ინგრედიენტები:
* 200-250 გრ. ორაგულის ფილე კანით
* ზღვის მარილი გემოვნებით
* ზეითუნის ზეთი
* 1 ვაშლი Granny Smith (მწვანე ვაშლი)
* 1 ლაიმის წვენი
* ზეითუნის ზეთი გემოვნებით
* 2 ტკბილი კარტოფილი, გათლილი და დაჭრილი პატარა კუბიკებად
* 1 წვრილად დაჭრილი ხახვი
* 1/2 ს/კ მარცვლოვანი მდოგვი
* 1 ს/კ შავი ქიშმიში
* 1/2 ჭიქა რძე
* 1/2 ჭიქა წითელი პორტვეინი (Porto wine)
* 1 დაფნის ფოთოლი
* 1 დარიჩინის ხმელი ღერო
* 1/4 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
* 1/4 ლაიმის წვენი და ცედრა
* 1/2 ხმელი წითელი წიწაკა, წვრილად დაჭრილი
* 1/2 ყაბაყი, თხელ თანაბარ ფირფიტებად დაჭრილი
* რძე
* ფქვილი
* მარილი და პილპილი გემოვნებით
* მზესუმზირის ზეთი შესაწვავად
ქვაბში ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი, მდოგვი, ქიშმიში, ჩავასხათ რძე, პორტვეინი, ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი, დარიჩინი, ჩავასხათ სოიოს სოუსი, ლაიმის წვენი და დავამატოთ ცედრა, წითელი წიწაკა. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ დაახლოებით 5 წუთი, სანამ არ მივიღებთ სასურველ ერთიან არომატულ კონსისტენციას (არავითარ შემთხვევაში არ დავაშროთ). შემდეგ დავამატოთ ტკბილი კარტოფილი და ვადუღოთ, სანამ არ მოიხარშება. დროდადრო დასჭირდება წყლის დამატება.
ყაბაყი დავჭრათ თხელ ფირფიტებად. ამოვავლოთ ჯერ რძეში, შემდეგ ფქვილში და შევწვათ გახურებულ ზეთიან ტაფაზე. თითო წუთი ორივე მხარეს, ან სანამ ფერს არ შეიცვლის. უნდა მივიღოთ ფრიტები. დავდოთ ქაღალდიან თეფშზე, რომ ზედმეტი ზეთი ჩამოშორდეს.
მწვანე ვაშლი დავჭრათ ძალიან პატარა კუბიკებად. ჩავყაროთ ჯამში, მოვასხათ 1 ლაიმის წვენი და ცოტა ზეითუნის ზეთი. ამოვურიოთ და გავსინჯოთ. გემოვნებისამებრ შეგვიძლია დავუმატოთ ლაიმი ან ზეითუნის ზეთი.
ორაგულის ფილე გავრეცხოთ, გავამშრალოთ სამზარეულოს ქაღალდით. კანს გავუკეთოთ 3თხელი ჩაჭრა ბასრი დანით. მოვაყაროთ ზღვის მარილი და მოვასხათ ზეითუნის ზეთის წვეთები (ორივე მხრიდან).
ტაფა გავახუროთ (სასურველია „ტეფალის“ ტიპის ტაფა), მოვასხათ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი. ორაგული მოვათავსოთ ტაფაზე კანიანი მხრით ქვევით. გავაჩეროთ საშუალო/მაღალ ცეცხლზე, სანამ თევზის 2/3 არ გავარდისფრდება (დაახლოებით 2- 4 წუთი). შემდეგ ამოვატრიალოთ და გავაჩეროთ მეორე მხრიდან. საბოლოოდ, თევზი უნდა მივიღოთ ნახევრად მოწითალო ფერის. არავითარ შემთხვევაში დიდხანს არ გავაჩეროთ ცეცხლზე, თორემ გამოშრება და საკმაოდ არასასიამოვნო ტექსტურას მივიღებთ.
თეფშზე მოვათავსოთ ტკბილი კარტოფილის მასა. შემდეგ ზევიდან დავადოთ ორაგულის ფილე – კანით მაღლა. ფილეს მოვაყაროთ მომზადებული ვაშლის ტოპინგი. შევეცადოთ, რომ მთლიანად თევზის კანზე მოვათავსოთ და არ ჩამოგვიცვივდეს. გვერდზე დავულაგოთ ყაბაყის ფრიტები. გასაფორმებლად გარშემო თხლად მოვასხათ ტკბილი კარტოფილის სოუსი.
By : ქეთუნა ყრუაშვილი და სეზარ რიბეირო