FOOD test

Culinart_11_PRINT44

მაკა & დათო

მადისაღმძვრელი სურნელი კარს მიღმა კი არ მეცა, — მერვე სართულზე, ლიფტიდან გამოსულს შემომეგება. მასპინძლები, გარდა იმისა, რომ თბილად მიღიმიან და სტუმარმასპინძლობის ყველა წესს ზედმიწევნით იცავენ, კულინარიის დარგში შესაშურ კომპეტენტურობასაც ამჟღავნებენ. იქვე ვხვდები და სასიამოვნო განწყობა მიჩნდება- რა ზუსტად შევარჩიეთ რესპონდენტები! ისინი კამერისთვის კი არ პოზირებენ, თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების სრულიად ნატურალისტურ ნაწილს გულღიად გვიზიარებენ. ვსაუბრობთ ყველაფერზე – პოლიტიკაზე, მოდაზე, მედიცინაზე, ბავშვებზე… ბოლოს კი დეგუსტაციის მომენტი დგება- წუთები, როცა კულინარია გამუნჯებს!

რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა თქვენს ოჯახში კვებას?

მაკა: ყველას გვიყვარს გემრიელად ჭამა. მიუხედავად იმისა, რომ მზადება სისტემატურად მიწევს, ვალდებულებად არ აღვიქვამ მას, მომწონს და მსიამოვნებს პროცესი.

დათო: მაკას მზადება ნამდვილად უყვარს და კარგადაც გამოსდის. მე, პირადად, მომთხოვნი საერთოდ არ ვარ ჭამის კუთხით, შემწვარი კვერცხი ან კარტოფილიც სიამოვნებით შემიძლია მივირთვა. სამაგიეროდ, განსხვავებას მშვენივრად ვხედავ კარგსა და ცუდს შორის. ეს მარტო გემოს არ ეხება, კერძის გაფორმებასაც ვგულისხმობ. ზოგადად, ესთეტიკური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჭამის დროსაც დიდ ყურადღებას ვაქცევ ვიზუალს, კერძის სუფრაზე მირთმევის ფორმას, მისთვის ღვინის სწორად შერჩევას და, ზოგადად, ყველა იმ დეტალს, რაც გურმანულ გასტრონომიას ქმნის.

უცხო კერძების დაგემოვნება თუ გიყვართ?

მაკა: ორივეს გვიყვარს ახალი რეცეპტების მოძიება, სწავლა. ამას მუდმივი ხასიათი აქვს ჩვენს ოჯახში. ასევე ორივეს გვიყვარს განსხვავებული სამზარეულოს დაგემოვნება, ამ მხრივ ყველანაირი ექსპერიმენტისთვის მზად ვართ.

დათო: არ მივეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელიც უცხო კერძების გასინჯვას სიფრთხილით უდგება. პირიქით! მე გამიმართლა იმ მხრივ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში სამსახურებრივად რეგულარულად მიწევს უცხოეთში მივლინებით გამგზავრება. ეს კი განსხვავებული კერძების დაგემოვნებასაც გულისხმობს. ახალი გემოს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია შემეცნების გაფართოების თვალსაზრისით. თუ უცხოეთში ერთად ვართ და რამე საინტერესოს ვსინჯავთ, მაკა ყოველთვის ცდილობს მისი რეცეპტის მოპოვებას. თუ მარტო მივეგზავრები, მეც მომაქვს ხოლმე რაღაც იდეები ან კონკრეტული რეცეპტი, რის მიხედვითაც მაკამ შეიძლება სახლში მოამზადოს კერძი და გავსინჯოთ.

თუ გაქვთ კერძი, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად ამზადებთ?

მაკა: ერთ-ერთი ასეთი კერძია დამარინადებული ქათმის ფილე სალათითა და ღუმელში გამომცხვარი კარტოფილით. მას ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ და დიდებიც. კვირა დღეს მთელი ოჯახი ვიკრიბებით. ჩვენ დათოს მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ, ჩემი მშობლებიც მოდიან და ყველანი ერთად ვსადილობთ.

დათო: გრილთან ურთიერთობა გვიყვარს ორივეს. ყველაფერი კარგი გამოდის – ბოსტნეულიც, ხორცეულიცა და თევზეულიც. თუ დრო მაქვს, არ მეზარება მზადება, ექსპერიმენტირება.

ჯანსაღ კვებას ყურადღებას აქცევთ?

მაკა: ბავშვების ჯანსაღ კვებას უფრო ექცევა ყურადღება. ვცდილობ, რომ რაც აუცილებელია, მიიღონ. არ უყვართ ბოსტნეული, თუმცა ახლახან ერთ კარგ რეცეპტს მივაგენი, ჩემი ერთი შეფ მზარეული მეგობრის დახმარებით. ოდნავ მოთუშულ, თითქმის უმ ყველანაირ ბოსტნეულს წვრილად ვჭრი და სოიოს სოუსს ვუმატებ. ბრინჯთან ერთად სიამოვნებით მიირთმევენ.

დათო: ჩემი პრობლემაც ისაა, რომ ბოსტნეულს ყოველთვის ხორცი მირჩევნია. შესაბამისად, ჯანსაღი კვება ცოტა მიჭირს. მაინც გემრიელი სჯობნის სასარგებლოს.

თუ არის კერძი, რომელიც არასდროს გაგისინჯავთ?

მაკა: ასეთია მაწვნის წვნიანი. არასდროს გამისინჯავს. ბავშვებს რომ ვუმზადებდი ხოლმე, მაშინაც კი.

დათო: გველი მახსენდება. ვიეტნამში მქონდა შანსი გამესინჯა, მაგრამ თავი შევიკავე. მიზეზი ის იყო, რომ ზედმეტად ნატურალისტურ რესტორანში მოვხვდი. გაჩვენებენ აკვარიუმს, თვითონ ირჩევ სასურველ გველს და იქვე გიკლავენ. გულს იღებენ, სისხლს ასხამენ და ცალკე მოაქვთ ჭიქით. კანს ცალკე წვავენ და ხორცსაც განცალკევებით ამზადებენ. მოკლედ, ისეთი ფორმით უნდა მოერთმიათ, რომ გამიჭირდა ამ პროცესის წარმოდგენა და უარი ვთქვი.

რომელი კერძი ასოცირდება თქვენი სიყვარულის ისტორიასთან?

მაკა: გებჟალია, რომლითაც დათოს გაცნობის დასაწყისში გავუმასპინძლდი.

დათო: გებჟალია, უპირობოდ! ამ კერძით მომხიბლა.

რა პრინციპით შეარჩიეთ კერძი კულინArt-ისთვის?

მაკა: უნივერსალური კერძია, ყველას მოეწონება. თევზი პომიდვრისა და ბროკოლის მაგივრად სხვა ბოსტნეულითაც შეიძლება გაფორმდეს. ჩვენ შავი ზღვის ორაგული გამოვიყენეთ, ისე ნებისმიერი დიდი თევზი უხდება ამ კერძს.

დათო: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ზღვისპირა ქვეყანაა, ზღვის თევზის მოხმარების კულტურა დაბალი გვაქვს. კალმახი, ლოქო და ცოცხალი – ჩვენი სამზარეულოს სამი ძირითადი თევზი – მდინარისაა. მახსოვს, ბავშვობაში დედა მეუბნებოდა, ცხელი თევზი არ უნდა ჭამოო. ამერიკაში ან ევროპაში ეს რომ ვინმეს უთხრა, ძალიან გაუკვირდება. ეს კერძი, რომელიც საგანგებოდ თქვენთვის მოვამზადეთ, ზღვის თევზის გასტრონომიული ღირებულებების განსხვავებულად, „ჩვენებურად“ წარმოჩენის მცდელობაა.

გამომცხვარი ორაგული

Culinart_11_PRINT45

თევზი გავასუფთავოთ, დავსეროთ და დავამარილოთ. მუცელი და დასერილი ადგილები ამოვავსოთ ოხრახუშით, როზმარინით, ლიმონითა და კანიანად დაჩეჩქვილი ნივრით. დავამატოთ ცოტა ზეითუნის ზეთი, ფოლგაში გავახვიოთ და გამოვაცხოთ. მივირთვათ თეთრ ღვინოსთან ერთად.

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com