ცილები, ცილები, ცილები, ჩქარა!!
დღესასწაულებმა ჩაიარა, ზედმეტმა კილოგრამებმა კი არა. არადა, მოგვადგა გაზაფხული კარზე და მეც წელმოწყვეტილმა დავიწყე დიეტა. ბევრი სახელი აქვს ამ დიეტას – ატკინსიო, დუკანიო, უგულავაო, კრემლიო. მე, მარტივად, ცილის დიეტას ვეძახი. პრინციპი ერთი აქვს ყველას — საბოტაჟს ვუცხადებთ ნახშირწყლებს და სოლიდარობას ცილას. ცილა რა არის ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც: ცხოველური ცილა- საქონლის ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტი, კვერცხი, რძის ნაწარმი. არაცხოველური ცილა ბევრია პარკოსნებში, მაგრამ ზუსტად აქ მიჭირს– ამ დიეტაზე პარკოსნებს ვერ ვჭამთ, რადგან მათში ნახშირწყლებიც ბევრია. აბა რას ვჭამთ?
ხორცს, ბოსტნეულს და რძის პროდუქტს. რატომ არის ყველაზე მისაღები ჩემთვის ეს დიეტა? იმიტომ, რომ გემრიელია, რაოდენობაში არ ვარ შეზღუდული, როცა მინდა მაშინ მივირთმევ, მინდა შევწვავ, მინდა მოვხარშავ, მარილსაც დავაყრი და სოუსსაც მოვასხამ.
მოკლედ რომ ვთქვათ, შეიძლება — ხორცი, ბოსტნეული, რძის პროდუქტი, 100 გრ თხილეული დღეში
არ შეიძლება — პარკოსნები, ბურღულეული, ცომეული. ყავა და ჩაი შეგვიძლია მივირთვათ უშაქროთ, და, რაც
მთავარია, ბევრი, ბევრი წყალი.
რეცეპტებსაც გთავაზობთ. მოამზადეთ და თვითონვე დარწმუნდებით, რომ ეს დიეტა გემრიელია. რამოდენიმე დღეში ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობთ, რადგად, რა ენერგიაც აქამდე ცომეულის გადამუშავებას ხმარდებოდა, ახლა სულ თქვენია!
შედეგი ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის უფრო ადრე დადგება, ვიდრე გვიან!
ომლეტი ბოსტნეულით
ინგრედიენტები:
მაწვნის სოუსი:
• 2 კვერცხი
• 100 გრ სულგუნი
• 100 გრ ნადუღი
• 1/2 ც ფერადი ბულგარული
• 1ც მწვანე წიწაკა
• 100 გრ ისპანახის ფოთლები
• 3 ც ჩერი პომიდორი
• 2 ღერი მწვანე ხახვი
• 20 გრ კარაქი
• 30 მლ წყალი
• მარილი
• პილპილი
მომზადების წესი:გავახუროთ ტაფა, დავდოთ კარაქი. დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ბულგარული და მწვანე წიწაკა. 1-2 წუთი ვშუშოთ და დავუმატოთ შუაზე გაჭრილი ჩერი პომიდორი. პარალელურად ავთქვიფოთ კვერცხი ცოტა წყალთან ერთად, შევურიოთ გახეხილი სულგუნი, ისპანახის ფოთლები და დავასხათ მოშუშულ ბოსტნეულს. ალაგ -ალაგ კოვზით დავადოთ ნადუღი, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და შევაზავოთ მარილით და პილპილით. კვერცხი შევწვათ გემოვნებით, მაგრამ არ გამოვაშროთ.
ინდაურის მინი ბურგერები მაწვნის სოუსით
ინგრედიენტები:
• 500 გრ ინდაურის გატარებული ხორცი
• 1 მოზრდილი ყაბაყი გახეხილი
• 3 ღერი მწვანე ხახვი დაჭრილი
• 2 ს.კ წვრილად დაჭრილი პიტნა
• 2 ს.კ წვრილად დაჭრილი ქინძი
• 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი
• 1 ჩ.კ დაფქვილი კუმინი
• ½ ჩ.კ კაიენის წიწაკა
• მარილი გემოვნებით
მაწვნის სოუსი:
• 150 გრ მაწონი
• 100 გრ არაჟანი
• 1 ჩ.კ ლიმნის ცედრა
• 1 ს.კ ლიმნის წვენი
• 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
• 1 ს.კ კოწახური
• 1.5 ს.კ ზეითუნის ზეთი
• მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს კარგად შევურიოთ, გავაკეთოთ პატარა ბურთულები და გახურებულ ტაფაზე ყველა მხრიდან მოვწვათ 2-3 წუთი მაღალ ცეცხლზე. კარგად რომ მოიბრაწება, გადავიტანოთ ღუმელში და 15 წუთი 180 გრადუსზე გამოვაცხოთ. გადავასხათ მაწვნის სოუსი და საყვარელ სალათთან ერთად მივირთვათ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი კარგად ავურიოთ და ინდაურის ბურთულებს გადავასხათ.
საქონლის სუკის სტეიკი ბოსტნეულის გარნირით
ინგრედიენტები:
• საქონლის სუკი 200 გრ
• 10 გრ ქუნჯუტის მარცვლები
• მარილი
• პილპილი
• 200 გრ ბროკოლი
• 1 ც ყაბაყი
• 200 გრ ისპანახი
სოუსი:
• 1 კბილი ნიორი
• 50 გრ ქუნჯუტის ზეთი
• 20 გახეხილი კოჭა
• 30 მლ სოიოს სოუსი
• 20 მლ ბრინჯის ძმარი
• ½ ჩ.კ ყავისფერი შაქარი
• კაიენის წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
სუკი გავასუფთაოთ, დავჭრათ სასურველ ფორმებათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი გემოვნებით და მაღალ ცეცხლზე შევწვათ. 3-4 წუთი, თუ თხელ ნაჭრებათ დავჭრით. გადმოვიღოთ თეფშზე და დავაყაროთ ქუნჯუტის მარცვლები. ცალკე გავახუროთ ტაფა, დავასხათ ზეთი და მოვშუშოთ ბოსტნეული ასევე მაღალ ცეცხლზე. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, გახეხილი კოჭა, დავასხათ სოიოს სოუსი, ძმარი, დავუმატოთ შაქარი, კაიენი. გადმოვდგათ და მივირთვათ შემწვარ ხორცთან ერთად.