ესმას ბლოგი
და რადგანაც „კულინარტში“ მკაცრ დიეტაზე გადასვლა „უხერხულია“, ჩემს ინტერვიუს პირდაპირ ასე დავიწყებ: მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ექიმ-დიეტოლოგს პიერ დუკანს დიეტა არ სჭირდება. ო, და ეს რომ გავიგე, რა თქმა უნდა, მის მაცივარში შეხედვა გადავწყვიტე და ყურადღებით ჩავიწერე – რას მიირთმევს დღის განმავლობაში?
როგორც თავად გამომიტყდა, ძალიან იშვიათად, საშობაო გადატვირთული სუფრების შემდეგ, გადადის ხოლმე მსუბუქ კვებაზე. 70 წელს გადაცილებულია, მაგრამ ბიჭივით გამოიყურება: უღიპოა, სულ ღიმილიანი, ხავერდოვანი ხმითა და ფრანგული შარმით.
როცა გაიგო, რომ თბილისიდან წოდორეთში გადავსახლდით და ღვინის დაყენება დავიწყეთ, აღფრთოვანდა. დუკანმა იცის ქართული ღვინის დიდებულება და თურმე, ძალიან მოსწონს ქართული კერძები. ქვეყნებში სადაც ჩადის, პიერ დუკანი, თურმე, აუცილებლად სტუმრობს ქართულ რესტორნებს და აუცლებლად აგემოვნებს: ნიგვზიან ბადრიჯანს და ჩახოხბილს.
რას ამბობთ-მეთქი, ქართულად შევკივლე და რა თქმა უნდა, დავპატიჟე საქართველოში და რა თქმა უნდა, შევთანხმდით, რომ აუცილებლად გავაცნობ ქართული სამზარეულოს სხვა რეცეპტებს და მირჩევს – როგორ და რანაირად ამოვაგდოთ ზედმეტი კალორიები ჩვენი მსუყე კერძებიდან.
ჩემი აღფრთოვანება კიდევ ერთმა დეტალმა გამოიწვია – დიეტოლოგი პიერ დუკანი არ მალავს, რომ „გიტარა ფორმების“ ქალები მოსწონს და ზედმეტი სიგამხდრე ქალურობის მტერია (აქვე ჩემგან – დიდი მადლობა, ექიმო დუკან!).
ძალიან ბევრი მესაუბრა, იმაზე, თუ რატომ არიან ქალები მამაკაცებზე მეტად სიმსუქნისკენ მიდრეკილები. ეს ბუნების კანონიაო, სწორედ ქალური ფორმებით განვსხვავდებით ქალები და კაცები ერთმანეთისგანო…
ექიმი დუკანი ამ განსხვავებას მეცნიერულად და ესთეტიურად ხსნის: ცხიმის ფენა ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანიაო (რადგანაც სწორედ ის იცავს ფეხმძიმე ქალის მუცელში ნაყოფსო და მნიშვნელოვანია ძუძუთი კვების დროსო).
გარდა ამისა, ქალის სიმრგვალეები მშვენიერებააო – სწორედ მრგვალი მუხლები, მრგვალი მხრები, თეძოები და სახის ოვალი განასხვავებს ქალებს მამაკაცებისგან და რაც უფრო ქალურია ქალი, მით ძლიერია მისი მაგნიტი მამაკაცების მოსაზიდადო (და ეს მიზიდულობის მაგნიტი ხომ ქალებისთვის მთავარიაო! – ბევრჯერ გამიმეორა ფრანგმა ექიმმა ინტერვიუს დროს).
ექიმმა დუკანმა ამიხსნა, რომ თუ ადამიანს – ცხოვრებისთვის აცილებელი 10 მოთხოვნა დაკმაყოფილებული აქვს, ის ზედმეტად არასოდეს „გადასუქდება“ (და მეც – მთელი ინტერვიუს განმავლობაში, ვითვლიდი ამ 10 მთავარ მოთხოვნას – მაქვს თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ სასწორს თვალი გავუსწორო?!).
მოკლედ, პიერ დუკანის ფილოსოფიის თანახმად, ამქვეყნად ადამიანს 10 ძირითადი მოთხოვნა აქვს და თუ მისი ცხოვრება ამ 10 მოთხოვნას აკმაყოფილებს, ის საკუთარ წონას და ჯანმრთელობას უფრთხილდება. ადამიანისთვის აუცილებელია: სიყვარული, სექსი, ოჯახი, უსაფრთხოება, თბილი სახლი, კარიერა, გართობა, კარგი საკვები, სოციალური წრე, რელიგიური წრე და ა.შ. მოკლედ, დასკვნა ასეთია: როცა ბედნიერების 10 მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, ზედმეტი წონა აღარ არის შენი მტერი!
მთელი ინტერვიუს განმავლობაში და მერეც, როცა პარიზიდან წოდორეთში ხავერდოვანი ხმით რამდენჯერმე დამირეკა და მომიკითხა, სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ შეეძლო ამ „ჯადოსნურ ადამიანს“ ჩემი ზედმეტი 7 კილოგრამის მოგერიება და ვედრებით ვკითხე:
– ექიმო დუკან, ჩემზე მინდა გკითხოთ, რა მოვუხერხო ზედმეტ 7 კილოს, რომელიც ბავშვის გაჩენის შემდეგ ვეღარ მოვიშორე? მე ჟურნალისტი ვარ, სრულიად გიჟური დღის რიტმით. გვიანობამდე კომპიუტერში მუშაობა, წერა, კითხვა, გადაცემებში მონაწილეობა, თითქმის ყოველ დღე პრეზენტაციები და სტუმრები, ოჯახი, პატარა შვილი… ანუ ყველაფრისთვის ვიცლი, გარდა სპორტისა. შედეგიც „სამწუხაროა“: ზედმეტი 7 კილო…
– ოჰ, ესმა, თქვენ თანამედროვე ქალის შესანიშნავი ცხოვრება აღწერეთ. ქალის, ვისაც უამრავი მოვალეობა აქვს და ყოველდღიური სტრესი… მაგრამ ამ ყველაფრის კომპენსირებას საყვარელი საქმით და შვილით ახდენთ. ანუ თქვენ ყველაფერი გაქვთ, რომ ბედნიერი იყოთ და მალე დაიკლოთ. თქვენ იცით ჩემი ცნობილი დიეტა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს თქვენ არ დაგჭირდებათ. თქვენ არ გჭირდებათ ძალიან გახდომა, რადგანც სავსე ცხოვრებით ცხოვრობთ. ორ ვარანტს გთავაზობთ: ეს გახლავთ ჩემი ახალი კვების რეჟიმი – კიბე და მეორე – ჩემი მსუბუქი კვების მეთოდი. ანუ, თქვენს რაციონში მაქსიმალურად შეამცირეთ იმ პროდუქტების მიღება, რომელიც შეიცავს შაქარს, ფქვილს და კარტოფილს. ასეთი კვებით თქვენ 2 თვეში ადვილად დაიკლებთ 6-7 კილოგრამს. გარდა ამისა, ამ დაკლებულ წონას აღარ მოიმატებთ. მერწმუნეთ, სამყაროში უშაქროდ და უფქვილოდ ადამიანები დიაბეტითა და სიმსუქნით არ იტანჯებიან…
"პიერ დუკანის ფილოსოფიის თანახმად, ამქვეყნად ადამიანს 10 ძირითადი მოთხოვნა აქვს და თუ მისი ცხოვრება ამ 10 მოთხოვნას აკმაყოფილებს, ის საკუთარ წონას და ჯანმრთელობას უფრთხილდება. ადამიანისთვის აუცილებელია: სიყვარული, სექსი, ოჯახი, უსაფრთხოება, თბილი სახლი, კარიერა, გართობა, კარგი საკვები, სოციალური წრე, რელიგიური წრე და ა.შ.."
ანუ როგორც მივხვდი, ჩემი ზედმეტი კილოგრამების მტერი კონკრეტული პროდუქტებია და გთხოვთ, მირჩიოთ, კონკრეტულად რომელი პროდუქტები „დავივიწყო“?
– ესმა, ზედმეტ წონაში „დამნაშავეთა“ სია შემდეგი პროდუქტებისგან შედგება: შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი, გაზიანი ტკბილი წყლები, თეთრი ბრინჯი, კარტოფილი, თეთრი პური. როგორც კი, მენიუდან ამ პროდუქტებს ამოიღებთ, შედეგი მალე დგება: ეფექტურად იკლებთ და თან კალორიებს არ ითვლით.
მე ვიცი, რომ თქვენ ჯანსაღი კვების თემაზე საფრანგეთის მთავრობასაც მიმართეთ და სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდეთ. თქვენს მიმართვაში ამტკიცებდით, რომ საფრანგეთს შეუძლია გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს სიმსუქნის დაძლევაში დაეხმარება. ამისათვის აუცილებელია ჯანსაღი კვების პროპაგანდა, პროდუქტებზე ეტიკეტების კითხვა და ა.შ.
– დიახ, დიახ ასეა… საფრანგეთი ისტორიულად გურმანების სამშობლოა. ეს არის ქვეყანა, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ, ხოლო ფრანგი მზარეულები საქვეყნოდ არიან განთქმულები. ფრანგი ქალები, იაპონელების მსგავსად, მსოფლიოში თავიანთი სიფრიფანა აღნაგობით გამოირჩევიან. ამიტომ მე მჯერა, რომ საფრანგეთს შეუძლია იქცეს – ზედმეტი წონის, სიმსუქნისა და დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ლაბორატორიად.
ძალიან საინტერესოა, თავად ექიმი დუკანის ყოველდღიური მენიუ. როგორია თქვენი კვების რეჟიმი?
– პირადად მე დიეტა არ მჭირდება, მაგამ ჩემი კვების ფილოსოფიის მიმდევარი მეც ვარ. ამ ფილოსოფიის თანახმად, მთავარია ჩვენს რაციონში შედიოდეს ცილები და რთული ნახშირწყლები: ხორცი, თევზი, ქათამი, ბოსტნეული. ჩემი დილა უშაქროდ იწყება – მივირთმევ 2 ცალ შვედურ გალეტს, ხრაშუნა თხელ ფირფიტებთან ერთად 40 გრამ ნატურალურ ყველს. როცა ცოტა უფრო მშიერი ვარ და ეს ულუფა არ მანაყრებს, 1 ვაშლსაც ვამატებ საუზმეზე. სადილზე – უამრავ უმ ბოსტნეულს გეახლებით, პომიდორს, სტაფილოს, ვარდკაჭკაჭას, ვიყენებ ცოტა ბალზამირებულ ძმარს, ძალიან ცოტა ზეთს. ჩემი სადილის მენიუში შედის თევზი, ან საქონლის ხორცის გუფთა. ჩემი დესერტია – გრეიფრუტი ან ვაშლი. ვახშმად იაპონურ სამზარეულოს ვირჩევ – სუშის ან საშიმის. მივირთმევ პასტას ზღვის პროდუქტებით ან ქათმის ხორცს ოსპით. ჰო, ვახშმად დესერტიც მიყვარს – კვერცხის დესერტი „მოცურავე კუნძული“ და ბოლოს ერთი-ორი ნატეხი შავი შოკოლადი.
გთხოვთ, „კულინარტისთვის“ დუკანის ჯანსაღი რეცეპტი შემოგვთავაზოთ…
– აი, ინებეთ, სპეციალურად თქვენი ინტერვიუსთვის კერძი, რომლის რეცეპტიც მე მოვიფიქრე – შუშის გამოსაცხობ ფორმაში ფსკერზე დაალაგეთ თხლად დაჭრილი ბადრიჯნის ნაჭრები. ბადრიჯნის ფენაზე თხელ ფენად დააფარეთ საქონლის ფარშის ფენა. ფარშზე – ხახვის ფენა. ხახვზე – კვლავ ფარშის ფენა და ბოლო ფენა – პომიდვრის თხელი ნაჭრები. მოაფრქვიეთ პომიდორს ქატო და გახეხილი ყველი პარმეზანი. მოათავსეთ ღუმელში და გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე.
აქვე, ვისაც გსურთ მე მომბაძოთ და ძლიერი დიეტის გარეშე, ადვილად გახდეთ: ან კვების რაციონიდან დუკანის ინტერვიუში ჩამოთვლილი პროდუქტები ამოიღეთ ან მისი ახალი, ადაპტირებული დიეტა სცადეთ – სახელად „კიბე“!
კვების რეჟიმი „კიბე“ – ცილებით იწყება და ყოველ დღე ახალ საფეხურზე ადიხართ, ანუ ახალ პროდუქტს ამატებთ: