მიმტევებელი, მუდამ პოზიტიურად განწყობილი, ადვილად საურთიერთო, უკონფლიქტო-ვფიქრობ ჩემი ხასიათის ძირითადი შტრიხები სწორედ ესენია. უმჯობესია, სხვამ დაგახასიათოს, ადამიანები ხომ უფრო კრიტიკულები არიან სხვების მიმართ, ვიდრე საკუთარი თავის, თუმცა მე ჩემს თავს უფრო კრიტიკულად ვუდგები ვიდრე სხვას. ზოგადად, ლოიალური ვარ, ვცდილობ ყოველთვის კარგი დავინახო ჩემს ირგვლივ, დადებითზე მოვახდინო კონცენტრირება და ყოველი დილა პოზიტიურად დავიწყო. ცხოვრება იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ ძილისთვისაც მენანება, მიყვარს ღამე, სიჩუმე, სიჩუმე და არა ღამის ხმაური, რომელიც ზოგიერთს სიჩუმეში ერევა. ვცდილობ ჩემს ირგვლივ ადამიანებს კომფორტი შევუქმნა, ამიტომ როდესაც განწყობა არ მაქვს, მირჩევნია დრო მარტომ გავატარო, ზოგადად მარტოობა მიყვარს, ნათქვამია მარტოობაში სული იზრდებაო. მიყვარს ფიქრი, განსაკუთრებით წარსულზე, ხშირად ვიგონებ ჩემს ბავშობას, ეს ხომ ყველაზე ლამაზი პერიოდია ჩვენს ცხოვრებაში, სამწუხაროდ ამას მხოლოდ მაშინ ხვდები, როდესაც დიდი ხარ, ბავშვი ვერ აფასებ იმ ჯადოსნურ სამყაროს, რომელშიც იმყოფები და მუდამ დიდობისკენ მიისწრაფვი, რადგან, როგორც ეგზიუპერი წერს, გაინტერესებს რატომ არიან ეს დიდები ასეთი უცნაურები, რატომ არ არის მათთვის მნიშვნელოვანი შეჭამა თუ არა ბატკანმა ვარდი. მე პატარა უფლიწული მიყვარს და ჩემთვის ის მეორე ბიბლიაა. მიყვარს საინტერესო ლიტერატურა და ევროპული კინო. ფიქრი, კითხვა და ფილმები-სწორედ ეს არის, რასაც მარტოობისას დროს ვუთმობ.
ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევრობას ვერ დავიბრალებ, მიყვარს გემრიელი კერძები, უბრალოდ ცომეულს ვერიდები, რაც შეეხება სპორტს, ბავშვობაში პროფესიულ ჩოგბურთს ვთამაშობდი და დღეში ორჯერ ინტენსიური ვარჯიში მიწევდა. ბოლო ორი წელია კი იოგათი ვარ გატაცებული „სტუდიო შვიდში“. მიყვარს მასაჟი და „სპა“ ცენტრებში სიარული. ვფიქრობ, რომ ეს ჯანმრთელობისთვისაც კარგია და სხეულის ლამაზი ფორმების შენარჩუნებაში გეხმარება.
პროფესიით კინომცოდნე ვარ, თუმცა პროფესიით არასოდეს მიმუშავია. შვიდი წელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესს-სამსახურში ვიმსახურე, ახლა კი კომპანია „სარაჯიშვილის“ „ბრენდ ამბასადორი“ ვარ, ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, ვიმუშაო იმ კომპანიაში, რომელიც ჩემს ოჯახს ეკუთვნის, თუმცა ამავე დროს ეს ძალზედ საინტერესო და სასიამოვნოა.
„აქცენტი“ ურთიერთობებზე
კარგი მეგობრები – ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია ცხოვრებაში, რაც დიდი პასუხისმგებლობაც არის. როდესაც ადამიანს მეგობარს დაარქმევ, ყოველთვის მისი ერთგული უნდა იყო, მისი კარგი უნდა გიხაროდეს ისეთივე სიცხადით, როგორც საკუთარი, მისი უნდა გტკიოდეს, მის გვერდით უნდა იყო ყველგან და ყველაფერში. მე მიხარია, რომ ჩემს გვერდით ასეთი ადამიანები არიან, ადამიანები რომლებსაც ვენდობი და ვიცი, რომ მარტო არ დამტოვებენ, არ მიღალატებენ. ბევრი მეგობარი არ მყავს, მყავს ახლობლები, რომელებთანაც ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს. ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემი დაა. ქეთოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე ახლო ნათესაობა გვაკავშირებს, არამედ იმიტომ, რომ ის განსაკუთრებული ადამიანია, ადამიანი რომელიც სულ მაკლია და სულ მენატრება, მაშინაც როცა ჩემთან ახლოს არის. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ბავშობის მეგობრობა უფრო მყარია და ასეთ ურთიერთობას სხვა ხიბლი აქვს. ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან ჩემი მეგობარია, თუმცა მოგვიანებით შეძენილი მეგობრებიც ზუსტად ისეთივე ძვირფასები არიან ჩემთვის. არასდროს არ გიგრძვნიათ, ადამიანს რომ დაინახავ და მიხვდები რომ ის შენია? ეს შეიძლება ნებისმიერ ასაკში იგრძნო და მასთან სანიმუშო მეგობრული ურთიერთობა შექმნა. მეგობრების მიმართ მომთხოვნი არ ვარ, ერთადერთი რასაც ჩემთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, ეს არის სიცრუე. ვფიქრობ ნებისმიერი ურთიერთობა სიმართლეზე უნდა იყოს აგებული, ამიტომ მეგობარს ვერ ვაპატიებ ტყუილს. არ მიყვარს ხმაურიანი და ზედმეტად ხალხმრავალი ადგილები, ძირითად მეგობრები ერთმანეთთან სახლში დავდივართ, ხშირად მსტუმრობენ მე, განსაკუთრებით მაშინ უყვართ ჩემთან მოსვლა, როდესაც ჩემთან დედაჩემია, დღემდე ვერ ვხვდები როგორ ძალუძს დედაჩემს ასეთი კომფორტი შეუქმნას ირგვლივ მეც და ჩემს მეგობრებსაც, თუმცა არსებობს ერთი საფრთხე – აუცილებლად დაგარღვევინებს დიეტას, თუნდაც მთელი დღე კეფირით გქონდეს გატარებული, ვერც ერთი ჩემი მეგობარი გულგრილს ვერ ტოვებს მის მიერ მომზადებულ უგემრიელეს კერძებს.
„აქცენტი“ “კომფორტზე”
ხშირად მიფიქრია, რა მიქმნის ცხოვრებაში კომფორტს. ჩემთვის ორი სახის კომფორტი არსებობს, ერთი სულიერი, მეორე კი – ფიზიკური. ადამიანთა უმრავლესობა ფიზიკური კომფორტის შექმნისკენ ისწრაფვიან და ავიწყდებათ ყველაზე მთავარი – სულიერი კომფორტის შექმნა და შინაგანი ბედნიერების მოპოვება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სულიერი სიმშვიდე და ბედნიერებაა, ამ კომფორტს ის ადამიანი მიქმნის, რომელთანაც მე ვცხოვრობ, ბედნიერებაა როდესაც გვერდით გყავს პიროვნება, რომელსაც უყვარხარ და ყოველი დღე შენს გახარებას ცდილობს. კომფორტულად თავს ვგრძნობ სახლში, შვილის და საყვარელი ადამიანის გვერდით, მეგობრებთან ერთად და პარიზში. პარიზი ჭეშმარიტად ის დღესასწაულია ჩემთვის, რომელიც მუდამ თან დამყვება და დაუსრულებელია. მოგზაურობისას კომფორტისთვის აუცილებელია ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს კარგად ვიგრძნობ, ამინდი და, რაც მთავარია, კედები, რადგან ძალიან ბევრს დავდივარ და ვცდილობ მაქსიმალურად ვეზიარო იმ ქვეყნის კულტურას, სადაც ვიმყოფები. მუშაობის პროცესში კი ჩემს კომფორტს ადამიანები ქმნიან, აქაც ურთიერთობებია მნიშვნელოვანი, მთავარია რომ მე მიხარია სამსახურში მისვლა რადგან ვიცი, რომ იქ პოზიტიური გარემო დამხვდება, რომელსაც ჩემი თანამშრომლები ქმნიან. სხვა განსაკუთრებული არაფერი მჭირდება, ხმაურშიც თავისუფლად ვახერხებ საქმეზე კონცენტრირებას.
„აქცენტი“ კულინარიაზე
ყველაზე მეტად ფრანგული და იაპონური სამზარეულო მიყვარს, მონატრებით კი „ფუაგრა“ მენატრება, ისეთ გემრიელს ვერსად ვერ ამზადებენ როგორც საფრანგეთში. მიყვარს ქართული სამზარეულოც და ვამაყობ რომ ასეთი გემრიელი კერძები გვაქვს, ამიტომ უცხოელ სტუმრებს, რომლებიც ხშირად გვსტუმრობენ მე და ჩემს მეუღლეს, ამაყად ვთავაზობ ხაჭაპურს და დედაჩემის მიერ მომზადებულ კერძებს. ვფიქრობ, რომ ოჯახში მომზადებული ქართული კერძები განსაკუთრებით გემრიელია, ვიდრე რესტორანში. თავად კერძებს არ ვამზადებ, თუმცა ორი წლის წინ გადავწყვიტე, რომ ახალ წელს საცივი მე გამეკეთებინა, დედაჩემთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, რომელიც სამზარეულოს არ თმობდა, მოვამზადე საცივი. მე, პირადად, კმაყოფილი დავრჩი ჩემი შემოქმედებით, თუმცა ჩემი მეგობრების აღფრთოვანებული სახეებით თუ ვიმსჯელებ, ძალიან გემრიელიც კი გამოვიდა. ამის შემდეგ ტრადიციასავით დავამკვიდრე და ახალ წელს საცივს ყოველთვის მე ვამზადებ.
ფოტო: ანა ბოკო