გასტრონომიულ გამოცდილებას შეუძლია დროის შეჩერება და დროში დაბრუნება
მთელ მსოფლიოში მაკდონალდიზაციის პროცესმა, რომელიც გლობალიზაციასთან ასოცირდება, კიდევ უფრო გაამძაფრა გლოკალიზაცია. პირიქით, ადამიანები სულ უფრო და უფრო ეძებენ ახალს, განსაკუთრებულს და ეგზოტიკურს, რომელიც მათთვის ნაცნობს არ ჰგავს. კვების საკითხიც ხომ ინდივიდუალურია?! ვიღაცები – ვისაც შემწვარი კარტოფილი უყვარს, მისურის შტატში დაგემოვნებულ ჭრიჭინებს – შემწვარ კარტოფილს ადარებს, ქათმის ხორცის მოყვარულები კი – სიამოვნებით აგემოვნებენ კამბოჯაში ტარანტულებს, ვიღაცები ღამურას – საქონლის ხორცის გემოს ადარებენ და ა.შ. ასეთი ტურის მოწყობით შეიძლება ქვეყნის სხვა მიმართულებების განვითარება და წინ წამოწევა, რადგან, მაგალითად, საფრანგეთში ტურისტი, როგორი გურმანიც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ ბაყაყის თათების გასასინჯად არ ჩავა, ან კამბოჯაში გველის სუპის და გველის სისხლის დასაგემოვნებლად ან კიდევ, საქართველოში ხაჭაპურის გასასინჯად.
კულინარიული ტურისტები არიან ადამიანები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ცხრა მთას იქით მიდიან, რომ თავიანთი გასტრონომიული ინტერესები გაიფართოვონ; აქ საუბარი არ არის ჭამის მოყვარულებზე, საუბარია გურმეებზე და გურმანებზე, ისტორიის მკვლევარებზე, ანთროპოლოგებზე და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებზე.
გასტრონომიული ტურიზმის ტურისტები ხშირად ისეთი ადამიანები არიან, რომელთაც მოგზაურობის დიდი სტაჟი აქვთ, და ახლა იმავე ქვეყანაში შეიძლება მხოლოდ გასტრონომიული კუთხით ქვეყნის გასაცნობად ჩავიდნენ. ამიტომაც უპრიანია, ყველამ ეკონომიკის სამინისტროში თუ ტურიზმის დეპარტამენტში გააცნობიეროს, რომ ყველა ტურისტი არ მიდის მუზეუმებში და გამოფენებზე, მაგრამ ყველა ტურისტი აგემოვნებს ქვეყნის საკვებს, ზოგი კი მიზანმიმართულად, რომ სწორედ ამ კუთხიდან გაიცნოს ესა თუ ის ეთნოკულტურა, რომლის ბუმიც XXI საუკუნეში დადგა.
გარდა ადგილობრივი გასტრონომიული კულტურის შეცნობისა, გასტრონომიულმა ტურიზმმა მოიცვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს არის გასტრონომიული ტურისტის მიერ ადგილობრივი კერძების ავთენტური გემოს შექმნის ტექნოლოგიური პროცესების ადგილზე გაცნობა და მასში მონაწილეობის მიღება; ადგილობრივი მოსახლეობის თუ ცნობილი შეფების მიერ ადგილზე გაკეთებული კერძის ნიუანსებში და საიდუმლოებებში წვდომა; სწორედ ამისთვისაც იხდის ის დიდ ფულს. ტურისტი აცნობიერებს. თუ რა რადიკალური განსხვავება და რა საერთოა იმ ქვეყნის, თუ რეგიონის წარმომადგენლებს და მას შორის.
ადგილობრივად ფესტივალებში მონაწილეობა და ტრადიციის თუ კულტურის ნაწილად ქცევის პროცესი, კიდევ უფრო შთმბეჭდავს ხდის ტურისტის შთაბეჭდილებებს და სწორედ ამას იყენებს ტურიზმი, როგორც დიდი ბიზნესი. გასტრონომიული ტურიზმი, ანუ როგორც ზოგჯერ მას უწოდებენ Food Tourismus-ი, ტურისტს სულ სხვა ხედვას უყალიბებს ქვეყნის შესახებ, ის უკვე სხვა თვალით უყურებს კულტურას და ლანდშაფტს, იწყებს ამ ქვეყნის კონკრეტული რეგიონის სხვაგვარად შეფასებას.
მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის მონაცემებით დღეისათვის ყველაზე პოპულარულ გასტრონომიულ ტურისტულ ქვეყნებად ითვლება: საფრანგეთი, იაპონია, ტაილანდი, ჩინეთი.
თანამედროვე ტურისტს მხოლოდ დანახვა უკვე აღარ აკმაყოფილებს, ის ცდილობს, რომ ქვეყანა „შეიგრძნოს.“ ამას კი ყველაზე კარგად ფუდ ტურისტი ახერხებს. სწორედ საკვები უწყობს ხელს, რომ ქვეყნის კულტურაში შეაღწიო და იგრძნო ის „სხვა,“ არა მარტო ინტელექტუალურ დონეზე, არამედ გრძნობების დონეზეც. საკვები – ტურისტის დესტინაციის მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელიც შეგრძნებებით ავსებს ტურისტულ შთაბეჭდილებებს. გლობალიზაციამ და ყველაფრისადმი ხელმისაწვდომობამ, საკვების როლის და მნიშვნელობის წინ წამოწევამ, უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადა ტურისტული მარშრუტები, განსაკუთრებით კი გურმეებისათვის, ისტორიკოსებისა და ანთროპოლოგებისათვის. ისინი იკვლევენ ამა თუ იმ კერძის ფესვებს, ერის ინტრესებს, გარემოს, ყოფას და ადათებს, რაც მხოლოდ ადგილზე შეიძლება „შეიგრძნო,“ ასე რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ასეთ ტურებს ამ მიზნით.
გასტრონომიული ტურისტი არის ტურისტი, ვისი მამოტივირებელი ფაქტორი ქვეყნის გასაცნობად არის საკვები და სასმელი. ეს ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის მიზანმიმართულად ირჩევს ლოკალურ ადგილობრივ ავთენტურ საკვებს და არასდროს არ შედის მასობრივი კვების ობიექტებში.
ამერიკელმა მეცნერებმა ჰოლპმა და შარპლზმა მოახდინეს გასტრონომიული ტურიზმის სეგმენტაცია, რომელიც დაფუძნებული იყო ინტერესების უმთავრესობაზე და გამოავლინეს რამდენიმე ტიპი:
1 გასტრონომიული ტურიზმით დაინტერესების მთავარი ფაქტორია: რესტორნების, ბაზრობების და სხვადასხვა საკვები ობიექტების, ვენახების, ლუდსახარშების, ქვეყნის ყველის, თუ ზღვის პროდუქტების კულტურის დათვალიერება და დაგემოვნება. ასეთ სეგმენტს მეცნერებმა უწოდეს – გასტრონომიული (გურმე, კულინარიული) ტურიზმი.
2 ტურების მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანაში მოგზაურობასთან ერთად, ასევე მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერკლასებში და დააგემოვნონ ქვეყნის ნაციონალური კერძები, გაერკვნენ კვების კულტურის სხვადასხვა კომპონენტებში.
3 მესამე კატეგორია გასტრონომიულ ტურებში მონაწილე ფუდ ტურისტებისა, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ნაკლებ ინტერესს იჩენენ საკვების ისტორიული და კულტურული დანიშნულებისადმი, მაგრამ აინტერესებთ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო კულტურა და განსხვავება სოფლის ცხოვრებასა და ქალაქს შორის.
4 მეოთხე კი ტურისტების ის სეგმენტია, რომელსაც არ აინტერესებს გასტრონომიული კულტურა, საკვებს კი ტურისტის ყოველდღიურ აქტივობად უყურებს, მაგრამ გემოვნურ თვისებებს მნიშვნელობას ანიჭებს.
აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ გასტრონომიული (კულინარიული, გურმე, ფუდ) ტურისტი შეიძლება იყოს გურმე ტურისტი, თავისი რაფინირებული გემოვნებით haute cuisine-ისადმი, ან ტურისტი, რომელიც ტკბება კონკრეტული რეგიონის უნიკალური კერძით, „რომლის ჭამა, მხოლოდ იქ შეიძლება.“
გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას, ტურიზმის კონცეფციაში ბოლოდროინდელმა ცვლილებებმაც შეუწყო ხელი, თუ ადრე იყო ოთხი C-ს კონცეფცია sun-sand-sex-surf – მზე, ქვიშა, სექსი და სერფინგი, დღეისათვის ის ოთხი L-ის კონცეფციას უთმობს ადგილს landscape-lore-leisure – ლანდშაფტი, მხარეთმცოდნეობა, თავისუფალი დრო/ დასვენება, რომელიც გაერთიანდა ერთ კონცეფციაში – "everyday activity," სწორედ ამ კონცეფციის რეზულტატად შეიძლება ჩაითვალოს გასტრონომიული ტურიზმის, როგორც ტრენდის აქტუალურობა დღეისათვის.
გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაში უდიდესი როლი მასობრივი ინფორმაციის წყაროებს, სოციალურ ქსელებს და სხვადასხვა მედია აქტივობებს მიუძღვის. უამრავი ტელეგადაცემა, რომელიც სხვადასხვა მიმართულების შეიძლება იყოს, უკავშირდება რეგიონის, თუ ქალაქის კვების კულტურას. ამიტომაც არის რომ გასტრონომიული ტურიზმი კომპლექსურ ჭრილში განიხილება, რომელიც ისტორიას, გეოგრაფიას, არქეოლოგიას, კულტურას უკავშირდება. მსოფლიო პრაქტიკა დღეისათვის გასტრონომიული ტურიზმის
სამ სახეობას განიხილავს:
1 არდადეგების გატარება კულინარიულ სკოლებში;
გურმანები, გასტრონომიული კულტურით დაინტერესებული, ისტორიკოსები, ანთროპოლოგები, უბრალოდ გურმანები, შვებულებას კონკრეტული ქვეყნის კულინარიულ სკოლებში ატარებენ. ასეთი ტიპის გასტრონომიული ტურისტი შეიძლება იყოს ასევე, კონკრეტული ქვეყნის შეფი, რომელსაც სურს, რომ აიმაღლოს ცოდნა, კვალიფიკაცია, განათლება.
2 მსოფლიოში განთქმულ ლოკალურ საკვებ ობიექტებში განსაკუთრებული საკვების დაგემოვნება, რომელიც შეიძლება მიშლენის ვარსკვლავიანი შეფის მიერ იყოს მომზადებული; ადგილობრივი ბაზრობებისა და საკვების ბაზრების მონახულება; სოფლის სამეურნეო კულტურის გაცნობა.
ეს ტიპი შეიძლება განვიხილოთ ეკოტურიზმთან კავშირში. ასეთი ტური შეიძლება ქვეყნის ნაციონალურმა უმცირესობებმა გამოიყენონ, როგორც თავიანთი იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებისა და დემონსტრირების შანსი, რომელიც საკვებში და კვების კულტურაში შემოინახეს.
3 ტურები – ადგილობრივი საკვები პროდუქტების მწარმოებლებთან, შეიძლება ერთ კონკრეტულ პროდუქტზე აქცენტით, მაგალითად ღვინო, ყველი, ყავა, ჩაი, ვენახები, ფერმერული მეურნეობები.
ხშირად გვხვდება აგრეთვე კომბინირებული ტურები.
პასიური დამთვალიერებლების როლიდან გასტრონომიული ტურისტი აქ – აქტიურ მოქმედებაში გადადის და თვითონაც ხშირად ერთვება პროცესში.
ასეთი ტურები კულტურული ტურიზმის ჭრილშიც განიხილება, კვების კულტურისადმი ინტერესთან ერთად ტურისტი იღრმავებს ცოდნას ამა თუ იმ ერის შესახებ, ხდება უფრო ტოლერანტული.
გასტრონომიული ტურიზმის განვითარება ცვლის გლობალურ სოციალურ მიდგომებს ადამიანებში, უფრო ფართოდ ხედავს კვების და საკვების როლს ადამიანის განვითარების ისტორიაში და მის სამომავლო პერსპექტივებს ერთობლივ სამყაროში, სადაც ყველა არსებას ჭირდება საკვები.
რა განასხვავებს გასტრონომიულ ტურიზმს ტურიზმის სხვა სახეობებისაგან?
როგორც უკვე ვთქვით, საკვებს შეუძლია სენსორული, კულტურული და სოციალური გამოცდილებების ინტეგრირება თავის თავში. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ისიც არის, რომ გასტრონომიულ გამოცდილებას შეუძლია დროის შეჩერება და დროში დაბრუნება, ის არ არის მარტო საკვებზე ორიენტირება, არამედ მისი საშუალებით ერის კულტურაში შეღწევა და დაფასება, მისი მიღება და მისი გეოგრაფიის, გეოლოგიის და ხასიათის ფორმირების შეცნობა ხდება.
გლობალიზაციისა და ტურიზმის სფეროში უდიდესი კონკურენციის ეპოქაში ყველა ქვეყანა ცდილობს, უნიკალური კვების პროდუქტის თუ გასტრონომიული თავისებურებების მარკეტინგის მეშვეობით, დაანახოს სხვა სამყაროს მისი განსაკუთრებულობა, ეგზოტიკურობა და სიდიადე, სწორედ ასეთი ქვეყნების რიგს შეიძლება თამამად მივაკუთვნოთ ჩვენი ქართული გასტრონომიული კულტურა, რომლის პოპულარიზაცია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ხდება.
საქართველოთი დაინტერესებაში განსაკუთრებული როლი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ითამაშა ამ ქვეყნის გასტრონომიულმა თავისებურებებმა და იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების მსოფლიო არამატერიალური ფასეულობების ნუსხაში შეტანამ. შანსი, რომელიც ჩვენ ამით მოგვეცა, ჩვენმა ქვეყანამ, როგორც დიდი ტურისტული ბიზნესის წყარო ისე უნდა გამოიყენოს, მეცნიერების, გასტრონომების, ისტორიკოსების, ბიზნესის ჩართულობით.