი ხმელეთზე მყუდრო გარემოში თუ ცაში, დაბმული, სუპერ მზარეულის გარემოცვაში.

10 წელია რაც პროექტი Sky Dinner მუშაობს და ევროპის გარდა მოიცვა ბრაზილია, ამერიკა, იაპონია, სამხრეთ
აფრიკა, ინდოეთი, მექსიკა, კანადა, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები.

დათქმულ დროზე სტუმრები გროვდებიან. ვიდრე სადილი დაიწყება, Sky Dinner-ის ლაუნჯ ბარი გიმასპინძლებთ. შამპანურ Laurent-Perrier შემოგთავაზებენ. ამას მოყვება აპეტაიზერი ‒ მწვანე სატაცური ჰაეროვანი ბრინჯის მუსით და მარილზე მოთავსებული პომიდორი ჩერი კარამელით.

ამის შემდეგ, წითელი ხალიჩის გავლით, პლატფორმაზე თქენთვის განკუთვნილ ადგილს იკავებთ, შემდეგ ღვედებით გაფიქსირებენ სავარძელზე. დაჯავშნის დროს უკვე გეცოდინებათ თუ ვინ იქნება სადილის შეფი. ამჯერად, Sky Dinner-ს მიშლენის ვარსკვლავიანი მზარეული ლუიჯი ჩიჩირელო მასპინძლობს რესტორნიდან La Truffe Noire. ეს რესტორანი გამორჩეულია იმით, რომ ტრუფელის სოკო გვხვდება მენიუში შეტანილ თითქმის ყველა კერძში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტრუფელის რამდენიმე სახეობა არსებობს: შავი (ზაფხულის და ზამთრის), თეთრი, ჩინური. ზამთრის შავი ტრუფელის არომატი გაცილებით მძაფრია, ვიდრე თეთრის. ფასიდან
გამომდინარე (კილოგრამი 800 დოლარამდე) ტრუფელს დამოუკიდებელ კერძად არ ამზადებენ. მას კულინარიული დამუშავების გარეშე თხლად ჭრიან და ცხელ კერძს აყრიან. სოკო დნება და საჭმელს გამორჩეულ არომატს აძლევს. უგემრიელესია პასტაში.

ბორტზე გამოჩენისას, ლუიჯი ჩიჩირელო და მისი სუშეფი მხნეობას გისურვებენ და შამპანურის კიდევ ერთ ფუჟერს შემოგთავაზებენ. მთავარია ქვემოთ არ ჩაიხედოთ, დატკბეთ ჰორიზონტით და აჰყვეთ შეფის ხუმრობებს. ნამდვილი მასტერკლასი და შოუ, თუ როგორ უნდა იმუშაოთ ქურასთან 4 ხელში. ყველაფერი ადგილზე მზადდება, თქვენ თვალწინ. პირველი კერძი კარპაჩოა. სპეციალურ კონტეინერში შენახულ ხორცს ოსტატურად ჭრიან თხელ გამჭვირვალე ნაჭრებად. ზემოდან მოასხამენ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთს, მოახეხავენ ყველ პარმეჯანს, ამატებენ ცოტა რუკოლას და მერე დგება მთავარი ინგრედიენტის დრო. მაესტრო ლუიჯი დიდი რუდუნებით ხსნის ქილას, სათუთად იღებს ტრუფელს, კერძს ამატებს და სტუმარს აწვდის. ინსტრუქციაც არ აყოვნებს: დაიცადეთ, ჯერ ცხვირით შეიგრძენით და შემდეგ დააგემოვნეთ. ტრუფელი საუცხოო სუნს აფრქვევს. ტყის მიწის სურნელი, მოხალული ნიგოზი, კენკრა, შემწვარი ხახვი. ყველაფერი ერთად საუცხოო მათრობელა არომატს ქმნის. „შავმა ბრილიანტმა“ გაიბრწყინა.

ამასობაში მეორე კერძიც წამოგეწევათ. რავიოლი ნაღებში გაზავებული ზამთრის ტრუფელით. აბრეშუმივით სლიკინა პასტა გულგრილს ვერ დაგტოვებთ. შამპანურის ჭიქები ისევ სავსეა. დაძაბულობა გადის, სავარძელი საშუალებას გაძლევთ მიტრიალდეთ და გვერდზე მჯდომს გამოესაუბროთ, სელფი გადაიღოთ ჩამავალი მზის ფონზე. შუშხუნა ღვინო მხიარულებას არ ანელებს. ქურასთან მზარეულები მუშაობას აგრძელებენ. ერთი ჭრის, მეორე ურევს, აგემოვნებს, ამატებს, ისევ აგემოვნებს, თეფშზე იღებს, აფორმებს. დესერტიც მზად არის ‒ მომწვარი ბეზე ხილითა და კენკრით, ქოქოსის სორბე მანგოსა და მარაკუას სოუსით. შეუდარებელი ფინალი და აპლოდისმენტები სუპერ შეფს.

მზე ჰორიზონტს უახლოვდება. სადილი ცაში სრულდება. ხმელეთზე ემოციებით დატვირთული ბრუნდებით და მხოლოდ ერთი კითხვა გიტრიალებთ თავში ‒ ნუთუ, კიდევ გაბედავთ და გაიმეორებთ?

image

JJD_1243

Dinner-in-the-sky-04

PRINT_Culinart_14_Page_031

Split-Home-II-2100x14001

Pierre-Wynants-Belgium

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com