Surreal, but nice!

კ ე ნ კ რ ი ს გ ა ლ ე ტ ი

galeti

ზაფხული. მზე. ცხელი ჰაერის ლივლივი. წვნიანი, მწიფე ხილის გემო ‒ ტკბილი და თან ცოტა სიმჟავე შერეული. ამ გალეტში ყველაფერია მოქცეული. თხელი, ხრაშუნა ცომი იმდენ არომატს იტევს, შეუძლებელია ჭამდე და ბედნიერებისგან მოგვრილი ტალღები არ გივლიდეს მთელ სხეულში.

სოფელში, ჩვენი სახლის ეზოში ყოველ ზაფხულს მწიფობდა უგემრიელესი ჟოლო, მოცხარი, ალუბალი, მარწყვი, ქლიავი, გარგარი, ატამი (მერე როგორი სურნელოვანი, წვნიანი და ტკბილი!)… დედაჩემი დილით ადრე კრეფდა და მოჰქონდა. მე ვაცხობდი რამე გემრიელს, ვაკეთებდი ცივ ყინულოვან ლიმონათებს, ვეპატიჟებოდით მეზობელ ქალებს, მთელი დღით ეზოებში გავარდნილ, მზემოკიდებულ, ჟრიამულა, ბედნიერ ბავშვებს, ვლაპარაკობდით ყველაფერზე და არაფერზე. დღეები გადიოდა ნელა, თითქმის ერთფეროვნად, ზოგჯერ არც თუ საინტერესოდ… და მაინც, რაღაცნაირად სიურეალისტურად სასიამოვნოდ. ხომ გახსოვთ Notting Hill? დარწმუნებული ვარ გახსოვთ ‒ სიურეალისტური, მაგრამ სასიამოვნო!

ჩემი ფავორიტი შერეული კენკრის გალეტია: ჟოლო, მოცვი, ცოტაოდენი მაყვალი და მარწყვი. თითოეული მათგანი, ცალკე ან შერეულად, იდეალურია ამ რეცეპტისთვის. ამათ გარდა, ნებისმიერი სხვა სასურველი ხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ გალეტის მოსამზადებლად.

გალეტი საკმაოდ სწრაფად მზადდება. არ შეიცავს ბევრ შაქარს, მსუბუქია, ჯერ კიდევ თბილს ვანილის ნაყინის ბურთულა დაამატეთ თეფშზე და დღის საუკეთესო კულინარის პრიზი თქვენს ხელთაა!

ამ გალეტის გამოცხობა ნებისმიერ სეზონზე შეიძლება, თუ კი საყინულეში გაყინული კენკრა გვეგულება.

გემრიელად მიირთვით და იფიქრეთ ზაფხულის ბედნიერ მზიან დღეებზე! 🙂

ცომი
* 200 გ. ფქვილი
* 2 ს.კ არაჟანი
* 100 გ. დარბილებული კარაქი
* ½ ჩ.კ მარილი
* 1 ს.კ შაქარი
* 2 ს.კ ცივი წყალი

შიგთავსი
* 300-400 გ. ცოცხალი ან გაყინული კენკრა (ფოტოზე: მარწყვი, მოცვი, ჟოლო და მაყვალი)
* 2-2.5 ჩ.კ სახამებელი
* 2-3 ს.კ შაქარი
* 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი (ან ვანილიანი შაქარი 1 პაკეტი)
* 1 ს.კ რომი (სურვილით)
* კვერცხი წასასმელად
* ნუში
* დარიჩინი (სურვილით)

მომზადების წესი
ფქვილი, შაქარი და მარილი შევურიოთ, დავამატოთ ცივი კარაქი და ავსრისოთ. შემდეგ დავამატოთ არაჟანი და წყალი. კარგად ავურიოთ. მივიღებთ ადვილად სამუშაო, არაწებოვან ცომს. მიღებული ცომი პირდაპირ პერგამენტის ქაღალდზე გავაბრტყელოთ დაახლ. 3 მმ-ზე და ისე გადავიტანოთ ტაფაზე. ცენტრი, სადაც ხილი უნდა დავალაგოთ, ჩანგლით დავჩხვლიტოთ.

ხილს შევურიოთ სახამებელი, შაქარი, რომი და ვანილი. გადავიტანოთ ცომზე. გადმოვკეცოთ ცომის ნაპირები. გადავუსვათ კვერცხი, მოვაყაროთ ცომის ნაპირებს დარიჩინი (თუ არ გიყვართ გამოტოვეთ) და შემდეგ ნუში. გამოვაცხოთ დაახლოებით 200 გრადუსზე, სანამ ოქროსფრად არ მოიბრაწება. თუ ღუმელი ზემოდან
უფრო სწრაფად აცხობს, ვიდრე ძირი გამოუცხვება, შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დააყენეთ (180 გრადუსზე).

ავტორი : ნინო ჯანანაშვილი

ფუდბლოგერი: www.ratatui.ge

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com