შ ქ მ ე რ უ ლ ი
ბოლო წლებია, უფრო სწორედ, მე-20 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა ქართული სამზარეულოს სტერეოტიპული სახე. ჩვენი სამზარეულოს პოპულარული გმირები, როგორებიცაა ხაჭაპური, ხინკალი, საცივი, ფხალი… მხოლოდ მცირე ნაწილია ქართული კულინარიის საინტერესო მენიუში, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, დახვეწილი და საინტერესო მგონი მაინც რაჭული „შქმერულია”!
– რომელი კერძის მომზადება გიყვარდათ ყველაზე მეტად, ბატონო გრიშა? — ვკითხე გრიშა გაგნიძეს.
– მე უფრო კერძების გაფორმება მიზიდავდა ახალგაზრდობიდან, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. ყველაფერი სტანდარტიზებული იყო და ბოლომდე ვერ გამოვხატე ჩემი თავი, — ღიმილით მიპასუხა მან.
გრიშა გაგნიძე 75 წლის მომღიმარი, ხმელი რაჭველი კაცია. ხელებზე ეტყობა, რომ ბევრი აქვს ნამუშევარი.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი გრიშა ლეგენდაა!
სამწუხაროდ, ბევრს მის შესახებ არ სმენია, მაგრამ კერძი, რომელიც მან გახადა პოპულარული და პირველმა მისცა კერძს რეცეპტის სახე და სახელიც დაარქვა, ყველამ იცის საქართველოში.
დღეს ხალხში ამ კერძის რამდენიმე რეცეპტი არსებობს, მაგრამ მე გრიშასეული მომწონს.
ეს არის თეთრი, არომატული, ცხელი, რბილი, წვნიანი, ნერწყვის მომგვრელი, მისი უმშვენიერესობა, უგემრიელესობა და ზოგჯერ უნივრესობაც — კერძი „შქმერული”!
საქართველოს ულამაზესს კუთხეში, რაჭაში, არის ერთი სოფელი, რომელსაც შქმერი ჰქვია. ამ სოფელში მისვლა ძალიან ძნელია. რამდენიმე საათს ყველგანმავლით, ულამაზესი გზით უნდა იარო აღმართში. გზად ერთხელ უნდა გაჩერდე — სპეციალური გასაჩერებელია – კლდეში გამოჭრილი. აქედან გასაოცარი ხედი იშლება. მერე ისევ ზევით ადიხარ და უცებ პლატოზე აღმოჩნდები.
საინტერესო ადგილია შქმერი. აქ მდინარე მიწაში იკარგება და მერე, რამდენიმე კილომეტრის იქით, კლდეში გამოდის. ზამთარში გზა იკეტება და გაზაფხულზე იხსნება. აქ ბუნება ერთი თვით „იგვიანებს”. ბარში თუ ივლისია, აქ ივნისია. აქ კარგი საძოვრებია, ძროხა ცხიმიან რძეს იწველება, და შქმერულიც აქ გაჩნდა!
გრიშა გაგნიძე შქმერში დაიბადა და სიჭაბუკემდე იქ ცხოვრობდა. მისი მამა, ბაბუა და დიდი ბაბუაც მზარეულები იყვნენ. საერთოდ, შქმერში ყოველი მეორე მცხოვრები მზარეულია. მზარეულობა თავიდანვე ეხერხებოდა. სოფელში „ვეღარ ეტეოდა” და ბარში ჩამოვიდა. მზარეულის ხელობა ისწავლა, დიპლომიც აიღო. შემდეგ დიდხანს მუშაობდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში, ძალიან ცნობილ რესტორნებში. ბევრს მოგზაურობდა უცხოეთში, შეჯიბრებებსა და კონკურსებშიც იღებდა მონაწილეობას და მუდმივად მდიდრდებოდა პროფესიულად. სიგარეტს არ ეწევა (მიაჩნია, რომ ნამდვილი მზარეული თამბაქოს არ უნდა ეწეოდეს, გემოს შეგრძნება არ უნდა დაიქვეითოს) და თავისი ასაკისთვის ძალიან კარგად გამოიყურება. მას სხვა
კერძებიც აქვს შექმნილი.
როგორც თავად მიყვებოდა, სოფლიდან რომ წამოვიდა,უკვე გაწაფული მზარეული იყო და მოუნდა რამე ახალი, საკუთარი კერძი მოეფიქრებინა, რომელიღაც კონკურსისთვის. ჰოდა მოაგონდა კერძი, რომელსაც მის ბავშვობაში სოფელში აკეთებდნენ და ეძახდნენ „წიწილას ნიორში“. გააკეთა, თავისი სოფლის სახელის მიხედვით „შქმერული” უწოდა და რეცეპტის სტანდარტიც დააწესა.
ეს, ალბათ, ის იშვიათი გამონაკლისია, როცა საქართველოში არსებობს ტრადიციული კერძის მიხედვით, ცოცხალი ავტორის მიერ შექმნილი სტანდარტიზებული რეცეპტი.
შქმერული ნაღდი კერძია, ნამდვილი, სულით, ისტორიით და შინაარსით. ავტორიც ჰყავს და ტრადიციულიცაა და ნამდვილად ქართული გემო აქვს!
ბავშვობაში შქმერული პირველად რომ გავსინჯე, არ მომეწონა. ეტყობა, არ იყო კარგად მომზადებული. სადღაც
ვიყავით, რომელიღაც გზისპირა რესტორანში. ნივრიან წყალში იდო ქათმის მოხარშული ფეხები და თქვეს, შქმერულიაო. ეს სურათი დიდხანს ჩამრჩა და მხოლოდ წლების შემდეგ, როდესაც მეგობრის დაბადების დღეზე, ოთახში უეცრად ნივრის და ნაღების რბილი არომატი შემოვიდა და მას შემოჰყვა ჯამი, სავსე წითლად დაბრაწულკანიანი ქათმის გემრიელი ნაწილებით, რომლებიც ჩაწყობილი იყო თეთრ, ცხიმის ყვითელი ლაქებით დაფარულ მოსქო წვენში. მივხვდი, რომ ამ კერძმა ჩემი გული სამუდამოდ მოიგო. მერე მითხრეს, რომ თურმე ეს ორიგინალური რეცეპტით მომზადებული შქმერული ყოფილა. წლები დამჭირდა იმისათვის, რომ ქართული სამზარეულოს ამ მარტივ შედევრს დავბრუნებოდი.
პ.ს. ბატონი გრიშა, დღესაც რესტორანში მუშაობს, დიღომში, რაჭული რესტორანია, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის თუ ვინ დგას იმ რესტორნის სამზარეულოში. ბატონ გრიშას მსგავსი მზარეულები ქართული კულინარიის მარგალიტები არიან, ცოცხალი მარგალიტები. ქართული ტურიზმის უმნიშვნელოვანესი ობიექტები და საერთოდ საინტერესო და გასაფრთხილებელი ადამიანია ბატონი გრიშა გაგნიძე. გაუმარჯოს შქმერულის ავტორს!
დღეგრძელი იყოს მისი სიცოცხლე!