კრისტინა ბაუერმანი -“სამსახური როგორც ცხოვრების სტილი”
იტალია. სამხრეთ იტალია.
რა გსმენიათ ამ ადგილის შესახებ?
გემრიელი საჭმელი, კარგი ღვინო, უძველესი კულტურა და კიდევ ალბათ ის, რომ აქ საკმაოდ ტრადიციული გარემოა. ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ღირებულებები – ოჯახი, დედა, რელიგია, წინაპრები.
აქ დაიბადა ქალი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე კულინარიის რევოლუციაში.
გაიცანით, კრისტინა ბაუერმანი, მიშლენის ვარსკვლავოსანი შეფ მზარეული.
კრისტინა, საშუალო ფენის სტანდარტულ ოჯახში დაიბადა. პროფესიაც, საკმაოდ სტანდარტულად, პერსპექტიული აირჩია და იურისტი გახდა. მას ასზე მეტი წარმატებული საქმე ჰქონდა, როგორც იურისტს, მაგრამ თავი რიგითი “რუხი” პიროვნება ეგონა. კრისტინას მიაჩნდა, რომ ოჯახში არსებული ნიჭი ხელოვნებისადმი, მთლიანად მის არქიტექტორ დას ერგო წილად, თვითონ კი უბრალოდ რიგითი პროფესიის პრაგმატული წარმომადგენელი იყო.
“იმ დროს ჩვენ ყველას გვინდოდა ვყოფილიყავით ამერიკელები” – იხსენებდა კრისტინა 2012 წელს, იტალიაში, ჩვენი შეხვედრის დროს – “და მეც გამბედაობა მოვიკრიბე და ამერიკაში გავემგზავრე დასასვენებლად. უკვე მესამე დღეს მივხვდი რომ აქ მინდოდა ცხოვრება.”
კრისტინამ მიატოვა წარმატებული კარიერა. ყველაფერი მიატოვა და სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ რესტორანში კაპუჩინოს და კრეპების დამზადება დაიწყო. პარალელურად სწავლას აგრძელებდა. სწორედ, აქ გახსნილ და თანამედროვე კულტურაში, გაიცნო უამრავი საინტერესო ადამიანი, დაიანახა ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც აქამდე მიუწვდომელი ეგონა და გაიგო, როგორ უნდა ყოფილიყო ბედნიერი.
“სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად იტალიელი ახალგაზრდები ერთი წლით უნდა მიემგზავრებოდნენ საზღვარგარეთ” – დაასკვნა კრისტინამ.
არ შემიძლია არ დავეთანხმო და იგივე არ მოვუწოდო ქართველ სტუდენტებს.
მომდევნო წლებში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. კრისტინამ დაიწყო გრაფიკული დიზაინერის კარიერა და მეგობართან ერთად საკუთარი კომპანიაც დააარსა, შემდეგ ქეთერინგის ბიზნესი დაიწყო და დროთა განმავლობაში მიხვდა, რა საქმიანობა იტაცებდა ყველაზე მეტად – კულინარია.
კრისტინა მუშაობდა მასწავლებლად, თარჯიმნად. მუშაობდა ღამის ცვლებში და ემზადებოდა ფინანსურად, რომ შეეცვალა პროფესია და შესაბამისად მთელი ცხოვრება.
სწავლის სურვილი, დაუღალავი შრომა და მონდომება უკვალოდ არასდროს ქრება.
2003 წელს კრისტინამ კიდევ ერთი დიპლომი აიღო, ოღონდ ამჯერად ის, რომელიც ნამდვილად გამოადგებოდა – კულინარიული ხელოვნების დიპლომი.
“ცხოვრების სტილი უნდა იყოს შენი საქმიანობის ნაწილი და საქმიანობა უნდა იყოს შენი ცხოვრების სტილის ნაწილი” – ეს სიტყვებიც კრისტინასგან მოვისმინე და ვფიქრობ ეს არის მისი წარმატების განმსაზღვრელი. საქმე უნდა აკეთო კარგად, ამისთვის კი უნდა აკეთო ის, რაც გულწრფელად გიყვარს.
…და ცხოვრობდა კრისტინა დიდხანს და ბედნიერად…
საბედნიეროდ, ასე მარტივად და ზღაპრულად არ იყო საქმე. შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც რეალურ ცხოვრებაში – ბევრად უფრო საინტერესოდ და დაძაბულად.
კრისტინამ გაიარა სტაჟირებები მაღალი დონის ფრანგული სტილის ამერიკულ რესტორნებში. სწორედ აქ სწავლობ ჭეშმარიტ კულინარიას და ხვდები რომ, შეფ მზარეული არის პროფესია – რთული და საინტერესო პროფესია. მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი რესტორნების სამზარეულოებში დიდოსტატი შეფ მზარეულები და მათი შეგირდები კომფორტულ გარემოში ნებივრობენ და ხელოვნების ნიმუშებს სულ მუზების გარემოცვაში ქმნიან, იმედი უნდა გავუცრუო. ეს ყაზარმული ტიპის დაწესებულებებია. მკაცრი, დაუნდობელი და ურთულესი სამუშაო პირობებით. ასეთ სამზარეულოში ყოველთვის რთულია მოხვედრა და მით უფრო რთულია თუ ქალი ხარ. სქესობრივი დისკრიმინაცია ამ სფეროშიც აქტუალურია და კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობოდა იტალიაში, სადაც კრისტინა დაბრუნდა საკუთარი რესტორნის გახსნის ამბიციით.
“ჩვენ (ქალებმა) არავის არაფერი არ უნდა დავუმტკიცოთ, ჩვენ ისედაც ყველაფერი შეგვიძლია, უბრალოდ უფრო გვიან დავიწყეთ” – ასე ხსნის კრისტინა გავრცელებულ სტერეოტიპებს იმის შესახებ, რომ მამაკაცები პროფესიების უმრავლესობას უკეთ ეუფლებიან.
ამერიკულ ტემპს და ფრანგულ სიმკაცრეს მიჩვეულს, იტალიური მოდუნებული და ბოჰემური გარემო ეუცხოვა. ბიზნესის დაწყებაში ბიუროკრატიული სისტემაც ხელს უშლიდა. მაგრამ კრისტინამ მაინც განახორციელა ჩანაფიქრი და გახსნა პირველი რესტორანი “Glass”, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საკუთარი ბიზნესი ბევრისთვის თავისუფალ გრაფიკს, ნაკლებ სადარდებელს და უკეთეს ფინანსურ მდგომარეობას ნიშნავს, რაც სულაც არ არის სიმართლე. კრისტინა, ისევე როგორც ბევრი რესტორატი და შეფი, თვითონ არის ხელოსანიც, მენეჯერიც და PR აგენტიც. რთულია, მომგებიანი ბიზნესი გქონდეს გარემოში, სადაც გადასახადები გახრჩობს, მოუწესრიგებელი შრომითი კოდექსია და არ არის ჩამოყალიბებული სანიტარული ნორმები კვების ობიექტებისთვის. დარწმუნებული ვარ, ნაცნობი სიტუაციაა ბევრი ქართველისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, კრისტინამ შრომა და მონდომება არ დაიზარა. ის ახლაც აგრძელებს სწავლას და ხშირადად შეგირდადაც მიდის სხვა შეფებთან. ბიზნეს გეგმის წერა ისწავლა და მეორე რესტორანი გახსნა, რომელიც კონკრეტული ბიზნეს იდეით დაიბადა – Romeo.
თუ მისი პირველი რესტორანი მისი ცხოვრებაა, მისი ნაწილია და კრისტინას გარეშე ვერ იარსებებს, მეორე რესტორანი გათვლილი და კარგად გაანალიზებული პროექტია, რომელსაც შემოსავალი მოაქვს.
კრისტინამ ისწავლა, როგორ გამხდარიყო კარგი მენეჯერი და ლიდერი. ის ყოველთვის მოიხსენიებს თავის თანამშრომლებს პატივისცემით და ამბობს: ადამიანები რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ და არასდროს ამბობს “ჩემზე” ან “ჩემ დაქვემდებარებაში”. პრესასთან ყოველთვის სულ? შეფთან* ერთად ჩნდება. აღიარებს თანამშრომლების წვლილს და აფასებს მათ. მიუხედავად დეკრეტული შვებულების კანონისა, მაინც არ ერიდება ქალებთან ერთად მუშაობას. ყოველთვის ცდილობს ისწავლოს და მისცეს სწავლის და განვითარების შესაძლებლობა თანამშრომლებს.
“თუ იცი როგორ ისწავლო – ყველაფერს ისწავლი” – მითხრა მან.
საბოლოო ჯამში, კრისტინა ბაუერმანმა, გოგონამ სამხრეთ იტალიის ერთი ჩვეულებრივი ოჯახიდან, მოახერხა მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული შეფი გამხდარიყო, დაემსახურებინა გამბერო როსოს 2 ჩანგალი, მიშლენის ვარსკვლავი, გაეხსნა 2 რესტორანი რომში და თავდაყირა დაეყენებინა საკუთარი ცხოვრება იმისთვის რომ აესრულებინა ოცნება – ის დღეს ბედნიერია იმ საქმით, რასაც აკეთებს.
მე კი ბედნიერი ვარ, რომ შევძელი მისი ისტორია გამეზიარებინა ქართველი მკითხველისთვის. კრისტინაც სიამოვნებით დამთანხმდა პასუხი გაეცა რამდენიმე შეკთხვაზე.
გთავაზობთ მასთან ინტერვიუს და იმედი მაქვს ის ისევე შთაგაგონებთ, როგორც მე შთამაგონა ჩვენი პირველი შეხვედრისას.
პირველად როგორ მოხვდით ამერიკაში?
შტატებში წავედი დასასვენებლად. ელდა მეცა ყველაფრისგან, რაც ვნახე და განსაკუთრებით, ადამიანების შესაძლებლობებისგან.
მახსოვს, ათასობით ადამიანი ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და ქალაქი, სადაც ვიყავი პროტესტში. ვიფიქრე, რომ თუ ამდენი ადამიანი აპროტესტებს რაღაცას, მაშინ ალბათ არიან ვიღაცეები, ვინც მათ უსმენენ. კიდევ მახსოვს თავისუფლება ყველგან… ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს ყველაფრის გაკეთება შეგიძლია და არავინ არ გაგკიცხავს. იქ მეტი შემწყნარებლობაა განსხვავებულისადმი, თუმცა როგორც შემდეგ აღმოვაჩინე, ყველაფერს აქვს საზღვარი.
როდის მიხვდი რომ ცხოვრების თავდაყირა დაყენება და ყველაფრის შეცვლა გინდოდა?
კონკრეტული მომენტი არ ყოფილა, იყო რამდენიმე შემთხვევა. ეს ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის. მახსოვს ვფიქრობდი, რომ თუ ჩანაფიქრი არ გამომივიდოდა თავს იმით გავიმართლებდი, რომ ახალ საქმეს მოვკიდე ხელი. მაგრამ არ მეშინოდა წარუმატებლობის და არც ახლა მეშინია. ჩემი აზრით, უნდა ვიყოთ ლმობიერები ჩვენ თავთან და შეგვეძლოს საკუთარი თავის პატიება მარცხის შემთხვევაში.
შენთვის, როგორც ქალისთვის, იყო თუ არა წარმატების მიღწევა უფრო რთული ვიდრე მამაკაცებისთვის?
დიახ, და საპირისპიროს მტკიცებას თუ დავიწყებ მოგატყუებ. რამდენიმე კვირის წინ დავესწარი Parabere-ს ფორუმს ესპანეთში. ეს არის ქალების ახალი კავშირი, რომლის პირველი ყრილობა ბილბაოში გაიმართა. ერთ-ერთმა გამომსვლელმა წარადგინა კვლევა იმის შესახებ, რომ ქალებისა და მამაკაცების თანასწორობის მიღწევას კიდევ 80 წელი დასჭირდება. მე კი მგონია, რომ ყველაფერი ბუნებრივად განვითარდება და იმდენ დროს წაიღებს, რამდენიც საჭირო იქნება. დადგება დღე, როდესაც ახალი თაობა ვეღარ დაინახავს განსხვავებას ქალსა და კაცს შორის. ყველა პროფესიაში თანდათანობით მოვა თანასწორობა.
ერთხელ ახსენე, ცხოვრების სტილი უნდა იყოს შენი საქმიანობის ნაწილი და საქმიანობა უნდა იყოს შენი ცხოვრების სტილის ნაწილი. როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას ასეთი ფორმულით?
ახალგაზრდობაში დავპირდი ჩემ თავს, რომ ჩემი სამსახური, ჩემი პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა. არასდროს მინდოდა სახლიდან გასვლა სამსახურში წასასვლელად და პირიქით. მინდა ყოველთვის სახლში ვგრძნობდე თავს კომფორტულად.
შენ ხარ ქალი, დედა, ბიზნესმენი, ვარსკვლავოსანი შეფი. როგორ ახერხებ ბალანსს?
ამას ყველა ქალი ახერხებს. მე არ ვარ ერთადერთი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით დედები, პროფესიონალები და ცოლები. ადამიანებმა უნდა დაიწყონ ახლებურად ფიქრი და დაუშვან, რომ ამ სამი როლის შეთავსება შესაძლებელია. დიახ, ქალს შეუძლია იყოს დედა და ცოლი ერთდროულად, ისევე როგორც შეუძლია იყოს დედა და პროფესიონალი.
ქართულ სამზრეულოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ დღესაც ჩვენი კერძები ისე გამოიყურება, როგორც ათწლეულების წინ. შენ იტალურ სამზარეულოში მომხდარი რევოლუციის მნიშვნელოვანი მონაწილე ხარ. რას ურჩევდი ქართველ შეფებს და რესტორატორებს?
“ჩემი რჩევა მარტივია”: გიყვარდეთ და დაიცავით ტრადიციები, მაგრამ ნუ დაატყვევებინებთ მათ თავს. არ შეგეშინდეთ და გაბედეთ.