ანატოლი ბოისა
„ვცდილობ, რომ რამდენადაც შემიძლია, ყურადღებიანი ვიყო, გვერდში დავუდგე ახლობლებს ყოველთვის, როცა ვჭირდები მათ. ოჯახის წევრებზე და საკუთარ თავზე ზრუნვა უპრობლემოდ შემიძლია. ეს დიდწილად ჩემმა პროფესიამაც განსაზღვრა. ხშირად მიწევს მარტო, ოჯახისგან დამოუკიდებლად, ყოფნა. ამ დროს საჭმელსაც ვამზადებ, ჭურჭელსაც ვრეცხავ და ვალაგებ კიდეც. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, სიბინძურეში ყოფნაა სირცხვილი.
სამზარეულოში ბევრი რამე მეხერხება, ვერ ვიტყვი ბავშვობიდან მიტაცებდა-მეთქი, მაგრამ დამოუკიდებლად ცხოვრების დროს მივეჩვიე და ახლა არაფერი არ მიჭირს ამ მხრივ. თან მსიამოვნებს, მომწონს პროცესი. როცა თეა არაა სახლში ან ქუთაისში ვარ, გუნდელებთან ერთად, მათთვისაც სიამოვნებით ვამზადებ. ეს შეიძლება იყოს ბრინჯი, სპაგეტი, ქათამი სხვადასხვა ფორმით ან ნებისმიერი სხვა რამ.
ბავშვის კვებაზეც სიამოვნებით ვზრუნავ. ზოგადად, მასთან ყოფნა ძალიან მიყვარს. როცა ვარჯიშზე ან თამაშზე არ ვარ, მთელ თავისუფალ დროს ერთად ვატარებთ, ყველგან დამყავს, სადაც მივდივარ. 26 წლის ვიყავი, როცა გაჩნდა და პრაქტიკულად პირველი დღიდან ვარ ჩაბმული ყველაფერში. მშობიარობასაც დავესწარი, ძალიან მინდოდა შვილი. ახლა 4 წლის ხდება, საჭიროების შემთხვევაში დილიდან ღამემდე არაერთხელ დამიტოვებია მარტოს და საერთოდ არ მიჭირს არც ბავშვის გამოკვება, არც დაძინება, არც გართობა. არაფერი არაა პრობლემა.
როცა მე და თეა ერთად ვართ, ძირითადად, ის აკეთებს საჭმელს, თუმცა არის რაღაცები, რაც მას ჩემი მომზადებული მოსწონს და უარს არასდროს ვეუბნები. თეასაც ვასწავლე რამდენიმე საინტერესო კერძი. საერთოდ, ყველაზე მეტად იტალიური სამზარეულო მიყვარს: სპაგეტი, პიცა. თან მაკარონი სპორტსმენების მენიუში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ყველანაირი ფორმით მიყვარს, ხშირად უბრალოდ ვხარშავ და არაჟანთან ერთად გეახლებით. ზოგადად, რძის პროდუქტის მოყვარული ვარ, მაწონს ხშირად მივირთმევ. სულ გვაქვს ბოსტნეული. ყავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი მუდმივადაა ჩვენს რაციონში. ტკბილეულიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ვცდილობ უზომოდ არ მივირთვა, მეტ-ნაკლებად ზომიერებას ვიცავ. ზოგადად, არის პერიოდი, როცა რაციონს ძალიან ვაკონტროლებ და არის პერიოდი, როცა თავს ერთი-ორი კილოს მომატების უფლებას ვაძლებ. მერე სპორტდარბაზში ვუმკლავდები სიმსუნაგის შედეგებს.“
ბრინჯი ქათმითა და ანანასით
„ვხარშავთ ბრინჯს. ქათმის ფილეს საშუალო ზომის ნაჭრებად ვჭრით და ოდნავ ბრაწავთ. ვურევთ ერთმანეთში, ნაღებსა და ანანასის ნაჭრებს ვამატებთ. იმის მიხედვით, რამდენად ტკბილი გვიყვარს, სასურველი რაოდენობით ანანასის წვენსაც ვასხამთ და ცოტა პილპილს ვაყრით. ძალიან გემრიელია, ჩემი ახლობლები ხშირად მთხოვენ მოვამზადო.“