სურსათის სარგო:
* საქონლის სუკის მოზრდილი ნაჭერი
* 500 გრ. ქამა სოკო
* 1 ც. ხახვი
* ერთი თავი ნიორი
* თითო-თითო ყვითელი და წითელი ბულგარული წიწაკა
* 1 ცალი კომში
* სუნელები, მარილი და წიწაკა გემოვნების მიხედვით
„რულეტის“ შესაკრავად დაგვჭირდება თხელი ბაწარი ან სქელი ძაფი
სოკოს შიგთავსი: ცოტაოდენ ზეთსა და კარაქში მოვთუშოთ ხახვი და ნიორი, დავამატოთ დაჭრილი ქამა სოკო, ყვითელი და წითელი წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, შევაზავოთ სუნელებით და შევურიოთ კუბებად დაჭრილი მოთუშული კომშის ერთი ნაწილი.
სუკი: პარალელურად თხლად და ფართედ გადავხსნათ სუკის ნაჭერი, შევაზავოთ მარილითა და წიწაკით. შუაში, მთელ სიგრძეზე დავაფინოთ მოთუშული სოკოსა და მოთუშული კომშის კუბები, გადავახვიოთ, შევკრათ ძაფით, რომ არ დაიშალოს და ორივე მხრიდან დავბრაწოთ გახურებულ, ოდნავ ცხიმწასმულ ტაფაზე. მზადების პროცესს შემდეგ უკვე 200° გაცხელებულ ღუმელში 10-15 წთ. მანძილზე ვაგრძელებთ. ღუმლიდან გამოდგმის შემდეგ, როდესაც ხორცის ნაჭერი ოდნავ შეგრილდება, დავჭრათ რულეტისათვის დამახასიათებელ, თხელ ნაჭრებად, მოვათავსოთ კვლავ ტაფაზე და დაახლ. 1 წუთის მანძილზე დავბრაწოთ.
By: ირაკლი კოხრეიძე