ცოტა რამ შოკოლადზე…
ვერასოდეს გავუგებ ადამიანებს, რომლებიც შოკოლადის მიმართ გულგრილნი არიან, ბევრნი არ უნდა იყვნენ დედამიწის ზურგზე, მაგრამ მაინც მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ეს მაგიური სიტყვა მათზე არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს.
რომ მომესაჯოს მთელი ცხოვრება ერთი პროდუქტის ჭამა, ვთქვათ, სადმე უკაცრიელ კუნძულზე, შოკოლადს წავიღებდი, ბევრს, შავს და კონცენტრირებულს. აი ისეთს, შენი გემოვნების რეცეპტორები რომ ვერ გარკვეულან, ტკბილია თუ მწარე ის, რაც ენაზე გადნება და აღუწერელ ენერგიად და სითბოდ გეღვრება სხეულში. რომელი ნექტარი ან ამბროზია შეედრება მას. `ღმერთების საკვები სწორედ შოკოლადს უნდა ერქვას.
თუ თქვენც მისი ფანკლუბის წევრი ხართ, ხშირად ამზადებთ დესერტებს მისგან, ვფიქრობ, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ საკონდიტრო ხელობის დასახვეწად:
უშაქრო კაკაოს ფხვნილს კონდიტერები ხშირად იყენებენ, 1 ჩაის კოვზ კაკაოს 2 ჩაის კოვზი შაქარი უნდა დაუმატოთ, თუ არჩევანს მის სასრგებლოდ გააკეთებთ.
შოკოლადი 90% კაკაოს შემცველობით – ეს საკმაოდ მწარე შოკოლადია, შესაძლებელია მისი გამოყენება საკონდიტრო დანიშნულებით, მაგრამ კაკაოს მსაგავსად შაქრის დამატებას საჭიროებს. იდეალური საკონდიტრო შოკოლადი 50-70% კაკაოს უნდა შეიცავდეს, ის ადვილი გასალღვობია, ნებისმიერი დესერტისთვის გამოგადგებათ.
რძიანი შოკოლადი ბევრისთვის საყვარელი დესერტია, ის ზემოთ ჩამოთვლილ შოკოლადებთან შედარებით ყველაზე მეტად ცხიმიანი და ტკბილია, ხშირად გამოიყენება დესერტებში, მაგრამ ფრთხილად იყავით მისი გალღვობისას, შაქრის მაღალი შემცველობის გამო ის ადვილად კრისტალიზდება.
თეთრი შოკოლადი კი კაკაოს მარცვლიდან მხოლოდ კაკაოს ცხიმს შეიცავს, შაქართან და რძესთან ერთად, ამის გამო რთულად დასამუშავებელია და მალევე იწყებს კრისტალიზებას. თუ მას აირჩევთ, შეიძინეთ ყველაზე მაღალი ხარისხის. ორი დესერტი, რომელთა რეცეპტებსაც ქვემოთ იხილავთ, გულგრილს არავის დატოვებს, მოამზადეთ და ისიამოვნეთ, შოკოლადის მოყვარულებო.
მინი ტარტები
შოკოლადით
მოიმარაგეთ
ცომისათვის:
* 100 გრ კარაქი
* 200 გრ ფქვილი
* 1 ს.კ შაქარი
* 2 კვერცხის გული
კრემისათვის:
* 150 გრ შოკოლადი (50-70%)
* 150 მლ 20-22 % ნაღები
* 20 გრ კარაქი
* მწიკვი მარილი
* ალუბალი, დათლილი ნუში ან დატეხილი ნიგოზი
როგორ მოვამზადოთ
ოდნავ შერბილებული კარაქი, შაქარი და ფქვილი ხელით დაამუშავეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა, დაუმატეთ მსუბუქად ათქვეფილი 2 კვერცხის გული და მოზილეთ ცომი. თუ ცომი არ შეიკრა, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ს.კ რძე ან წყალი. გაახვიეთ ცომი საკვების შესაფუთ პარკში და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ცომი გაყავით 8 ნაწილად, გააბრტყელეთ და ჩადეთ ტარტის ფორმებში, ძირი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, აცხვეთ 10-12 წუთი. (თუ თქვენ ტარტალეტის პატარა ფორმებში აცხობთ, ცომი ალბათ 10-12 ნაწილად უნდა დაყოთ).
სანამ ტარტები ცხვება, ქვაბში გააცხელეთ ნაღები, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით. ცხელ ნაღებში ჩაყარეთ დატეხილი შოკოლადი და ურიეთ განუწყვეტლივ, სანამ შოკოლადი არ დადნება და ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ მარილი და კარაქი, ურიეთ კარაქის სრულ გალღვობამდე და დადგით გასაგრილებლად.
როდესაც ტარტები გაგრილდება, გადაანაწილეთ შოკოლადის კრემი, ჩააწყვეთ კურკაგამოცლილი ალუბალი, მორთეთ ნუშით ან ნიგვზით. მირთმევამდე სასურველია გააგრილოთ მაცივარში.
შოკოლადის მადლენები
მასალა:
* 100 გრ კარაქი
* 100 გრ შაქარი
* 3 კვერცხი
* 125 გრ ფქვილი
* 3 ჩ.კ კაკაო
* 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი
* 1ს.კ თაფლი
როგორ მოვამზადოთ
დაადნეთ კარაქი, შეაგრილეთ.
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, სასურველია მიქსერით. დაუმატეთ ერთმანეთში არეული ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, მორევა გააგრძელეთ ხელის სათქვეფით. შეურიეთ კარაქი და თაფლი. როგორც კი ინგრედიენტები ერთმანეთს შეერევა, შეწყვიტეთ თქვეფა. ჯამს გადააკარით საკვების შესაფუთი პარკი და შეინახეთ მაცივარში 1 საათით. გამოცხობის წინ ცომს კიდევ ერთხელ ამოურიეთ. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მადლენების ფორმას ფუნჯით წაუსვით დამდნარი კარაქი, ჩაასხით ცომი, შეავსეთ ფორმის 3/4, აცხვეთ 15-20 წუთი მზადყოფნამდე. ამ რაოდენობის ცომით 22-24 ცალი ნამცხვარი გამოგივათ
ფოტო: ნინო მეგრელიძე