ს ა მ ზ ა რ ე უ ლ ო ბ ო რ ბ ლ ე ბ ზ ე
ყველა ქალაქს თავისი ტრადიცია აქვს. ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან, მაგრამ უცხო თვალი გამოარჩევს მათთვის დამახასიათებელ ხიბლს.
შაბათის დილაა ბრიუსელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უბნის ცენტრალურ მოედანზე ბაზარი გაიშლება. ფერად ტანისამოსში გამოპრანჭული ქალბატონები ხის კალათებით, ჭრელი ჩანთებით დათქმულ ადგილისკენ მიემართებიან. დილაუთენია დადგმულ ფარდულებში ხილის, ბოსტნეულის, თევზეულის დახლები იშლება. ახლახანს გამომცხვარი პური და ყველის სუნი სადეგუსტაციოდ იწვევს გამვლელს. აქ, ყველა ერთმანეთს იცნობს და თუ უცხო გამოერია, ისე მიესალმებიან, როგორც დიდი ხნის უნახავს. გთავაზობენ, გირჩევენ, გიღიმიან, გიკლებენ და მადლიერების გრძნობით გასაჩუქრებენ კიდეც შეძენილი ნობათისათვის.
ბოლო ათეული წელია ბაზრობებზე ახალი მომსახურება „მოძრავი სამზარეულო“ გამოჩნდა. ყველა ქვეყანაში არსებობდა ბორბლებზე შემდგარი ქურა, ფურგონისა თუ ვაგონის სახით. დღეს, მანქანაზე განლაგებული სამზარეულო მოწყობილობა საშუალებას იძლევა საკვები ნულიდან მომზადდეს. ბურგერების, ფრიტების, გრილის, ნაყინის სწრაფი კვების ობიექტებად ქცეულმა ფურგონებმა ახალი სიცოცხლე შეიძინეს. ეკონომიკურმა კრიზისმა ახალი გამოწვევა მოიტანა, მზარეულებმა რესტორნებიდან ბორბლიან ქურებზე გადაინაცვლეს და მომხმარებელს სხვა არჩევანი შესთავაზეს. ნაციონალური კერძებით გაჯერებული მენიუ მისაღები აღმოჩნდა „ქუჩის გურმანებისთვის“.
ყოველწლიურად, ბრიუსელში, მსოფლიოში ყველაზე დიდი “Food Truck Festival” ტარდება. ამჯერად, სტუმრებს სამეფო პარკმა უმასპინძლა, საუცხოო ნადიმი გაიმართა. მექსიკური ტაკო და ჩილიკონკარნე, ნაჩოსები გუაკამოლეს სოუსით, ფრანგული კრეპები, იტალიური პიცა-ფოკაჩა, ალზასური ტარტ ფლამბე, შუკრუტი, ჰოლანდიური ჰარინგი, ესპანური პაელა, ტაილანდური სუპები, აღმოსავლური ქაბაბები, ჰოთდოგები და კიდევ უამრავი, ჩემთვის გაუგებარი რამ.
ფურგონების მწკრივს მივუყვები, უკეთესის ძიებაში, მზეზე გაბრწყინებულმა „თუნუქის ქილამ“ მომჭრა თვალი. სიმხურვალე შორიდანვე იგრძნობა ქოქოსის ნაკვერჩხალზე დანთებული გრილი ხორცის გუნდებს აშიშხინებს.
გახუხული პური, ტკაცუნა სალათა, პომიდორი, ხახვის რგოლები, კეტჩუპი ერთად აკინძული და ცხელ წვნიან ხორცზე გადამდნარი ჩედარი ველური დასავლეთისკენ გამიტაცებს. „თუნუქის ქილის“ ბინადარს ჩემზე ეცინება და დამაჯერებლად მამხნევებს – Cool!
მეგობრულ გარემოში ვარ, წყვილები პიკნიკობენ, ბავშვები შადრევნით გრილდებიან; ყმაწვილები საქანელაზე ერთობიან, დესერტის ძიებაში უგრძელეს რიგს გადავაწყდი, რომელიც იტალიურ ჯელატოსკენ მიიზლაზნებოდა და მაშინ ვაღიარე მარკეტინგული ხრიკის ჯადოსნური ზემოქმედება. მონუსხულ საზოგადოებას წელსზემოთ მოშიშვლებული, წინსაფარში გამოხვეული ორი ათლეტი ნაყინს სთავაზობდა. შთამბეჭდავი რიგი იდგა. იქვე, მანქანის კოფოზე შემომხტარი შარმიანი ფრანგებიც არ აკლებდნენ,
ქათინაურებით ავსებდნენ გამვლელ – გამომვლელს…
მზიანი დღე იყო და ჰაერი მხიარულებით ივსებოდა.
* * *
ბავშობაში ძალზედ მხიბლავდა მატარებლით მგზავრობა. განსაკუთრებით კი ვაგონ-რესტორანი, მახსოვს, ჩათლილი ჭიქით მორთმეული ჩაი (საბჭოთა ჩაის ვეძახდი, იმის გამო, რომ ჭიქის სადგამზე პურის თავთავი და ნამგალი იყო გამოსახული). ორი ნატეხი შაქარი, მარმელადი, კარაქი და პური. საუზმე მატარებელში ეგზოტიკური მეჩვენებოდა. ალბათ ამ ნოსტალგიური მოგონების გამოძახილია, ახალმა მარკეტინგულმა შემოთავაზებამ, რომ მიიპყრო ყურადღება ‒ სადილი ტრამვაიში. ევროპის ქუჩებში დაკვირვებული თვალი აღმოაჩენს ახალ მომსახურებას. საღამოობით, უცნაურად განათებული თეთრი ტრამვაი თავის ჩვეულ მარშრუტს ასრულებს, იმ განსხვავებით, რომ 2 საათის განმავლობაში არსად ჩერდება. მისი მგზავრები კი სადღესასწაულოდ გამოწყობილი სტუმრები არიან.
სადილი ტრამვაიში ‒ რამდენიმე წელია წარმატებული პროექტია. საიტზე რეზერვაციის შემდეგ შეათანხმებთ დროს და თარიღს. უმაღლესი კატეგორიის, მიშლენის გიდის მოწვეული შეფ-მზარეულები ლიონელ რიგოლე** (Comme Chez Soi), ფილიპ კლაისი** (De Jonkman), დავიდ მარტანი* (La Paix) და დამიენ ბუშერი (Bouchery) რიგრიგობით ქმნიან მენიუს, რომელიც თვეში ორჯერ იცვლება. იგი მოიცავს 3 აპეტაიზერს, 4 კერძს (2 სტარტერი, მთავარი კერძი, დესერტი), ღვინოს, შამპანურსა და წყალს. სადილი 2 პერსონაზე 230 ევრო ღირს. ვაგონში დამონტაჟებული თანამედროვე სამზარეულო საშუალებას იძლევა იქვე მომზადდეს მაღალი ხარისხის სადილი. ერთმანეთს ენაცვლება ცივი და ცხელი კერძები – თეთრი სატაცური, წიწმატისა და ლემონგრასის ემულსიით და მიუსლის ტოსტით, შემწვარი ქათმისა და გამხმარი გარგრის ტერინი, კოჭისა და გარგრის რელიშით.
სტუმრები დათქმულ ადგილზე იკრიბებიან. ვატმანი ზარზე ჩამოკვრით მათ ბორტზე ეპატიჟება. Tram Experience ღამის ლამპიონებით განათებულ ბრიუსელის ქუჩებში უჩინარდება.
გურმანებს ახალი გამოწვევა ელოდებათ… სადილი ცაში!…
შემდეგ ნომერში.