მაკა ცხვედიანი ბლოგი

10_Issue_CulinArt6

მალინის ვაფლები სალტკროკიდან

შ ვ ე დ ე თ ი ს     ს უ რ ნ ე ლ ი 

„დავსხდებით მზით გაჩახჩახებულ მდელოზე და მივირთმევთ მალინის გამზადებულ გემრიელ ბუტერბროდებს. მწვანე ბალახზე დავსხდებით, გესმით? მწვანე ბალახზე და გვექნება ზაფხული… კეთილ ინებეთ და აღფრთოვანდით!“
ეს მელკერია. ორმოცდაათ წლამდე, ბავშვივით მიამიტი და მხიარული მწერალი. თეთრი მომცრო გემის კიჩოს მიყრდნობია და ღიმილისგან გაბრწყინებული შეჰყურებს შვილებს.
19 წლის ქერათმიანი ქალიშვილი – მალინია. აი, ის მალინი, გემრიელი ბუტერბროდები რომ უნდა ამზადოს დილდილობით. 

მალინის გვერდით მისი ძმები – 14 წლის იუხანი და 13 წლის ნიკლასი დგანან და შორიდან უბღვერენ პოლოსხალათიან ახალგაზარდას, თვალი რომ ვერაფრით მოუშორებია მათი დისთვის! ძმებს სძულთ ყველა ბიჭი, რომელიც მალინის თვალისმომჭრელ სილამაზეს მათსავით კარგად აღიქვამს. იუხანსა და ნიკლასს თავზარს სცემთ ის ფიქრი, რომ ერთ დღეს მალინი შეიძლება ადგეს და გათხოვდეს სწორედ ისე, როგორც ერთ შვედურ სიმღერაშია – „სტუდენტმა გოგომ არ დაიცადა, ვიღაცას გაჰყვა და დედა გახდა.“ მათი მალინიც ხომ სტუდენტია, იქნებ არც მან დაიცადოს?! ძმებს კი უნდათ ის სამუდამოდ მელკერსონების ოჯახს ეკუთვნოდეს – ასეთი ლამაზი, „დედა კურდღელივით ნაზი და მოსიყვარულე“… ეკუთვნოდეს მამას, იუხანს ნიკლასსა და პელეს, რომელიც ჯერ მხოლოდ 7 წლისაა. მალინია ამ ოჯახის მამოძრავებელი, ერთადერთი დიასახლისია მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა. დედა კი პელეს დაბადებას გადაჰყვა.
… რაც შეეხება ივნისის თბილ დილას, მომცრო თეთრი გემით მელკერსონები ზაფხულის გასატარებლად პირველად მიემგზავრებოდნენ მელკერის აღმოჩენილ კუნძულ სალტკროკაზე.
ზოგჯერ ხდება, რომ ცხოვრება აზრსაც არ გეკითხება, ისე გავალდებულებს სიფრიფანა 12 წლის გოგონას ისწავლო ფუნთუშების ცხობა, რეცხვა, ჩხუბი, უმცროსი ძმებისთვის ცხვირის მოხოცვა, ანუ ყველაფერი, რაც მალინს, მისივე სიტყვებით, ოჯახში ევალებოდა.
ალბათ დიდწილად მწერალი მამის დამსახურებაა, ყოველდღიურ ვალდებულებებში ყელამდე ჩაფლული მალინი ოცნებას რომ არაფრით იშლის. ადვილი არაა მოზარდობის ყველაზე უდარდელ წლებში გმირულად გაუძლო მოულოდნელად თავსდამტყდარ ოჯახურ ტვირთს; დღის ბოლოს კი დღიურის ფურცლებს ისეთი პოეტური ფიქრები და ოცნებები გაანდო, თითქოს მხოლოდ ამისთვის გეცალოს!
მალინი, მამასავით, გიჟდება წერაზე, ოღონდ ჩუმ-ჩუმად წერს დღიურში და მერე იმ დღიურს, ასევე ჩუმ-ჩუმად, უმცროსი ძმები – იუხანი და ნიკლასი ჩაუსხდებიან ხოლმე. კითხულობენ და სიცილით იგუდებიან, როცა მათი და სულიერივით ეალერსება დურგლისეულ კარ-მიდამოს, ზაფხულის მცხუნვარე დილას, ძველისძველ ნავსაბმელს, კაჭკაჭების კონცხს, იანსონის ყურეს, მარჩხობებს, ბუტბუტა კუნძულსა და, ზოგადად, იმ ყველაფერს, მათ ბედნიერ ყოველდღიურობად რომ იქცა!
მაშინ, როცა დის მეოცნებე ბუნებაზე იცინიან, გულის სიღრმეში იუხანიც და ნიკლასიც კარგად აცნობიერებენ, რომ ამ ძველისძველმა კარმიდამომ მიიღო და შეიყვარა კეთილი მოაგარაკეები… და ამ ფაქტის გულისამაჩუყებლობას თითოეული მელკერსონი გრძნობს, ოღონდ ერთმანეთისგან უჩუმრად.

10_Issue_CulinArt7

… იქნებ იმიტომ, კოკისპრული წვიმის მერე ცა მოულოდნელად რომ მოკრიალდებოდა ხოლმე და ღუნღულა სითეთრეში გახვეული მარჩხობი მხრებზე ჩამოშლილი თმასავით გადაიყრიდა ნისლის ბულულებს…
იქნებ იმიტომ, მელკერს ბევრი ფული რომ არ ჰქონდა, მაგრამ შვილებს მთავარი – სიცოცხლისა და ოცნების ჟინი რომ მისცა…
ან იქნებ იმიტომ, ამ კუნძულზე პირველქმნილი სილამაზე და უდარდელი სიმშვიდე რომ გამეფებულიყო…
ან იქნებ სულაც იმიტომ, რომ მალინი – ასეთი სანდომიანი თავისი ქერა თმითა და მწვანე თვალებით – ზაფხულის მცხუნვარე დილის სამადლობლად ვაფლებს დააცხობდა ხოლმე…
… ყველა, უკლებლივ ყველა მელკერსონების ოჯახში – გრძნობდა ამ კუნძულის გენიალურობას და ხშირად ფიქრობდნენ, ნეტავ რა იყო ჩვენს ცხოვრებაში მანამ, ვიდრე სალტკროკას აღმოვაჩენდით, ან უფრო პირიქით – კუნძული გვიპოვიდა ჩვენო.
ამიტომ სამართლიანი და კანონ ზომიერია ის, რომ რომანის დასასრულს დურგლისეული კარმიდამო მელკერსონების საკუთრება ხდება. ოღონდ იქამდე კუნძულზე ემოციური ქარბორბალა დატრიალდება – მელკერსონებს დირექტორი კარლბერგი და მისი მეტიჩარა შვილი მიადგებიან და სახლის მომავალ მეპატრონეებად გაეცნობიან; ოჯახი და მათთან ერთად მთელი კუნძული სასოწარკვეთაში ვარდება! და უცებ ხდება სასწაული: მელკერი ლიტერატურულ პრემიას იღებს – ოცდახუთიათას კრონს, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ დურგლისეული – კარ-მიდამოს ყიდვა შეძლოს. ამიტომ უნდა აჩქარდეს და როგორმე მოეთათბიროს დურგლის მოხუც მეუღლეს, ნორტელიეში რომ ცხოვრობს. უნდა თვალებში ჩააშტერდეს მას, სთხოვოს, აუხსნას, ემუდაროს, რომ ეს სახლი და სალტკროკა სასიცოცხლოა მისთვის და მისი შვილებისთვის! მაგრამ აღარ დასჭირდება ხვეწნა-მუდარა იმიტომ, რომ მასზე ყოჩაღები პელე და ჩორვენი აღმოჩნდებიან. სწორედ ისინი გაჩარხავენ საქმეს ფრუ შიობლუმთან. ისინი მოუყვებიან დურგლის მეუღლეს მელკერსონების მთელი ოჯახის, პელეს ცხოველების, მზეთუნახავი მალინის, მოუხეშავი მელკერის, დირექტორი კარლბერგის, ტუტუცი ლოტასა და სხვების ამბებს.
და ფრუ შიობლუმი დაუფიქრებად გადაწყვეტს, ვის უნდა დარჩეს მისი მხიარული მეუღლის ხელით ნაშენი აგარაკი. რა თქმა უნდა, მელკერსონებს! ყველა მელკერსონს და, პირველ რიგში, პელეს, მუდარით რომ არ აცილებს დიდ და ნაღვლიან თვალებს.
… ასე იმიტომ ხდება, რომ ცხოვრება, რაღაცებს შენ მაგივრად რომ წყვეტს ხოლმე, ზოგჯერ ძალიან სამართლიანია. ისეც ხდება, რომ ის ირჩევს ერთ დღეს და ეუბნება მას: ”შენ მოგცემ ყველაფერს. შენ იქნები ერთი იმ ვარდისფერ დღეთაგანი, მეხსიერებაში მაშინაც კი გაბრწყინებული, როცა ყველა სხვა დღე დავიწყებას მიეცემა…“
და კიდევ იმიტომ ხდება ასე, რომ ყველას არ შეუძლია მთელი სიმძაფრით, თითოეული ნერვითა და უჯრედით შეიგრძნოს ცხოვრების ტკბილ-მწარე გემო და სურნელი; ნეტარებამდე ისიამოვნოს მზიანი დღეებით,ზაფხულმა ასე უშურველად რომ გამოიმეტა; ბალახზე გაშალოს სუფრა, მიირთვას მალინის გამომცხვარი ხრაშუნა ვაფლები, მოიგერიოს საუზმეს შესეული აბეზარი ბზიკები და იწამოს, რომ ეს დღე, სწორედ ეს დღე უდრის მთელ სიცოცხლეს!
განა ერთ რამედ არ ღირს ასეთ ადამიანებთან მეგობრობა? და განა შეიძლება წამით მაინც გაიფიქრო, რომ მელკერი, მალინი, პელე, იუხანი და ნიკლასი მხოლოდ ლიტერატურული პერსონაჟები არიან და უბრალოდ  გამოიგონეს?

წარმოუდგენელია!
ამიტომ დააცხვეთ ვაფლები, თვალები დახუჭეთ და დაინახავთ როგორ ააბრჭყვიალებს მყუდრო ფიორდს განთიადი; როგორ ალაპლაპდება ნავმისადგომთან მეთევზეთა ფარდულები; როგორ დაჰყივლებენ კუნძულს ქათქათა, ავი თოლიები და როგორ ინათებს მელკერსონების კარ- მიდამოში, მთლად ზღვის კიდეზე…

„კეთილი ინებეთ და აღფრთოვანდით!“

10_Issue_CulinArt8

მალინის ვაფლები
125 გრ. კარაქი ავთქვიფოთ 1 ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად. დავამატოთ 1 ჭიქა რძე, 2 კვერცხი, ვანილი და 2 ჭიქა ფქვილი. მიღებული თხელი, ერთგვაროვანი ცომი ნახევარ საათს გავაჩეროთ და გამოვაცხოთ ვაფლის საცხობში.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com