სოუსთა ჯადოქრებო, ცომეულთა მაესტროებო, დესერტთა ღმერთებო, მიშელინიანი რესტორნების შეფებო, შეფების ასისტენტებო და მათი ხელოვნების თაყვანისმცემლებო, უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე… მიყვარს ქუჩაში სიარული და იაფფასიანი საჭმელის ჭამა.
დამცინებთ – ამაში გამოსატეხი რა არის და ეს პათეტიკური შესავალი რაში გჭირდებოდაო. ერთი წუთით, არ მითხრათ, რომ არ აიბზუებთ ცხვირს მსუბუქი ზიზღით, თუკი დავაკონკრეტებ, რომ არად დაგიდევთ გულ მკერდზე ჩამოყრილ ფენოვანი ცომის ხეშხეშა ნამცეცებს, შაქრის პუდრის სქელ ფენად დაყრილ წინწკლებს, ოღონდ კი იმ წუთს ჩაკბეჩილმა ფენოვანმა ხაჭაპურმა ის გემო მაგრძნობინოს, რასაც ვეძებდი, ოღონდ კი, დარიჩინიანი ხვეულა ისეთივე მსუყე, ტკბილი და წებოვანი გამოდგეს, როგორიც მინდოდა.
მაშ ასე, გიმეორებთ – მქუხარე აპლოდისმენტები თქვენს მიგნებებს გემოებში, თქვენს შთამაგონებელ ექსპერიმენტებს სამზარეულოში, თქვენს თავბრუდამხვევ წარმატებებს გასტრონომიულ შოუბიზნესში, მაგრამ ჩემს ყოველდღიურობას ზოგჯერ თავგადასავლად სწორედ ქუჩაში ჭამა-ჭამით სიარული აქცევს.
მეც არ ვიცი და ვცდილობ ავხსნა, იქნებ, ეს უბრალოდ ჩვევაა, ფრჩხილების კვნეტასავით უსარგებლო ჩვევა, რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე „ავიკიდე“?
გადავხედოთ საკვანძო მომენტებს ჩემს ბიოგრაფიაში:
მომწონდა? დიახ, ძალიან მომწონდა ჩემი სკოლის წინ, მიწისპირზე გახსნილ სანამცხვრეში, გაკვეთილების მერე ჩარბენა და ფაფუკი ეკლერის, ან ალუბლის ტორტის ნაჭრის ყიდვა რამდენიმე ათას კუპონად; შეიძლება რამდენიმე ასეულ რუბლადაც – ზუსტად არ მახსოვს, რადგან მე, ზოგადად, მებუფეტე ეთერის კლიენტთა თაობა ვარ – 20 კაპიკად შეძენილი კატლეტიანი პურის, ენის და კორჟიკის თაობა. ჰოდა, ამ პურისგან მოზელილი და პურის ნაჭერზე დადებული კატლეტივით ერთგვაროვან და „კერასინკით“ გამთბარ ყოველდღიურობაში, ნამდვილი თავგადასავალი იყო ეკლერის ხრაშუნა გარეკანის ჩაკბეჩვა, ენის რეცეპტორებით იქიდან გადმოღვრილი მძიმე, ტკბილი, ვანილიანი კრემის შეგრძნება, რომელსაც მომენტალურად ეზავებოდა შოკოლადის ინტენსიური აქცენტი. სახლისკენ ნამცხვრის კბეჩვით სვლა იყო თამაში გარემოსთან – იმ ყველაფრის დემონსტრირება, რაც კლასელების გავლენით თუ გულწრფელი ოცნებებით მინდოდა, მქონოდა და არ მქონდა: შეყვარებულს დაარქმევ, აგარაკზე კლასელებთან ერთად წასვლას, ახალ ფეხსაცმელს თუ მაგარ ზურგჩანთას. ყოფილა დღეები, როცა სწორედ ეს ეკლერი იყო ყველაზე საინტერესო „გემო“ ჩემს ცხოვრებაში.
იმავე წლებში, ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად, ე.წ. პროფკავშირების სახლში სამეჯლისო ცეკვებზე დავიწყე სიარული. ეს ნიშნავდა მკაცრი მამის და თვითცენზურის გარეშე პირველად ჩაცმულ აჟურულ კალგოტკებს, მინი-კაბას, ბოსა-ნოვას რიტმებზე თეძოების რხევას, თან გამომწვევად (მაშინ ასე მეგონა) და – რაც ყველაზე საამაყო იყო – დიდ მანძილზე ქუჩაში პირველად მარტო გასვლას. უკვე შებნელებულზე ვბრუნდებოდით ხოლმე მეტრო „დელისიდან“. სპეციალურად ჩამოვხტებოდით გამომცემლობასთან (მაშინ ასე ერქვა), ჯერ კიდევ ღია საფუნთუშეს ფანჯარაში გადავაწოდებით 15-კაპიკიანებს და უკან გვიბრუნებდნენ სქელი ქაღალდის პარკებში ჩაყრილ პუდრამოყრილ კრემიან „პონჩიკებს“.
ვიდრე ბელინსკის აღმართს ავივლიდით, ქაღალდის პარკებს საგრძნობლად ნამავდა ზეთიანი `პონჩიკების~ სიმხურვალე, მაგრამ ვინ დაეძებდა, ძალიან უხდებოდა სახლიდან პირველად მარტო გასვლას, მამის კონტროლის გარეშე, რაღაცების გაბედვას და ზოგადად სამბა-მამბო-რუმბა-ჩა-ჩა-ჩას რიტმებს პირში ჩამდნარი ცხელი კრემისა და ზეთში დაბრაწული ცომის დაყოლება. „პონჩიკი“ იყო საბოლოო ბეჭედი ჩვენს უცენზურო საღამოებზე.
რამდენიმე წლის შემდეგ, თსუ-ს მეექვსე – ჟურნალისტების კორპუსის მიმდებარედ, ავტობუსის გაჩერებისკენ რომ გავივლიდი, მე თვითონ არ მომწონდა, კაფედ გადაკეთებულ გარაჟში ხაჭაპურის რიგში ჩამდგარი ღარიბი სტუდენტების ცქერა, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ის თაობა ვიყავით, რომელიც მასობრივად „აბარებდა“ იურიდიულსა და საერთაშორისო ურთიერთობებზე; არ ჰქონდა ინტერნეტი; სწავლის პარალელურად, კაფეში ოფიციანტად მუშაობა კი გოიმობა ეგონა. შესაბამისად, დედ-მამისგან დილაობით დატოვებული ფულის ოდენობა განსაზღვრავდა, როგორ გავატარებდით იმ დღეს. ჰოდა, აბა, ყოველდღე სად იყო იმდენი, შევსულიყავით „ექსცესში“ – პიცაზე (ახლა მეცინება, თორემ მაშინ ძალიანაც ვაფასებდი მათ მაიონეზ მოსხმულ პიცას, ძეხვი „საექიმოს“ ნაჭრები რომ ეწყო თავზე), ანდა „სელსებილში“ – ცხიმში მოტივტივე ბახლავებზე. ჰოდა, ეტყობა ასე შევეჩვიე ფენოვანი ხაჭაპურის გემოს; ანუ „ბომჟური სტუდენტობის“ სიმბოლოს. ოღონდ, ეს „ბომჟობა“ სინამდვილეში ჩვენი არჩევანიც იყო, რადგან ასე ცხოვრება ცოტათი მოგვწონდა კიდეც. ბოლო მოგონება და მგონი, აღსარებაც სრულდება – რამდენიმე ხნის წინ, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, ვაშინგტონში დაბრუნებულმა, ფრჩხილების კვნეტაზე უარესი უსაქციელობა ჩავიდინე: ჩამოვდექი მექსიკური სწრაფი კვების დახლთან და მონატრებული ბურიტო შევაფუთინე ფოლგის ქაღალდში, გამოვედი და ჭამა-ჭამით, სულ ღიმილით ვიარე ქუჩებში. ასე მივესალმე ქალაქს, ადამიანებს, ყოველდღიურობას, რიტმს და მასშტაბებს, რომელიც ძალიან მიყვარს.
…ნებისმიერ სვლას ნებისმიერ გარემოში – ხალხით გადაჭედილ ქუჩასა თუ უკაცრიელ ბუნებაში – დამიჯერეთ, უფრო ინტენსიურს ხდით, თუკი, თან ჭამთ. მე განწყობით დამკვირვებელი ვარ, არა მოქმედი პირი, არა ქვემდებარე, არამედ ჩუმად, თავისთვის დამკვირვებელი ტიპი; მინდა არ მინდა, უწყვეტად ყველაფერს ვაკვირდები და ვიმახსოვრებ, განსაკუთრებით მიყვარს ამის კეთება სწრაფად სიარულისას. მივდივარ და უკან მოტოვებულ პალტოს კიდეებს, თმის ფერს, გამოხედვას, თონიდან ამოსული ლავაშის სურნელს, პომადის კონტურს, თითების სიგრძეს, ავტობუსის ნომერს, ხურდის ჩხრიალს, ვიტრინის აბრას და წარწერას ვიმახსოვრებ და ვივიწყებ. რაც უფრო სწრაფად მივდივარ, მით უფრო აჩქარებული კადრებითაა სავსე ჩემი „კინოც“; და რაც უფრო გემრიელად ვილუკმები ამ დროს, მით უფრო ღრმად შევდივარ დასაკვირვებელი ობიექტის – ქუჩისა თუ ხეობის – ყველაზე ინტიმურ შრეებში. გარემოსთან, ჩემი მშვიდობისმოყვარეობის დამადასტურებელი საბუთი – მე ლუკმას ვიყოფ შენთან, ესე იგი, ავი ზრახვები არ მაქვს, მინდა მხოლოდ გაგიცნო.ალბათ, დამიჯერებთ, ქუჩაში ჭამა – ესაა გარემოს შეგრძნებისათვის საჭირო ყველაზე გემრიელი ინსტრუმენტიც. თუ ქალაქების, ახალი კულტურების და მისი დაფარული შრეების კვლევა და შესწავლა გიყვართ, თუ გსურთ, ტურისტული ღირსშესანიშნაობების მიღმა გაიხედოთ, იყიდეთ ქუჩის საკვები, იარეთ და ჭამეთ. მაგალითად, შეიარაღდით ჰოთდოგით და ჭამასვლით გაიცანით ნიუ-იორკი, შეიარაღდით შაურმით და შეესიეთ სტამბოლის ქუჩაბანდებს. დიდო შეფებო, თქვენ კი ნუ მიწყენთ, მაგრამ ამ დროს შეიძლება ქუჩაში მიმოფანტული გასტრონომიული მარგალიტებიც კი აღმოაჩინოთ.
გარდა ამისა, დაუფიქრდით საკუთარ ბიოგრაფიასაც – იქნებ ჩემსავით, ამა თუ იმ კერძით, თქვენც დაასათაუროთ საკვანძო მომენტები თქვენი ცხოვრებიდან. მაგალითად: „ეკლერის წლები“; „ფენოვანი ხაჭაპურიდან – ბურიტომდე“ – და ასე შემდეგ. ერთგვარი გასტრონომიული მემუარები. თამაშია. გახალისდებით.
P.S არის ასეთი ყოველკვარტლური გამოცემა Lucky Peach, როგორც თვითონ უწოდებენ თავის თავს – ჟურნალი წერისა და კვების შესახებ. მისი ყოველი ნომერი ერთ კონკრეტულ თემას ეძღვნება. მიმდინარე ნომერში კი, თურმე ესსეებით, ნახატებით, ფოტოებით და რეცეპტებით, სწორედ ის თემაა გამოკვლეული, რასაც პირადი ფსიქოგეოგრაფიით მე შევეხე – ქუჩის საკვები და კვება ქუჩაში. როგორც ნომრის ანოტაციაში წერია, ჟურნალის ავტორები, დამშეულები, შესევიან ბუენოს აირესის, მეხიკო სიტის, მუმბაის, ჩიანგ მეის, კოპენჰაგენის თუ ლოს-ანჯელესის ქუჩებს. შედეგი – ჟურნალშია. ჟურნალი არ წამიკითხავს, რადგან ძალიან ელიტური და ექსკლუზიური რამეა – ონლაინ არაფერს ტვირთავენ, მხოლოდ „ამაზონით“ შეგიძლია გამოიწერო, თუმცა, რატომღაც დარწმუნებული ვარ, Lucky peach-ის ავტორებიც მე მგვანან.