გიგა ჭიკაძე – ორჯერ მსოფლიო ჩემპიონი კიკ-ბოქსში, ევროპის ჩემპიონი ორ გზის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, მსოფლიო და ევროპის თასის მფლობელი კარატეში
მეუღლე: თამუნა გაზაშვილი
მომზადებული კერძები: მწვადი და ღვიძლი ბადექონში
რომელია თქვენი საყვარელი სამზარეულო?
გიგა: ჩემი საყვარელი სამზარეულო – ქართული სამზარეულოა, კერძოდ კახური. უცხოური სამზარეულოებიდან გამოვარჩევდი მექსიკურს, ფრანგულს, იტალიურს და იაპონურს.
რომელია თქვენი საყვარელი კერძი?
გიგა: მიყვარს მწვადი, ხინკალი ამ ბოლო დროს, ხარჩოც შემიყვარდა, ქართული ყველაფერი მომწონს. ასევე
არგენტინული სტეიკები მიყვარს, ტალიატელი ნაღების სოუსით, ზღვის პროდუქტებით მომზადებული კერძები, პასტა “არაბიატა”, სუში. ძრითადად ქათმის ხორცს და თევზს მივირთმევ.
თავად თუ ამზადებთ?
გიგა: კი ვამზადებ. მიყვარს და როგორც ამბობენ, კარგად გამომდის მწვადების შეწვა. კარგი ხორცის საყიდლად
სპეციალურად მივდივარ “ჩემს მეხორცესთან”. არ მიყვარს ხორცის წინასწარ შეკაზმვა და დაბასტურმება. მთავარია ხორცი იყოს ახალი. ხორცეულის გარდა არაფერს ვამზადებ. შვეიცარიაში სპორტულ შეკრებაზე, ერთხელ სალათის მომზადება მასწავლეს, სალათის ფურცლებით ხახვით და სპეციალური სოუსით კეთდება, ერთი პერიოდი ამ სალათს ვამზადებდი.
რომელი კერძი გიყვარდათ განსაკუთრებით, როდესაც პატარა იყავით?
გიგა: მთელი ბავშვობა, განსაკუთრებით მიყვარდა ქაბაბი, მწვადი კი, საკმაოდ გვიან შემიყვარდა.
რომელი ინგრედიენტი არ გიყვართ?
გიგა: ყველაფერი მიყვარს…
რა არის ის რასაც არასდროს გასინჯავთ?
გიგა: არ გამისინჯავს გველის ხორცი, ძაღლის ხორცს არ გავსინჯავ არასდროს. ასევე არავითარი სურვილი არ მაქვს გავსინჯო ირმის ხორცი, ძალიან მეცოდება. ირემზე ნადირობის წინააღმდეგი ვარ.
რას ფიქრობთ ვეგეტარიანელობაზე და ვეგანობაზე?
გიგა: მეც მიფიქრია ვეგეტარიანელობაზე, ჩემთვის, ეს საკუთარი თავისთვის რაღაცის აკრძალვად უფრო აღიქმება. ალბათ, რაღაც უნდა მოხდეს ცხოვრებაში განსაკუთრებული, რომ ამაზე დაფიქრდე და ვეგეტარიანელი ან ვეგანი გახდე. თუმცა, ვეგანობა, – ზოგადად ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია.
ვის თვლით საუკეთესო კულინარებად?
გიგა: ჩემი მეუღლის, თამუნას დედა განსაკუთრებულად ამზადებს. დედაჩემი იყო ჩემთვის ის ადამიანი, ვინც ყველაზე გამორჩეულ კერძებს მიმზადებდა.
თუ გაქვთ ოჯახური კულინარიული ტრადიციები?
გიგა: განსაკუთრებული ტრადიციები არ გვაქვს.
თამუნა: ბრძოლის შემდეგ უყვარს ხამანწკები, ზღვის პროდუქტები ნივრის სოუსში და თეთრ ღვინოში,
გიგა: კერძების მომზადება თამუნას კარგად გამოსდის.
თამუნა: ბრძოლამდე მუდმივად დიეტაზეა და ამიტომ ბრძოლის შემდეგ ყოველთვის ვუმზადებ მის საყვარელ კერძებს.
რომელია თქვენთვის საუკეთესო სასმელი?
გიგა: თუ გასართობად მივდივარ, – ტეკილა ან ვისკი, თუ მწვადს ვწვავ, ასეთ შემთხვევაში თეთრი ღვინო ვფიქრობ, კარგია ორგანიზმისთვის.
რას მიირთევთ ყველაზე ხშირად ჰოლანდიაში ყოფნის დროს?
გიგა: ჰოლანდიაში, ძირითადად სულ ბრძოლისთვის მზადების პროცესი მაქვს, ამიტომ იქ იშვიათად მივირთმევ იმას, რაც მიყვარს, სპეციალური კვების რეჟიმით ვცხოვრობ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თამუნასთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად დავდივართ აზიურ რესტორანში „დინასტია“. რამოდენიმე კერძი იქ განსაკუთრებით მიყვარს, ერთ-ერთი არის იხვის ხორცი, ასევე ხბოს ხორცი განსაკუთრებულ აზიურ სოუსში, ხამანწკებით მომზადებული ყველა კერძი მიყვარს.
რომელია თქვენი საყვარელი პროდუქტი?
გიგა: ხამანწკები, მიდიები და კიბორჩხალა.
რას იტყვით ჰოლანდიის ნაციონალური სამზარეულოს შესახებ?
გიგა: განსაკუთრებული არაფერი აქვთ, თუ არ ჩავთვლით უგემრიელეს სწრაფი კვების კერძებს (Fast Food), რაც იქ ძალიან წარმატებული ბიზნესია.
საზღვარგარეთ ყოფნისას რომელი ქართული კერძები გენატრებათ ყველაზე მეტად?
გიგა: ხინკალი. ერთხელ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ თბილისში ჩამოსვლა და ჰოლანდიაში მოვამზადეთ ხინკალი, ვერ ვიტყვი, რომ ცუდი გამოგვივიდა. კიდევ მახსოვს, მე მოვდიოდი თბილისში, თამუნა და ჩემი შვილი ნიტა კი ჰოლანდიაში რჩებოდნენ და თბილისიდან ხინკლის წამოღება მთხოვეს. ბევრი ვიფიქრე თუ როგორ წამეღო, ერთ-ერთ კარგ სახინკლეში მომიმზადეს, გავყინე და სათითაოდ გავახვიე, შემდეგ სპეციალურ კონტეინერში ჩავდე და სხვათაშორის მშვენიერ მდგომარეობაში ჩავიტანე ჰოლანდიაში ნამდვილი დღესასწაული იყო მათთვის.
რამდენად ჯანმრთელად იკვებებით?
გიგა: როდესაც ბრძოლების პერიოდი მაქვს, აუცილებლად ჯანსაღად ვიკვებები, ასეთ დროს თამუნაც აქტიურად ერთვება კულინარიაში. ვცდილობ თავი ავარიდო ყველანაირ შემწვარს, სწრაფი კვების კერძებს, ვიღებ საკვებ დანამატებს პროტეინისა და ვიტამინების სახით. აუცილებლად ერთი და იგივე დროს უნდა ვიკვებო. ეს არის ყველაზე კარგი ფიზიკური მომზადებისთვის. წვენების მაგივრად, ვსვამ მხოლოდ ფრეშს, ბევრი ხილიც აუცილებელია.
თამუნა: სპეციალური ორთქლის მანქანა გვაქვს, რომელსაც გიგას ბრძოლისთვის მომზადების პერიოდში, აქტიურად მოვიხმართ. ის კლასიკურად არ წვავს პროდუქტს, ქათმის ფილე, თევზი თუ ბოსტნეული მზადდება ორთქლით, არის ძალიან გემრიელი და რაც მთავარია ჯანსაღი. გიგასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარდა იმისა, რომ ასე მომზადებული საკვები ჯანსაღია, ამავე დროს ის ნაკლებ კალორიულია და წონის დაკლებისთვის ბრძოლის წინ აუცილებელი. ბრძოლის წინა დღემდე, ჩვენს ოჯახში განსაკუთრებული რეჟიმით ვცხოვრობთ. მეც ვიკლებ ამ დროს წონაში.
გიგა: ბრძოლისთვის როდესაც ვემზადები, ექვსი კვირის მანძილზე მკაცრ რეჟიმს ვიცავ. ხშრად ისეც ხდება, რომ ბრძოლის შესახებ 2-3 კვირით ადრე ვიგებ, შედეგად, კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში მიწევს მომზადება.
როგორია ბრძოლისთვის მომზადების პროცესი?
გიგა: აუცილებელია ბევრი წყლის მიღება. წყალი და ფრეშები მნიშვნელოვანია. ძირითადად, წონის კლება როდესაც მიდის, ასეთ დროს ძალიან სერიოზული სიმკაცრეა საჭიროა. ხშირად ყოფილა, რომ მარტო წყლის დიეტაზე ვყოფილვართ. ასევე, საუნა ძალიან გვეხმარება წონის დაკლების პროცესში, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მისი დახმარებით ვიკლებდი წონაში, თუმცა საბოლოოდ ცუდი შედეგები მომცა და ახლა თავს ვარიდებ. 2014 წელს ამერიკაში ვიყავი და იქ ვნახე, თუ როგორ იკლებენ წონაში სპორტსმენები, მათ განსაკუთრებული მიდგომა აქვთ. მაგალითად, მე თუ წონას თვენახევრის მანძილზე ვიკლებდი, ისინი 10 კილოგრამს ზედმეტს იტოვებენ და ბრძოლამდე, ბოლო ორ დღე ნახევარში იკლებენ ამ წონას. მაგალითად, პარასკევს თუ არის აწონვა, ოთხშაბათს დილიდან იწყებენ აწონვას, აცხელებენ დარბაზს, ძალიან ბევრს იცმევენ , ბევრ ენერგიას არ ხარჯავ, მაგრამ ჰაერში ვარჯიშობ. ასეთ დროს ძალიან ბევრს იკლებ, დაახლოებით ორ კილოგრამს დილით და ორ კილოგრამს საღამოს, შუა დღეს კი, მხოლოდ ვაშლს ან ფორთოხალს მიირთმევენ, რაც იძლევა საშალებას, რომ ის დღე გადაიტანო. ოთხშაბათს დაიკლებ ოთხ კილოს, ხუთშაბათს უკვე ცოტა გიჭირს, მაგრამ მეტ დროს ხარჯავ, დილით და საღამოს ცხელ დარბაზში ჰაერში ისევ მოძრაობებს აკეთებ. პარასკევს აწონვა არის სამ საათზე, ოთხშაბათს და ხუთშაბათს 4-4 კილოგრამს, რომ დაიკლებენ, კიდევ დაახლოებით ორი კილოგრამი გრჩება დასაკლები. ამ შემთხვევაში ვარჯიშს აზრი არ აქვს, რადგან ბევრ ენერგიას დაკარგავ. ამიტომ, ცხელი წყლით ავსებ აბაზანას და 1.5 კილოგრამ მაგნიუმის შემცველ მარილს ყრი
წყალში, ამატებ სამ ბოთლს (800 მილიგრამამდე)“Green Alcohol” -ს, ეს არის მწვანე, მენთოლიანი სპირტი. უნდა
იყოს მაქსიმალურად ცხელი წყალი. წყალში ჩაწვები და იწყება წონის კლება. სამჯერ უნდა ჩაწვე აბაზანაში, 20
წუთის განმავლობაში ჩერდები წყალში, შემდეგ რამდენიმე წუთი ისვენებ და ბრუნდები ცხელ წყალში, რთულია, მაგრამ ძალიან ბევრს იკლებ.
ფოტო: LIG Studio