ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ვდგავართ, უკანა ფშავში. უკვე ცივა და წითელ- ყვითელი ფოთლები ჯერ ბზრიალით ეშვებიან დაბლა, მერე კი ენერგიულად ხრაშუნობენ ფეხქვეშ. ნოდარ ტოხოსაშვილი, 25 წლის ფერმერი, მათვალიერებინებს მიწას, რომელიც ზამთრობით მარტო რჩება, წლის თბილ პერიოდში კი კარტოფილის, კიტრის, პომიდვრისა და სტაფილოს ნათესებითაა დაფარული. ამ ბიომეურნეობის ავტორი, 2015 წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფერმერად დაასახელა. ეკო-პროდუქტი ფშავის ბოლო, უმაღლესი წერტილიდან თბილისში სოციალური ქსელის საშუალებით ხვდება. მათ, ვინც საკვებს ეკოლოგიურობის ნიშნით ირჩევს, უკვე რამდენიმე წელია მიაგნეს ბიჭს, რომელსაც არასდროს არაფერი ეზარება და ეამაყება, როცა გლეხად მოიხსენიებენ.
ჰაერში დაჭერილი ინსპირაცია
„განსაკუთრებით ლამაზი აქ ეს სეზონია, შემოდგომის სუსხიანი დილა, ნისლიანი გათენება… გარეთ გამოხვალ და კრიალა ჰაერი ისეთი ძალით დაგეძგერება, მაშინვე გრძნობ ‒ კი, ნამდვილად ბუნება ბატონობს მთაში ადამიანზე.
ცოტა ხანში მოთოვს და ჩვენს სოფლამდე ამოსვლა შეუძლებელი გახდება. გზა მოიყინება და თითქმის ორი მეტრი სიმაღლის თოვლი მარტის ბოლომდე აღარ დადნება. ზამთარს მე და დედა ბარში ვატარებთ, დუშეთში. ჩვენთან ერთად რამდენიმე სხვა ოჯახიც ტოვებს გამოსაზამთრებლად სოფელს. სულ სამი ოჯახი რჩება ვაკის სოფელში. სანამ შვიდი წლის გავხდებოდი, ჩვენც სულ აქ ვიყავით. შუაფხოს სკოლა ჩემი სახლიდან 14 კილომეტრშია და პირველ კლასში არც მივლია, ამხელა გზაზე ფეხით ყოველდღე სიარული წარმოუდგენელი იყო. დედამ გამატარა პირველი კლასის პროგრამა, თვითონ მამეცადინებდა. მერე უკვე დუშეთში გადავედით საცხოვრებლად და იქ დავიწყე სკოლაში სიარული. სკოლის და გზის პრობლემა რომ არა, მთიდან ბარში, ალბათ, არც ჩამოვიდოდით. ყოველ წელს, გაზაფხულის ბოლოს, არდადეგები რომ დაიწყებოდა, სოფელში მოვდიოდით და მეურნეობას ვიწყებდით. შემოდგომაზე ისევ დუშეთში ვბრუნდებოდით და ჩვენი მოწეული
დოვლათი ჩაგვქონდა. ასე გავიდა წლები.
რამდენიმე წლის წინ გერმანიის სოფელში მოვხვდი პროგრამით. იქაურ ოჯახში ორი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი დაახლოებით 300-400 მოსახლე იყო სოფელში, იმდენად მოწესრიგებულ გარემოში, რომლის
მსგავსსაც ჩვენთან ვერცერთ რეგიონში ვერ ნახავ. იქ ბევრი რამ აწყობილია და ჩვენს სიტუაციას ვერც შეადარებ. ხელშეწყობა ძალიან დიდია. გლეხი მოსავალს რომ აიღებს, თავს იმაზე არ იმტვრევს, სად გაყიდოს ის, კოოპერატივს ან კერძო კომპანიას აბარებს. არავის უჭირს, აწყობილი და დალაგებული გარემო ეხმარებათ, რა თქმა უნდა, ბევრ რამეში. აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიებს და ფიზიკური შრომაც, თავისთავად, გაიოლებულია. იქ თავისუფლად შეიძლება რიგითი ფერმერი 100 000-ევროიან ტრაქტორზე იჯდეს. საკრედიტო სისტემაც განსხვავებულია, 30-წლიანი სესხი შეგიძლია უპრობლემოდ გამოიტანო. ეს ყველაფერი
კი, ბუნებრივია, კავშირშია ერთმანეთთან. პლუს, რომ ვაკვირდები, მთავარი მაინც შრომისმოყვარეობაა.
ეძებენ, არ ეზარებათ, თავს არ ზოგავენ. ისწავლე? წაიკითხე? თავში კი არ დაიტოვო, გააკეთე. როცა მათ წარმატების რეცეპტი ვკითხე, თავადაც ასე მითხრეს- შრომა, შრომა, უსასრულო შრომა!
გერმანიამ ცხოვრება სხვაგვარად დამანახა: გამართული სოფლების, აწყობილი აგროსექტორის, მშრომელი
ადამიანების ყურებამ დიდი მოტივაცია მომცა. წამოვედი და ვფიქრობდი, რატომ არ შეიძლება ისევე ვიცხოვროთ, როგორც იქ ცხოვრობენ?! დადგება თუ არა ჩვენთანაც ასეთი დღე? დიდხანს ვიყავი შთაბეჭდილებების ქვეშ. მერე მეურნეობა წამოვიწყე.
ფშავის მთებს მიღმა
დედაჩემს მშობლებისგან 3 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა ერგო, სადაც ყველანაირი ბოსტნეული მოგვყავს. მეფუტკრეობასაც მივდევთ, აქაური თაფლი დიდი მოწონებით სარგებლობს. მთაში ბიომრავალფეროვნებაა,
ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ნატურალური და მაღალი ხარისხის თაფლი გამოდის. მაგრამ მთავარი აქცენტი მესაქონლეობაზეა. საძოვრად ფერდობ ადგილებს ვიყენებთ. საქონელს ვქირაობთ, მაისის შუა რიცხვებიდან ამოგვყავს ბარიდან. ვინახავთ, ვუვლით, შემოდგომაზე კი უკან ვაბრუნებთ. წელს 15 მეწველი ძროხა გვყავდა. ეს დაახლოებით 110-115 ლიტრია დღეში. ნაშრომი შუაზე იყოფა: რძის პროდუქტების ნახევარი ჩვენია და ნახევარი მათი, ვისგანაც საქონელს ვქირაობთ. ყველი დედას ამოყავს, რეალიზება კი ჩემზეა. დაახლოებით 200 მუდმივი მომხმარებელი მყავს. ვიღაცამ გასინჯა, მეგობარს უთხრა, იმან სხვა მეგობარს და ასე გავრცელდა. როცა პროდუქცია მზადაა, ფეისბუკის გვერდზე ვპოსტავ და მსურველები მიკავშირდებიან. პირველად რომ ვცადე
ეს ფორმა, გამოხმაურება მოჰყვა, მერე უკვე გვერდი გავხსენი. 2-3 წელია ასე ვეწევი რეალიზაციას.
ზოგადად, ქალაქიდან სიშორე ართულებს მიწოდებას. ჩვენი სოფლიდან ავტობუსის გაჩერებამდე 15 კილომეტრია ფეხით სავალი, მერე დუშეთში ჩავდივარ, იქიდან ‒ უკვე თბილისში. დიდუბეში ვაბინავებ პროდუქციას და როცა მირეკავენ, ვაწვდი.
ლექციები 9 საათზე მეწყება, დავით აღმაშენებლის აკადემიაში ვსწავლობ, ხშირად ლექციებამდე ვხვდები ხოლმე ჩემს მომხმარებელს და სასურველ პროდუქტს ვაწვდი. ყველზე და ერბოზეა მუდმივი მოთხოვნა.
ფშაური დღე
დილის ექვს საათზე მაღვიძარა რეკავს და ვდგები. ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც დიდი ხალისით, მით უმეტეს, როცა წვიმს. ძროხებს ვწველი, მერე საბალახოდ ვუშვებ, ღუმელს ვანთებ, სადგომს ვასუფთავებ
და ვსაუზმობ. ბოსტანშიც სულაა რაღაც საქმე, გათოხვნა, დათესვა, ბალახის მოცილება. კითხვა მიყვარს ძალიან, მაგრამ ფშავში როცა ვარ, ხან მრჩება ამისთვის დრო, ხან ‒ არა. კარგი, საინტერესო მხატვრული ლიტერატურისა და სამეცნიერო სტატიების კითხვა მიყვარს ‒ რაღაცას რომ გაძლევს. საღამოს 9, მაქსიმუმ 10 საათზე ვიძინებ, სოფელში ელექტროენერგია არაა და გვიანობამდე ფილმის ყურების ან წიგნის კითხვის ფუფუნება არ გვაქვს.
საერთოდ, მაღალმთიან სოფლებში უამრავი პრობლემაა და თუ ამ ყველაფერთან უშუალო შეხება არ გაქვს, წარმოდგენა რთულია. აქ შრომობ იმისთვის, რომ გადარჩე; ელემენტარული საკვებისთვის იბრძვი და ამაზე შორს ვერ მიდიხარ. თან ფიზიკურად თუ არ იმუშავე, აქ სხვა ტიპის სამუშაო არაა. საჯარო სამსახურში ვერავინ დაგიძახებს, ამიტომ ძირითადი საქმიანობა ‒ სოფლის მეურნეობაა. ინფრასტრუქტურის, კავშირგაბმულობის სიტემის, ელექტროენერგიის არარსებობა, უგზოობა დღემდე გადაუჭრელ პრობლემებად რჩება, რაც მიგრაციაზე ლოგიკურ პასუხს იძლევა.
ცხოვრების სკოლა
ყველაზე დიდ ცოდნასაც და ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც საქმე გაძლევს. უნივერსიტეტში სწავლასა და რეალურ ცხოვრებას შორის ისეთი სხვაობაა, როგორიც ცასა და დედამიწას შორის. აკადემიური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა რაღაცას შენით ქმნი, ეს კიდევ სხვაა. მე, ალბათ, მონდომებასთან ერთად ჩემი ხასიათიც მეხმარება საქმეში. გახსნილობა და კომუნიკაბელურობა ყველა სფეროში მნიშვნელოვანია და, მით უმეტეს, ისეთი საქმიანობის დროს, როცა ადამიანებთან აქტიური ურთიერთობა გიხდება. რაც მთავარია, მომწონს რასაც ვაკეთებ, ჩემი გლეხობა მეამაყება. გარდა ამისა, სხვაზე არ ვარ დამოკიდებული და ეს ძალიან სასიამოვნოა! მართალია, ეს ყველაფერი ჯერ საწყის ეტაპზეა, მაგრამ მუდმივად ვფიქრობ იმაზე, როგორ აეწყოს ისე, რომ საქმეს სისტემატური ხასიათი მიეცეს. რეალურად დღეს ჩემს პროდუქტზე მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე მე შემიძლია უზრუნველვყო მიწოდება. გაფართოება მთავარი გეგმაა. თუ ასეთ სფეროში ხარ, ერთ ადგილზე ვერ გაჩერდები, ფიზიკურად არ გამოვა, ამიტომ სამომავლოდ მეც, ალბათ, ხან მთაში ვიქნები, ხან ბარში, თუმცა ცხოვრება საქართველოში მინდა. ეს ერთმნიშვნელოვნად!
ფიზიკური შრომა დიდია, თუმცა უკვე მეორე წელია ტრაქტორით ვამუშავებ მიწას და ეს დიდი შეღავათია. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელშეწყობით, სამთო მექანიზაციის ცენტრი გავხსენით ჩვენს სოფელში. ორი მაღალი ხარისხის ხელის ტრაქტორი, სათიბი, ბოსტნეულის სათესი და ამოსაღები გადმოგვეცა.
ზოგადად, მთავარია მოინდომო და არ დაგეზაროს, თორემ აბსოლუტურად ყველაფერია ინტერნეტში, რამაც ამ
სფეროში შეიძლება დაგაინტერესოს. ყველაფერზეა პასუხი, ფაქტობრივად, მთავარია ინტერესი გქონდეს. თვითგანვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. რაშიც დაიხარჯები, ის შედეგს აუცილებლად მოგცემს.
ჩემი ცხოვრებიდან, მაგალითად, სიგარეტი და ალკოჰოლი გამორიცხულია. რადგან ჯანსაღ პროდუქტს ვაწარმოებ, ვცდილობ თავადაც ამავე პრინციპს მივყვე. იმით ვიკვებები, რაც ჩვენთან მოდის. ზოგადად, საკვებს როგორც საწვავს, ისე ვუყურებ ‒ ძალა რომ მოგცეს საქმის საკეთებლად. რაც შეეხება იმას, რა მიყვარს განსაკუთრებულად ჩვენი კერძებიდან, ხინკალს, დამბალხაჭოს, ხაჭო-ერბოსა და შემწვარ კარტოფილს გამოვარჩევდი.
დღეს, ძალიან პრესტიჟულია ექსპორტი და ქართული პროდუქცია უცხოეთშიც დიდი მოწონებით სარგებლობს, მაგრამ მე, იქიდან გამომდინარე, რომ მცირე წარმოება მაქვს, მირჩევნია საქართველოში მოიხმარონ ჩემი პროდუქტი.
ოცნების მოტანილი რეალობა
მინდა, საქართველოში ეკოსოფლები განვითარდეს, სადაც მოსახლეობა უწყვეტად შეძლებს პროდუქციის წარმოებას, ტრანსპორტირებასა და გასაღებას. შეიძლება, ამ წუთას უტოპიურად ჟღერს, მაგრამ სრულიად რეალურია ამის ხელშეწყობა. საოჯახო სასტუმროები, აგროტურიზმი ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა, თუმცა ამ ყველაფერზე იქამდე ვერ ვისაუბრებთ, სანამ მთის სოფლებში დენისა და ინტერნეტის საკითხები არ მოგვარდება, გზები არ მოწესრიგდება. სხვანაირად აქ ვერც ადგილობრივ მოსახლეობას შეაკავებ და ვერც ტურისტს ამოიყვან. კარგი გზა იაფ ტრანსპორტირებას ნიშნავს, იაფი ტრანსპორტი კი მომხმარებლისთვის
პროდუქციის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. მე ჩემსას ვცდილობ, ჩემს აგურს ვდებ ამ საერთო საქმეში.
მეკითხებით, მეოცნებე ვარ თუ არა? ჩემი აზრით, თუ არ იოცნებე, იდეა არასდროს იქცევა რეალობად. ჯერ უნდა იოცნებო, მერე დაგეგმო და იმოქმედო.
შვეიცარიის ალპებში, სოფლებში წავიდოდი ყველაზე დიდი სიხარულით. შვედეთში, ნორვეგიაში, ფინეთში ვიმოგზაურებდი. ალბათ დადგება ეს დღეც. მიუღწეველი არაფერია, არავინ იცის, როგორი დილა გათენდება. დღეს თუ ჩავარდნა გაქვს, ხვალ შეიძლება იქ გაგიღიმოს ცხოვრებამ, სადაც არ ელოდები.