კულინარტული ვარიაციები თემაზე:
ყველი და შოკოლადი
ალპებში გატარებულმა ზამთრის არდადეგებმა უცნაურ „ტალღაზე“ განმაწყო და ახალი წლიდან კულინარტულ მიმოხილვას ახლებურად ვაგრძელებ. თქვენთან ერთად ვიმოგზაურებ სხვადასხვა ქვეყნის „სამზარეულოში“, თუმცა სასაუბრო თემა ისევ ოპტიმისტურ მიდგომას და ბუნებრივია, კონკრეტული პროდუქტისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს უკავშირდება.
შოკოლადისა და ყველისადმი მაგნიტური მიზიდულობის შედეგად, ჟენევაში ყოფნისას, მათი ნაირსახეობის ფართო ასორტიმენტი დავაგემოვნე. ყოველი მათგანის დახასიათებას არ მოვყვები, უბრალოდ, ვიტყვი, რომ 300 წლიანი ისტორიის მქონე ე.წ. ხელნაკეთი შოკოლადის სალონში ნანახ-გასინჯულმა გემრიელობამ მოლოდინს გადააჭარბა. ძნელია გაუძლო მაცდურ სიამოვნებას, მით უმეტეს, როცა სასუსნავებისადმი არ ხარ გულგრილი. გულით ვინატრე დავეუფლო მათი დამზადების ხელოვნებას და ვიმუშავო „სახელოსნოში“, სადაც უგემრიელესი ნაწარმი უჩვეულო ფორმითა და შიგთავსით, მართლაც, ბედნიერებას განიჭებს.
ახლახან გავიგე, რომ თურმე შოკოლადის მიხედვით ადამიანის ხასიათიც შეგიძლია ამოიცნო. შავი შოკოლადის მოყვარულები მიზანდასახული, ძლიერი და ემოციურად გაწონასწორებული არიან. სხვადასხვა მინარევებით შეზავებულ შოკოლადს რომანტიკული, მეოცნებე ადამიანები ელტვიან. ვინც თეთრ შოკოლადს ირჩევს, ფაქიზი ბუნებისაა და ვერ იტანს უხეშობას. ისინი კი, ვისაც ცხელი შოკოლადი უფრო მოსწონს, გამოუსწორებელ ოპტიმისტთა რიგებს მიეკუთვნებიან. თუ თქვენ ჩემსავით ყველანაირ შოკოლადს ეტრფით, ზედმეტი ფიცი-მტკიცის გარეშე დამეთანხმებით, რომ ის ჩვენი ხალისიანი ცხოვრების ელექსირია.
ყველეულის მიმართაც გულუხვად ვიმეტებ საქებ სიტყვებს. ერთ დილას, საუზმეზე ისეთი ორიგინალური შესახედაობის ყველი მივირთვი, რომ გასინჯვამდე ნამცხვარი მეგონა. შედარებას არ დავიწყებ, ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს. მე უპირობოდ შევიყვარე იქაური გემო. თუმცა ზომიერი პორციებით, რადგან რაც არ უნდა იყოს, წონის კორექციაზე ზრუნვა არ მავიწყდება.
აქვე კიდევ ერთი ტრადიციული შტრიხი: პოპულარული შვეიცარული კერძი – ფონდიუ, რომელიც ჩვენებური ხინკალივით, ისტორიულად მომთაბარეთა ერთ-ერთ მოსახერხებელ საკვებად ითვლება. დღეს ერთობ მოდური გახდა ე.წ. ფონდიუ-წვეულება. გარეთ სუსხია, მრგვალ მაგიდასთან სადილად შეკრებილი მეგობრები თუ ოჯახის წევრები, ან/და რომანტიკულ ვახშამზე წყვილები მორიგეობით ამოავლებენ ჩანგალზე წამოცმულ ხრაშუნა პურს ცეცხლზე მოთუხთუხე ყველის სოუსში, ალუბლის სასმელით ან თეთრი ღვინით იმსუბუქებენ სასიამოვნო განწყობას და მშვიდად მუსაიფობენ. (ფონდიუს კარგი ფოტო თქვენთვის მომინდვია)☺
დაბოლოს, ლირიკული გადახვევა: წლეულს დავიბედე ოჯახურ გარემოში მოგუზგუზე ბუხართან მიფიცხება, პიკანტური ყველის ასორტითა და არომატული ღვინის თანხლებით. საერთო კოლაჟს კახური ჩურჩხელა და ეგზოტიკური „ჩირიფრუტიც“ ერთობ მოუხდა. დანარჩენ ამბებს მომდევნო შეხვედრისთვის შემოგინახავთ.
სპეციალურად, „კულინარტისთვის“