დიანა ანფიმიადის ბლოგი

9_Issue_CulinArt_Page_014

ფრანგულით ისე უცებ დავავადდი, რომ ვერც ვიგრძენი.
როგორც ყველა ჭეშმარიტი და განუკურნებელი სახადი, უცებ შემეყარა.
აღმოჩნდა, რომ სკოლაში, იმის გამო, რომ რთული წლები იყო, გაკვეთილები ცდებოდა და თვალებს „სალიარკაგარეული“ ნავთი გვიწვავდა, არცერთი უცხო ენა არ მისწავლია ისე, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება შემძლებოდა, ჰოდა, დედაჩემის მეგობარმა, მედიკო დეიდამ, მე გასწავლი ფრანგულს ისე, რომ ჩააბარებ და უფრო შორსაც წახვალო. ჰოდა, ორ თვეში უკვე ფრანგ სიმბოლისტებს ვთარგმნიდი.
ჰოდა, პარიზიც მაშინ შემეყარა.
თბილისის ჩვეულებრივ გარეუბანში ვცხოვრობდი. აყრილი ასფალტი, ჯერ კიდევ რუსულ წარწერებ შემორჩენილი თითო-ოროლა მაღაზია, ჩამოწყვეტილი ჯაჭვი საქანელაზე, მუსიკალური სკოლის ცივი და უხეშად გადაღებილი ოთახები.
დებიუსის ვუკრავდი. წამოვიდოდი ამ ჩემი მუსიკის გაკვეთილიდან, თვალებს ერთ წერტილს გავუშტერებდი, უცებ ვმსუბუქდებოდი და გაცილებით მაღალი და გამხდარი ვხდებოდი, კაბა მიგრძელდებოდა და თვალების სიშავეს შავი ვუალი უფრო უსვამდა ხაზს – მოკლედ, პარიზში ვხვდებოდი, მეოცეს დასაწყისში – იქ კი, ჩემი ყველაზე საყვარელი პოეტები, მხატვრები და კომპოზიტორები, რომლებიც ჩემი სულის მუსიკას ქმნიდნენ.
დღემდე მიყვარს ეს თამაში – ფრანგულ მეოცეში დაბრუნება. თუმცა, ერთი წიგნი, რომლითაც ყველაზე უცებ და მარტივად სრულდება ჩემი დროში მოგზაურობა, სწორედაც რომ კულინარულია, მისი ავტორი ელის ტოკლასია და წიგნს უბრალოდ ჰქვია „კულინარიული წიგნი“.
გერტრუდა სტაინისა და ელის ტოკლასის სახლი მეოცე საუკუნის დასაწყისის, პარიზის ნამდვილი კულტურული მექა იყო. ეს განუყრელი და შეყვარებული წყვილი ხშირად მასპინძლობდა პიკასოს, პიკაბიას, ჰემინგუეის, მოდილიანის და სხვებს. გერტრუდას – საინტერესო საუბრები მიჰყავდა, ელისი – ამ ჯადოსნურ საღამოს განსაკუთრებულ გემოს და პეწს სძენდა.
ელისი ოცდაათი წლისა იყო, როდესაც გერტრუდას შეხვდა. მას მერე თითქმის 39 წელი ცხოვრობდნენ ერთად თავიანთ სახლში, პარიზში, ფლორუსის ქუჩაზე. გერტრუდა წერდა,- ელისი მისი მნე, მდივანი, მეგობარი და საყვარელი იყო.

9_Issue_CulinArt15
ზაფხულობით, როდესაც თავიანთ სოფლის ხის სახლში ისვენებდნენ, ელისი დილაადრიან, მზის ამოსვლამდე დგებოდა, რომ გერტრუდას დილის საუზმისთვის მარწყვი დაეკრიფა, შემდეგ საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდა მის ხელნაწერებს, რაც მხოლოდ შრომა კი არა, სიამოვნებაც იყო მისთვის, „თითქოს ბახს ვუკრავ“ – ასე ამბობდა.
გერტრუდას სიკვდილის მერე, 75 წლის ასაკში ელის ტოკლასმა თავისი კულინარიის წიგნი გამოსცა, სადაც მის მიერ მთელი ცხოვრების მანძილზე ნაგროვები რეცეპტები მოხვდა – კერძები, რომელთაც იგი გერტრუდასა
და მისი მეგობრებისთვის ამზადებდა. მეგობრები კი პაბლო პიკასო, აპოლინერი, მატისი, სკოტ ფიცჯერალდი, შერვუდ ანდერსონი, ფრენსის პიკაბია და სხვები იყვნენ, ამიტომაც, უბრალო საკვები არ მზადდებოდა, თუმცა „უბრალო საკვებს“ არც და ვერც ამზადებდა ელის ტოკლასი.

9_Issue_CulinArt16
ქათამი თეთრ ღვინოში ტკბილი წიწაკით, სოკოთი ფარშირებული მაგრად მოხარშული კვერცხი, ფენოვანი კალათები მარწყვით, კარამელიზებული ვაშლი ფენოვან ცომში, ატმის მარმელადი…
რეცეპტებთან ერთად ელისი შესანიშნავი, მომნუსხველი და ჩამთრევი თხრობის მანერით მოგვითხრობს იმ საინტერესო, ზოგჯერ მარტივ და გენიალურ, ზოგჯერ – მრავალფეროვან სადილებზე, რომელთაც ხან ის და გერტრუდა მართავდნენ თავიანთ სახლში, ხანაც თვითონ სტუმრობდნენ.
ეს უბრალო კულინარიული წიგნი არაა, ზოგჯერ ისტორიული რომანია, ზოგჯერ – შესავალი ხელოვნებათმცოდნეობაში, ზოგჯერ – დეტექტივი, ზოგჯერ – ფრანგული ახალი რომანი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაღების სოუსში მოცურავე შავი პილპილის მარცვლებია.
აი, მაგალითად, რამდენიმე რეცეპტი თქვენთვის:

შემწვარი კვერცხი ფრენსის პიკაბიას რეცეპტით
„გატეხეთ 8 კვერცხი და ჩანგლით ათქვიფეთ, დაუმატეთ მარილი, გადმოასხით იგი ქვაბში, დიახ, სწორედ ქვაბში და არა ტაფაზე. დადგით ქვაბი ძალიან, ძალიან დაბალ ცეცხლზე და ჩანგლით ხშირ-ხშირად გადაატრიალეთ კვერცხი, თან კარაქის პატარა ნატეხები დაამატეთ. კარაქი შეიძლება ბლომადაც გაუკეთოთ, თუ არ გავნებთ. ნახევარი საათის მერე კერძი მზად იქნება, გამოვა არა ჩვეულებრივი ტაფამწვარი, არამედ შემწვარი კვერცხი ნაღების კარაქით, ძალიან დელიკატური კონსისტენციის, რომელსაც გურმანები სათანადოდ შეაფასებენ“.

ბოშური გულიაში (4 ულუფა)
„1 კგ. კუბიკებად დაჭრილი საქონლის ხორცი, მარილმოყრილი, შეაწითლეთ ლორთან, ერთ კოვზ პაპრიკასა და
ერთ კოვზ ხორბლის ფქვილთან ერთად, დაამატეთ 4 დიდი ხახვი – რგოლებად დაჭრილი და კარტოფილი – დაახლოებით 300 გრამი, კუბებად დაჭრილი.
როდესაც შევარდისფერდება, დაამატეთ 2 ჭიქა წითელი ღვინო, ერთი ჭიქა არაჟანი და იმდენი ბულიონი, რომ ხორცი დაიფაროს. შედგით ერთი საათით ცეცხლგამძლე ქვაბით კარგად გაცხელებულ ღუმელში, სუფრასთან მიტანამდე დაუმატეთ კიდევ ნახევარი ჭიქა არაჟანი. მიირთვით ატრიასთან ერთად“.

ხახვის სუპი
„საშუალო ზომის ქვაბში, დაბალ ცეცხლზე, 2 სუფრის კოვზ ნაღების კარაქში ძალიან თხელ რგოლებად დაჭრილი 4 ხახვი შეაწითლეთ, თან ხის კოვზით ურიეთ. 20 წუთის შემდეგ ხახვს 1 ჩაის კოვზი შაქარი დააყარეთ, დაამატეთ 6 ჭიქა მდუღარე წყალი, მარილი და შავი პილპილი. თავზე დაახურეთ და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. ცეცხლგამძლე ფორმაში ჩააწყვეთ დაახლოებით 250 გრამი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი პური, თითოეულ პურს დაადეთ ერთი ნაჭერი შვეიცარიული ყველი. ყველსა და პურს დაასხით წინასწარ მომზადებული ხახვის წვნიანი, ზედ მოასხით 4 სუფრის კოვზი გამდნარი ნაღების კარაქი. შედგით 375 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ოცი წუთის განმავლობაში დატოვეთ“.

ვკითხულობ ამ საოცარ წიგნს და კიდევ ერთხელ წარმოვიდგენ, რომ დამწყები, მაგრამ ძალიან ნიჭიერი
მწერალი ვარ, პარიზის ბოჰემაში ვტრიალებ, აპოლინერი მესალმება, პოლ ვალერი სახელით მომმართავს, პიკასოზე დიდად არ ვგიჟდები, თუმცა შორიდან პატივს ვცემ, ამ საღამოს გერტრუდასა და ელისს უნდა ვესტუმრო და სწორედ ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის მზადდება განსაკუთრებული, ზღვის ზოლიანი ქორჭილა, რომელიც ღვინოსა და ნაღებში გამოცხვება, მოხარშული კვერცხით, ტრუფელებითა და პროვანსული ბალახებით შეიკაზმება.
მეც მივალ, მარჯვენა ხელთათმანს გრაციოზული მოძრაობით წავიძრობ და ვიტყვი:
– აბა, გოგოებო, რა ხდება ახალი ლიტერატურაში?

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com