კაცები ზრუნავენ / ალექსანდრე ლორთქიფანიძე

1_1

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

„ალბათ, ცოტა ამბიციურად გამომივა, მაგრამ ვთვლი, რომ საკმაოდ მზრუნველი ვარ და არამარტო მეგობრებისა და ახლობლების მიმართ. ზოგადად, ადამიანები მიყვარს და, თუ რამე შემიძლია, ძალ-ღონეს არ ვიშურებ ხოლმე. მზრუნელობა ჩემთვის ‒ ესაა მცდელობა ‒ შენ გვერდით მყოფ ადამიანებს ტვირთი შეუმსუბუქო და ცხოვრება გაუხალისო. ამაში ფიზიკურთან ერთად მორალურ, ფსიქოლოგიურ თანადგომასაც ვგულისხმობ. ეს გამოიხატება გვერდში დგომით არამარტო მაშინ, როცა ახლობლები თვითონ გთხოვენ დახმარებას, არამედ მაშინაც, როცა თვითონ ატყობ, რომ სჭირდები.

მეც და ჩემი მეუღლეც ძალიან დაკავებულები ვართ და ცოტა დრო გვაქვს ერთმანეთისთვისაც კი. რომელსაც სცალია, ის აკეთებს ჩვენთან სახლის საქმეს, დალაგება იქნება, საყიდლებზე წასვლა თუ სხვა რამ. ამაში სათაკილო არაფერია. ჩემთვის არანაირი საყოფაცხოვრებო საქმე არაა პრობლემა, ერთადერთი დაუთოება არ ვიცი, დანარჩენი ყველაფერი გამომდის. ოჯახის პროდუქტით მომარაგებაზე ყოველთვის მე ვზრუნავ, დანარჩენს ვინაწილებთ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ საოჯახო საქმე ჩემი ჰობი ან გატაცებაა, მაგრამ ვინაიდან ყოფის გარდაუვალი ნაწილია, ვცდილობ სახალისო ელემენტები ვიპოვო ამ პროცესში, რომ მოსაწყენ რუტინად არ იქცეს.

საერთოდ, ოჯახთან და, ზოგადად, ურთერთობებთან მიმართებაში რამე სწორად თუ მესმის, ფაქტობრივად, ყველაფერი დედის დამსახურებაა. მან მარტომ გამზარდა და ოჯახში თუ რამეა გასაკეთებელი, ყველაფერს მიმაჩვია. ის ყოველთვის ახერხებდა, რომ საოჯახო საქმეები სახალისო პროცესად ექცია, სახლში რამის კეთება არასდროს ყოფილა სადამსჯელო მექანიზმი ჩემთვის, ‒ ურთიერთგაგების შემადგენელი ელემენტი იყო, რომელიც მოგვიანებით მექანიკაში გადავიდა. ვხედავდი, რომ დედა ბევრს აკეთებდა და სურვილი მიჩნდებოდა, მეც მიმეღო მონაწილეობა იმაში, რაც თვითონაც უპრობლემოდ შემეძლო.

მე და ჩემი მეუღლე, ანი, ძალიან ვგავართ ერთმანეთს იმით, რომ დალაგების მხრივ ერთნაირად პედანტურები ვართ. რამდენადაც გონებაში მუდმივი ქაოსი მაქვს, იმდენად პირად სივრცეში ‒ სახლში ‒ ყოველთვის ზედმიწევნით მოწესრიგებულია ყველაფერი.

რაც შეეხება საჭმლის მომზადებას, ანის უფრო უყვარს. მე კულინარიასთან, შეიძლება ითქვას, არასტაბილური დამოკიდებულება მაქვს. იშვიათად წამომივლის ხოლმე რაიმეს მომზადების სურვილი. მიყვარს კულინარიული ექსპერიმენტები, ახალი გემოს ძიება. ეს გასტრონომიული თავგადასავლები ხანდახან მარცხითაც მთავრდება ხოლმე. თვითნასწავლი მზარეული ვარ, ძირითადად, სხვადასხვა სალათს ვამზადებ. საერთოდ, სალათები უფრო მიყვარს, ვიდრე, ვთქვათ, წვნიანი. რაიმე ძალიან კარგიც რომ გამომივიდეს, თითქმის აღარ ვიმეორებ, პროცესის აზარტი უფროა.“

სალათი „ბაბილონი“

„ბაბილონი“ იმიტომ დავარქვი, რომ უცნაური ინგრედიენტებია ერთმანეთში არეული. ნახევარ ჭიქა მოხარშულ ბრინჯს სასურველი რაოდენობით ლორის მოზრდილ კუბებს, მეოთხედ ჭიქა სიმინდის მარცვლებს და იმავე რაოდენობის წვრილად დაჭრილ კიტრს ვამატებთ. რაც ამ კერძს უცნაურს ხდის, ესაა ბოლო ინგრედიენტი ‒ ქართული ტყემალი, სასურველია ახალი და მწვანე, თუმცა ნებისმიერით შეიძლება მომზადდეს. ტყემალს სასურველი რაოდენობით ვასხამთ და ერთმანეთში კარგად ვურევთ.“

Culinart_N13_PRINT_Page_045

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com