Ioannis Kritikos / Executive Chef / HILTON BATUMI
1. მოგვიყევით ცოტაოდენი თქვენს შესახებ. გქონიათ თუ არა სურვილი გარდა მზარეულობისა, რაიმე სხვა საქმით დაკავებულიყავით?
მამა და ბაბუა გემის კაპიტნები იყვნენ, ამიტომ ოჯახის ტრადიციების შესაბამისად მეც გემის კაპიტანი უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ბავშვობა, დედასთან და ბებიასთან გავატარე. ისინი დიდ დროს ატარებდნენ სამზარეულოში და მეც სიამოვნებით ვადევნებდი თვალს, თუ როგორ ამზადებნენ ისინი სცხვადასხვა კერძებს. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან პატარა ასაკიდანვე დაიწყო ჩემი გატაცება კულინარიით და სწორედ ამან განაპირობა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევანი. მეც არ ვნანობ, რომ გემის კაპიტანი არ გამოვედი. ექსპერიმენტები, რომელსაც ვატარებ სხვადასხვა კერძების მომზადების დროს, ავსებს ჩემს ცხოვრებას სხვადასხვა შეგრძნებებით და შემოაქვს კრეატივი. ეს უფრო საინტერესოა ვიდრე გემზე გატარებული დღეები. ვიცი, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ეს პროფესია ავირჩიე.
2.არსებობს თუ არა ისეთი პროდუქტი, რომელიც მუდმივად გინდათ რომ იყოს თქვენი სახლის სამზარეულოში?
სიმართლე უნდა გითხრათ, სახლში იშვიათად ვამზადებ. სამსახურში ძალიან დიდ დროს ვატარებ და ამიტომ სახლში კერძების მომზადების არც დრო მაქვს და არც სურვილი. ხანდახან არსებობს რა თქმა უნდა გამონაკლისი შემთვევებიც, მაგალითად როდესაც სტუმრებს ველოდები. უნდა ვაღიარო, რომ სახლში ჭამა უფრო მიყვარს, ვიდრე რესტორანში. როდესაც საბერძნეთში, ჩემს სახლში ვარ, დედა ამზადებს. ის საუკეთესო მზარეულია. რაც შეეხება ჩემს საყვარელ კერძს, ეს არის ღუმელში მომზადებული ვეგეტარიანული კერძი, სხვადასხვა ბოსტნეულით და მწვანილით.
3.დაასახელეთ სამი ზედსართავი სიტყვა, რომელიც განსაზღვრავს თქვენს სამზარეულოს?
ავთენტური, მარტივი და ჯანსაღი.
4.რას ფიქრობთ ახალ ტენდენციაზე, რომ საკვები პროდუქტები მხოლოდ „ორგანული“ წარმოშობის უნდა იყოს?
მე მომხრე ვარ „ორგანული“ საკვების და პროდუქტების. პესტიციდებისა და ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისაგან, ბოსტნეული და ხორცი არა მხოლოდ კარგავს თავის გემოს, არამედ შეიძლება სერიოზულად საზიანო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ „ორგანული“ წარმოშობის ინგრედიენტებს ჰილტონის სამზარეულოში.
5.აგემოვნებთ თუ არა ახალ კერძებს თამამად? არსებობს რაიმე კერძი, რაც თქვენ არ გაგისინჯავთ?
რა თქმა უნდა. მე საკმაოდ თამამი ვარ, როდესაც საქმე საკვებს ეხება. მე არასდროს მითქვამს უარი კერძის გასინჯვაზე, მაგალითად აქლემის ხორცის, ალიგატორის და ა.შ.
6.თუ უყურებთ სხვა სახელგანთქმული შეფმზარეულის გადაცემებს? თუ ასეა, რომელია თქვენი საყვარელი?
ძალიან გამიმართლა, როდესაც ლონდონში ვმუშაობდი, ბევრი რამ ვისწავლე – თუ არა ვარსკვლავი, შეიძლება ითქვას, ცნობილიმზარეულისგან, დიახ, მე ზოგჯერ ვუყურებ სახელგანთქმული მზარეულების კულინარიულ გადაცემებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზაა, იმისთვის რომ ასწავლონ ადამიანებს, თუ როგორ გააუმჯობესონ კულინარიული უნარ-ჩვევები და ასევე სცადონ ახალი კერძების მომზადება. კულინარიული გადაცემები უკვე ტენდენციაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, და ეს კარგია, რომ ადამიანებს აქვთ მათ მიმართ ინტერესი.
7.რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო?
თქვენ უნდა გიყვარდეთ, ის რასაც აკეთებთ. თუ გიყვართ თქვენი სამუშაო, და ჩემს შემთხვევაში ეს არის სამზარეულო, თქვენ მზად იქნებით ექსპერიმენტისთვის, ეცდებით მოიფიქროთ ახალი რამ და მომზადების პროცესი უფრო შემოქმედებითი გახადოთ. ძალიან მნიშვნელოვანია გამოიყენოთ თქვენი ცოდნა, თუ აიღებთ ადგილობრივი სამზარეულოს რომელიმე კერძს და დაამატებთ მას ახალ ინგრედიენტს, აუცილებლად მიიღებთ მის თანამედროვე ვარიანტს.
8.როგორ ფიქრობთ, რომელი ინგრედიენტია ყველაზე რთული გამოსაყენებელი?
კარგი მზარეულისთვის არ არსებობს რთული ინგრედიენტები. როდესაც ხვდებით ახალ ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ თავიდან ადგილობრივი ინგრედიენტებით შეიძლება ცოტა რთული იყოს კერძის მომზადების პროცესი, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ეჩვევით.
9.თუ არის რაიმე დიდი სიახლე მოსალოდნელი მსოფლიო კულინარიაში?
მიუხედავად იმისა, რომ ყველას ძალიან უყვარს იტალიური, ესპანური, ბერძნული და ფრანგული სამზარეულო, აღმოსავლეთ ევროპის სამზარეულო დღეს დიდი ყურადღების ცენტრშია. გარდა ამისა, მოსახლეობის უმრავლესობა, აქცენტს უფრო ჯანსაღ საკვებზე აკეთებს და ეძებს პროდუქტებს, როგორიცაა მაგალითად, უძველესი მარცვლეული.
10.რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს პროფესიაში?
მე მიყვარს მისი შემოქმედებითი მხარე. პირველ რიგში, მიყვარს ექსპერიმენტები, მომზადების პროცესში, მომწონს სხვადასხვა ინგრედიენტების და სანელებლების შერევა. ასევე მიყვარს კერძის გაფორმებაც. დღეს, საკვების ლამაზად პრეზენტაცია გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ხელოვნების ახალი ფორმა და თითოეული შეფმზარეული არის ერთგვარი მხატვარი.
11.მოგწონთ ქართული სამზარეულო და რას შეცვლიდით?
ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო. მომწონს, რომ თქვენ კერძების მომზადების დროს უამრავ კაკალს იყენებთ. ეს მათ უნიკალურ გემოს აძლევს. ერთადერთი, რასაც მე შევცვლიდი კერძების გაფორმებაა. მე ვფიქრობ, მეტი ფანტაზია უნდა გამოიყენონ, რომ კერძები უკეთესად წარმოჩინდეს.