ჯანსაღი ცხოვრება
ძალიან ახალგაზრდა გავთხოვდი და ბავშვი გავაჩინე. ფეხმძიმობის პერიოდში დედაჩემი საოცარ კერძებს მიმზადებდა და სულ რაღაც ცხრა თვეში ერთი წონითი კატეგორიიდან სხვა წონით კატეგორიაში გადავინაცვლე. გადავწყვიტე, ჩემს ცხოვრებაში რაღაც შემეცვალა და თავად დავუწესე საკუთარ თავს რეჟიმი და ცხოვრების წესი. მივხვდი, რომ თუ ჯანმრთელი ცხოვრების წესით არ ცხოვრობ, არაფერი გამოდის… პირველ რიგში, საკუთარ თავთან არ ხარ კომფორტულად, ვარჯიში, სწორი კვება, ხასიათიც კი, აქედან გამომდინარეობს.
თავის მოვლა
განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ თავის მოვლისთვის, მთავარია ვიყო კარგ ხასიათზე. ქალი ვერასდროს იქნება კარგ ხასიათზე, თუ საკუთარი თავი არ მოსწონს. ვარჯიში არის არა ფიზიკური მოძრაობების სინთეზი, არამედ სულიერი მდგომარეობა, რომელსაც აღწევ ყოველი ვარჯიშის შემდეგ. ძალიან რთულია და ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, თითქოს ეს მარტივია ან იოლად გამოდის. რთულია ცხოვრების სტილის, კვების რეჟიმის შეცვლა, იმასაც არ ვიტყვი, რომ საჭიროა ადამიანი რობოტად გადაიქცეს და მუდმივ წესებსა თუ დოგმებში მოექცეს, ასევე შესაძლებელია გარკვეული დოზით კალორიული საკვების მიღება, მაგრამ მნიშვნელოვანია დაიჭირო ის ოქროს შუალედი, რომელიც ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის. ამის რეცეპტს ვერავინ შემოგთავაზებს. აუცილებელია გრძნობდე, თუ რა გხდის ბედნიერს. სირთულეების გადალახვა დიდ სტიმულს მაძლევს, იქნება ეს ვარჯიში, დიეტა, შვილთან თუ გარე სამყაროსთან ურთიერთობა. ყველა ადამიანს თავისი ხედვა აქვს და არ არსებობს რაიმე კონკრეტული რეცეპტი, რომელსაც სხვა ადამიანს შეთავაზებ.
DESSANGE როდესაც თავის მოვლის საშუალებებით აქტიურად დავინტერესდი, იმ პერიოდში ძალიან რთული იყო საქართველოში სხვადასხვა საჭირო პროდუქციის შოვნა. მქონდა იდეა, რომ „ლუქს ბრენდი“ შემეთავაზებინა მომხმარებლისათვის. ქართველი ქალი განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევა და ასევე აქვს პოტენციალი, ძალიან კარგად გამოიყურებოდეს. როდესაც Dessange-ის გახსნა გადავწყვიტე, დარწმუნებული ვიყავი, ქართველი ქალები ამას აუცილებლად გაითავისებდნენ და ასეც მოხდა. Dessange-ის პროდუქცია ნომერ პირველი ბრენდია თავის მოვლის საშუალებებს შორის და ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალებს, ჩოგბურთის ტურნირებს და სხვა ღონისძიებებს ემსახურება. ევროპაში ის სეგმენტური და საკმაოდ ძვირიანი ბრენდია. მაქსიმალურად ვეცადე, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის მისაღები ფასები დაგვედგინა. დიდი ძალისხმევის შედეგად დავარწმუნე Dessange-ის პარტნიორები, რომ მათი კონცეფცია საქართველოსთვის არ გამოდგებოდა. მინდოდა, თავის მოვლის საშუალებები ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ეს იყო ჩემთვის მთავარი ამოცანა. ვცდილობდი, მაღალი სტანდარტის ხარისხი მისაღებ ფასად შემენარჩუნებინა, ჩვენს მატერიალურ რეალობაზე მორგებული. ეს მოვახერხე და ამით ძალიან ვამაყობ.DESSANGE პირველ რიგში თმის მოვლის ინსტიტუტია და ამის შემდეგ არის სხვა დანარჩენი. კოსმეტოლოგია, ჩვენთან ძალიან სტანდარტული და ტრაფარეტულია, ყველა მანუალურად წმედნს სახეს. რამდენადაც ეს სრულიად მიუღებელია დღევანდელი მობილური და დატვირთული ქალებისთვის, გადავწყვიტე, ჩვენთან რაღაც ახალი დამენერგა. მანუალურად სახის გაწმენდის შემდეგ, ძალიან რთული ხდება წვეულებაზე ან საქმიან შეხვედრაზე წასვლა. ახლა ჩვენ გვაქვს ამერიკელების მიერ 2012 წელს შექმნილი აპარატი – Hydra Facial, რომელიც ერთდროულად იძლევა შედეგის 5 კომპონენტს, ესენია: კანის დატენიანება, გაახალგაზრდავება, პიგმენტური ლაქების მოშორება, ფორების დაპატარავება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ აქვს არანაირი უკუჩვენება. ადამიანი სალონიდან მიდის გაწმენდილი კანით, რომელიც ბრწყინავს და შეგიძლიათ პირდაპირ წვეულებაზე წასვლა, პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა.
ოჯახი და მეგობრები ჩემთვის ყველაზე დიდი სიმშვიდეა. ეს ადამიანები არიან უბრალო, მარტივი, ჩვენ ერთი მსოფლმხედველობა გვაქვს, ვართ ერთი „სოციუმიდან“, ერთნაირი მუსიკა და წიგნები მოგვწონს, ერთნაირად ვერთობით.
ბევრ ადამიანს ვიცნობ და მიწევს ურთიერთობა, მაგრამ ბევრი მეგობარი არ მყავს, ბავშვობიდან ვინც ერთად მოვდივართ, ის ადამიანები არიან განსაკუთრებული ჩემთვის და მათ გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია, ცხოვრებას ალამაზებენ და აძლევენ იმ ენერგეტიკას, რისთვისაც ყოველდღე ვიღვიძებ და შემოქმედებით წვაში ვარ.
შემიძლია განმარტოვებით წავიდე ერთ მეგობართან ერთად მთაში ან ზღვაზე და არაჩვეულებრივი დრო გავატარო, მაგრამ არის გარკვეული პერიოდები, როდესაც ძალიან მჭირდება ბევრ ხალხთან ურთიერთობა.
პატარები რომ ვიყავით, ყოველთვის სახლის გარეთ გვინდოდა ურთიერთობა. ახლა ალბათ გემოვნება შეგვეცვალა ან ასაკის მატებასთან ერთად სხვა ინტერესები და რეალობა მოვიდა. მე და ჩემმა მეუღლემ სახლი ავიშენეთ ზღვაზე, სადაც ძალიან მოგვწონს და გვიხარია ბევრი სტუმრის მიღება, მეგობრებს უყვართ ჩვენთან ყოფნა და ეს ძალიან გვახარებს. გართობას რაც შეეხება, ყველანაირ გარემოში შემიძლია გავერთო, თუ ჩემი საყვარელი ადამიანები არიან ჩემთან ერთად. არ აქვს მნიშვნელობა, კომფორტული გარემო იქნება თუ არა.
მაინც ყველაზე მეტად მიყვარს იტალიური სამზარეულო, ის უფრო მარტივი და გრილია. არ მიყვარს ბევრი საწებლები, რაც უფრო მეტი საწებელია, მით უფრო იკარგება ის ნატურალური გემო, რაც ყველაზე გემრიელია. განსაკუთრებით მიყვარს „პასტა ტალიატელე“ ნაღების საწებლით, ასევე „ტალიატელე კონ ფუნგიტრიუფელის საწებლით“, ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი კერძი, რომელსაც იშვიათად მივირთმევ, რადგან ძალიან კალორიულია.
ძალიან ვნანობ, მაგრამ არასდროს გამომდის კერძის გემრიელად მომზადება. ბევრი მიშრომია, მომინდომებია, და მაინც არ გამომდის გემრიელი. საკმაოდ გურმანი ვარ, მაგრამ კულინარიის ნიჭი რატომღაც არ მაქვს, აქედან გამომდინარე ნაკლებად ვამზადებ. ჩემს ოჯახის წევრებს ჩემი მომზადებული კერძებიდან ალბათ ყველაზე მეტად „ბეფსტროგანოვი“ უყვართ.
ფოტო: LIG Studio