კულინარიული კრახი

8_issue_culinArt1

ნინო ჩუბინიშვილი

„ჩვენმა ქვეყანამ იდენტობა დაკარგა… ცოტა გაუგებარია დღეს ვინ ვართ… ეს კულინარიაშიც ჩანს. ძალიან რთულია, ხელოვნების ნებისმიერ სფეროში, შენი ენა იპოვო. ინდივიდუალურობა ყველაზე საინტერესოა…”

CHUBIKART
კულინარიული კრახი მისთვის სამყაროში, ყველაფერი შემოქმედებითი პროცესია, მათ შორის, კულინარიაც… ეს გრძნობების გამოხატვის და ენერგიის გაცვლის საუკეთესო საშუალებაა… კერძების მიხედვით, კულტურის ამოცნობაც არის შესაძლებელი. კულინარიის შესახებ უამრავი აზრი, იდეა, მოგონება და გეგმა მხატვარმა და დიზაინერმა ნინო ჩუბინიშვილმა გაგვიზიარა.

კულტურული კულინარია…
მზარეულობა ეხერხება, როცა ამის სურვილი და დრო აქვს. ამბობს, რომ თუ ინტერესით მივუდგებით, საკვებში ბევრ ინფორმაციას და ემოციას ვიპოვით. სამომავლოდ, დიზაინ – კერძების გაკეთებას აპირებს, თუმცა დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩემი მედიტაციის საგანი და გემოებზე დიდად არ ვტრანსავ, კულინარიას, რომ ჩაუღრმავდე, შემოქმედებითი პროცესია. საინტერესოა, როგორ ამოდის მიწიდან ნაყოფი, როგორ იზრდება, მზადდება… ეს სფერო გრძნობების გამოხატვის ერთ-ერთი საინტერესო საშუალებაა. როგორც სექსით შეიძლება ადამიანებმა ენერგეტიკა გაცვალონ, ასევე შესაძლებელია ეს კულინარიითაც. რამდენჯერმე მოვხვდი გურმანების გარემოცვაში და იქ აღმოვაჩინე ძალიან დიდი პოეტურობა და გემოვნება. ისე მხატვრულად და სიყვარულით ლაპარაკობდნენ არომატებზე, პირდაპირ პოეზიით გადმოგცემდნენ გემოების შესახებ ქართულ კერძებს ეტყობა ვინც ვართ – ფიცხები და შთამბეჭდავები. ყველაფერი უგემრიელესი და დასამახსოვრებელია, უბრალოდ ზომიერებაა საჭირო.”

კრახი, როგორც ოჯახური ტრადიცია…
ოჯახში, ხელოვნების ნებისმიერი სფეროდან თითო წარმომადგენელი მაინც ჰყავდა… ყველა გამოირჩეოდა კონკრეტული ნიჭით და მთელ არსებობას შემოქმედებას უძღვნიდა. სწორედ ამიტომ, კულინარიას ნაკლები ყურადღება ექცეოდა. „ბებიაჩემი ყოველთვის ამბობდა – ან უნდა იყო მხატვარი, ან მზარეული! სულ რაღაც ეწვებოდა. ჩვენ უკვე სუნით ვხვდებოდით, რომ ნათუსამ კრახი განიცადა. 90-იანები იყო, ომის პერიოდი, ახალ წელს გოზინაყის გაკეთება გადაწყვიტა. პირდაპირ მაგიდაზე მოამზადა და ისე მიეწება, ვერავინ აძრობდა. ბოლოს, მაგიდას ქვემოდან გამათბობელი დაუდგეს. ათბობდნენ, რომ როგორმე გოზინაყი მოშორებოდა ზედაპირს”.
კულინარიული კრახებით, თვითონაც გამორჩეულია. იხსენებს, როგორ ცდილობდა ინდაურით კერძის გაკეთებას. ყველაფერი კარგად გამოსდიოდა… კერძი შაქრით და კომშით გაამრავალფეროვნა, ღუმელში შედო და სახლიდან წავიდა… შინ დაბრუნებულს ყველაფერი კვამლში გახვეული დახვდა…

8_issue_culinArt2

8_issue_culinArt111_Page_010

ქვეყანა დაკარგული იდენტობით…
„აქაური, თითქმის არაფერი მომწონს და ბევრ რამეში პრინციპულად არ ვეთანხმები ამ ქვეყანას… განსაკუთრებით ბოლო წლებში… არც ურა პატრიოტი ვარ, მაგრამ ვგიჟდები ქართულ ფოლკლორზე, არქიტექტურაზე, სიმღერაზე, კულინარიაზე. ვთვლი, რომ ყველაფერი შესანარჩუნებელია და თან – განსავითარებელი. დედანის შენახვა საჭიროა, თორემ ისე იცვლება სამყარო, მერე ვეღარ აგნებ როდის რა იყო… კულინარიული საქმიანობა ყველაზე მაგრად გამოუვათ იმ ადამიანებს, რომლებიც გრძნობენ თავის კულტურას. ამ სფეროშიც, ისევე როგორც დანარჩენებში, ინდივიდუალურობაა აუცილებელი. სხვა ქვეყნების კულტურაც უნდა მივიღოთ და ჩვენიც შევინარჩუნოთ.”

კულინარიული მოგონებები იტალიიდან…
იხსენებს იტალიაში, ტონინო გუერასთან გატარებულ დღეებს… მასთან ერთად ადგილობრივ პატარ-პატარა კაფეებში სტუმრობას და უგემრიელეს კერძებს… ამბობს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, იქ კულტურული მთლიანობა იგრძნობა კერძებშიც, გარემოშიც და მომსახურებაშიც. „ჩვენთან ენა ცალკეა ადამიანისგან, საკვები- ცალკეა, კულტურა – თითქოს დანაწევრებული გვაქვს. ერთი მთლიანობა დაინგრა და დღეს ეს ნანგრევები ერთმანეთს ვერ ეწებება.”

კულინარიული ნოსტალგია…
ახსოვს და ენატრება ბავშვობისდროინდელი ბაზარი, იქაური სუნი, გემო, თუნდაც დამახასიეთებელი სიბინძურე და იქ მომუშავე ხალხი… ამბობს, რომ ეს ძალიან კოლორიტული იყო და ნატურალურობასთან ასოცირდებოდა…
„აღმოსავლური კულტურის ერთ-ერთი სიმბოლო იყო. ზოგადად, ნატურალურობის დეფიციტია სამყაროში. დღეს, სხვა საკვებზე და რეჟიმზეა მსოფლიო გადასული. არსებობს აზრი, რომ შენი ქვეყნის პროდუქტი, ბევრად უფრო სასარგებლოა შენივე ორგანიზმისთვის, ვიდრე – უცხო ქვეყნის. მეც ვიგრძენი ეს საფრანეთში ცხოვრებისას. თითქოს ამ ხეებიდან გამოსულ ჟანგბადს უფრო ვირგებ…”

8_issue_culinArt3

ფოტო: ირა კურმაევა

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com