მოზარდთა მენიუ

6_issue_culinart41

ნანა ჩარკვიანი 

ინტერესდები თუ არა კულინარიით?

კულინარია ძალიან მიყვარს, შეიძლება ითქვას, რომ ეს სფერო ჩემი ჰობია. ექვსი წლის ასაკიდან ვამზადებ სხვადასხვა კერძებს. კულინარია ჩემმა მამიდამ, თეონამ შემაყვარა. პირველად ნამცხვარი, ბაბუასთან ერთად
ლონდონში, რომ ვცხოვრობდი მაშინ გამოვაცხვე. ზუსტად მახსოვს, ალუბლის ნამცხვარს, მე, ჩემი მამიდაშვილი და მამიდა ერთად როგორ ვაცხობდით. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი კულინარიაში.

ხშირად გაქვს სურვილი, რომ რაიმე მოამზადო?

კი, ხშირად მიჩნდება სურვილი მოვამზადო კერძები და კვირაში ერთხელ მთელი ოჯახისთვის ვამზადებ სადილს. თუ დრო მაქვს, უფრო ხშირადაც ვახერხებ. ასევე სკოლაშიც მიმაქვს ჩემი გამომცხვარი ნამცხვრები. ერთი პერიოდი ტრადიციაც მქონდა, ყოველ ორშაბათს ჩემი გაკეთებული ნამცხვრები მიმქონდა სკოლაში, რომ თანაკლასელებს დაეგემოვნებინათ.

რომელ კერძს ამზადებ ყველაზე ხშირად?

ძალიან მიყვარს ნამცხვრების გამოცხობა. როგორც ავღნიშნე, ჩემი პირველი კულინარიული ნაბიჯიც, სწორედ
ნამცხვრის გამოცხობა იყო. დესერტებიდან მიყვარს ტირამისუს მომზადება, ხოლო კერძებიდან – სპაგეტი ბოლონეზეს და რიზოტოს. მიყვარს ბორშის და კატლეტის მომზადებაც. ჩემი ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი მამიდას, კატლეტის მომზადების საიდუმლო ოჯახური რეცეპტი გვაქვს და მეც ხშირად ვამზადებ მას.

რომელია შენი საყვარელი კერძი?

ჩემი საყვარელი კერძები არის ხინკალი და რიზოტო.

რომელია შენი საყვარელი ხილი?

საყვარელი ხილი არის ფეიხოა, ბროწეული, ასევე ძალიან მიყვარს უნაბი, რაც ყველას უკვირს. უნაბის გემო ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თან მგონია, რომ ცოტა უხასიათო ხილია.

ყველაზე მეტად ვისი მომზადებული კერძები მოგწონს?

ყველაზე მეტად მამიდის და დედის მომზადებული კერძები მიყვარს. ვფიქრობ, კულინარიის სიყვარულში მამიდას დავემსგავსე. დედაჩემს კერძების ხშირად მომზადება არ უყვარს, მაგრამ როდესაც ამზადებს, ყოველთვის ძალიან გემრიელი გამოსდის, მამიდა კი, უფრო ხშირად ამზადებს სხავდასხვა კერძს.

გაქვს თუ არა სურვილი კულინარი გამოხვიდე?

ამის შესახებ ბევრჯერ მიფიქრია, თუმცა პროფესიად ალბათ არ ავირჩევ. ძალიან მინდა მომავალში კულინარიული გადაცემის გაკეთება და ასევე, საკუთარი ბლოგის შექმნა კულინარიის შესახებ. 

ნამცხვრების და ტორტების გამოცხობა უფრო მოგწონს თუ კერძების მომზადება?

ნამცხვრების ცხობით დავიწყე, ვაცხობდი ტირამისუს და ჩიზქეიქის ნამცხვრებს. ბოლო ოთხი წელია კი, კერძებსაც ვამზადებ. რაც დრო გადის უფრო და უფრო მიყვარდება კერძების მომზადება. თუ არჩევანი უნდა გავაკეთო, მაინც ნამცხვრების ცხობა უფრო მიყვარს.

რომელი კერძები არ გიყვარს?

არ მიყვარს წიწიბურა. ჩემთვის ძალიან უხასიათო და უაზრო პროდუქტია.

ნიგვზის ტორტი თუ ხილის ტორტი?

ნიგვზის ტორტი. ტკბილეულიდან ასევე ძალიან მიყვარს ციტრუსის, ქოქოსის, ნუშის და კარამელის ნაყინი.

რატომ გადაწყვიტე დღეს პასტა ბოლონეზეს მომზადება?

ოჰ… როდესაც შემომთავაზეს ჟურნალ “კულინArt”- ისთვის ინტერვიუს მიცემა, უცებ ვიფიქრე, რომ რაიმე ნამცხვარს მოგიმზადებდით, მაგალითად ტირამისუს, თუმცა შემდეგ გადავიფიქრე და პასტა ბოლონეზეს მომზადება გადავწყვიტე, რადგანაც ჩემთვის ეს ახალი რეცეპტია და სურვილი გამიჩნდა დღეს თქვენთვის მომემზადებინა.

ვინ გასწავლა ამ კერძის მომზადება?

ეს არის პასტა ბოლონეზეს არატრადიციული რეცეპტი, როცა წავიკითხე რთული და ჩახლართული მომეჩვენა, ამიტომ ინგრედიენტები შევამცირე, გავამარტივე მისი მომზადება და სწორედ ეს, გაადვილებული პასტა ბოლონეზე არის უკვე ჩემი, პირადი რეცეპტით მომზადებული.

ვის ეკითხები ყველაზე ხშირად რჩევებს კულინარიასთან დაკავშირებით?

ხშირად რჩევას ვეკითხები დედას და ბაბუას.

პასტა “ბოლონეზე”
 

6_issue_culinart42

ინგრედიენტები:
• მაკარონი (სპაგეტი)
• ხახვი – 1 ც,
• ნიორი – 2 კბილი
• გატარებული ხორცი (ფარში) – 500 გრ
• პომიდორი – 2ც.
• ხამანწკების სოუსი – 2 ს/კ
• ორეგანო – 2 ჩ/კ
• ყველი პარმეზანი
• ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი: დავჭრათ ხახვი, ცხელ ტაფაზე დავასხათ მცირეოდენი ზეთი და დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, მოვთუშოთ 2-3 წუთის განმავლობაში. დავამატოთ ორი კბილი წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი
და ვურიოთ ორი წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ 500 გრ. გატარებული ხორცი და ისიც ხახვთან და ნიორთან ერთად 5-7 წუთის განმავლობაში მოვთუშოთ. დავამატოთ ორი დაჭრილი პომიდორი, ავურიოთ და კიდევ დავამატოთ ორი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ორი სუფრის კოვზი უშტესირის სოუსი და 2 ჩაის კოვზი ორეგანო. 3-4 წუთის განმავლობაში ვურიოთ ქვაბში არსებული პასტის სოუსი, რომ კარგად მოითუშოს. პარალელურად მოვხარშოთ მაკარონი (სპაგეტი). კარგად მოხარშული სპაგეტი მოვათავსოთ თეფშზე და მოვასხათ პასტა სოუსი. შეგიძლიათ მომზადებულ კერძს მოაყაროთ გახეხილი ყველი პარმეზანი.

ფოტო:LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com