ნანკა კალატოზიშვილის „კულინაირული კრახი“

1_culinart_issue13

ნანკა კალატოზიშვილი

„არ არსებობს იმაზე წრფელი გრძნობა, ვიდრე საჭმლის სიყვარულია, თუმცა მე ცხოველებთან ვმეგობრობ და ჩემს მეგობრებს არ ვჭამ.“ _ კვების მიმართ ბერნარდ შოუს ამ დამოკიდებულებას, ნაწილობრივ, ცნობილი მსახიობი ნანკა კალატოზიშვილიც იზიარებს. მან ხორცი ბოლოს 6 წლის ასაკში გასინჯა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტთან შეხება და დაყნოსვაც ცუდად ხდის, მაინც გადაწყვიტა „შეჭიდება“ და მისი ყველაზე დიდი კულინარიული კრახიც სწორედ ხორცს უკავშირდება.
18 წლის იყო, როდესაც მოინდომა თავის ახალგათხოვილ მეგობარს ქმრისთვის სადილის მომზადებაში დახმარებოდა. წარუმატებელი მცდელობა ხორცის ყიდვიდან დაიწყო _ დიდხანს იფიქრეს და ვერ გაარკვიეს, რომელი ნაწილი უნდა შეეძინათ…
„ძალიან სასაცილო იყო. ქეთი ენდელაძე მირეკავს, დოის რაიმე კერძი მინდა დავახვედროო. მე, როგორც განთქმული კულინარი, საშველად მივედი. გადაწყდა სოუზის გაკეთება, ოღონდ რატომ _ დღემდე არ ვიცი. ხორცის ყიდვის მერე, ძლივს გადავწყვიტეთ ვინ დაჭრიდა. ბოლოს მე დავჭერი! ამაზე დიდი საშინელება ჩემთვის არაფერი იყო. რას არ იზამ მეგობრისთვის… გაუგებარი კერძი მოვამზადეთ. დიდხანს ვიფიქრეთ და ვიკამათეთ, მერე დედაჩემს დავურეკეთ რჩევისთვის, მაგრამ მაინც კატასტროფა გამოგვივიდა. იმედია, სადილს დოიმდე არ მიუღწევია…“
კულინარიული კრახი ბევრჯერ არ განუცდია, რადგან კერძებს იშვიათად ამზადებს. მიაჩნია, რომ საჭმლის კეთება მაინც ეხერხება. ამ საქმიანობით განსაკუთრებით ბავშვობაში იყო გატაცებული _ ორცხობილებს, ნამცხვარს და სალათებსაც ამზადებდა. თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას ეს გატაცება ნელ-ნელა დაივიწყა. „ჩემს ოჯახში ყველა _ და, დედა და ძმაც ისე ამზადებენ საჭმელს, რომ უხერხულია ჩემი ჩარევა. ასეგავიდა დიდი დრო და არ ვიცი სადილების მომზადება. ეს საერთოდაც არ მეამაყება. პირიქით _ ძალიან მრცხვენია.“
მიუხედავად იმისა, რომ ვეგეტარიანელია, ერთხელ თავისი გაკეთებული ჩახოხბილით ქმრის გაოცება მაინც მოახერხა. ამბობს, რომ მოტივაცია კედო იყო და ხორცის მიმართ ცუდი დამოკიდებულება მხოლოდ მისი ხათრით დაივიწყა.
„ცოტა არ იყოს, ნაომარს ვგავარ ხოლმე სამზარეულოდან გამოსული. ხელს ვიწვავ ან თითს ვიჭრი. ერთი პერიოდი კედო დამცინოდა, იქნებ აღარ შეხვიდე საჭმლის მოსამზადებლადო. ბრძოლის ველიდან გამარჯვებული თუ დავბრუნდი, ყველაზე მაგარი შეგრძნებაა.“
ნანკა ფიქრობს, რომ კულინარიული კრახი საშიში არ არის _ შეცდომების გარეშე ვერაფერს ისწავლი. ვისაც იგივე განუცდია, ურჩევს მოინდომონ, რადგან ყველაფრის სწავლა შეიძლება.

1_culinart_issue14

ფოტო: ანა ლორთქიფანიძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com