Food Test

DSC_72252

გაჩა ბაქრაძე & ლიკა რიგვავა

მუსიკოსი, დიჯეი და პროდიუსერი გაჩა ბაქრაძე და აბიტურიენტი ლიკა რიგვავა, რომელიც ორი
წელია სამოდელო სფეროში მოღვაწეობს, 7 თვეა ერთად ცხოვრობენ. კარგად იცნობენ ერთმანეთის გემოვნებას და საკმაოდ საინტერესო კულინარიულ ექსპერიმენტებს ატარებენ.

DSC_8138

პირველად შევხვდით…

ლიკა: კაფეში. გაგვაცნეს ერთმანეთი. ხანმოკლე კონტაქტი, განსაკუთრებული არაფერი.
მეორე შეხვედრა „ეზოში“… სასაცილო სიტუაცია იყო. ტაქსიდან გადმოვდივარ და ვხედავ ჭიშკარზე ხელებით ჩამოკიდებულ ნასვამ გაჩას. როგორც ჩანს მეგობრები ჩამოსვლას თხოვდნენ და არ ჩამოდიოდა. დამინახა, ჩამოვიდა ჭიშკრიდან და… დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

გაჩა: ადრე უფრო მიყვარდა ალკოჰოლის მიღება. მეგობრების წრეში, რა თქმა უნდა, ხუმრობით სისულელეებსაც ვჩადიოდი ხოლმე… როგორც იმ დღეს ჭიშკარზე ჩამოკიდება. მახსოვს ის მომენტი, ლიკა ტაქსიდან გადმოვიდა და მე რომ დავწყნარდი.

პროდუქტი, რომელიც სიყვარულს ჰგავს…

გაჩა: ტყემალი.
ლიკა: საზამთრო.
გაჩა: როგოც წესი, ლიკას ტყემალი ისეთ დროს უნდება, როცა ტყემლის სეზონი არ არის ხოლმე. (ხიდან მოწყვეტილ ტყემლის ნაყოფზეა საუბარი და არა ტყემლის საწებელზე) ამიტომ მაქვს სიყვარულის ასოციაცია.

ლიკას საყვარელი კერძი?

გაჩა: პიცა.
ლიკა: პიცა მართლაც ძალიან მიყვარს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც რამდენადაც დანაყრებული არ უნდა ვიყო, მაინც შემიძლია მივირთვა. ძალიან მიყვარს ნებისმიერი სახის მაკარონიც.

გაჩას საყვარელი კერძი?

ლიკა: გაჩა ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ ყველაზე მეტად უყვარს ყველი. ყველაფერთან ერთად შეუძლია ყველის ჭამა. საოცარ კომბინაციებს ქმნის. ისეთს, როგორსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, ადამიანს ყველთან ერთად რომ შეეძლო ეჭამა.

გაჩა: როგორც სხვები პურს ატანენ კერძს, მე პურის მაგივრად ყველს მივირთმევ. სხვათა შორის, აღმოვაჩინეთ ძალიან კარგი მაღაზია, სადაც ქართული ყველის მრავალფეროვანი არჩევანია. ხშირად დავდივართ და ვყიდულობთ იქ უგემრიელეს ყველს, განსაკუთრებით როზმარინით მომწონს.

სახლში მომზადებული კერძები…

გაჩა: გვიყვარს როცა ერთად ვამზადებთ, შეიძლება მე ბოსტნეული გავრეცხო, ლიკამ კერძი მოამზადოს.

ლიკა: ვცდილობთ გადავინაწილოთ ხოლმე საქმე, თუმცა გაჩას ყველაფრის თავად კეთება უყვარს და ხანდახან ისეც ხდება, რომ ერთად დაწყებულ საქმეს საბოლოოდ გაჩა იგდებს ხელში და მაინც ყველაფერს ის აკეთებს. ხშირად ჩვენ თვითონ ვიგონებთ კერძებს. არ ვიყენებთ არსებულ რეცეპტებს, ვრთავთ ფანტაზიას და იმპროვიზაციას.

საყვარელი დესერტი…

ლიკა: გაჩას საყვარელი დესერტია ეკლერი.

გაჩა: ეკლერი, მართლაც, ძალიან მიყვარს, ასევე მიყვარს „დროპსი“. ლიკა იშვიათად ჭამს ტკბილს, მხოლოდ შოკოლადი თუ მოუნდება.

ლიკა: მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ტკბილეული, მაქვს სურვილი ვცადო ნამცხვრების გამოცხობა. საკმაოდ კარგი ხელი მაქვს და მგონია, რომ კარგი გამომივა.

Culinart_N13_PRINT_Page_064

საუკეთესო კულინარი…

გაჩა: დედაჩემი არის ჩემთვის საუკეთესო კულინარი.

ლიკა: ჩემთვის ორივე ბებია. ერთი მათგანი პროფესიით შეფმზარეულია, მეორე კი უბრალოდ მოყვარული, თუმცა ისიც საუკეთესო კერძებს ამზადებს. ეს ალბათ განპირობებულია იმითაც, რომ დასავლეთში ცხოვრობს და იქაურ პროდუქტს განსხვავებული გემო აქვს.

რომ არა არჩეული პროფესიები, იფიქრებდით მზარეულის პროფესიაზე?

ლიკა: არ მიფიქრია, თუმცა შეიძლება გამოსულიყო ჩემგან პროფესიონალი კულინარი. მგონია, რომ ეს ნიჭი გენეტიკურად მომსდევს. არ არსებობს რაიმეს გაკეთება ვცადო და გემრიელი არ გამოვიდეს. ერთადერთი, რაც ჯერ-ჯერობით კარგად არ გამომდის, ხაჭაპურია. ბებიისგან ვისწავლე ხაჭაპურის გამოცხობა. რამდენჯერმე ვცადე ბებიასთან ერთად და ვფიქრობ, როცა დამოუკიდებლად გამოვაცხობ, უკეთესი გამომივა. სხვასთან ერთად უფრო რთულია.

გაჩა: მინდა საკუთარი რესტორანი ან კაფე გვქონდეს. ჩანაფიქრიც გვაქვს. გავაკეთოთ ისეთი რესტორანი, სადაც
იქნება როგორც სტანდარტული მენიუ, ისე ჩვენი შექმნილი განსაკუთრებული კერძები. ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი.

ის, რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს…

ლიკა: ღორის ხორცი.

გაჩა: გუდის ყველი. ყველისადმი დიდი სიყვარულის მიუხედავად, გუდის ყველი არასოდეს მომინდება. განსაკუთრებით მთაში გაკეთებული, რომელსაც განსაკუთრებულად სპეციფიური სუნი აქვს. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ბავშვობიდან მაქვს ჩარჩენილი და მას მერე აღარც გამისინჯავს. შეიძლება ეხლა თავიდან დავაგემოვნო და დავრწმუნდე მართლა არ მიყვარს თუ ეს მხოლოდ ბავშვობიდან გამოყოლილი გრძნობაა.

რასაც არასდროს გავსინჯავ…

ლიკა: კუჭმაჭი.

გაჩა: არ მახსენდება ისეთი რამ, კატეგორიულად რომ არ გავსინჯავდი.

საყვარელი უცხოური სამზარეულო…

გაჩა: ფრანგული, აზიური ‒ იაპონური.

ლიკა: ნახევარი წელი ვცხოვრობდი შანხაიში და ძალიან მომწონს აზიური სამზარეულო, საკმაოდ მრავალფეროვანია.

გაჩა: მე პარიზში ვცხოვრობდი. ჩემი საყვარელი ადგილი იქ ბასკური რესტორანი იყო. ბასკური სამზარეულო ძალიან ჰგავს ქართულს, არის საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო. კერძები საკმაოდ დიდი ულუფებით მოაქვთ და ყველაფერი უგემრიელესია.

საუზმე…

გაჩა: მე დილით მოხარშული თოხლო კვერცხი მიყვარს.

ლიკა: ჩემი საუზმეა ყავა. არ მიყვარს დილით ჭამა, ვიღებ მხოლოდ წყალს და ყავას.

სახლში სადილის/ვახშმის ტრადიცია…

გაჩა: დღის განმავლობაში ძირითადად გარეთ გვიწევს ყოფნა და შესაბამისად უფრო კაფეებში მივირთმევთ, თუმცა ვცდილობთ, საღამოსთვის შევიძინოთ საჭირო პროდუქტი და ჩვენით მოვამზადოთ ვახშამი.

ლიკა: ეს, ალბათ ერთად რაიმეს კეთების სურვილით არის გამოწვეული.

ჩაი თუ ყავა?

გაჩა: ორივე, თუმცა უფრო ხშირად ყავას ვსვამ.

ლიკა: ყავა. ძალიან იშვიათად მინდება ჩაი, რადგან აზიაში იმდენად განსხვავებული არომატის ჩაი დავაგემოვნე, რომ აქაურის გემოს ვეღარ ვატან.

ხორცი თუ ბოსტნეული?

გაჩა: ალბათ ორივე. ძალიან მიყვარს სალათებიც და ხორცსაც სიამოვნებით ვჭამ, თუმცა არც იმ კატეგორიას მივეკუთვნები ხორცის გარეშე რომ ვერ ნაყრდებიან. ძალიან მიყვარს „რუმსის“ ბურგერი, ხშირად მინდება განსაკუთრებულად.

ლიკა: უფრო ბოსტნეული. ერთადერთი ხორცეული რომელიც მიყვარს, ქათმის ხორცია. 

გემო, რომელიც არ მავიწყდება…

ლიკა: დასავლეთში ჩემი მეზობლის მომზადებული სალათის გემო და სურნელი არასოდეს დამავიწყდება. მგონია, რომ ყველაზე ოსტატურად ჭრიდა და გემრიელად ამზადებდა კიტრისა და პომიდვრის სალათს. თითქოს განსაკუთრებული არაფერი ჭირდება, მაგრამ მის მომზადებულს სულ სხვა გემო ჰქონდა. დღემდე არასოდეს გამისინჯავს მსგავსი.

გაჩა: მე საკმაოდ ცუდი მეხსიერება მაქვს და ბავშვობისდროინდელი გამორჩეული გემო არ მახსოვს, თუმცა ახლო წარსულიდან ლიკას მომზადებული კერძი არ მავიწყდება: გამომცხვარი ქათმის ფილე მეგრული სუნელებით, სტაფილოთი და ყველით. ძალიან გემრიელი გამოვიდა და ამიტომაც მახსოვს სულ. 

საყვარელი ადგილი თბილისში, სადაც ყველაზე გემრიელად მიირთმევთ…

გაჩა: „ტარტინი“, „ეზო“ და „რუმსი“. „რუმსის“ ბურგერი!

ლიკა: ძირითადად „ტარტინში“ და „ეზოში“ დავდივართ, თუმცა გამოვყოფდი „კაფე გალერის“ სამზარეულოს. იდეალური სამზარეულოა, ყოველთვის, როცა ახალ კერძს ვუკვეთავ, დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად გემრიელი იქნება და არასოდეს გამცრუებია იმედი. ეჭვი მაქვს, მეგრელი მზარეული ჰყავთ.

ლიკამ თავისი შექმნილი კერძის რეცეპტი გაგვიმხილა:

ინგრედიენტები:
• ქათმის ფილე
• სტაფილო
• მეგრული სუნელები
• ქინძი
• ყველი (გემოვნებით)

მომზადების წესი:
ქათმის ფილეს გავჭრით შუაზე, ჩავდებთ შიგნით გახეხილ სტაფილოს, ქინძს, მეგრულ სუნელებს და თხლად დაჭრილ ყველის ფირფიტებს. ვაცხობთ დაახლოებით 15-20 წუთი.

DSC_8040

ფოტო: ირა კურმაევა, ანა ყაჭეიშვილი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com