რა ცხოვრებაა ცხოვრება ჭამის გარეშე?
ჩემთვის, ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან. ერთნი დილით საუზმობენ, მეორე ნაწილს კი, დილით ძინავს. დილა და საუზმე ჩემთვის რელიგიაა. არ მჯერა, როგორ შეიძლება იცოცხლო ისე, რომ ერთხელაც არ გამოსცადო გახუხულ პურზე მდნარი ყველით მიღებული ბედნიერება; იცხოვრო ისე, რომ არ მოხვრიპო დილის ჩაი; ან გემრიელი ომლეტი არ გასინჯო… რა ცხოვრებაა – ცხოვრება საუზმის გარეშე?!
სამსახურში მაგვიანდება. ბოლო ლუკმა ყოველთვის ასეთია – გაქანებულ პირში მივაქანებ ომლეტის ბოლო ნაგლეჯს.
რჩევა: დილის საუზმის ამქვეყნიურმა ტკბობამ ისე არ უნდა გაგიტაცოს, რომ თათბირზე დაგაგვიანდეს.
ფეხაკრეფით შევდივარ ბორდის სხდომაზე. მაინც ყველა მე მიყურებს. უფრო სწორედ კი, არაჟანს ჩემს საყელოზე. სანამ გადაწყვეტთ, რომ ფეთხუმი ვარ, გეტყვით – ადამიანები როგორც წესი, ჩემი ტანსაცმლით ყოველთვის ვერ ხვდებიან რა მივირთვი, მაგრამ „გაქანებული ბოლო ლუკმის“ გვერდითი ეფექტი, ერთხელ მაინც, ყველას ეპატიება. კიდევ კარგი ,ამ თათბირს ჩემი უფროსი არ ესწრება. მისთვის, არაჟნის ლაქა ჩემს საყელოზე, აუცილებლად გახდებოდა საბაბი ხელფასის დაქვეთვის, ან საქმეში მკაცრი საყვედურის გამოცხადების. ჩემი ქალბატონი (ასე ძალიან უხდება) სულ რაღაც 31 წლისაა. ნამდვილი პედანტი. ვერ იტანს სიტყვას „ჭამა“. დაახლოებით, ხვდებით რა მოსაწყენი ცხოვრება აქვს?
კი არ ჭამს – მიირთმევს. ღმერთო, მიშველე! ამბობენ, რომ მწვანილს, სხვის გადარეცხილს არ ენდობა და თავად რეცხავს სათითაოდ (არადა ბევრი მტრები არ ჰყავს, ერთი პატარა ორგანიზაციის მმართველია). არ სვამს გაზიან სასმელებს, არც წვენებს, ფრეშს- მხოლოდ მაშინ, თუ უყურებს როგორც წურავენ, არ სვამს ონკანის წყალს, არც ნაყიდ წყალს, რაღაც აპარატი უდევს (ჩემი სკოლის ქიმიურ ლაბორატორიაში მინახავს მსგავსი), წყლის გამფილტრავი და მხოლოდ იქიდან გეახლებათ. არ ჭამს სულგუნს. თმა იპოვა ერთხელ და აპროტესტებს. მის მაცივარში მხოლოდ ჰოლანდიური ყველია. თუმცა, პარმეზანის მაგივრად, ოთხი ყველის პასტაში იმერულს თუ შეუგდებთ – შეჭამს ოლიმპიური სიმშვიდით (ვერ გაარჩევს). მასთან თანაცხოვრება ალბათ რთულია – განსაკუთრებით მისი ძალიან გურმანი ქმრისთვის.
ჩემს უფროსს ცალკე განყოფილება აქვს მაცივარში. ჩვენს თანამშრომლებს უყვართ ამ თემაზე ქილიკი. მე სულ არ ვამართლებ ამ გარემოებას, განსაკუთრებით არ მომწონს შესვენების დროს, მის კაბინეტში რომ შეიპარებიან, წყლის აპარატიდან ჩუმად წყალს რომ ასხამენ და ონკანის წყლით ცვლიან. მერე ისევ რომ შედიან „საქმეზე“ და ტკბებიან, როგორ ჩაიკოკლოზინებს ჩემი ქალბატონი „გაფილტრულ“ წყალს.
ამ აქტივობებში მონაწილეობას არასდროს ვიღებ, თუმცა ხანდახან ძალიან მინდა ავუხსნა მას, რა მაგარია, როცა არ იცუნცლები, არ ცოდვილობ, არამედ ჭამ. ასევე ხანდახან მომინდება (თუმცა იშვიათად) პირი ძალით გავაღებინო და მეგრული, რძიანი სულგუნი ძალით გავტენო პირში, ვაღეჭინო მანამ, სანამ არ შეუყვარდება.
ბჭობაც დამთავრდა. თათბირიდან გამოსული ყავას, რომ დალევ მაგას რა ჰქვია? არაფერი? აუცილებლად უნდა ერქვას – რაღაც კარგი და სასიამოვნოდ მოსასმენი.
აი, გეკითხებით რა ცხოვრებაა – ცხოვრება გრძელი თათბირის შემდეგ დალეული ყავის გარეშე?
ხურდის ჩასაგდები აპარატების ჩამოსასხამი ერთჯერადი ყავა არ ითვლება. არასდროს გამისინჯავს. რატომღაც მგონია, ისევე შორსაა ნამდვილი ყავის არომატისგან, როგორც თავად ეს აპარატი ყავის პლანტაციებისგან.
კულინარიას, რომ თავისი კონსტიტუცია ჰქონდეს, ამ ბიზნესის გამომგონებლებს კარგი დღე არ დაადგებოდათ. ყავა ვისაც ნამდვილად უყვარს, იმ აპარატს აუცილებლად გვერდს აუვლის და რამეს მოახერხებს.
ვსვამ ყავას და ვეფლობი საქმეებში, საქმიან ზარებში… სერიოზული ან სულელური მეილების კითხვაში, შეხვედრებში – ზოგი დაგეგმილია და ზოგიც დაუგეგმავი.. მერე ფეისბუკზეც შედიხარ და Newsfeed-ის ჩამოსქროლვის დროს სტატუსს მოკრავ თვალს: „მშია.“ და ეს „მშია“ ისე დამეცა თავში მეხივით, რომ 10 წუთში უკვე „სტრადაში“ ვსხედვართ მე და ჩემი გოგოები.
აი, რა ცხოვრებაა – ცხოვრება კარგი ლანჩის გარეშე? სამსახურიდან გამომძვრალი რომ ხარ, ცოტა მისტრესილი და მეგობარ თანამშრომლებთან ერთად ,რომ უნდა ჭამო და ილაპარაკო მთელი დამსახურებული შესვენების განმავლობაში.
სადილის დროც მოვიდა. ინტელექტი ყველაფერთანაა კავშირში. ინტელექტი კულინარიაში კი, ძალიან გემრიელ მიგნებებს ნიშნავს. დამიჯერეთ, კულინარია ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მაგალითად გოგრის კრემ-სუპი. კრემ-სუპში ჩაგდებული მოხრაკული ლორი კი ნამდვილად მიგნებაა, ინტელექტუალური კულინარია! დარწმუნებული ვარ, ლურჯი ყველის სალათი „Le-Maris-ში ძალიან გონიერმა და ჭკვიანმა.
ადამიანებმა გამოიგონეს. იკითხეს, იკითხეს და კარგი წიგნის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფებმა, სალათისთვის საოცარი დრესინგი მოიგონეს.
დააკვირდით, როგორ უხდება წიგნებს ნამცხვრები. ლიტერატურულ კაფეებში ეს ყველაზე კარგად იგრძნობა. თანამედროვე მწერლის რომანს, რომ კითხულობ და იქვე ჩიზქეიქი, რომ ტრიალებს შუშის ვიტრინაში.
დესერტიც კარგი იყო!
ვვახშმობ. მიხვდებოდით ალბათ, არაფერს ვმაზავ. დღეს სტერეოტიპების მსხვრევის ხასიათზე ვარ. იქნებ ვახშამზე ისეთი რამეც დავაგემოვნო, აქამდე რომ არც გამიბედავს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს სინჯავენ ერთხელ მაინც ცხოვრებაში; მაგალითად, ჩემს მეგობარს აქვს სია სახალწოდებით „გააკეთე სანამ ცოცხალი ხარ“.
აქ ნახავთ, რომ პარაშუტიდან უნდა გადმოხტეს, იმოგზაუროს რიოში, შეისუნთქოს კოკაინი, ამ სიაში
One- night stand-საც მოკრავთ თვალს. ჰოდა, თუ ჩემი მეგობარი უცნობთან სექსისთვისაც კი მზადაა, ხომ შეიძლება მე ერთხელ ცხოვრებაში გავსინჯო ყავა აპარატიდან.
ყლუპ.. მშვენიერი ყოფილა.