მაია ფანჯიკიძე
რატომ მიყვარს „კულინArt“-ი?! ჩემი ყველა რესპონდენტი უამრავ, ერთმანეთისგან განსხვავებულ გემრიელობას მასინჯებს; ხანდახან ისეთი კერძებითაც მიმასპინძლდებიან, მთლად პირველად რომ გავიგე… მათი თვითშემოქმედების დამგემოვნებელიც არაერთხელ ვყოფილვარ; ჰოდა თუ არ გავსინჯე, როგორ მოგიყვეთ ხოლმე?!
არადამაჯერებლობა რომ არ შეჰპარვოდა საახალწლო პოლიტMenu-ს, ჩემს რესპონდენტს მცხეთაში ვესტუმრე და
როგორც ამ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, „შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა“! ამდენი გემრიელი კერძი და ისტორია ერთად, იშვიათად თუ „დამიგემოვნებია“
– ადრე, ჩვენს ოჯახში ახალი წლისათვის მზადება 30-31 დეკემბერს იწყებოდა, ნაძვის ხესაც, ბოლო დღეს ვდგამდით. როდესაც გერმანიაში სასწავლებლად და შემდეგ უკვე სამუშაოდ წავედი, ვნახე, რომ მთელი ეს სამზადისი ევროპაში, დეკემბრის პირველივე დღეებიდან იწყება და მთელი თვე – შობის და ახალი წლის მოლოდინია. მეც მომეწონა და გადავერთე ევროპულ ტრადიციაზე. მას შემდეგ, ყოველ წელს, ჩემი სახლი, დეკემბრის შუა რიცხვებიდან საახალწლოდ ირთვება.
ჩემი საახალწლო სუფრა ძალიან ტრადიციულია. ვაკეთებ საცივს (საოცრად გემრიელს, როგორც ამბობენ), ვწვავ გოჭს, მაქვს „ხალადეცი“, ხაჭაპური, გოზინაყი, ჩურჩხელა და პრინციპში ყველაფერი, რაც ამ დროს ქართულ სუფრაზეა ხოლმე… ჩემს მენიუში განსხვავებული მხოლოდ საშობაო ნამცხვრებია, რომლის მომზადებაც გერმანიაში ვისწავლე და მხოლოდ შობას და ახალ წელს ვამზადებ.
არ მიყვარს დიდი თავყრილობები. არასდროს შევხვედრივარ ახალ წელს რესტორანში ან რამე წვეულებაზე. ეს დღეები ჩემთვის სახლთან და ძალიან ახლობელ ადამიანებთან ასოცირდება. ჩვენს ოჯახში ეს ტრადიცია მამაჩემმა დაამკვიდრა და დღემდე ასე გრძელდება. 12 საათს ყველა ჩვენ-ჩვენ სახლებში ვხვდებით და მერე, როდესაც სადღაც უნდა წახვიდე და გაერთო, ეს წასასვლელი ადგილი, ახლობელი ადამიანებისთვის, ჩემი სახლია. მხოლოდ ერთხელ აღვნიშნე ახალი წელი ღია ცის ქვეშ, გერმანიაში – ბრანდერბურგის ჭიშკართან, სადაც ევროპაში ყველაზე დიდი საახალწლო შეკრება იმართება… არის ფოიერვერკი, მუსიკა, უცნობი ადამიანები ერთმანეთს ეხვევიან და ახალი წლის შემოსვლას ულოცავენ… მოკლედ სახალისოა, მაგრამ იმაში დავრწმუნდი, რომ ასეთი მასშტაბის აღნიშვები ჩემი საქმე არ არის. ახალი წელიც და შობაც ჩემთვის ის დღეებია, როდესაც სახლში ვარ და მხოლოდ საყვარელი ადამიანებისთვის მცალია…
როდესაც ახალ წელს საქართველოში არ ვიყავი (ვიყავი გერმანიაში, ან ჰოლანდიაში), ტრადიციულად, 12 საათს
საელჩოში ვხვდებოდი. განცდა იმისა, რომ ახალი წლის ღამეს სამშობლოსგან შორს ხარ, საელჩოს ყველა თანამშრომელს, კიდევ უფრო გვაერთიანებდა; ამიტომ ყველა 31 დეკემბერი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ გავატარე, განსაკუთრებულად მახსენდება.
ხელით ნაჭამი არაბული კერძები და ერთი ჭიქა წყალი გერმანიაში
– ოფიციალური ვახშმების დროს არსებობს ერთ-ერთი ასეთი უსიტყვო შეთანხმება: შეხვედრის მონაწილეებს შორის ისე ნაწილდება საუბრის დრო, რომ ყველამ მოასწროს კერძების დაგემოვნება.
ზოგიერთ ქვეყნებში, მაგალითად, გაერთიანებულ ემირატებში განსაკუთრებული მნიშველობა ენიჭება მათი
ეროვნული კერძების გასინჯვას (ბევრი რამ დანა ჩანგლის გარეშე, ხელით უნდა მიირთვა), რაც მთავარია, ყველაფერი უნდა დააგემოვნო, თორემ მათი კულტურის უპატივცემლობაში ჩაგითვლიან. გაერთიანებულ ემირატებში ვიზიტი მახსენდება, როგორც პერმანენტული ჭამა-სმა… კიდევ მახსენდება ერთი ოფიციალური ვახშამი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა გერმანიაში, შეხვედრა ჰქონდა კანცლერ შრიოდერთან და ამ შეხვედრას თავიდან ბოლომდე მე ვთარგმნიდი (რატომღაც თარჯიმანის ფუნქცია შევითავსე), ჰოდა მიშამ იმდენი ილაპარაკა, რომ წყლის დალევის გარდა, ვერაფერი მოვახერხე.
ერთ-ერთ ახალ წელს ბერლინში, საელჩოში შევხვდით. 25 კაცამდე შევიკრიბეთ და საგანგებოდ დავგეგმეთ ეს დღე, თამაშებით და სახალისო აქტივობებით დატვირთული. ერთ-ერთ თამაშში წაგებულს, თეფშზე დაწყობილი გოზინაყი უნდა გაეტანა მეზობელ სახლში, მასპინძლისთვის უნდა გადაეცა და ეთქვა: „ასე ტკბილად დამიბერდი“… თან არ უნდა აეხსნა, ეს რას ნიშნავს. ყველაფერს კამერით ვიღებდით (ერთი კაცი მიყვებოდა ფაქტის გადასაღებად, რომ გაგვეგო, დავალება ნამდვილად შეასრულა თუ არა). არ მავიწყდება მეზობლის გაოგნებული სახე… რა თქმა უნდა მან ვერაფერი გაიგო… გავიდა რამდენიმე დღე და საელჩოს კართან დაგვხვდა ჩვენი თეფში (რომლითაც გოზინაყი მივართვით), ზედ დაწყობილი საშობაო ნამცხვრებით. ალბათ დღემდე არ იცის, რას ნიშნავს „ასე ტკბილად დამიბერდი“, მაგრამ მიხვდა, რომ პოზიტიური ჟესტი იყო ჩვენი მხრიდან და მეტი არაფერი. ☺
საერთოდ ვფიქრობ, რომ ქართულ ტრადიციულ მენიუს გადახალისება სჭირდება. როცა სამინისტროში სხვადასხვა ქვეყნებიდან დელეგაციები გვსტუმრობდნენ და ეს სტუმრობა ერთ დღეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, გვქონდა დიდი თავსატეხი, რა განსხვავებული კერძი მიგვერთმია… იმიტომ, რომ ყველა რესტორნის მენიუ თითქმის იდენტურია. სამი დღე ნიგვზიანი ბადრიჯანი, ძალიან მოსაბეზრებელია. იგივე ხდება ახალ წელსაც, ყველა ოჯახში ერთი და იგივე… და რამდენიმე დღეში ხვდები, რომ აღარ შეგიძლია. ამიტომ „კულინArt“-ის მკითხველს ვთავაზობ მენიუს, რომელიც ახალი წლის შემდგომ დღეებში, განტვირთვაში და სუფრაზე განსხვავებული გემოების შემოტანაში დაეხმარება.
ბროკოლის კრემ-სუპი
ხახვი, ბროკოლი, პრასი, მჟაუნა, ისპანახი, მარილი, შავი პილპილი, ნაღების სოუსი.
მომზადების წესი: 1 თავი დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეთში; დავამატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ბროკოლი, პრასი, მჟაუნა და ისპანახის ფოთლები. მალევე ვამატებთ წყალს და მოხარშვის შემდეგ ვაბლენდერებთ. მარილი და შავი პილპილი გემოვნებით და ბოლოს, ერთი პატარა შეფუთვა ნაღების სოუსიც ჩავასხათ.
სალათის შემთხვევაში, ფანტაზიას მიეცით გასაქანი, გამოიყენეთ სალათის ფურცლები, რომელსაც დაამატებთ ნებისმიერ ბოსტნეულს ან ხილს (თქვენივე გემოვნების მიხედვით).
მთავარი სალათში მაინც დრესინგია: 1 კოვზი თაფლი; 3-4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 კოვზი ბალზამიკო, მარილი და პილპილი. ეს ყველაფერი კარგად შევაზავოთ და სალათს მოვასხათ სუფრაზე გატანის წინ, რომ მწვანე ფოთლები არ დააჭკნოს.
ძირითადი კერძი: ღორის ხორცი, ბეკონის ნაჭრები, ტომატ პასტა ან ცოცხალი პომიდორი, ორეგანო, მარილი, პილპილი, ნაღების სოუსი.
მომზადების წესი: ღორის რბილი ნაწილი (სასურველია სუკი) დავჭრათ პატარა ნაჭრებად და თითოეული გავახვიოთ ბეკონში. ერთმანეთს მჭიდროდ მივუწყოთ ისეთ ღრმა ლანგარზე, საიდანაც არც სოუსი გადმოვა და ღუმელშიც კარგად მოთავსდება
სოუსი: ტომატ პასტა (ან ცოცხალი პომიდორი), მარილი, პილპილი, ორეგანო. ამ მასას წამოვადუღებთ და დავუმატებთ ერთ შეფუთვა ნაღების სოუსს. ისევ წამოვადუღებთ.
ხორცის რულეტებზე სოუსს მოვასხამთ, შემდეგ ეს მთლიანი კერძი უნდა შევდგათ ღუმელში და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ 40 წუთის განმავლობაში.
დესერტი – ჩემი გერმანული შტრიხი ქართულ მენიუში. ამ ნამცხვარს გერმანელი დიასახლისები მთელი დეკემბრის განმავლობაში აცხობენ და ასოცირდება ზამთართან, სიცივესთან, გლინტვეინთან და რაც მთავარია, მთელი თვე თითქოს ქუჩაშიც კი, საშობაო ნამცხვრის სუნი ტრიალებს.
საშობაო ნამცხვარი
ცომის ინგრედიენტები: 3 კვერცხის გული, 3 სუფრის კოვზი შაქარი, 350 გრამი კარაქი, 500 გრამი ფქვილი. მიღებულ მასას ვაბრტყელებთ ლანგარზე და 3-4 საათით ვდგამთ მაცივარში.
ბეზეს მომზადების წესი: 3 კვერცხის ცილა, 50 გრამი შაქრის პუდრა. კარგად ავთქვიფოთ ჯერ ჩვეულებრივად და შემდგომ კიდევ 5 წუთი გავაგრძელოთ თქვეფა მდუღარე წყლის აბაზანაზე,
ანუ ქურაზე… (წყალი დუღს ქვაბში და ზედ ვადგამთ ჯამს და 5 წუთი ვაგრძელებთ თქვეფას). ბეზე გადავუსვათ ცომის მასას, დავჭრათ დეკორატიული დანით, პატარა ნაჭრებად და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
ფოტო: ირა კურმაევა