დიანა ანფიმიადის ბლოგი

ახალი წელი კადრები 

დ ე დ ა
პირველ იანვრამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და დედა, როგორც ყოველთვის ნერვიულობას იწყებს. ეს ცარიელი მაცივრის, უარაფრო დღესასწაულების მარადიული შიშია, რომელიც მას ოთხმოცდაათიანებიდან გამოჰყვა და დღემდე ვერ იშორებს.
ვეუბნები – დე, ყველაფერს მოვასწრებთ, ყველაფერი გამოგვივა, რა საჭიროა ზედმეტი ფაციფუცი და ფუსფუსი. მოვივლი წინასაახალწლო ეიფორიით სავსე, შეციებულადამიანებიან ბაზარს, ყველაფრის გაყიდვა რომ ძალიან ეჩქარებათ და შინ, საკუთარ აურზაურში მიეჩქარებათ… მოვიტან ხასხასა ბროწეულს, ოდნავ მოყინულ კარალიოკს, გემრიელ მეგრულ ყველს, შემჭკნარმარცვლებიან, თაფლიან რქაწითელს, ფერად- ფერად ბოსტნეულს, თაფლს, ნიგოზს… – ყველაფერს, რაც ამ პატარა დღესასწაულისთვისაა საჭირო, მაგრამ დედა მაინც ნერვიულობს. ხან მიკვირს მისი ეს დარდი, ხანაც ვბრაზდები, მერე ნაძვის ხის მოკაზმვისას რამდენიმე ძველი სათამაშო შემრჩება ხელთ და მეც მახსენდება.

1 საღამოა, მწირი ვახშამი მოამზადა, მურაბის წვენით მომზადებული თხელი და კრაწუნა გოზინაყი ხის დაფაზე თვლემს, ჯემიანი ნამცხვარი ისევ ღუმელშია და ვანილის სუნს აფრქვევს. საახალწლო სამზადისით გართული დედაჩემი ზოგჯერ ფანჯარაში იხედება; სადარბაზოებში შეგვიანებული, ტვირთიანი ოჯახის მამები ბრუნდებიან – ზოგიერთი პარკიდან ხახვს გამოუჩრია ბოლოები, ზოგიერთიდან – ოქროსფერი ფორთოხლები ანათებენ. ჩვენთან მამა არ მოდის, ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. 

2 შუქი არ არის, შესაბამისად არც ტელევიზორი იქნება და არც გაუგებარი, თუმცა მაინც მხიარული საახალწლო გადაცემები.
ქურაზე რაღაც თუხთუხებს, ძალიან გემრიელი სუნია, სამზარეულოში უცნაური პოლიფონიაა – ჭრრრრ-ჭრრრ- ჭრრრ-ჭრ – ხორცსაკეპი მანქანა დგ-დგ-დგ დგ – ხის დაფაზე ოდნავ ბლაგვი დანით იჭრება სასალათე მასალა.
თუხ-თუხ-თუხ-თუხ – ესეც ცხელი კერძი. წკაპ-წკუპ – წკაპ-წკუპ – წყალი წყდება და დედა ჩაიდანში აგროვებს.
უცებ რაღაც ნათდება და ქუჩიდან წარმოუდგენელი ოვაციები ისმის – შუქი მოვიდა!
ტკაც და ისევ ჩაქრა.
ყველაფერი ძველი სცენარით გრძელდება.

3 31 დეკემბერია, მოწყენილები ვართ. არც კრაწუნა გოზინაყი გვიხარია, არც კახეთიდან გამოგზავნილი ჩურჩხელები. სახლში რაღაცნაირი, უჩვეულო სიჩუმეა, წყალიც კი ჩუმად დუღს, კრემის სათქვეფიც კი მუნჯია…
პირველი წელია, რაც ელზა და გიორგი – ჩემი უფროსი და- ძმა საბერძნეთში ხვდებიან ახალ წელს, მე და დედა მარტო ვართ, არც არაფრის მზადებას აქვს აზრი.
– მოდი, სადმე წავიდეთ – მეუბნება დედა.
– წამო! ჯიბეში კანფეტებს ვიყრით, თბილად ვიცმევთ და მივდივართ ქუჩაში სახეტიალოდ.
გარეთ თოვს,
ქუჩაში თითქმის არავინაა, თუ ერთ-ორ გზააბნეულ მთვრალს არ ჩავთვლით.
მე და დედა დავდივართ, დავდივართ და დავდივართ.
ვსაუბრობთ, ვჭამთ კანფეტებს, ჩურჩხელასაც წავატეხეთ ბოლო.
ეს ყველაზე დაუვიწყარი ახალი წელია.
დღემდე თვალებს ვხუჭავ და ვხედავ – როგორ დადიან ცარიელ ქუჩებში შვილებმონატრებული ქვრივი ქალი და პატარა, მოპოეტო გოგო.
ცაში კი ფეირვერკია, ათასგვარი, ფერადი და ხმაურიანი.

ს ა მ შ ო ბ ლ ო
დეკემბრის ბოლოს თესალიაში ძალიან ცივა. რაღაცნაირი, მშრალი ყინვაა, თითქოს ვერ გრძნობ, მაგრამ რომ შემოგეპარება, მტრისას.
ჩემს ოჯახთან ახალი წლის შესახვედრად ჩამოვედი, თბილისში დავტოვე უამრავი საქმე, გამოკეტილი სახლი, ბიჭი, რომელსაც ვეპრანჭები.
სასადილო ოთახში დიდი, მრგვალი მაგიდაა გაშლილი – ფეტა, ზეთისხილი, ძაძიკი, ტოლმა ვაზის ფოთოლში, ქართულად შეზავებული ლობიო, თეთრი, მაკედონური ღვინო.
სუფრასთან პონტოელი ბერძნები სადილობენ. სასაუბრო ენა რამდენიმე – ბერძნული, ქართული, პონტოური, ალაგ – ალაგ რუსული, თემა – ერთი – სამშობლო.
– ჩვენ მოხუცები კატებივით ვართ – ამბობს მოხუცი ბებია
– გადმოვიღებ საჭმელს თეფშზე, მგონია, შევჭამ, მაგრამ ერთი ლუკმაც მყოფნის. ადრე ბევრს ვმუშაობდით და გემრიელადაც ვჭამდით. ადრე, ჩვენს სოფელში…
მთავარ კედელზე აია სოფიას ტაძრის უზარმაზარი სურათი ჰკიდია – გრანდიოზული ბიზანტიური ტაძარი ულამაზეს თურქულ ქალაქში. სხედან ჩემი მოხუცები.
უყურებენ ტაძრის გრანდიოზულ არქიტექტურას.
ბერძნულ სიმღერებს მღერიან და თავიანთ ქართულ სოფელს გლოვობენ.
აი, თორმეტიც გახდა!
თუმცა უფრო მთავარი დრო თბილისისაა, სწორედ იმ დროს ელოდებიან, რომ შუშხუნა მაკედონიური ღვინით სავსე ბროლის ბოკალებს წკარა-წკური აუტეხონ.
ესეც კიდევ ერთი ახალი წელი!

ს ო ფ ე ლ ი
სტუმრად ვარ სოფელში, ძველით ახალი წლის შესახვედრად.
ღუმელთან ვზივარ და ჯადოსნურ შეგრძნებებს ველოდები.
ბავშვობიდან მომყვება ეს განცდა, რომ სოფელში, ბავშვებთან უფრო ადვილად მიდის თოვლის ბაბუა, უამრავი კიბის ავლა არ სჭირდება, ნაცრისფერ კორპუსებს მიღმა არ იკარგება. მგონია, რომ იქაურ ბავშვებს სმენაც და მზერაც უკეთესი აქვთ, რომ ეს მარხილი არ გამოეპაროთ, ზარების ხმა, ანდა თოვლში მძიმე ნაბიჯებით მოსიარულე გუდამოკიდებული ბერიკაცი.
ველი რაღაც განსხვავებულს, თუმცა ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც ქალაქში, თუ მუხლებამდე თოვლს და კვამლის სასიამოვნო სუნს არ ჩავთვლი. მენიუც იგივეა, ეს საძულველი „ოლივიე“ და „ლაბასხმულიც“ კი.
არადა, სხვას ველოდი, დაახლოებით ასეთს:
„ახალწელიწადი ვიცით, პირველ ღამეს უნდა ავდგეთ, მომზადებული გვაქვს ნამცხვრები: ქათმის კვერი, ნამგალი ვაზი და ბასილა ადამიანი. ყველაფერი ეს გამომცხვარი გვაქვს. აქ ვიცით, ქათმი ყიული დროს, რო თენდება იმ დროს, დაწყობილი გვაქ ცხრილზე ნამცხვრები და სანთლები და წვადი. როცა გათენდება, ქათმი ყიულზე ადგება ერთი, დაიბანს პირსა, აანთებს ცეცხლსა და იმ ცხრილს გაიტანს კარში, გაიტანს და მოუკიდებს სანთლებსა. სამი სანთელია იმ ცხრილზე. მოუკიდებს და დააკრამს ცხრილის ნაპირებზე და შემოიტანს ოთახში.
მიდის და იძახის: შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი და კვალი ანგელოზისა. სამჯერ უნდა თქონ ეგრე. მერე ახლა დაჯდება და სჭამს, ჯერ თითონ სუ ყველაფერს შეშჭამს, სასმელიცა აქ იქვე და დაილოცება: დაგასწროთ მრავალ ახალწელიწადსა, დეესწარით მუდამა.“ (ქართლი) ან ასეთს:
„იმ ღამეს ყველაფერს ვამზადებდით მეორე დღისთვინ:
ვაცხობდით ორ წმინდა ბასილს, ერთ კოკორს და სამ სამაკვრიელოს, სირიკუდებსაც უძახოდით. სამაკვრიელოში ნებივრი ქონს ურთავდით სამი თითი სისქეზე. წინეთ შუაცეცხლები იყო. გამოვხვეტდით ცეცხს. ცეცხლი ქვეშ იყო ქვის კეცი, იმაე დავასვამდით ამ სამაკვრიელოს, ზეიდან გადავაფარებდით ანჩხლს და ცხელ ღადარს დავაყრიდით. ერთს იმ ღამეს გავჭრიდით წმინდა ბასილის ბედზე, მეორეს – მეორე დღეს, ახალწელიწადს, მესამეს – მესამე დღეს. სირიკუდებს იმდენ ნაწილად ჭრიდენ, რამდენიც
სულიც იყო ოჯახში. სირიკუდებს უფროსი დაჭრიდა და ჩამოაყოლებდა ყველაზე და მიულოცავდა: პურისა მბედი გექნა. ვისაც მიულოცავდა, ის ეტყოდა: ყანა გაგიკეთდაო.“ (რაჭა)

მ ე რ ე…
მერე მეკვლეც მოვიდოდა:
„შემოვდგი ფეხი, გწყალობდეს წმინდა ბასილი, იმისი მადლით იყავი პურით და ღვინით ამსილი.
ჩემსა ნაფეხურს კვალი აჩნია წმინდისა ანგელოზისა, ისა გლოცავდეთ, ისა გფარავდეთ.
მრავალი ახალწელიწადი გაგითენდაყე“.
ასეთ ახალ წელზე დღემდე ვოცნებობ.
ალბათ ერთ დღესაც მივაგნებ საოცნებო საკალანდო ადგილს.

გ ი ო რ გ ი
პირველი იანვარია, სამშობიაროში ვწევარ, ნარკოზიდან თანდათან გამოვდივარ და ექთანს ჩემი ბიჭი მოჰყავს – პირველ იანვარს დაბადებული, ახალი წლის საჩუქარი.
მას მოყვითალო კანი, შეჭმუხნული წარბები, დიდი, შავი თვალები აქვს.
– სამშობიაროში შუქი წავიდა, ცივა და გაათბე შენი პატარა
– მეუბნება ექთანი.
თან ფრთხილად, თან ძალიან მაგრად ვიხუტებ და ჩემი სხეულის სითბოს ვუნაწილებ. ის ყუჩდება, თვალებს ლულავს და ბედნიერია. ამ დღის მერე ყველა ახალ წელს გიორგი ჰქვია.

10_Issue_CulinArt98

ახალ წელს გილოცავთ!
პირად, დაუვიწყარ, განუმეორებელ სასწაულებს გისურვებთ!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com