ნინო კასრაძე ცოტა რამ კულინარიაზე…

9_Issue_CulinArt17

რომელი კერძი გახსენებთ თქვენს ბავშვობას?
კარგად მახსოვს ის, რაც არ მიყვარდა. იმის, თუ რა გიყვარს, ადამიანი ალბათ მომდევნო წლებში უფრო აცნობიერებ, შემდეგ უკავშირებ ბავშვობის პერიოდს და თითქოს ბავშვობის გემოდ ყალიბდება ჩვენს ცნობიერებაში. ირანში ვცხოვრობდით, ამ ქვეყანაში ხილის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბანანი კვების რაციონის სავალდებულო კომპონენტი იყო. მე ტყუპის ცალი და მყავს, ახლა ამის თქმა მერიდება, მაგრამ ორივეს გვძულდა ბანანი, სანაგვე ყუთში ვაგდებდით და ზემოდან ქაღალდებს ვაფარებდით, რომ დედას არ ენახა. გვძულდა, რადგან შიდა მწიფე ნაწილს, რომელსაც უფრო მუქი ფერი აქვს და ყველაზე გემრიელია, გაფუჭებულად ვთვლიდით. ირანიდან დაბრუნებულებმა ალბათ 90-იან წლებში თავიდან ვნახეთ ბანანი. განსაკუთრებით მიყვარს სააღდგომო წითელი კვერცხი, აი ეს მაგონებს ბავშვობას და ჩემში ძალიან სასიამოვნო
განცდას იწვევს. მე და ჩემი და პატარები, რომ ვიყავით სოჩაში წავედით დასასვენებლად, იქ იყო კერძი: ხორცი ცეხტონით, რატომ ერქვა ცეხტონი არვიცი, მაგრამ მზადდებოდა მოხარშული საქონლის ხორცით, არაჟანით, ნივრით და ქინძით, საოცრად გემრიელი კერძი იყო და დღეს ბავშვობას მახსენებს. ისე გავიზარდე, სამწუხაროდ ბებიები არ მახსოვს, არც მათი მომზადებული ხაჭაპურები. დღეს, რომ ვუყურებ ჩემი შვილები, თუ როგორი განებივრებულები არიან ბებიებით და ბაბუებით, რომლებიც ყველა სურვილს უსრულებენ, ღამის 12 საათზე შეუძლიათ დედაჩემს და ჩემს დედამთილს ბლინების გამოცხობაც კი სიამოვნებით დაიწყონ, თუ ბავშვები ასეთ სურვილს გამოთქვავენ, ეს მაოცებს.

ბავშვობის პერიოდში კულინარიით თუ ინტერესდებოდით?
პატარა რომ ვიყავი კულინარია არ მაინტერესებდა, თითქოს სახლთან დაკავშირებული საკითხები მე და ჩემს დას გაყოფილი გვქონდა, ჩემი და თერთმეტი წლიდან ინტერესდება კულინარიით და გემრიელ კერძებს ამზადებს, მე კი სულ ვალაგებდი, ვრეცხავდი, ვაუთოვებდი, ვკერავდი. როდესაც გავთხოვდი, მას შემდეგ დავიწყე კერძების აქტიურად მომზადება.

რომელია კერძი, რომელიც არასდროს გბეზრდებათ?
მიფიქრია იმაზე, შეიძლება თუ არა რაღაც მიირთვა დაუსრულებლად და არ მოგბეზრდეს, ჩემთვის ასე არ არის.

რას ამზადებთ სახლში ყველაზე ხშირად?
ვცდილობთ, რომ ჩვენი კვების რაციონი ჯანსაღ კვებას იყოს მიმსგავსებული. მაგალითად, ჩემი მეუღლე ხორბალს აღარ ჭამს, რაციონიდან ამოღებული გვაქვს კერძები, რომელიც ბევრი ინგრედიენტისგან შედგება, მაგალითად ბევრი რამ ერთად მოთუშული. სხვადასხვა მარცვლეულს ვიყენებთ, ამიტომ ხშირად ვამზადებთ კუსკუსს, კინოას, ასევე სალათებს და წვნიანებს.

რომელია თქვენი საყვარელი კულინარიული კომბინაცია?
ყველი რაიმე ტკბილთან ერთად.

სახლში, თქვენი მომზადებული რომელი კერძი უყვართ ყველაზე მეტად?
არ მოგატყუებთ, არ მაქვს იმდენი თავისუფალი დრო, რომ ყოველდღე შევძლო კერძების მომზადება. ამბობენ, რომ ინდაურს ვამზადებ კარგად, თუმცა ცოტახნის წინ ჩემმა ინდაურმა საშინელი კრახი განიცადა. პერიოდულად ბავშვები მთხოვენ მოვამზადო ღვიძლის სალათა კუსკუსთან ერთად.

მოგვიყევით კულინარიული კრახის შესახებ…
ნათესავები დავპატიჟე სტუმრად ჩვენს ახალ სახლში და სამარცხვინო ამბავი დამემართა, ცუდი ინდაური ვიყიდე, ვაშლთან ერთად შევწვი და იმდენად ცუდი გამოვიდა, რომ სუფრასთან არც გამოვიტანე. ასევე შევწვი ხორცის რულეტი, რომელიც როგორც საჭირო იყო ისე არ მომზადდა, ეს კერძიც ვერ მივიტანე სუფრასთან. მხოლოდ ჩემი სტუმრების ზრდილობისა და კეთილგანწყობის ხარჯზე გადავრჩი. ამ ამბით სასოწარკვეთილი ვიყავი. რეაბილიტაციისთვის, ნათესავები თავიდან უნდა დავპატიჟო.

გიყვართ სახლში სტუმრების მიღება? კერძებს თავად ამზადებთ?
კი, ძალიან. თუ ადამიანს შენს გაშლილ სუფრაზე ეპატიჟები, ვფიქრობ კერძებიც თავად უნდა მოამზადო.

მოგზაურობისას, თუ ინტერესდებით ადგილობრივი კულინარიით?
რათქმაუნდა, ეს მოგზაურობის ერთერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ცოტახნის წინ სარდინიაში ვიყავი, ერთერთ რესტორანში გოგრის წვნიანი მოგვიტანეს. გრილზე შეწვარი ბარაბული იყო წვნიანში ჩაწყობილი, რომელსაც არ ჰქონდა ბევრი ნაღები. ძალიან გემრიელი იყო, ამ წვნიანს აუცილებლად მოვამზადებ.

თუ გიყვართ კულინარიული ექსპერიმენტები?
ვფიქრობ ძალიან კარგი კულინარი უნდა იყო იმისათვის, რომ ექსპერიმენტები ჩაატარო. მე ასე კარგად ვერ ვამზადებ. წელს, მინდოდა კულინარიის შემსწავლელ კურსებზე ჩაბარება, თუმცა თავისუფალი დროის სიმცირის გამო ვერ შევძელი, სამომავლოდ აუცილებლად ჩავაბარებ.

რეცეპტების მოძიებით თუ ინტერესდებით?
ახალი რეცეპტებით ყოველთვის ვინტერესდები, უბრალოდ, მათი განხორციელება არის შემდეგ რთული. ახალი პასკის რეცეპტი მაქვს, რომლის მომზადებას აღდგომისთვის ვგეგმავ.

9_Issue_CulinArt18

კერძი, რომელიც ყველაზე მეტად არ გიყვართ?
კუპატი, ერთხელ მოვიწამლე და მას შემდეგ ვერ გადავლახე ამ კერძის ხელახლა გასინჯვის შიში. საერთოდ, პროდუქტის მიმღებლობა, ადამიანის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე მეტყველებს. შეიძლება რაღაც მეტად გიყვარდეს, რაღაც ნაკლებად, თუმცა ყველაფერს მივირთმევ.

არის თუ არა რაიმე კერძი ან ინგრედიენტი, რომელსაც არ დააგემოვნებდით?
არ არის საკვები ინგრედიენტი, რომელსაც პრინციპულად არ დავაგემოვნებ. რამდენიმე წლის წინ ბარსელონაში,
პერუანული ფიუჟენის რესტორანში ვიყავი, სრულიად გაუგებარი კონსისტენციის და უცნაურ კერძს მივირთმევდი. საოცარი გემო ჰქონდა, მართალია შიშის მომენტი მქონდა, რადგან არ ვიცოდი, თუ რას მივირთმევდი, თუმცა ამ შეგრძნებამ ხელი არ შემიშალა.

რომელია თქვენი საყვარელი სამზარეულო?
ყველა გემრიელი სამზარეულო მიყვარს… იტალიელებს ძალიან გემრიელი კერძები აქვს, რათქმაუნდა ფრანგებსაც, უბრალოდ ფრანგული კერძები ჩემთვის ზედმეტად ნოყიერია. ქართული ყველი და პომიდორი – განუმეორებელი გემო აქვს.

9_Issue_CulinArt19

კერძი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?
ძალიან მიყვარს ფრანგული კერძი “კოკი სან ჟაკ”, იაპონური როლები, იტალიური „რიზოტო“. მიუნხენში ყოფნისას ადგილობრივი კერძი დავაგემოვნე, – კარტოფილი, წიწილა და ვაშლის პიურე ერთად. ასეთი არც ქათამი გამისინჯავს ოდესმე, არც პიურე და არც ვაშლი.

კერძების მომზადება უფრო გიყვართ თუ ნამცხვრების გამოცხობა?
ორი კვირის განმავლობაში ვაცხობდი ტორტებს, შემდეგ სულ მეუბნებოდნენ ეს აკლია, ის აკლია და მეც სტიმული დავკარგე.

თბილისში, სად გიყვართ ვახშამზე ან სადილად სიარული?
„ტარტინი“ – ეს ადგილი ძალიან მომწონს, არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებენ.

რამდენად ჯანსაღად იკვებებით?
ძალიან ვცდილობ, ალბათ ეს გარკვეულწილად ასაკსაც მოაქვს.

თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული დიეტა?
დიეტები არვიცი, თუმცა საღამოს თუ არ შევჭამ, ჩემზე ეს ძალიან დადებითად მოქმედებს.

როგორია თქვენი საყვარელი საუზმე?
ბანალური, ყველი, პური და კარგი ჩაი

ყავა თუ ჩაი?
ჯერ ჩაი და შემდეგ ყავა

რას ფიქრობთ ქართული სამზარეულოს შესახებ?
ქართული ტრადიციული სამზარეულო, ეს საუკეთესო სამზარეულოა, ჩემთვის ერთერთი უსაყვარლესი. უბრალოდ, სუფრაზე ყველაფრის ერთად მიტანის ტრადიცია ძალიან მაწუხებს. მაგალითად, ჩაქაფულს თუ აკეთებ, მგონია რომ მეტი არაფერი აღარ უნდა მოამზადო. ხინკალს რომ მიირთმევ, მეტი არაფერი აღარ არის საჭირო. ჩემი აზრით, მირთმევის და ჭამის წესი უნდა იყოს სხვანაირი.

ბოსტნეულის სალათა

9_Issue_CulinArt20

ინგრედიენტები:
• სტაფილო 4-5 ც.
• ბულგალური წიწაკა – 2ც. (სხვადასხვა ფერის)
• ხახვი – 1 ც.
• ბოლოკი – 2-3 ც.
(ტკბილი)
• ქინძი
• კამა

მომზადების წესი:
გახეხეთ სტაფილო, გრძელ ნაჭრებად დაჭერით ბულგარული წიწაკა, ალყა-ალყა და შუაზე
გაჭერით ხახვი, გახეხეთ ბოლოკი და დაჭერით მწვანილი. ღრმა ჯამში, ასეთი თანმიმდევრობით
ფენა-ფენა დააწყვეთ დაჭრილი ბოსტნეული. ძალიან უხდება არაქისის ან სიმინდის ზეთი. გარნირისთვის მოამზადეთ კინოა.
კინოა – სამხრეთ ამერიკული მარცვლეული, ძალიან სასარგებლო პროდუქტია.
ვათ, არ ასუქებს, ძალიან სასარგებლოა, დიდი ენერგიის მატარებელი და ყველაფერს უხდება. კინოას შეფუთვას ზუსტად აწერია მისი მომზადების წესი. მომზადებისას, კინოას ვრეცხავ, შემდეგ 100გრ. კინოას ვყრი 200 გრ. ადუღებულ წყალში და დაბალ ცეცხლზე ვდგავ, წყალი რომ დაშრება, გამორთეთ. ძალიან უხდება ცოტა ხახვი, ნიორი, შეგიძლიათ შეკმაზოთ როგორც გსურთ. ასევე შესაძლებელია დაუმატოთ ყველი, ძალიან უხდება.

ფოტო: ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com