პროფესიით მსახიობი არ არის, თუმცა მას მაყურებელი სწორედ, ფილმებში შესრულებული როლებით იცნობს. თინა დაქალიშვილი 24 წლისაა და უკვე ბევრ საინტერესო პროექტზე მოასწრო მუშაობა. ნაზი, ლამაზი და გამხდარი გოგონა რეჟისორებისთვის საინტერესო პერსონად იქცა.
-”პირველი როლი დავით ბორჩხაძის ფილმ ”სეზონში ” ვითამაშე. მაშინ 17 წლის ვიყავი და სრულიად გამოუცდელი. კინოზე მუშაობა ჩემთვის, ძალიან საინტერესო და ამავდროულად საპასუხისმგებლოც აღმოჩნდა. ამის გამო ძალიან გამიჭირდა.”
თინასთვის ბოლო დიდი პროექტი ფილმი ” ვარსკვლავი ”იყო , სადაც მან ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.
” ჩემი აზრით, ამ ფილმმა დიდი გამოცდილება მომცა, როლზეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავე, თუმცა მაინც ვთვლი, რომ სათანადოდ მომზადებული არ ვიყავი. ”
კინოში შესრულებული როლების მიუხედავად, თინას ყველაზე დიდი პოპულარობა სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალებში”, თინეიჯერი ანუკის როლის შესრულებამ მოუტანა.
”ჩემი პერსონაჟი ანუკი თინეიჯერია და შესაბამისად, ძალიან არეული გოგოა. როგორც პერსონაჟი დადებითია, მაგრამ ძალიან მორცხვი და შებოჭილია და ალბათ, სწორედ ამის გამოც მოსწონს ხალხს. ეს პირველი სერიალი არ არის, სადაც ვმუშაობ და სწორედ ამიტომ ვიცი, როგორია სერიალის სპეციფიკა. ძალიან მომწონს ჯგუფი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ- ეს ბევრად ამარტივებს საქმეს. კინოს და სერიალს ერთმანეთს ვერ შევადარებ, რადგან ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პროცესია. ორივეზე სიამოვნებით ვმუშაობ და იმედია კიდევ დიდხანს ვიმუშავებ. ეს საქმე ძალიან მომწონს!”
თინა დაოჯახებული არ არის. აქედან გამომდინარე, სამზარეულოში ფუსფუსიც იშვიათად უწევს. ძირითადად, სულ სამსახურშია , ერთადერთი, რისი მომზადების დროც აქვს, მხოლოდ ყავაა და ისიც დილით, სანამ სახლიდან გავა. რაც შეეხება კულინარიული ექსპერიმენტებს:
”ალბათ, მე თვითონ რამის გაკეთებას თუ გადავწყვეტ, ეს უკვე ექსპერიმენტი იქნება.. ☺ გამოუცდელი არ ვარ, მაგრამ რადგან იშვიათად მიწევს საჭმლის კეთება, შესაბამისად, რეცეპტებს ვერ ვიმახსოვრებ. ”
განსაკუთრებულად არც ერთი ქვეყნის სამზარეულო არ უყვარს. თინას საყვარელი კერძები- პასტა და ლაფშაა, უპირატესობას ანიჭებს იმას, რაც მაკარონითა და ცომით მზადდება. ყოველთვის კარგ ფორმაშია,ს მიუხედავად იმისა, რომ არც ვარჯიშობს და არც ჯანსაღად იკვებება.
”არ ვარ კარგ ფორმაში, უბრალოდ, გამხდარი ვარ. კვებითაც ცუდად ვიკვებები. დროის უქონლობის გამო Fast food – ის ხშირი სტუმარი ვარ. ვარჯიშითაც არ ვვარჯიშობ, თუმცა ადრე გაკვეული პერიოდი დავრბოდი, მაგრამ ახლა თავისუფალ დროს, ძილს ვამჯობინებ. ჩემი წარმატების საიდუმლო, ალბათ, ისაა, რომ ჩემი საქმე მომწონს და ამით კმაყოფილი ვარ- ეს შეგრძნება ყოველ დღე მაბედნიერებს!”
სამომავლო გეგმები ჯერ არ აქვს, თუმცა სხვადასხვა შემოთავაზებას ხშირად იღებს: -”თუ რაიმე საინტერესო წინადადებას მივიღებ, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი, უბრალოდ, უნდა ვიგრძნო, რომ როლისთვის მზად ვარ. ”
ფოტო: ნაკანიმამასახლისი